დარიკო - ადამიანი ბრენდი "აქ ცხოვრება სწორედ ამიტომ მომწონს - ძალიან ბევრი ნიშაა, უამრავი რამის კეთება შეგიძლია".

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

საქართველომ, საკუთარი კულტურით, უნიკალური ბუნებით, უგემრიელესი სამზარეულოთი და ღვინის დამზადების უძველესი ტრადიციით, უკვე უამრავი ადამიანი მოხიბლა – ქართველიც, არაქართველიც, ტურისტიც და ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით მყოფიც. მათ შორის უდავოდ უნდა გამოვარჩიოთ ახალგაზრდა უკრაინელი ქალი დარიკო, რომელიც არა მარტო აღფრთოვანდა ჩვენი ქვეყნით, არამედ მიზნად დაისახა „ორ ზღვას შუა" საუკუნეების წინ აღმოცენებული პატარა წალკოტი მთელი მსოფლიოსთვის გაეცნო. 28 წლის დარია ხოლოდილინას მთავარ საქმიანობას ბოლო ხუთი წელია საქართველოს პოპულარიზაცია წარმოადგენს. ამ მიმართულებით საქმიანობა თავდაპირველად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში დაიწყო, ხოლო რამდენიმე წელიწადში მასში ანტრეპრენერულმა სულმა გაიღვიძა და უკვე დამოუკიდებლად შეუდგა პროექტების განხორციელებას. ასე შეიქმნა www.dariko.net, European Wine Tours Georgia, „ფესვები" და არაერთი პროექტი, რომელთა მთავარი მიზანი კავკასიის შუაგულში მდებარე პატარა ქვეყნის რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაცნობაა.

დარიკო საქართველოში ხუთი წლის წინ, ტურისტული ვიზიტით ჩამოვიდა. თბილისის, მცხეთისა და ბათუმის მონახულების შემდეგ, მიიჩნია, რომ ქვეყანა საკმაოდ ამომწურავად გაიცნო, თუმცა თავისი მოსაზრების სიმცდარეში მალევე დარწმუნდა. შემდეგი მოგზაურობისას, ხევსურეთით აღფრთოვანებული, მიხვდა, თუ რამდენ განსხვავებულ სამზარეულოს, ტრადიციას, ლანდშაფტსა და თავისებურებას აერთიანებდა ეს ერთ მუჭში მოქცეული ქვეყანა. დღეს იმდროინდელ შეგრძნებას ამგვარად იხსენებს უკვე ქართულად ამეტყველებული დარიკო: „მანდ მივხვდი, რომ საქართველო სერიოზული რამე იყო".

პროფესიით ლინგვისტმა, გერმანული ენისა და ლიტერატურის მაგისტრმა, საქართველოში გადმოსვლისთანავე ქართულად ალაპარაკება დაისახა მიზნად – „თუკი ხიდის აშენება გსურს, ენის შესწავლით უნდა დაიწყო".

ბათუმსა და თბილისს შორის არჩევანი საბოლოოდ თბილისზე შეაჩერა და ლესელიძის ქუჩაზე დასახლდა − ყველაზე ცხელ ტურისტულ და ძვირადღირებულ ლოკაციაზე, ხოლო მოგვიანებით, საცხოვრებლად მეგობრებთან გადავიდა.

საქართველოში კარიერა მთარგმნელობითი მომსახურებით დაიწყო. დისტანციურად მუშაობდა, თარგმნიდა გერმანულად, ინგლისურად, რუსულად, უკრაინულად.

დარია, ჩვენებურად კი დარიკო, ოკუპირებული დონეცკიდანაა. „დონეცკიდან საქართველოში რომ მოვდიოდი, აეროპორტი ახალგახსნილი იყო. ქუთაისამდე ფრენა მაშინ 20 დოლარი ჯდებოდა. ქვეყნების სიახლოვემ და იაფმა ავიაბილეთებმა დამაიმედა, რომ უკრაინაში 2 თვეში ერთხელ მაინც შევძლებდი ჩასვლას. თუმცა რეალობა მოულოდნელად შეიცვალა, როცა დონეცკის აეროპორტი დაბომბეს. მაშინ მივხვდი, რომ არასოდეს იცი, წინ რა გელოდება, მაგრამ მიუხედავად არასასიამოვნო სიურპრიზებისა და დაბრკოლებებისა, მაინც ვახერხებ, ცხოვრებას დადებითად ვუყურო".

