You can be on Entrepreneur’s cover!

ლაშა ტალახაძის თავდადება გამარჯვებისთვის! "კარიერულად ისეთი შედეგის დაფიქსირება მსურს, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩება"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

1993 წლის 2 ოქტომბერი. საჩხერეში დაბადებულ ადამიანს ალბათ ვერასოდეს წარმოედგინა, რომ მთელი საქართველო და მსოფლიო მის შესახებ ისაუბრებდა, როგორც უდიდეს სპორტსმენზე და რეკორდსმენზე. ლაშა ტალახაძე თანამედროვე საქართველოს გმირია!

ლაშა არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გახდე წარმატებული შენს სფეროში. შედეგები, რომელსაც ქართველმა სპორტსმენმა მიაღწია, ჯოჯოხეთური შრომის, მოტივაციის, ფსიქოლოგიური და მენტალური სიძლიერის გარეშე არ მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ ძალოსნობას არ სჭირდება განსაკუთრებული სისწრაფე, მოქნილობა და დინამიკური ვარჯიშები, რა თქმა უნდა, მაინც ძალიან შრომატევადი სახეობაა. უზარმაზარი წონის დასაძლევ ძალასთან ერთად, საჭიროა ფსიქოლოგიური სიმტკიცე და მყარი ნერვები.

ამჟამად ლაშა დუშეთში ცხოვრობს და იქ ვარჯიშობს. როგორც წესი, როცა რომელიღაც შეჯიბრი ახლოვდება, ორჯერადი ვარჯიშები აქვს. დილით შედარებით მცირე დატვირთვით, საღამოს კი, უკვე მაქსიმალური წონების დაძლევა.

ლაშას თითოეულ ემოციაში და წონის აწევამდე ღერძთან მიდგომაში ჩანს, რომ მას ეს საქმე სიგიჟემდე უყვარს.

2016 წელი ქართველი ათლეტის კარიერაში ყველაზე ხმაურიანი და „მსუყე" პერიოდი იყო. მან რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. გარდა ოქროს მედლისა, ტალახაძემ რეკორდიც დაამყარა – საერთო ჩათვლაში 473 კილოგრამის დაძლევით, ახალი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. 2017 წელს ხორვატიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დამყარდა – ატაცში 217 კილოგრამი დააფიქსირა. იმავე წლის დეკემბერში ანაჰაიმში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშამ ატაცის რეკორდი 220 კილოგრამით გააუმჯობესა, საერთო ჯამში კი 477 კილოგრამი დაძლია, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია. ამ ყველაფერს კი 2017 წელს ლოგიკური დასასრულიც მოჰყვა – ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) ლაშა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დაასახელა.

2018 წელს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ 474 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ საკუთარი რეკორდები გააუმჯობესა მას შემდეგ, რაც ატაცში 223, აკვრაში 265, ხოლო ორჭიდის ჯამში 488 კილოგრამი დააფიქსირა.

ბოლო პერიოდში საქართველო ხშირი სპორტული წარმატებით განებივრებული არაა და მით უმეტეს, ასეთი შედეგებით, როდესაც რომელიღაც კონკრეტულ სახეობაში აშკარად საუკეთესო სწორედ ქართველია. ენით აღუწერელი გრძნობაა, როცა დგახარ ფიცარნაგზე და შენი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი ჟღერს. სპორტი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რათა მსოფლიომ გაგიცნოს.

როგორც ბავშვების უმეტესობამ, ტალახაძემაც რამდენიმე სახეობაში გამოსცადა თავი, მაგრამ საბოლოო არჩევანი ძალოსნობაზე შეაჩერა. „მამაჩემმა ჩამოაყალიბა თავისი კლუბი და ძალოსნობაში საკუთარი პირველი ნაბიჯები დაახლოებით 15 წლის ასაკში გადავდგი. მამა ჩემი პირველი მწვრთნელი გახლდათ და შესაბამისად, მისთვის პირველი მოსწავლე მე ვიყავი. რასაკვირველია, მამას ძალიან სურდა, რომ მისი ვაჟი წარმატებული ძალოსანი ყოფილიყო. ჩემს ათლეტად ჩამოყალიბებაში მას უდიდესი როლი მიუძღვის", – აცხადებს ლაშა.

ტალახაძის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მისი მწვრთნელი გიორგი ასანიძეა, რომელიც უდიდესი მოტივატორი და უმაღლესი დონის სპეციალისტია.

ზოგადად, სპორტში წარმატების მიღწევა ურთულესია, მაგრამ ძალოსნობას მაინც სხვა რამ გამოარჩევს. ერთი-ერთზე რჩები უდიდეს წონასთან, რომლის დასაძლევად მხოლოდ არანორმალური ძალა არ კმარა – აქ საჭიროა თავდაჯერება, ფსიქოლოგიური სიმტკიცე და რაც მთავარია, გამარჯვებისადმი დაუოკებელი წყურვილი. ლაშა ტალახაძე ამ თვისებების იდეალური სინთეზია.

„ძალიან ბევრი გულშემატკივარი შევიძინე და ეს მოტივაციას ათმაგად მძენს. მთავარი მოტივატორი კი მაინც საქართველოა. მინდა, ჩემი ქვეყანა ყოველთვის ვასახელო. საბოლოო ჯამში, კარიერულად ისეთი შედეგის დაფიქსირება მსურს, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩება", – ამბობს ლეგენდარული ათლეტი.

ლაშას ნოემბერში გასამართი მეტად რთული მსოფლიო ჩემპიონატი ელის, სადაც ოლიმპიადის ლიცენზიების ქულები გამკაცრებული წესებით გათამაშდება, მაგრამ სპორტსმენი ახალი გამოწვევებისთვის მზადაა.

რჩევა დამწყებ სპორტსმენებს

„უპირველეს ყოვლისა, ძალიან უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებ. შემდეგ მოდის შრომა და თავდადება. როდესაც დიდ სპორტში ხარ ჩართული, უმეტეს შემთხვევაში, გართობა, დალევა და ა.შ. უნდა დაივიწყო, მაგრამ ვიცით, რომ ეს შრომა დაფასდება, გამარჯვებით დაგვირგვინდება და ეს ყველაფერი ენით აღუწერელი გრძნობაა".

ლაშა ტალახაძე იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერ სფეროში მონდომებით, მოტივაციითა და მენტალური სიძლიერით მწვერვალების დაპყრობა. თუ შენს საქმეში წარმატებისთვის ყველა ამ საჭირო თვისებას გააერთიანებ, პროგრესი გარანტირებულია.

დასასრულ კი გეტყვით, რომ წლის ბოლოს ლაშა ტალახაძის მენეჯერ ზურაბ თალაკვაძის ავტორობით, გამოვა წიგნი, სახელწოდებით „ეს ლაშაა და ეს საქართველოა", რომელიც ლეგენდარული სპორტსმენის ბიოგრაფიის პირველი ნაწილი იქნება.

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან