მუდმივი განვითარება, საკუთარ თავზე მუშაობა და მომავლის გლობალური ხედვა

ამ თვისებების წყალობით, ხალიჩების გამყიდველი თურქი ბიჭი RIXOS-ის – მსოფლიო კლასის ბრენდის დამფუძნებლად იქცა
მუდმივი განვითარება, საკუთარ თავზე მუშაობა და მომავლის გლობალური ხედვა
ფოტო: Rixos Saadiyat Island

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ სმენია Rixos-ის შესახებ. ბევრს ჰქონია კიდეც ბედნიერება, დაესვენა ამ ბრენდის რომელიღაც სასტუმროში. თუმცა არ მგონია ბევრმა იცოდეს მისი ისტორია. ის, რომ ეს ბრენდი ჩვენს მეზობელ თურქეთში დაიბადა და მისი დამფუძნებლის ანტრეპრენერული სულისკვეთებისა და ხედვის წყალობით, დღეს მსოფლიო კლასის ბრენდებს უწევს კონკურენციას. Rixos-ი მიღწეულზე არასოდეს ჩერდება და მუდმივად ვითარდება. სულ ახლახან, 27-ე Rixos-ი აბუდაბიში გაიხსნა. Rixos Saadiyat Island აბუდაბის პირველი All-inclusive, All-exclusive კონფეფციის სასტუმროა, რომლის უნიკალურობაში დარწმუნების საშუალება საქართველოდან მხოლოდ ქართულ Entrepreneur-ს ჰქონდა. ჩვენ კი შანსი ხელიდან არ გავუშვით და Rixos-ის დამფუძნებელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ. ადამიანთან, ვისთვისაც წარმატება მხოლოდ ფულით არ იზომება, რომელიც თურქეთის მასშტაბებს უკვე დიდი ხანია გასცდა და საკუთარი ბრენდის მომავალს მხოლოდ გლობალურ ჭრილში უყურებს.

მუდმივი განვითარება, დისციპლინა და გლობალური ხედვა

მე ყოველთვის აღტაცებული და გატაცებული ვიყავი ბიზნესით, ადრეული ასაკიდან გახლდით ჩართული ყიდვა-გაყიდვის ბიზნესში. შემდეგ კი ჩემ მიერ მიღებული განათლება, დაგროვილი გამოცდილება და შეძენილი ურთიერთობები დამეხმარა, გამეზარდა საკუთარი ბიზნესი მსოფლიო მასშტაბით.

შესაძლოა ანტრეპრენერად დაიბადო − ისევე, როგორც მუსიკის ან სპორტის თანდაყოლილი ნიჭი გქონდეს, მაგრამ როცა ვსაუბრობთ მსოფლიო კლასზე, ამ დონეს მხოლოდ ნიჭით ვერ მიაღწევ. საჭიროა მუდმივი განვითარება, დისციპლინა – ასეა ხელოვნებაში, სპორტში, და ასეა ბიზნესშიც.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის პატარა ქალაქში დავიბადე, მქონდა ხედვა, თუ როგორ უნდა გავსულიყავი მსოფლიო მასშტაბზე. ამისათვის დამჭირდა ენების შესწავლა, ურთიერთობების აწყობა, მოგზაურობა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ბევრს ვმუშაობდი და დღესაც ვმუშაობ. ეს დამეხმარა წარმატებაში და სხვებსაც ამას ვურჩევ, განსაკუთრებით ახალგაზრდა, დამწყებ ანტრეპრენერებს. თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, მთავარია გქონდეს ხედვა, მიზანი. იცოდე, რისი მიღწევა გსურს.

წარმატება

რა არის წარმატება? წარმატება არის ბალანსი. თუ წარმატებით დაგეგმავ საკუთარ ცხოვრებას და შენი ოჯახი, ურთიერთობები, ჯანმრთელობა და ბიზნესი დაბალანსებული იქნება, ეს ნიშნავს, რომ წარმატებული ხარ. ხოლო თუ გაქვს ფული, მაგრამ არ გაქვს ჯანმრთელობა, მაშინ არ ხარ წარმატებული. თუ გაქვს ფული, მაგრამ ბავშვები ცუდად გრძნობენ თავს, თუ გაქვს მომგებიანი ბიზნესი, მაგრამ არ გაქვს კარგი ურთიერთობები ადამიანებთან, არავის უყვარხარ, არავის მოსწონხარ, მაშინ არ ხარ წარმატებული, არანაირად! მუშაობასთან ერთად, ყოველთვის ვპოულობ დროს კითხვის, სპორტის, ოჯახისა და მეგობრებისთვის.