ერთადერთი, რაც დისკომფორტს უქმნის, „არამკითხე მოამბეებია". „მუდმივად ინტერესდებიან, სადაური ვარ. აქცენტზე თავდაუზოგავად ვმუშაობ, მაგრამ ამ შეკითხვას მაინც ყველგან მისვამენ".

საქართველომდე გერმანიაში ცხოვრობდა, სადაც სპორტულ ჟურნალისტად მუშაობდა Deutsche Welle-ში. დღევანდელი გადმოსახედიდან, მაშინდელი ცხოვრება მოსაწყენად ეჩვენება. ერთფეროვნებას თბილისში გადმოსვლისთანავე მოეღო ბოლო.

საქართველოს სახით, დარიკომ მეორე სამშობლო შეიძინა. „მინდა, შვილები აქ გავაჩინო და გავზარდო" – ასეთია სამომავლო გეგმა ახალგაზრდა ქალისა, რომელმაც ქართული პასპორტი აიღო და რამდენიმე წლის წინ სახელმწიფო სტრუქტურაშიც კი დაიწყო მუშაობა.

2013 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA) მარკეტინგის სამსახური სტაჟიორების აყვანას შეუდგა. დარიამ დამსაქმებლები ოთხი ენის ცოდნით მოხიბლა და კონკურენტებსაც მარტივად აჯობა. თან იმ პერიოდში უკვე ქართულის შესწავლაც ჰქონდა დაწყებული. სტაჟირების შემდეგ, სოციალური მედია ჩააბარეს. ჯამში GNTA-ში 4 წელი გაატარა.

ამ პერიოდში არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე იყო საქართველოს სტენდის კოორდინატორი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის წყალობით მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მოიარა, მისი მთავარი ინტერესი მაინც საქართველო გახლდათ – უცნობი კუთხეებით, ქალაქებით, კულტურით, ღვინით, სოფლებითა და ადამიანებით. თბილისი და ბათუმი ცნობილ ტურისტულ ონლაინგიდზე − www.likealocalguide.com დაარეგისტრირა. იმავე პერიოდში შექმნა www.dariko.net − ერთგვარი გზამკვლევი ტურისტებისთვის, მოკლე და საჭირო ინფორმაციით საინტერესო ლოკაციებსა და ყველა იმ დეტალზე, რომელიც მოგზაურს უცნობ ქვეყანაში ვიზიტისას გამოადგება. „საქართველოში ყოფნის პირველი სამი წელი ყველაფრის მოსინჯვის პერიოდი აღმოჩნდა ჩემთვის. აქ ცხოვრება სწორედ ამიტომ მომწონს − ძალიან ბევრი ნიშაა, უამრავი რამის კეთება შეგიძლია".

დარიკოს ულევ მიზნებსა და სურვილებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ამ ყველაფერში მთავარი მაინც ერთია – მისი მამოძრავებელი ძალა: ცნობისმოყვარეობა და ახლის შეცნობის წყურვილი. სწორედ ეს აძლევს ენერგიასა და მუხტს, მოიაროს ქვეყნები, ქალაქები, დააგროვოს უნიკალური ცოდნა, გამოცდილება, და შემდეგ ეს ყველაფერი სხვასაც გაუზიაროს, აგრძნობინოს. ცხოვრების მიმართ ამგვარმა დამოკიდებულებამ დარიკო მუდმივ ტურისტად აქცია და ახლაც მისი უმთავრესი მიზანია უზრუნველყოს უნიკალური, გამორჩეული გამოცდილება ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელიც მზადაა 2-3 ტურისტულ ქუჩას გასცდეს და ქვეყნის სული შეიცნოს. ამ გეგმის განხორციელებისკენ მიმავალ გზაზე დაიბადა European Wine Tours Georgia, თუმცა სანამ მასზე დეტალურად მოგითხრობთ, გვსურს გაგაცნოთ დარიკოს რამდენიმე არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი.

