ზრდის სტრატეგიები

როგორ მივაღწიოთ წარმატებას 2018

როგორ მივაღწიოთ წარმატებას 2018
Image credit: entrepreneur
1 min read
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

ეს 2018 წლის ერთადერთი წინასწარმეტყველებაა, რომლის ახდენის გარანტიასაც გაძლევთ. წლევანდელი წელი გამჭრიახი, წინდახედული ანტრეპრენერებისთვის ახალი შესაძლებლობებით სავსე იქნება. და მაინც – რა გელით? 2017 წლის Entrepreneur-ის გარეკანის ვარსკვლავები მოგითხრობენ თავიანთი მოლოდინის შესახებ, თუ რა გზას დაადგება ბიზნესი, და რა გზას უნდა მიჰყვეთ თქვენც.

 

რეკრუტინგი

მაქსიმალური კომფორტი

კომპანიებმა დეველოპერთათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად არაერთ გზას მიმართეს – მოიმარაგეს ტკბილეული, უფასო ლატეები, მასაჟის აბონემენტი. თუკი დეველოპერებს ჰკითხავთ, ერთადერთი, რაც აკლიათ, მშვიდი სამუშაო გარემოა. ადგილი, სადაც კარს მოიხურავ და ახალი ტექნოლოგიების ათვისებასა თუ ექსპერიმენტირებაში გადაეშვები. თუ ანტრეპრენერი ხართ, ბენეფიტებით Google-ს, ან Facebook-ს ვერასოდეს აჯობებთ, მაგრამ თუ თანამშრომელთათვის (და განსაკუთრებით – დეველოპერებისთვის) ისეთ გარემოს უზრუნველყოფთ, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობენ, მეტი შანსია, ნიჭიერი თანამშრომლები და უკეთესი შედეგები დაიმსახუროთ.

წინ გადაიდგა ნაბიჯი ტექნოლოგიური განვითარების გავლენის გათვალისწინებითაც. თუკი კომპანიებს სურთ, ტექნიკური სფეროს ტალანტები მოიზიდონ, ზოგიერთ სოციალურ, მორალურ და ეთიკურ საკითხზე საკუთარ მყარ პოზიციას აფიქსირებენ. – ანილ დაში, უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, Fog Creek Software.

 

ბრენდინგი

ინდი ბრენდები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ

უკვე მრავალ სფეროში გამოცდილი კომპანიები მოგებას ახალგამოჩეკილ კოლეგებს უნაწილებენ. ამის მაგალითი ბოლო დროს შეერთებულ შტატებში მომრავლებული გაუფილტრავი ლუდის სახარში ქარხნებია. მარკეტინგული და დისტრიბუციის ხარჯების, ელექტრონული კომერციისა და სავაჭრო ადგილის ფასის შემცირებით, გარემო პატარა ბრენდებს ხელს უწყობს, რომ დამსახურებული ადგილი დაიკავონ.

მანქანური სწავლების დამსახურებით, შეგვიძლია ბრენდების ხარისხი გავზომოთ. ინვესტორთათვის კარგა ხანია ბრენდის განვითარება ბიზნესის ღირებულების განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნევა. თუმცა, აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მეთოდით მისი გაზომვა შეძლოთ.

მაგალითად, პოპკორნი, როგორც გასაზომი კატეგორია, უნდა გამოიყენოთ. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები შეერთებული შტატების მასშტაბით, პოპკორნის მწარმოებელ 450 კომპანიას და მათ მონაცემებს ბრენდის მუშაობაში მომხმარებლის ჩართულობის დახმარებით ზომავენ. რამდენად ხშირად და სწრაფად ერთვება მომხმარებელი მასზე საუბარში? შესაძლებელია მათი ემოციური დამოკიდებულების, ეპითეტების დათვლა, რომელთაც ადამიანები კონკრეტულ პროდუქტზე საუბრისას ირჩევენ? ალგორითმის არსებობის მიზანი კი, საბოლოო ჯამში, პროგნოზია – გაიზრდება თუ არა კონკრეტული კომპანია უფრო სწრაფად, ვიდრე მისი კონკურენტები? მანქანური სწავლება ხომ ბევრად ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე უბრალოდ, გამოცნობანას თამაში. – რორი იკინი, თანადამფუძნებელი და ოპერაციათა უფროსი ოფიცერი, CircleUp.