მარცხი

ყველა მარცხი, რომელიც არ გკლავს, გაძლიერებს. ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად მარცხდებოდე. პირიქით − უნდა ეცადო, არ დამარცხდე. მაგრამ მარცხი ყველას შეუძლია მოუვიდეს და თუ ეს მაინც მოხდა, გახსოვდეს, რომ მარცხი არ არის სამყაროს დასასრული. მე არ ვეკუთვნი ქონებას. ქონება მეკუთვნის მე. ამიტომაც, მე თუ დავკარგავ ქონებას, არა უშავს, თავიდან მოვიპოვებ მას. ხოლო თუ ქონება მაკონტროლებს მე, თუ მხოლოდ ქონების გამო ვარ ის, ვინც ვარ, მაშინ რა თქმა უნდა, მისი დაკარგვის შემთხვევაშიც ყველაფერს დავკარგავ.

რჩევა დამწყებ ანტრეპრენერებს

დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევ მუდმივ განვითარებას, უნარ-ჩვევების უწყვეტ გაუმჯობესებას, კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობას. ნათქვამია, მთავარი ის კი არაა, ვინ ხარ, მთავარია, ვის იცნობ. საჭიროა მსოფლიოს ვიზუალიზაცია − რა ხდება, საით მიდის მსოფლიო? როგორ ვიყოთ მომზადებული იმ ახალი შესაძლებლობებისთვის, რომელსაც მსოფლიო გვთავაზობს?

რატომ ემირატები? ამჯერად უკვე აბუდაბი?

ემირატების მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საუკეთესო რეგიონი გახდეს მსოფლიოში. აშენებს იდეალურ ინფრასტრუქტურას, აეროპორტებს. ეს არის ოპტიმალური ადგილი დასვენებისთვის და მთავრობაც საუკეთესო პირობებს ქმნის ტურიზმისთვის. ვცდილობ, აქ დავაბანდო ინვესტიცია. ეს უკვე მეოთხე სასტუმროა ემირატებში. აბუდაბის მთავრობა ცდილობს გაუფრთხილდეს ბუნებას, იზრუნოს ეკოლოგიაზე. ისინი ასევე ცდილობენ, მოიზიდონ მსოფლიო კლასის ბრენდები და აქ ჩამოსულ ტურისტებს შესთავაზონ „ფერარისა“ თუ ლუვრის მუზეუმები, მსოფლიოში საუკეთესო გოლფის მოედნები. ტურისტულ მიმართულებებს შორის კონკურენცია მსოფლიოში დიდია, მაგრამ ზამთარში ემირატები საუკეთესოა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, საუკეთესო Rixos-ი სწორედ აქ შეგვექმნა.

All-inclusive, All-exclusive

მსოფლიო ბრენდები აქტიურად ინტერესდებიან ემირატების ბაზრით. თითქმის ყოველდღე ახალი სასტუმრო იხსნება, კონკურენცია დიდია. ამიტომ ვცდილობთ, გავუწიოთ ძლიერი კონკურენცია და შევთავაზოთ ის, რაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. ეს კი ჩვენი განახლებული კონცეფციაა – All-inclusive, All-exclusive.

მდიდარი ადამიანიც ითვლის ხარჯებს, ამიტომაცაა მდიდარი. მათაც არ სურთ, დაჯავშნონ სასტუმრო და შემდეგ ორჯერ მეტი თანხა კვებასა და დამატებით სერვისებზე დახარჯონ. ამიტომაც ვუყვარვართ ჩვენ და ამიტომაც არის მათი არჩევანი Rixos-ი.

ყველაფერი საუკეთესო Rixos-ის სტუმრებს

წელიწადში Rixos-ის ქსელში მილიონი ადამიანი ისვენებს. ისინი ჩვენს ყველა ახლად გახსნილ სასტუმროში ჩამოდიან. მადლობა მათ! ჩვენ კარგად გვესმის საკუთარი პასუხისმგებლობა მათ წინაშე. ვიცით, რომ მათ არ უნდათ გარისკონ, მათ არ სურთ არასასიამოვნო სიურპრიზები. ადამიანი ხომ მთელი წელი ზოგავს ფულს, რომ ორი კვირით დაისვენოს. რადგან გვენდნენ და ჩვენ აგვირჩიეს, ყველაფერი საუკეთესო უნდა დავახვედროთ. ამის მიღწევაში კი მთავარი გუნდია. მათ თვალდახუჭულებმა იციან, რა არის გასაკეთებელი, რადგან უკვე წლებია Rixos-ში მუშაობენ და მუდმივად ვითარდებიან. მადლობა მათ!

ადამიანი, რომელიც მინიმუმ რვა დღეს ატარებს ჩვენ სასტუმროში, რთულია ისე დაბრუნდეს შინ, რომ რამით მაინც არ დარჩეს უკმაყოფილო. მთელი ჩვენი გუნდი, ჯამში 8000 ადამიანი, მუშაობს იმაზე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ნებისმიერი უკმაყოფილება.

ყველა სტუმარმა უნდა იგრძნოს თავი როგორც დედოფალმა, როგორც მეფემ. ეს ბიზნესი არის ემოცია, ურთიერთობა, ესაა მთავარი. ამ ბიზნესში ადამიანების რობოტებით ჩანაცვლება გამორიცხულია, ყოველ შემთხვევაში, Rixos-ში.

მუდმივი განახლება

მუდმივად ვაკვირდებით და ვსწავლობთ მსოფლიოში არსებულ ტრენდებს, რაც დღეისათვის უკავშირდება მეტ სპორტს, მეტ ეკოლოგიას. ჩვენც შესაბამისად ვცვლით და ვავითარებთ საკუთარ პროდუქტებს. ხალხი დღეს მეტს მოგზაურობს და მეტი მოთხოვნაც უჩნდება. ყველა ახალი სასტუმრო, რომელსაც ვხსნით, უკვე ძველია – იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი. სტუმარს სიახლე სურს. ყველაფერი უნდა ცვალო, ამას კი დიდი ინვესტიციები სჭირდება.

Rixos-ი მსოფლიო რუკაზე – სტრატეგია 2025

აბუდაბიში გახსნილი Rixos-ი რიგით 27-ეა. გვაქვს ამბიციური გეგმა, ახალ პარტნიორებთან, მაგალითად Accor Hotels-თან ერთად, რომელიც Rixos-ის 50% წილის მფლობელი გახდა, 2025 წლისთვის მსოფლიოს 30 ქვეყანაში Rixos-ის 100 სასტუმრო ოპერირებდეს.

რაც შეეხება ახალ ბაზრებს, აქტიურად ვმუშაობთ აზიის ქვეყნების, ინდონეზიის, ტაივანის მიმართულებებით. ეს ძალიან საინტერესო ბაზრებია. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით, როგორ და რა მიმართულებით იზრდება ტურიზმი. თუ ტურიზმის გლობალური ზრდა 7%-მდეა, აზიაში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია. ჩინელები ბევრს მოგზაურობენ, მათ შორის − ევროპის ქვეყნებში. თუ დღეისათვის
20 მილიონი ჩინელი მოგზაურობს, მალე ეს რიცხვი 50 მილიონი იქნება. ეს კი დიდი შესაძლებლობაა ყველა კომპანიისთვის
ამ ბიზნესში.

არქიტექტორთა შერჩევის კრიტერიუმები

თავიდან ვირჩევ ორ-სამ არქიტექტორს და ვადარებ ერთმანეთს მათ პროექტებს. თუმცა ერთია ვიზუალური მხარე, მეორეა ბიუჯეტი, მესამე კი − დრო. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ 3 კრიტერიუმის გათვალისწინებით ვიღებ. თუ პროექტი ერთდროულად სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაშინ მას ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა ასეთი პროექტების წარმოდგენა ბევრ არქიტექტორს არ შეუძლია. უნდა გვესმოდეს, რომ რაც უნდა დახვეწილი იყოს პროექტი, პროცესში მაინც ხდება ცვლილებები, რაც დასაშვებია, რადგან დრო სწრაფად იცვლება. რაც ორი წლის წინ მოგვწონდა, დღეს აღარ მოგვწონს. მაგალითად, დღეს დიზაინში უპირატესობა უფრო ნათელ ფერებს ენიჭება, მუქი ფერები წარსულია. იცვლება მასალები, ტექნოლოგიები. ამიტომაც უპირატესობას ვანიჭებ კომპლექსებისგან თავისუფალ არქიტექტორებს, რომელთაც შეუძლიათ ადაპტირება.

რას ნიშნავს ბრენდის სახელი – Rixos?

მე ანტალიიდან ვარ. ანტალია კი გახლდათ ცნობილი ქალაქი რომის იმპერიაში. აქვე იყო ძლიერი ქალაქი პერგე, რიქსოსი კი ერქვა ადამიანს, რომელიც ერთ-ერთი შვიდთაგანი გახლდათ, ვინც ეს ქალაქი დააარსა. თავიდან ისეთ ბანალურ სახელებს განვიხილავდით, როგორებიცაა „სანსეტ“, „სანბიჩ“, „სანრაიზ“ და ა.შ. თუმცა ერთმა გამოცდილმა პროფესორმა მირჩია, ბრენდის სახელი ისტორიულ თემასთან დამეკავშირებინა. მეც დავთანხმდი და ავირჩიე – Rixos!

ბიზნესის კონტროლი

სოციალური მედიის მეშვეობით, სტუმრები პირდაპირ მწერენ ყველაფერს. მადლობის წერილებთან ერთად, ვიღებ შენიშვნებს, იდეებს, რეკომენდაციებს. მართალია, გუნდიდანაც მუდმივად ვიღებ ინფორმაციას, ვკითხულობ ანგარიშებს, ჩავდივარ და ადგილზე ვამოწმებ მომსახურების ხარისხს, პირადად ვურთიერთობ სტუმრებთან, თუმცა თუ მაგალითად მინდა გავიგო, როგორ მუშაობს საუნა, ვიცვამ შორტებს, შევდივარ და ყველაზე სწორ გამოხმაურებას პირდაპირ სტუმრებისგან ვიგებ. მათ არ იციან ვინ ვარ და მოურიდებლად საუბრობენ ყველაფერზე...

 

Latest on Entrepreneur