„ფესვები"

„ფესვებმა" საქველმოქმედო პროექტის სახით აიღო სტარტი. დარია საქართველოში ახალი დაფუძნებული გახლდათ, როდესაც გადაწყვიტა, იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა ბავშვებისთვის ფული შეეგროვებინა. „შთაგონება მას შემდეგ მეწვია, რაც ფილმს „ფესვები" ვუყურე. ჩემში განსაკუთრებული განცდები აღძრა კადრებმა, სადაც მთავარი გმირი ხსნის, თუ რატომ უყრია ფეხსაცმელში ქართული მიწა. მყისიერად გამიჩნდა სურვილი, პროექტი გამეკეთებინა იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მშობლიურ მიწას მძაფრი, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს".

ინსპირაციის რეალობად გარდასაქმნელად, საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოიარა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზსაც კი ეწვია. იქ ქართველ მესაზღვრეებს შეხვდა.

„მირჩიეს, მოგვიანებით მივსულიყავი. მეც უკვე შეღამებისას, ხელში ორცხობილებით მივაკითხე. ცოტა შემაშინა სამი შეიარაღებული ჯარისკაცის დანახვამ, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე, ცოტაოდენი იქაური მიწა ავიღე და პროექტზეც მოვუყევი. კარგ საქმეს აკეთებო, − ასე მითხრეს. ლომისას მონასტერშიც ვიყავი, თუშეთშიც, აჭარიდანაც წამოვიღე მიწა".

მოგროვილი მიწა რამდენიმე გრამობით ჩაყარა სამკაულებში, რომლებიც თავად დაამზადა და მათ გასაყიდად Facebook-კამპანია წამოიწყო. აქ კიდევ ერთხელ გაუმართლა − პროექტის შესახებ ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა შეიტყო. დარიასაც საშუალება მიეცა, მის მნიშვნელობასა და მიზანზე ტელევიზიის საშუალებით ესაუბრა.

საბოლოოდ, შემოსული თანხით წიგნები შეიძინა და წყალტუბოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს გაუგზავნა.

Letters to Tbilisi

საკმაოდ საინტერესო და წარმატებული გამოდგა პროექტი Letters to Tbilisi. იგი იმ ადამიანთა გარშემო შეიქმნა, რომელთაც თბილისი უყვარდათ, ენატრებოდათ, ქალაქში გადახდენილი ისტორიების გახსენება და სხვებისთვის მოყოლა სურდათ. „სხვაგან ყოფნისას, თბილისზე გაჩენილმა ნოსტალგიამ სენტიმენტალური პროექტის გაკეთებამდე მიმიყვანა". პროექტმა მზის სინათლე დარიკოს ინსტაგრამის მეშვეობით იხილა. მოგვიანებით, თბილისში რამდენიმე ბარში ყუთები დადგა. ასე წერილებს უკვე არა მხოლოდ ონლაინ, ფიზიკური სახითაც იღებდა. იდეა მისმა მეგობრებმაც აიტაცეს და მსგავსი ყუთები მინსკსა და კიევში განათავსეს. საბოლოოდ, 80-მდე წერილი შეგროვდა. დარიამაც, მეგობარ პროფესორთან ერთად, მთელი მასალა ქართულად თარგმნა და საგამოფენო სივრცის ძიებას შეუდგა. გაოცებული დარჩა, როდესაც თბილისის ისტორიის მუზეუმმა ერთი ოთახი კვირის განმავლობაში სრულიად უფასოდ დაუთმო. წერილები ძველ თბილისშიც გამოფინა.

„დასათვალიერებლად დათო ტურაშვილი, ალეკო ელისაშვილი და სხვა უამრავი ადამიანი მოვიდა. ერთ-ერთმა კომპანიამ ღონისძიებისთვის ღვინო სრულიად უფასოდ გადმომცა. ფული საერთოდ არაფერში გადამიხდია, რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყო. მადლიერი ვარ ამ ადამიანების".

დარიკოს, შეიძლება ითქვას, ბევრ ძირძველ თბილისელზე მეტად შესტკივა უკრაინული და ამავდროულად, ქართულად აძგერებული გული, რაც კარგად ჩანს კიდეც მის ყოველ აქტივობასა თუ პროექტში. თავის დროზე „ხმალმოღერებული ებრძოდა" ზებრის უგულვებელმყოფ მძღოლებს, ქალაქში დაბინძურებულ ჰაერს; ჭიქა ყავასა და ორცხობილებზე კრებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, აწყობდა შეხვედრებს; მისი „წერილები თბილისს" დოკუმენტური ფილმის საფუძველადაც კი იქცა, რომელსაც გერმანიაში ქართული სათვისტომო გადაიღებს.

ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი ინტერესი გაიჩინა, როდესაც ინტერნეტში სრულიად შემთხვევით წააწყდა გასაყიდად გამოფენილ ყანწის ფორმის Takeaway ჭიქებს. ერთი ცალი საცდელად გამოიწერა, შემდეგ კი კომპანიას მისწერა და ყანწის „კულტზეც" მოუთხრო. აუხსნა, რომ ახალშექმნილი ბიზნესისთვის თხის რქის ტოლჩად შერაცხული სასმისის საქართველოში გაყიდვა სარფიანი გარიგება იქნებოდა. ასე გახდა დარიკო სლოვენიურ ბრენდ Goat Mug-ის იმპორტიორი საქართველოში.

European Wine Tours Georgia

დარიკო საკუთარ თავს ქართველს უწოდებს და დროის ძირითად ნაწილს აქ ატარებს. უკრაინას წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს, მშობლებისა და მოხუცი ბებია-ბაბუის მოსანახულებლად.

მისი და ღვინის ურთიერთობა სწორედ ოჯახის წევრებს უკავშირდება. „10 წლის რომ ვიყავი, უკრაინაში, ყირიმში, ღვინის ტურებში ხშირად დავდიოდით. თუმცა მე მხოლოდ დაყნოსვის უფლებას მაძლევდნენ, მცირე ასაკის გამო. ღვინის საწარმოებისა და შატოების (ღვინის მამულების) ატმოსფერო ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა. შემდეგ, როცა გავიზარდე, 22 წლის ასაკში გერმანიაში მარტო გადავედი საცხოვრებლად. იმ დროს საკმარისი ფული არასოდეს მქონდა, რომ განსაკუთრებული ბრენდები გამესინჯა. თუმცა, გემოვნება და ჩემი დამოკიდებულება ღვინის მიმართ მაინც ჩამომიყალიბდა. მაგალითად, ვიცოდი, რომ Pinot Grigio მომწონდა".

ქართული ღვინო მისთვის „წინა ცხოვრებაში" ქინძმარაულთან ასოცირდებოდა. თბილისში გადმოსახლების შემდეგ კი, ჯიშების, არომატების მრავალფეროვნება შეიგრძნო და ქართული ღვინო სულ სხვაგვარად შეიყვარა. მასთან განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ახალი იდეის ამოქმედება ერთი იყო. გადაწყვიტა, საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ნამდვილი, ტრადიციული მეთოდებით დამზადებული სასმელის გასინჯვის შანსი მიეცა.

ასე შეიქმნა European Wine Tours Georgia.

„თურმე რა რთული და შრომატევადი ყოფილა ქვევრში ღვინის დამზადება! ღვინის დასაყენებლად მთელი ოჯახი ერთსულოვნად მუშაობს თვეების განმავლობაში. უყურებ მათ შრომას და დიდი პატივისცემის გრძნობით იმსჭვალები. რა თქმა უნდა, ამ სფეროში დიდი კომპანიებიც საქმიანობენ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ტრადიციული მეთოდებით ამზადებენ ქვევრის ღვინოს".