 

მარკეტინგი

ნუ ისაუბრებთ მოგებაზე

დიდი შანსია, რომ ბიზნესიდეის გასახორციელებლად ფინანსები მეგობრებისგან და ოჯახისგან სესხის სახით მიიღეთ, წამოიწყეთ საქმე, პირველი სამი წლის განმავლობაში ბევრი ფულიც დაკარგეთ, შემდეგ კი მოგებაც მოიპოვეთ, ბიზნესი გაყიდეთ, ანდა ფართო მასებზე გაქვთ უკვე წვდომა. ასეთია ბიზნესმენის გზა. წარმოიდგინეთ, Amazon-ს, არსებობის განმავლობაში, არცერთი ცენტი მოგება არ მიუღია, თუმცა კაპიტალიზაციით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ამ ფაქტმა ბიზნესის გაგება სრულად შეცვალა. ამჟამად წარმატებისკენ მიმავალი გზა ასე გამოიყურება: რაც შეიძლება მეტი კაპიტალი რაც შეიძლება იაფად დააგროვეთ და სწრაფად აღმოჩნდით ლიდერის პოზიციაზე. ნებისმიერ სფეროში ლიდერობისთვის დიდი შეჯიბრებაა გაჩაღებული. მოგების გასაზრდელად ბრძოლა არ ღირს. მთავარია, წლიდან წლამდე შემოსავალი, ბრენდის ცნობადობა და ლიდერობისკენ მიმავალი პოზიცია მატულობდეს.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ბრენდის შექმნისას, მთავარი არა ოპერაციები ან მონაცემები, არამედ მოსათხრობი ისტორიებია. მნიშვნელოვანია მიმზიდველ პროდუქტად ჩამოყალიბება და არა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. დღესდღეობით, შეუძლებელია იყო კარგი აღმასრულებელი დირექტორი და გაკლდეს კომუნიკაციის, ან ამბის გადმოცემის უნარი.

რა თქმა უნდა, აუცილებელია ბევრად უკეთესი პროდუქტი შექმნათ, ვიდრე კონკურენტებს აქვთ. შემდეგ კი, კაპიტალის დასაგროვებლად უნდა გამოიყენოთ ყველა არხი მისი გავრცელებისთვის. ასევე მარკეტინგული მეთოდები სწრაფი განვითარებისთვის. გარდა ამისა, აუცილებელია დიდ ქალაქში გადაინაცვლოთ. ეკონომიკური ზრდის 2/3 ხომ დიდ ქალაქებზეა.

იმისათვის, რომ მეწარმე გახდეთ, დაუღალავი, ყოვლისმომცველი თვითგანვითარების სურვილით უნდა იყოთ შეპყრობილი. ზოგი ამ მდგომარეობაში თავს კომფორტულად გრძნობს, ზოგიც – ნაკლებად, თუმცა საბოლოოდ, ყველაფრის დასწავლა შეიძლება. ბევრი იმის გაკეთებაზე ვერც იოცნებებდა, რასაც თქვენ აკეთებთ. ასეთი ადამიანები სხვებისთვის მუშაობენ. თქვენი საქმე კი თქვენსავე ბრენდის ისტორიის თხრობაა. – სკოტ გელოუეი, მარკეტინგის პროფესორი, ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლა, დამფუძნებელი, L2.

 

სოციალური მედია

ბრენდები გათამამდნენ

გასულ წელს Wendy’s-ის ბევრი Viral-ური ტვიტის ავტორი სწორედ მე ვიყავი. მაგალითად, ერთ-ერთ კომენტარში „ტროლი“ დაეჭვდა კომპანიის მტკიცებაზე, რომ იგი ბურგერში მხოლოდ ახალ, და არა გაყინულ საქონლის ხორცს იყენებდა. „გინდათ თქვათ, რომ უმი ხორცი ლანჩის ვაგონით მოგაქვთ? Wendy’s-მა უპასუხა: „სად ინახავთ იმ ცივ პროდუქტს, რომელიც გაყინული არ არის?“ სულაც არ მგონია, რომ გამოსავალი ჩვენი მომხმარებლების მოსაზრების ქარცეცხლში გატარებაა. ამ სტრატეგიასა და მომხმარებლის უხამსი მიმებით ქილიკს შორის, არსებობს მრავალი მეთოდი უხეში მოძულე პერსონის მისაჩუმებლად. თუმცა, თუკი საქმე მართლაც უხეშ მოძულეს ეხება და არა უბრალოდ, სერვისით უკმაყოფილო კლიენტს. დროდადრო, ოფიციალური გვერდის მხრიდან ასეთი გამოხმაურება სრულიად მისაღებია, თუკი ეს ბრენდის იმიჯს წაადგება. სოციალური ქსელის ტონალობის ირონიულისკენ ცვლილება, ბევრ სხვადასხვა შეთხვევაში, წარმატებული სტრატეგიაა. ჩემი საყვარელი მაგალითია MoonPie.

მნიშვნელოვანია, რომ პასუხის გაცემამდე კარგად გაერკვეთ. დააკვირდით, ვინ გწერთ და რატომ, ვის ესაუბრებით და რატომ უნდა აღელვებდეს მათ თქვენი ამბავი.

თუკი მცირე ბიზნესი გაქვთ, საკუთარ თავზეც ნაკლები აიღეთ. მხოლოდ იმიტომ, რომ Facebook, Twitter, Snapchat, Instagram, Youtube, Pinterest და Tumblr არსებობს, არ ნიშნავს, რომ ყოველი მათგანის გამოყენება აუცილებელია. – ემი ბრაუნი, სოციალური მედიის სტრატეგოსი.

 

დიზაინი / შეფუთვა

ამანათის გახსნა გარდაუვალია

მომხმარებელზე ორიენტირებული სტარტაპები სოკოებივით მომრავლდნენ. მათ, როგორც წესი, საკუთარი სივრცე არ აქვთ და ელექტრონულ გაყიდვებზე ორიენტირდებიან. ამ შემთხვევაში კი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლის დადებით გამოცდილებაზე ორიენტირებაა.

ყუთები შეფუთვის აუცილებელი ნაწილია. მისი გახნის პროცესი გვსურს ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ. მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტი, სპეციფიკურ შეფუთვას, გადაზიდვის პროცესის გამო ფლობს. ამ მიზეზით, მას მრავალი შეზღუდვა აქვს. შეფუთვა გოფრირებულია, ამიტომ ფორმებით თამაში შეუძლებელია. კომპანიები ყუთში არაერთ დამატებით ნივთს ათავსებენ, რათა ამანათის გახსნის პროცესი, რომელიც წუთი გრძელდება, საინტერესო იყოს. დიზაინერებს კი სთხოვენ, გაითვალისწინონ: რას ამბობს შეფუთვა პროდუქციაზე? აქვს თუ არა ლოგო? რას ხედავ გახსნისთანავე? რა მასალითაა პროდუქტი შეფუთული? მიაქვს თუ არა მომხმარებლამდე ბრენდის მესიჯი? როდესაც საფარ ქაღალდს აცლი, რას ხედავ მთავარ პროდუქტამდე – არსებობს თუ არა სტიკერი? შტამპი? იგი დიზაინის შექმნის სრულიად ახლებური პროცესია. – ნატაშა იენი, პარტნიორი, Pentagram.

 

სამუშაო ადგილი

დაეხმარეთ თანამშრომლებს სრულყოფილების მიღწევაში

უფროს აღმასრულებელ ოფიცერთაგან ხშირად მოისმენთ, რომ ისინი ორგანიზაციის შიგნით კომუნიკაციის განმტკიცებაზე მუდმივად მუშაობენ – ეხმარებიან გუნდს, საჭირო ინფორმაცია რაც შეიძლება მარტივად მოიპოვონ, ადვილად მიაწვდინონ ხმა გადაწვეტილების მიმღებ პირებს, განვითარდნენ, როგორც ორგანიზაცია და ასე შემდეგ. შესაძლოა სახალისო საკითხადაც მოგეჩვენოთ, თუმცა დღესდღეობით ეს თემა ბიზნესის ფუნდამენტური გამოწვევაა. სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება უახლოესი წლების განმავლობაში – ორგანიზაციაში უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია ვრცელდება. MacKinsey-ს კვლევამ გამოავლინა, რომ თანამშრომლები სპეციფიკური დავალებების შესასრულებლად, დროის 20 პროცენტს ინფორმაციის მოძიებასა და კოლეგებთან დაკავშირებას ანდომებენ. ხელოვნური ინტელექტის უპირატესობების სამუშაო პროცესში ჩართვა და გარკვეული პროცესების ავტომატიზაცია, ბევრი საჩოთირო საქმის არიდებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში, შემოქმედებითი სამუშაოსთვის, რომელიც ჩვენი შესასრულებელია, ბევრად მეტი დრო დაგვრჩება. – კალ ჰენდერსონი, თანადამფუძნებელი და განვითარების დირექტორი, Slack.

 

ფინანსების მოძიება

ფინანსები გაფანტულია

საკუთარი კომპანიის დაარსება ისეთი იაფი არასოდეს ყოფილა, როგორიც ახლაა. თუმცა არც კონკურენცია ყოფილა აქამდე ასეთი დიდი. სულ რამდენიმე წლის წინ, Silicon Valley-ზე სტარტაპის მოხვედრა მათ წარმატებას უდრიდა. ეკოსისტემა შეიცვალა – ცოდნა და კაპიტალი დეცენტრალიზებულია. ეს კი, ბიზნესმენებს საშუალებას აძლევს ინვესტორი მოიზიდონ – იმის მიუხედავად, თუ სად არის თავად ბიზნესი განთავსებული. 2018 წლის მთავარი ამბავი ასე ჟღერს – მუდმივი ცვლილებების წელი დაიწყო.

ნაწილობრივ, ეს ტექნოლოგიური განვითარების დამსახურებაცაა. დღესდღეობით, 10 წლის კენიელ გოგონას ჯიბეში იმაზე უკეთესი ბიბლიოთეკა აქვს, ვიდრე 10 წლის წინ ჰარვარდის უნივერსიტეტის სადოქტორო კურსის სტუდენტს. გულშემატკივართა დაფინანსების პლატფორმები, კრიპტოვალუტის განვითარება, გლობალური სტარტაპპროგრამები... დამფუძნებლებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ დაუკავშირდნენ ინვესტორებს, კორპორაციებს, სხვა მეწარმეებს, რათა მათი რესურსები, რჩევა, ან ინვესტიცია გამოიყენონ. რაც ყველაზე მეტად შეიცვალა, ეს ინვესტორებია – ჩრდილში ყოფნას მიჩვეული მფარველი ანგელოზებიდან დაწყებული, მძიმეწონიანი კაპიტალისტური ორგანიზაციებით დამთავრებული. ისინი აცნობიერებენ, რომ სტარტაპები შესაძლოა შორს წავიდნენ და სურთ თავბრუდამხვევი შესაძლებლობები თავადაც აღმოაჩინონ. უკვე არსებობს ქალაქები, რომლებიც ლოკალურ სტარტაპ ეკოსისტემას ქმნიან; ადამიანები ან ორგანიზაციები, რომლებიც ისტორიის ნაწილი ხდებიან. მეწარმეებს, რომელთაც სურთ ამ ყველაფრისგან ხეირი თავადაც ნახონ, მხოლოდ ინტერნეტში შესვლა, ან შინიდან გამოსვლა სჭირდებათ.

დაამყარეთ კომუნიკაცია სტარტაპერებთან ადგილზე, ანდა სამყაროს სხვა კუთხეში. გამოიყენეთ ახალი საშუალებები, რათა ღირებული ახალი კომპანიები შექმნათ. შემდეგ კი ადექით და საკუთარი თავი ინვესტორებს წარუდგინეთ. შესაძლოა, ამით სხვა ქალაქში გადაფრენის ხარჯებს თავი ვერ აარიდოთ, თუმცა ინვესტორები უცხოქალაქელებს სიხარულით მიიღებენ. – რაიან ბერდი, გლობალური სტარტაპების მენეჯერი, G-Startup Worldwide.

 

პოდკასტები

ხარვეზები გასწორების მოლოდინში

როგორი იქნება 2018 წელი პოდკასტებისთვის? მიიჩნევენ, რომ პოდკასტირების ინდუსტრიის პოპულარობა სტაბილურ აღმასვლას გააგრძელებს, რაც ახალ პოდკასტკომპანიებსა და ამ სფეროში საკუთარი წვლილის შეტანის მსურველ ანტრეპრენერებს/ბიზნესმენებს განვითარების საშუალებას მისცემს.

რა თქმა უნდა, მიმზიდველია ისეთი წარმატებული კომპანიების გვერდით დგომა, როგორებიცაა Gimlet Media, Midroll, HowStuffWorks. სწორედ მათ უტოლდება Anchor.

ბრენდმა საკუთარი თავი YouTube-ის აუდიოვარიანტადაც კი წარმოაჩინა. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, მრავალი არცთუ მიმზიდველი, მეორადი ხარვეზების გამოსწორება ინოვაციებსა და რევოლუციასაც კი საჭიროებს. მაგალითად, სარეკლამო დროის გაყიდვა და რეიტინგის გამოთვლა, რომელიც პოდკასტების ინდუსტრიაში ჯერ კიდევ „პრეისტორიული“ მეთოდებით ხორციელდება. ასე რომ, სფეროს ზრუნვა და სიყვარული არ აწყენდა. – ნიკ ქუა, გამომცემელი და რედაქტორი, Hot Pod newsletter.

 

მომხმარებლის გამოცდილება

მისი ინგორირება თქვენვე დაგაზარალებთ

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, თუკი ჯერი დიდი კომპანიის, მაგალითად, უძრავი ქონების სააგენტოს აპლიკაციაზე მიდგებოდა, სულაც არ იყო საჭირო მაღალი დონის პროდუქტთან გქონოდათ საქმე. 2018 წელს უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ძველი მიდგომა აღარ ამართლებს.

თუ კომპანიას ციფრულ სამყაროში გადარჩენა სურს, მომხმარებლის დადებითი გამოცდილება უნდა დააგროვოს, რათა პოზიცია შეინარჩუნოს. მე სტენფორდის უნივერსიტეტში პროდუქციის დიზაინის კურსს ვკითხულობ. ჩემი სტუდენტები ტიპური „მილენიალები“ არიან – ისინი ციფრულ სამყაროში გაიზარდნენ და მოლოდინი აქვთ, რომ მომხმარებლის გამოცდილება იქ დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც ყოველდღიურ ნივთებთან მიმართებაში აქვთ.

რა თქმა უნდა, მომხმარებლის გამოცდილება ძალიან სუბიექტურია. თუკი მხოლოდ მომხმარებელთა უბრალო ჩართულობის მოტივი არ გამოძრავებთ, თქვენი პროდუქტი გამოსაყენებლად სასურველი და მარტივი უნდა იყოს. ამის გასააზრებლად, წარმოიდგინეთ კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფა 5-10 წლის წინ: ეს იყო უხეში, ნაკლებმეგობრული პროგრამა, რომელიც მომხმარებლის ინტერესს საერთოდ არ ითვალისწინებდა. – ელი ვულერი, დიზაინის სპეციალობის დირექტორი, InVision.

 

თხრობა

ახალი პლატფორმები ახალ ისტორიებს ქმნიან

საკუთარი აუდიტორიის გაგება მნიშვნელოვანია. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც. იგივე ხდება თხრობის შემთხვევაშიც, თუმცა ტექნოლოგია ელვის სისწრაფით ვითარდება და 2018 წელი ბიზნესმენებისთვის ბრენდის იდეის გადმოცემის კუთხით, საკმაოდ საინტერესო პერიოდი აღმოჩნდება.

ყველაფერი იმ ახალი პლატფორმების გაჩენითაცაა გამოწვეული, რომელთაც ერთი სული აქვთ, მომხმარებლები საინტერესო ინფორმაციით მოამარაგონ. წელს მომხმარებელი იმასაც გააცნობიერებს, თუ როგორაა გაფართოებული ჩვენი თვალსაწიერი და როგორ ცვლის ეს ფაქტი გართობის ინდუსტრიას.

დარწმუნებულები ვართ, მომაჯადოებელი ვირტუალური რეალობის შემცველი პროდუქტი, საბოლოოდ, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში უამრავ მომხმარებელს მოხიბლავს. თავდაპირველად, ისეთი ვენიუებიდან, როგორებიცაა Void და VRX, შემდეგ კი ადგილობრივი ბაზრიდან. მნიშვნელობა მოემატება ღონისძიებებს, რომლებზეც ადამიანები შეკრებასა და ისტორიების გაზიარებას შეძლებენ.

დაბოლოს: უნდა აღინიშნოს ვიდეოს მნიშვნელობა. ბიზნესმენებისთვის მისი დანიშნულება სოციალური ქსელისთვის და ვიდეოსერვისებისთვის უმაღლესი ხარისხის ორიგინალური კონტენტის შექმნაა. ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა ვიდეოს ზომას ენიჭება – იქმნება როგორც გრძელი ქრონომეტრაჟის, ასევე მოკლე ჩანაწერები.

კინოსამყაროც დიდ ცვლილებებს განიცდის და იმასაც ვამჩნევთ, თუ როგორ ვითარდება მილიარდიანი ბიზნესი PVOD Windowing. პრემიუმკლასის ეს კონტენტი, საწყისი ეტაპის შემდეგ, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, ეს კი მთლიანად შეცვლის პროდიუსინგის, მარკეტინგისა და მიწოდების ფორმას. მოკლედ რომ ვთქვათ, საუკეთესო დროა სთორითელერი გახდეთ. – კლინტ კისკერი, პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი, Madison Wells Media.

 

ელექტრონული კომერცია

ავტომატიზაცია ყველაფერს ცვლის

საცალო მოვაჭრეთათვის ელექტრონული კომერციის ავტომატიზაციამ ყველაფერი შეცვალა, კომპანიებმა ტექნოლოგიური განვითარებით უამრავი სარგებელი მიიღეს.

თქვენ ნებისმიერი რამის ავტომატიზაცია შეგიძლიათ. მაგალითად, ავიღოთ თაღლითობა. ელექტრონული კომერციის საიტზე, შეგიძლიათ დანერგოთ წესი: თუკი შეკვეთა მონიშნულია, როგორც საშუალო რისკის მქონე, ელ.წერილი მაშინვე ფინანსურ დეპარტამენტში გადამისამართდება. მაღალი რისკის შეკვეთის შემთხვევაში, შეგეძლებათ შეკვეთა ავტომატურად შეაჩეროთ. ეს ყველაფერი მარკეტინგის ავტომატიზაციას ჰგავს, თუმცა მასზე ბევრად მნიშვნელოვანი მოვლენაა.

როცა ადამიანებს კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება აღარ მოუწევთ, მათ ნაცვლად კი პროცესის ავტომატიზაცია დაიწყება, მთავარი, რასაც მოიგებთ, დრო იქნება. სწორედ ამიტომაა ავტომატიზაცია ასეთი მნიშვნელოვანი – პერსონალი მთავარ საკითხებზე ფოკუსირებას შეძლებს. მაგალითად, იზრუნებს, რომ მომხმარებლის გამოცდილება ინდივიდუალური და დადებითი იყოს. კომპანიები და საცალო მოვაჭრეები ხშირად გვეკითხებიან: საიდან ვიცით, რომ შესაფერის პროდუქციას ვყიდით? როგორ გავაგზავნოთ სწორი ელ.წერილი სწორ დროსა და სწორ ადამიანთან სწორი შეტყობინებით?

პროცესების გამარტივება მნიშვნელოვანია. ზოგიერთი კომპანია მობილურ გადახდებს აწესებს და სალაროსთან პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენაც იშვიათად თუა საჭირო.

ამის საპირისპიროდ, ალბათ ყველა აღმოჩენილხართ სიტუაციაში, როდესაც Check out-ს 17 წუთის განმავლობაში ელოდებოდით – ეს ნეგატიური გამოცდილებაა და ბევრ ადამიანს კომპანიის მომსახურებაზე მომავალში უარსაც ათქმევინებს.

დაბოლოს: როგორც ხედავთ, სოციალური მედია ელექტრონული ვაჭრობის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს. სწორედ ამიტომ, გასაყიდი ნივთების კოლაჟს პირდაპირ Instagram-ზეც კი შეხვდებით. – ჰანა აბაზა, მარკეტინგის უფროსი, Shopify Plus.

 

საცალო ვაჭრობა

ნუ დაინდობთ შესყიდვებს

ყოველ საცალო მოვაჭრეს შესყიდვათა გუნდი ჰყავს – სწორედ ეს გუნდი წყვეტს, რა გაიყიდება მათ მაღაზიაში. დროთა განმავლობაში, შემსყიდველთა გუნდების რაოდენობა, საცალო მოვაჭრეებთან ერთად, მცირდება. კომპანიები, თანხის დაზოგვის მიზნით, კადრებს ათავისუფლებენ. 2018 წელს ასეთი ჯგუფის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. საცალო მოვაჭრეს, რომელსაც გასულ წელს თითოეულ კატეგორიაზე 20 შესყიდვა ჰქონდა, ამჯერად 10 ექნება.

თუმცა, მათ პარალელურად, ზოგი ბიზნესმენი შესყიდვების გუნდს საკუთარ პროდუქტს სთავაზობს. ამ ფაქტს კი, საბოლოოდ ინტერესთა კონფლიქტამდე მივყავართ.

მეწარმეთა წარმატება მომზადებაზეა დამოკიდებული. დღეებმა, როდესაც პოტენციურ პარტნიორებს „უბრალოდ შეხვედრაზე“ ეპატიჟებოდით, ჩაიარა. ახლა მთავარია თანმიმდევრულობა და მიზანსწრაფულობა. დეტალურად უნდა ახსნათ, როგორ აპირებთ შესყიდვების გუნდთან და მათ კომპანიასთან თანამშრომლობას, რა ღირებულებები გაქვთ; მოუყვეთ, თუ რატომ ხართ ამ ინდუსტრიაში პერსპექტიული. საკმარისია კარგად მომზადება, და შესყიდვათა სამსახურიც მიხვდება, რომ თქვენთან გატარებული დრო დაკარგული სულაც არ არის. – რიკ რომელი, დამფუძნებელი, პარტნიორი, RetailXelerator, Sprosty Network.

 

მცირე ბიზნესი

ტალანტების ომი იწყება

2018 წელს ყველა ბიზნესში ჩართულს ოპტიმისტურად ვუყურებთ. გასულ წელს შეერთებულ შტატებში ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულთა 52 პროცენტი ამერიკის ეკონომიკის ზრდას წინასწარმეტყველებდა. დაახლოებით 21 პროცენტით მეტს, ვიდრე 2016 წელს. გაიზარდა ასევე ინვესტიციების რაოდენობა. დაგროვებული კაპიტალის 60 პროცენტი გასულ 6 თვეზე მოდის. ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში საუკეთესო მონაცემებია, – აცხადებს დამოუკიდებელი ბიზნესის ნაციონალური აკადემია.

ფაქტია, თქვენი ტალანტის გამოსავლენად, ახლა საუკეთესო პერიოდი დგას, თუმცა შრომის ბაზარი შეზღუდულია. ასე რომ, მეწარმეებს, პროდუქტის ან სერვისის შეთავაზებისას, მაქსიმალურად დაფიქრება მოეთხოვებათ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რას სთავაზობენ ისინი ახალ თანამშრომლებს. მათ ხომ აინტერესებთ, როგორ დაეხმარება კომპანია მომავლის დაგეგმვაში? კეთილდღეობის უზრუნველყოფაში? ამ შეკითხვებზე პასუხი მხოლოდ დიდმა კომპანიებმა არ უნდა გასცენ. მათზე თქვენც უნდა იფიქროთ. – შარონ მილერი, მცირე ბიზნესის განყოფილების უფროსი, Bank of America.

 

 

 

 

 

 

 

 

 

More from Entrepreneur

Elizabeth's expertise can help you scale your business, build a personal brand and focus on being a value-driven CEO.
Book Your Session

For a limited time only, get this bundle of Entrepreneur Press® titles for less than $30 (60% OFF) on our bookstore when you use "LEAP" at checkout.
Buy Now

Are paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.
Get Your Quote Now

Latest on Entrepreneur

My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.