დარიკოს ცხოვრების წარმმართველი ძალა ყოველთვის სიკეთის ქმნა იყო. „არ შემიძლია ბიზნესის წარმოება რაიმე დიადი მიზნის გარეშე დავიწყო", − ასე განმარტავს საკუთარ სულისკვეთებას European Wine Tours Georgia-ს ავტორი. ამ პროექტში მედიატორის ფუნქციას ასრულებს. საქართველოს სიღრმისეულად გაცნობის ნებისმიერ მსურველს შანსს აძლევს, პატარა ოჯახურ წარმოებებს ეწვიოს, ქვევრში დამზადებული ღვინო დააგემოვნოს, შეიძინოს. ტურისტების მიერ გადახდილ თანხას კი მცირე მარნებს უნაწილებს.

„მათთან წვდომა რთული კი არა, თითქმის შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ ენის ბარიერს აწყდებიან, უცხოელმა ვიზიტორებმა არ იციან, მსგავს ოჯახურ წარმოებებს როგორ მიაგნონ, ვინაიდან ისინი არც რუკაზეა აღნიშნული და არც Google-ში იძებნება. მე გაცილებით ადვილად მიკავშირდებიან. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, როდესაც ერთი მხრივ ქართველ მეღვინეებს თავიანთი უნიკალური პროდუქტის პოპულარიზაცია-გასაღებაში ეხმარები, და მეორე მხრივ, ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევ, საინტერესო გამოცდილება მიიღონ".

დარიკო ძირითადად მცირე − ოთხი ან ექვსი ადამიანით დაკომპლექტებულ ჯგუფებთან მუშაობს და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია საქართველოს 30-მდე ლოკაციაზე გაუძღვეს ღვინის ტურს. ყველაზე დიდი ჯგუფი, რომლის გიდობაც საკუთარ თავზე აიღო, 22 ვიზიტორისგან შედგებოდა და დარიკოს ინსტაგრამის გვერდის მეშვეობით დაიგეგმა.

„შვედმა პროფესორმა მომწერა ინსტაგრამზე. მთხოვა, თბილისის ტური და ღვინის დეგუსტაცია მომეწყო. 22 ადამიანი ჩამოვიდა ექვსი ქვეყნიდან. უნდა გამოგიტყდეთ, კარგი გამოცდილება მივიღე, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესო შედარებით მომცრო ჯგუფებთან მუშაობაა".

პატარა ჯგუფების მასპინძლობა ადამიანებთან პირისპირ საუბრის საშუალებას აძლევს, კომუნიკაციას უმარტივებს და უფრო შთამბეჭდავი მოგონებების წყარო ხდება ხოლმე. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მისმა ერთ-ერთმა ტურისტმა მეგობარ გოგონას ხელი ორიგინალურად და რომანტიკულად სთხოვა, როცა ნიშნობის ბეჭედი ფიალაში ჩააგდო. „გოგონა ტიროდა, ეზოში სრულიად მარტონი ვიყავით, ჩამავალი მზის ფონზე მრავალჟამიერი ჟღერდა. ულამაზესი მოგონებაა. ასეთი მოგონებების შექმნა კი ძალიან მნიშვნელოვანია".

ქართული ღვინის პრომოუშენი წლებთან ერთად დარიას პროფესიად იქცა. სიხარულით ცას ეწია, როდესაც მიკელ ჰუდინი დაუკავშირდა და წიგნის − Georgia: A Guide to the Cradle of Wine თანაავტორობა შესთავაზა. წიგნი 2017 წელს გამოიცა, რამდენიმე კვირის წინ კი ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მისი პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში თავმოყრილია ოჯახში დამზადებული, ქართული ტექნოლოგიით შექმნილი ღვინის მცირე წარმოებების 100-მდე ლოკაცია. „ვის არ უნდა, ასეთი ჩინებული წიგნის თანაავტორი იყოს", – ამაყობს დარია.

დარიკო მუშაობას აგრძელებს. საქარ­თველოს, ქართული ღვინის, ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციას სოციალური მედიით თუ ვებგვერდით ეწევა. გეგმაში უამრავი პროექტი აქვს, უბრალოდ, ჯერ ვერ გადაუწყვეტია, საიდან დაიწყოს. ერთი რამ დანამდვილებით იცის: „სიყვარული ყველაფრის საწყისია" და „მოსაწყენი საქმის არათუ კეთება, წამოწყებაც კი არ ღირს".

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია