📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

მომავლის ადამიანი ჩვენ მარსზე ინდუსტრიის მთლიანი ბაზა უნდა ავაშენოთ – ყველაფერი, რაც ცივილიზაციის არსებობას შეუწყობს ხელს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

გთავაზობთ Entrepreneur-ის ერთ-ერთი ავტორის, ნინა ზიპკინის მიერ მომზადებულ მასალას – SXSW ფესტივალზე გამართული დიალოგ-ინტერვიუს ნაწილს.

ელონ, როგორ ახერხებთ ისეთი ბიზნესის წარმატებით მართვას, რომლის პროდუქცია ხშირად ასაფრენ ფლატფორმებზე ფეთქდება?

ვერ გეტყვით. მე ბიზნესგეგმაც კი არასოდეს მაქვს.

კოსმოსზე ორიენტირებული ბიზნესმენი ხართ. რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

მაშინ, როცა არსებობს საშუალებები, რომ ტვირთმა და ადამიანებმა იმოძრაონ მარსსა და დედამიწას, ასევე მთვარესა და დედამიწას შორის, მზის სისტემის სხვა ადგილებში, ვფიქრობ, ეს სწორედ ის სფეროა, სადაც სამეწარმეო რესურსების ყველაზე დიდი ნაწილი უნდა იყოს მიმართული. კაცობრიობა ამას საჭიროებს, რადგან ჩვენ იქ ინდუსტრიის მთლიანი ბაზა უნდა ავაშენოთ – ყველაფერი, რაც ცივილიზაციის არსებობას შეუწყობს ხელს.

რისი გეშინიათ?

მე მართლაც ძალიან ახლო ზღვარზე ვარ ხელოვნურ ინტელექტთან და ეს უზომოდ მაშინებს, რადგან მას ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ადამიანთა დიდ ნაწილს შეუძლია წარმოიდგინოს. მისი განვითარების მაჩვენებელი კი, ექსპონენციულია. ჩვენ აუცილებლად უნდა მივაკვლიოთ გზას, რომელიც ციფრული სუპერინტელექტის კაცობრიობასთან ჰარმონიზებას მოგვცემს. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი უდიდესი და მწვავე კრიზისია, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები – ხელოვნური ინტელექტი ატომურ იარაღზე საშიშია.

როგორ შეიძლება განვითარდეს ადამიანური ცივილიზაცია მომავალში?

რა თქმა უნდა, იმას არ ვწინასწარმეტყველებ, რომ ბნელ ხანაში გადავდივართ. უბრალოდ, არსებობს ალბათობა, რომ ასე მოხდეს. მაგალითად, თუ დაიწყო მესამე მსოფლიო ომი. ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ სადღაც კიდევ არსებობს ადამიანური ცივილიზაციის საწყისები, რომელიც ამ ცივილიზაციას დაგვიბრუნებს.

თქვენს წარმოდგენაში, როგორია ქალაქი მარსზე?

მე ვფიქრობ, ეს იქნება სახელმწიფოს გარკვეული ფორმა – პირდაპირი დემოკრატიის სახის, როცა ხმას აძლევ გარკვეულ საკითხებს პირდაპირ, წარმომადგენლობითი მთავრობის გვერდის ავლით. არის საკითხები, რომელზეც რეკომენდაციები მექნება. მაგალითად, კანონები იყოს მოკლე. გრძელი კანონები თითქოს საეჭვოდ გამოიყურება.

მიზნები, რომელთა შესრულება ერთი შეხედვით შეუძლებელია. რას ნიშნავს ისინი ადამიანისთვის?

ამ სამყაროში ბევრი ნეგატიური მოვლენაა, ბევრი პრობლემაა, რომელიც გადაჭრას საჭიროებს. არსებობს მოვლენები, რომლებიც უმწეობას გვაგრძნობინებს და სასოწარკვეთილებამდე მივყავართ. მაგრამ ცხოვრება არ არის მხოლოდ ამგვარი პრობლემების გადაჭრა. შეუძლებელია მხოლოდ ამაზე ზრუნავდეს ადამიანი. ყველას სჭირდება ინსპირაცია – ის, რაც დილით გაღვიძებას სასიამოვნოს გახდის და კაცობრიობის ნაწილად გაგრძნობინებს თავს.

ქართულ Entrepreneur-ს აქვს პატივი, პირველი ნომრის მთავარ გმირად წარმოგიდგინოთ თანამედროვე სამყაროს უდიდესი გამომგონებელი, მაგნატი, ფილანტროპი, ყველაზე წარმატებული ანტრეპრენერი და უბრალოდ, ადამიანი, რომელმაც დედამიწის საზღვრები გაარღვია – ელონ მასკი.

ელექტრომანქანების უდიდესი კომპანია TESLA-ს, კოსმოსური SpaceX–ის, მზის ენერგიის უმსხვილესი კომპანია Solar City-ს დამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის – ელონ მასკის ქონება 2018 წლის თებერვლის მონაცემებით, 20.8 მილიარდ დოლარს უტოლდება. მასკი Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა სიაში 53-ე ადგილს იკავებს.

რთულია ატარებდე მსოფლიო სუპერგმირის სტატუსს და ამავდროულად, თავს მარტოსულად გრძნობდე, გაიარო საკმაოდ მძიმე ბავშვობა და კაცობრიობის საუკეთესო მომავალზე პასუხისმგებლობა აიღო.

ბავშვობა – სიმძიმე, ჩაგვრა, პირველი გამოგონება

მასკი 1971 წლის 28 ივნისს, სამხრეთ აფრიკაში დაიბადა. ცნობილი მილიარდერის დედა, კანადელი დიეტოლოგი და მოქმედი მოდელი – მაი მასკია, ხოლო მამა, ეროლ მასკი – სამხრეთაფრიკელი ელექტრომექანიკოსი, ინჟინერი, პილოტი და მეზღვაურია. ელონს უმცროსი ძმა – ქიმბალი, ასევე და – ტოსკა ჰყავს. როცა მშობლები დაშორდნენ, პატარა ელონი სულ რაღაც 9 წლის იყო და ძირითად დროს მამასთან ატარებდა. სხვათა შორის, საკუთარი სურვილით (თუმცა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება იყო), უკვე ზრდასრულმა მასკმა მამასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა.

ელონს ბავშვობიდან ძალიან უყვარდა კითხვა.

სულ რაღაც 10 წლის იყო, როცა კომპიუტერული სისტემებით დაინტერესდა, თავად შეისწავლა პროგრამირება და 12 წლის ასაკში, 1984 წელს შექმნა კომპიუტერული თამაში, სახელად „ბლასთარი", რომლის კოდიც 500 დოლარად გაყიდა.

პატარა ელონს ერთი უცნაურობა ახასიათებდა. მშობლებმა შენიშნეს, რომ საუბრის დროს ბავშვი ხშირად იყურებოდა სადღაც შორს, სივრცეში, თითქოს გარესამყაროს ეთიშებოდა. ამიტომ გაუჩნდათ ეჭვი, რომ ბავშვს სმენის პრობლემა ჰქონდა. ექიმებმა მასკს ადენოიდები ამოაჭრეს, მაგრამ ვითარება კვლავ უცვლელი დარჩა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ ფანტაზიორობდა. ელონის დედამ, მაიმ, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: „ასე იცის, ჩაიძირება ფიქრებში და შემდეგ ნათლად ხედავ, რომ ის სულ სხვა სამყაროშია გადასული. ახლა უკვე ვაცდი, რომ დარჩეს მარტო თავის ფიქრებთან, რადგან ვიცი – ასეთ დროს ახალი რაკეტის დიზაინზე ან რაიმე მსგავსზე ფიქრობს".

ცნობილი მილიარდერი სკოლის პერიოდში ხშირად იყო თანატოლების მხრიდან უკიდურესი ჩაგვრისა და ძალადობის მსხვერპლი. ერთხელ საავადმყოფოშიც კი მოხვდა მას შემდეგ, რაც სკოლელმა ბიჭებმა კიბიდან დააგორეს, შემდეგ კი გონების დაკარგვამდე უმოწყალოდ სცემეს. ბავშვობაში გამუდმებულ ფიზიკურ ძალადობას უკვალოდ არ ჩაუვლია – 41 წლის ასაკში მასკს გულის სარქველების გადაადგილების გამო ოპერაციის გაკეთება მოუწია. „ბავშვობაში ძალიან მცემეს და ჩემი გულის სარქველები ერთმანეთს დაშორდა. რაც ასაკი მემატება, სულ უფრო მიჭირს სუნთქვა. დროა, ამ საკითხს საფუძვლიანად მივხედო", – დაწერა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ელონმა 2013 წლის 25 მარტს, ოპერაციის წინ.

ამგვარად, პატარა ელონს ბავშვობიდან საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდა ადამიანებთან ურთიერთობაში, და ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს გარემოება იქცა მის უმთავრეს მოტივაციად, გამხდარიყო თანამედროვე გმირი, რომელიც კაცობრიობას ძალადობრივი გარემოსა და ნეგატივისგან სრულიად განსხვავებულ, ძალიან სასარგებლო მომავალს შეუქმნიდა.

ოჯახი – ელონის ერთ-ერთი მთავარი ცხოვრებისეული კომფორტი

ელონ მასკის ოჯახზე საუბარი აუცილებლად მისი დედის – უმშვენიერესი მაის შესახებ თხრობით უნდა დავიწყოთ, რომელმაც სამყაროს უდიდესი მეწარმეები გაზარდა.

უმშვენიერესი, თავდაჯერებული ქალი მოკლედ შეჭრილი, თეთრი თმით, საუცხოო კანით და მბრწყინავი ლურჯი თვალებით, ამჟამად 69 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ მაიმ სამი შვილი – მსოფლიოს უდიდესი ინვენტორი ელონი, ანტრეპრენერი ტექნიკისა და საკვები პროდუქციის დარგში ქიმბალი და ცნობილი კინორეჟისორი ტოსკა გაზარდა. არასოდეს შემოფარგლულა მხოლოდ დედობით, წლების განმავლობაში იგი საკუთარ ბიზნესს – დიეტოლოგია-ნუტრიციოლოგიას წარმატებით უძღვებოდა და დღემდე მოქმედი მოდელია, ჯამში 54 წლის სტაჟით. იმ ეპოქაში, როცა მშობლებისა და შვილების ერთმანეთზე მიჯაჭულობა განსაკუთრებით აქტუალური იყო, მაი მუდმივად ახერხებდა ჰქონოდა ენთუზიაზმი, შეენარჩუნებინა პიროვნული დამოუკიდებლობა შვილებისთვის და რასაკვირველია, საკუთარი თავისთვის. დღეს, როცა მსოფლიო სამოდელო ბაზარზე ასაკიანი მოდელები განსაკუთრებით პოპულარულები არიან, მაის პროფესიული წარმატება მხოლოდ მზარდი ტენდენციით გამოირჩევა და თუ ერთხელ მაინც შეხედავთ მის მომხიბლავ გარეგნობას, მარტივად ამოიცნობთ სხვადასხვა სარეკლამო რგოლიდან და ვიდეოებიდან.

ელონის უმცროსი ძმა – ქიმბალი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასევე ცნობილი მეწარმე და რესტორატორია, რომელიც რესტორნების ქსელს კოლორადოს, ჩიკაგოს, მემფისისა და ინდიანაპოლისის მასშტაბით ფლობს. ქიმბალი ამჟამად SpaceX-ისა და Tesla-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, და Tesla-ს ერთ-ერთი აქციონერიცაა.

რაც შეეხება ტოსკა მასკს, ელონის უმცროს, სიმპათიურ, ქერათმიან დას, ის საკმაოდ ცნობილი კინორეჟისორია და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ორიენტირებულია ისეთი ფილმებისა და კინოროლების შექმნაზე, რომლებიც ქალების მებრძოლ, ძლიერ ხასიათს განსაკუთრებით გამოკვეთს და ქალებისთვის ინსპირაციად იქცევა. „ჩემს ფილმებში წყვილები კარგად აანალიზებენ, რომ კომპრომისი და სწორი კომუნიკაცია ქმნის ჯანსაღ ურთიერთობებს. ჩემი პერსონაჟები ზუსტად პოულობენ სიტყვებს, რომელიც მათი ურთიერთობის გაძლიერებას შეწყობს ხელს", – ამბობს ტოსკა.

ალბათ გასაკვირი არავისთვის იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ ტოსკას პირველი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი მისი უფროსი ძმა – ელონი იყო.

მასკების ოჯახი საკმაოდ მეგობრული და შეკრულია, და დღესასწაულებზე, როგორც წესი, რესტორატორი ქიმბალი დიდი სიამოვნებით იღებს ხოლმე ოჯახის ოცდაათივე წევრის ერთად თავმოყრის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.

პირადი ცხოვრება – მერყევი და რომანტიკოსი მასკი

ელონი პირველ ცოლს – კანადელ მწერალ ჯასტინ უილსონს ონტარიოში, Queen's University-ში სწავლის დროს შეხვდა. როგორც ჯასტინი იხსენებს, ელონი პირველ პაემანზე ხელში ორი ცალი შოკოლადის ნაყინით შეხვდა, ხშირად ჩუქნიდა ვარდებს და ყოველთვის სიამოვნებით უთმობდა საკუთარ საკრედიტო ბარათს, რათა ჯასტინს იმდენი წიგნი ეყიდა, რამდენსაც მოისურვებდა. წყვილი 2000 წელს დაქორწინდა.

მასკის პირველი შვილი – ნევადა ალექსანდერ მასკი, სამწუხაროდ მოულოდნელად, 10 კვირის ასაკში გარდაიცვალა. მოგვიანებით, წყვილს ხუთი შვილი ეყოლა ინ-ვიტრო განაყოფიერების გზით. შემდეგ, 2004 წელს ტყუპები, რომელთაც 2006 წელს სამი ტყუპისცალი მოჰყვა.

ცნობილ ანტრეპრენერს ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს შვილებთან ურთიერთობა. ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარი შვილი „ცხოვრების მთავარ სიყვარულად" მოიხსენია.

ელონისა და ჯასტინის ოჯახი 2008 წელს დაინგრა. გაყრის შემდეგ, ისინი თანაბრად მეურვეობენ ხუთივე შვილს.

უკვე 2008 წლიდან მაგნატმა ინგლისელ მსახიობ თალულა რაილისთან დაიწყო შეხვედრები. 2010 წელს წყვილი დაქორწინდა, თუმცა 2012 წელს მასკმა განაცხადა, რომ თალულასთან 4-წლიან ურთიერთობას ასრულებდა და საკმაოდ სენტიმენტალური სტატუსიც მიუძღვნა Twitter-ზე. რაც უნდა გასაკვირი იყოს, პრინციპული და მიზანსწრაფული მეწარმე, ცოტა დაბნეული, მერყევი, თუმცა რომანტიკოსი პარტნიორია. ამას ისიც ადასტურებს, რომ 2013 წელს მეორედ დაქორწინდა რაილიზე, 2014 წლის დეკემბერში კი ურთიერთობა კვლავ გაყრაზე განცხადებით დაასრულა. წყვილის დაშორების სასამართლო პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა და მათი ურთიერთობა ოფიციალურად 2016 წლის ბოლოს დასრულდა.

ძალზე გახმაურებული იყო მასკის რომანი ჰოლივუდელ ლამაზმან ემბერ ჰარდტთან 2016 წელს, თუმცა წყვილი ერთი წლის შემდეგ ერთმანეთისგან რადიკალურად აცდენილი ცხოვრების გრაფიკის გამო დაშორდა. „მე ის მართლა მიყვარდა, ამიტომ უზომოდ მტკივნეული დაშორება იყო", – გაენდო მასკი ჟურნალ „როლინგ სთოუნს".

მასკი ქალების გულმხურვალე და სტაბილური პარტნიორია, რომელიც ამბობს, რომ სრულყოფილი ბედნიერებისთვის აუცილებლად სჭირდება გვერდით ადამიანი, რომელიც ეყვარება. „თუ შეყვარებული არ ვარ, არ მყავს გრძელვადიანი, სტაბილური პარტნიორი, თავს ბედნიერად ვერ ვგრძნობ", – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში. „ვერასოდეს ვიქნები ბედნიერი საყვარელი ადამიანის გარეშე. დასაძინებლად მარტო წასვლა მკლავს. მე კარგად ვიცი ეს შეგრძნება – ვიყო მარტო დიდ სახლში, ჰოლში მხოლოდ ჩემი ნაბიჯების ექო ისმოდეს და არავის ედოს თავი ბალიშზე ჩემ გვერდით... ეს საშინელებაა..."

ახალგაზრდობა

17 წლის ელონმა ონტარიოში, Queen's University-ში დაიწყო სწავლა, საიდანაც პირდაპირ პენსილვანიის უნივერსიტეტში აღმოჩნდა და ფიზიკის მეცნიერებაში ბაკალავრის ხარისხი აიღო. შემდეგ იყო უორთონის ბიზნესსკოლაში სწავლის პერიოდი, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებაში ბაკალავრის ხარისხის აღებით დაგვირგვინდა.

პენსილვანიაში სწავლის პერიოდში, ელონმა თავის ჯგუფელ ბიჭთან ერთად ათოთახიანი სახლი იქირავა, რომელსაც არაოფიციალურად ღამის კლუბად იყენებდა. წვეულებების დროს არასოდეს სვამდა ალკოჰოლს, რათა ფხიზლად გაეკონტროლებინა სიტუაცია. ასეთ დროს მასკი დღეში 8 ქილა დიეტურ Coca-Cola და რამდენიმე ჭიქა ყავას მიირთმევდა. შინ გამართულ წვეულებებზე თითო სტუმრისგან იგი 5 დოლარს იღებდა და მოგროვებულ თანხას ბინის ქირად და უნივერსიტეტისკენ გზის ფულად მოიხმარდა. „ვიღაც აუცილებლად უნდა დარჩენილიყო ფხიზლად ამ წვეულებების დროს", – იხსენებს მასკი, – „მე ხომ მხოლოდ ერთი ღამის წვეულებით კოლეჯის გზის თანხას და ბინის მთელი თვის ქირას გამოვიმუშავებდი. ადეო – ჩემი ჯგუფელი, ბინის მოვლასა და მოწყობაზე იყო პასუხისმგებელი, მე კი წვეულებებს ვაკონტროლებდი. ასე გავინაწილეთ საქმე".

1995 წელს 24 წლის მასკმა გამოცდები სტენფორდში ჩააბარა, თუმცა უნივერსიტეტი იმპულსურმა მომავალმა მაგნატმა ზუსტად 2 დღეში მიატოვა, რადგან გადაწყვიტა თავი მიეძღვნა იმ საქმიანობისთვის, რომელიც განსაკუთრებით იტაცებდა – ინტერნეტ და განახლებადი ენერგიის ბიზნესისათვის.

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

პირველი ნაბიჯები ბიზნესში

ელონ მასკისა და მისი ძმის – ქიმბალის პირველი ბიზნესი ZIP2 ვებპროგრამულ უზრუნველყოფას მოიცავდა. ფინანსური სახსრები ელონმა კერძო ინვესტორისგან მოიზიდა, რომელიც დათანხმდა დაეფინანსებინა ახალგაზრდა და ნიჭიერი ყმაწვილების სტარტაპი. ეს ყველაფერი 1995 წელს დაიწყო. ძალიან მალე მასკმა კონტრაქტები ისეთ მედიაგიგანტებთან გააფორმა, როგორებიც არიან The New York Times, Chicago Tribune და დაარწმუნა დირექტორთა საბჭო Сity search-თან გაერთიანების სისწორეში. საბოლოოდ, კომპანია გაიყიდა, საიდანაც ელონმა ამონაგების 7% – 22 მლნ დოლარი მიიღო.

ZIP2–ს სულ მალე მოჰყვა ონლაინ ფინანსური სერვისების პროვაიდერი X.COM, რომელიც მალე გაერთიანდა ყველასთვის კარგად ნაცნობ ფულადი გადარიცხვების კოპანია PayPal-თან და საბოლოოდ კომპანიის სახელიც PayPal გახდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ელონს ურთიერთობა დაეძაბა კომპანიის საბჭოს სხვა წევრებთან, რამაც აღმასრულებელი დირექტორის სტატუსი დააკარგვინა, თუმცა საბჭოს წევრობას კვლავ ინარჩუნებდა. უკმაყოფილების მიზეზი მასკის ინიციატივა გახდა – PayPal-ის ინფრასტრუქტურა Unix-ის სისტემიდან Microsoft windows-ზე გადაეყვანათ. საბოლოოდ, კომპანია 1,5 მილიარდ დოლარად Ebay-მ იყიდა, საიდანაც ელონს, როგორც ერთ–ერთ უმსხვილეს მეწილეს, 165 მილიონი დოლარი ერგო.

სხვათა შორის, სულ ახლახან, 2017 წელს მასკმა დომენი x.com PayPal-ისგან დაუზუსტებელ თანხად შეიძინა იმ მიზეზით, რომ „მას განსკუთრებული სენტიმენტალური ღირებულება" აქვს მისთვის.

SpaceX – დედამიწის საზღვრების გარღვევა

SpaceX, იგივე Space Exploration Technologies Corp ელონ მასკმა 2002 წელს დააარსა, რომლის ამბიციური მიზნები კოსმოსური ტრანსპორტირების ხარჯების შემცირება და არც მეტი არც ნაკლები – მარსის კოლონიზაციაა.

SpaceX ავითარებს და აწარმოებს კოსმოსურ ხომალდებს და განსაკუთრებით ფოკუსირებულია სარაკეტო ტექნოლოგიების მაქსიმალურ გაუმჯობესებაზე.

ასე შეიქმნა კომპანიის პირველი ორი ხომალდის გამშვები – Falcon 1 და Falcon 9, და პირველი კოსმოსური ხომალდი, სახელად Dragon. 2008 წლის სექტემბერში Falcon 1 პირველი კერძოდ დაფინანსებული თხევადსაწვავიანი მოწყობილობა იყო, რომელმაც სატელიტი დედამიწის ორბიტაზე დასვა, ხოლო 2012 წლისთვის SpaceX-ის Dragon-ი კომერციული კომპანიის მიერ შექმნილ პირველ ხომალდად აღიარეს, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოხვდა.

2008 წელს SpaceX-თან 1.6 მილიარდიანი კონტრაქტი თავად NASA-მ გააფორმა, რომლის მიხედვით, Falcon 1-ს და Dragon-ს შეერთებული შტატების კოსმოსური შატლი უნდა ჩაენაცვლებინა და 12 გაფრენა განეხორციელებინა კოსმოსურ სადგურზე.

სულ ახლახან, 2018 წლის 6 თებერვალს, SpaceX-მა საკმაოდ ეპატაჟური პერფორმანსი შესთავაზა მსოფლიოს და კოსმოსში წარმატებით გაუშვა ჩვენი დროის ყველაზე მძლავრი რაკეტა – Falcon Heavy, რომელმაც თვით ელონის პირადი Tesla Roadster გაიყოლა. მანქანა სათვალთვალო კამერებითაა აღჭურვილი და მის საჭესთან ჩაფხუტიანი მანეკენია მოკალათებული. „შატლის მთავარი ტვირთი ჩემი შუაღამის ალუბლისფერი Tesla Roadster-ია, რომელშიც დევიდ ბოუის Space Oddity გაიჟღერებს. დანიშნულების ადგილი – მარსის ორბიტაა. იგი მილიარდობით წელს გაატარებს მარსზე, თუ რა თქმა უნდა, აფრენისთანავე არ აფეთქდა", – ასეთ სტატუსს „ტვიტავს" მასკი შატლის აფრენის წინ.

მასკის გეგმები კოსმოსთან მიმართებაში წარმოუდგენლად ამბიციური და თამამია. 2011 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში ელონმა აღნიშნა, რომ 10-20 წელიწადში მარსზე ადამიანებს გაგზავნის, ხოლო 2040 წლისთვის მარსზე 80 000-იანი მოსახლეობით კოლონიას ჩამოაყალიბებს. მისივე აზრით, ვინაიდან მარსზე ატმოსფეროში ჟანგბადის ნაკლებობაა, ყველანაირი ტრანსპორტი ელექტრონული იქნება. „მიუხედავად იმისა, რომ მარსზე ცივა, მისი ღერძის დათბობა კაცობრიობას მისცემს საშუალებას, პლანეტა დაიპყროს. დღეს ჩვენ ორი ფუნდამენტური არჩევანი გვაქვს: დავრჩეთ სამუდამოდ დედამიწაზე, რაც საბოლოოდ ადამიანების გადაშენებას გამოიწვევს, ან ავირჩიოთ მეორე გზა – გადავიქცეთ სივრცეში გადაადგილებად ცივილიზაციად, მულტიპლანეტარულ არსებებად. ალბათ დამეთანხმებით, რომ მეორე გზა სწორი არჩევანია", – ამბობს ადამიანი, რომელმაც კაცობრიობას ყველაზე თამამი მომავალი შესთავაზა.

„მინდა მარსზე მოვკვდე, ოღონდ არა მასთან შეჯახებით", – მასკის ცნობილი სიტყვები მსოფლიომ მაშინვე აიტაცა და ვინ იცის, იქნებ ელონმა ეს საკრალური სურვილიც იმ უამრავი მიზნებივით ზედმიწევნით აიხდინოს, რომლებიც აქამდე დაუსახავს და წარმატებით განუხორციელებია.

Tesla

ახლა კი ვისაუბროთ მასკის იმ ბიზნესზე, რომელსაც ვერცერთი ავტომოყვარული და ბუნებისდამცველი გულგრილად გვერდს ვერ აუქცევს – მსოფლიო საავტომობილო სივრცეში ყველაზე მსხვილ ელექტრომანქანების ბრენდ Tesla-ზე. რეალობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ კომპანია მასკის დაარსებული სულაც არ გახლავთ და იგი 2003 წელს მარტინ ებერჰარდმა და მარკ თარპენინგმა დააარსეს, რომელთაც კომპანიას სახელი ძალიან ცნობილი ელექტროინჟინერისა და ფიზიკოსის – ნიკოლა ტესლას პატივსაცემად უწოდეს. ელონი კომპანიას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით 2004 წელს შეუერთდა, მაშინვე აქტიურად ჩაერთო საქმეში და Roadster-ის დიზაინის გადახედვასა და ჩამოყალიბებაში დეტალურად მიიღო მონაწილეობა. მასკის ხელი კომპანიას ძალიან მალევე დაეტყო. 2008 წლის კრიზისის დროს, ელონი კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი გახდა, კომპანიაში უმსხვილესი ინვესტიცია განახორციელა და გამოუშვა თავისი საყვარელი Tesla Roadster-ი, რომელიც 31 ქვეყანაში გაიყიდა. მას მოჰყვა 4-კარიანი სედანის, Model S-ის გამოშვება, რომელიც Tesla-ს ყველაზე კარგი გაყიდვების მაჩვენებელი მოდელი იყო 2015-2016 წლებში და რომლის გაყიდვებმა მხოლოდ 2017 წლის მეოთხე კვარტალში 200 000-ს მიაღწია. შემდეგ იყო Model X მინივენი და Crossover SUV. უნიკალური Tesla Model 3 კომპანიამ 2017 წელს შექმნა და მასობრივ გაყიდვაში გაუშვა.

2018 წლის თებერვლის მონაცემებით, კომპანიას უკვე გაყიდული აქვს 300 000 მანქანა. მასკის პირადი ინიციატივით, კომპანიამ შექმნა ელექტრომანქანებისთვის აუცილებელი მთავარი კომპონენტების წარმოების ხაზი, რაც სხვა ავტომწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს, დაზოგონ ფინანსური რესურსები ამ ნაწილების საკუთარი სახსრებით წარმოებაში და ბევრად ეკონომიურად განახორციელონ საქმიანობა. რამდენიმე ძალიან ცნობილმა მედიასაშუალებამ ამ ღონისძიებისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ელონ მასკი ჰენრი ფორდსაც კი შეადარა.

აღსანიშნავია, რომ ელონმა ყველანაირი ზომები მიიღო იმისათვის, რათა ელექტრომანქანების მოხმარების სპექტრის შეზღუდვები მაქსიმალურად გაეფართოვებინა და ამისათვის Tesla-ს დამმუხტავი სადგურების ქსელი მაქსიმალურად გააფართოვა.

SolarCity

მზის ენერგიის სერვისებზე ორიენტირებული SolarCity, გონიერი მილიარდერის მიერ მიწოდებული საწყისი კონცეფციისა და ფინანსური რესურსების წყალობით, ელონის ბიძაშვილებმა ჩამოაყალიბეს, რომელიც 2016 წელს Tesla-მ შეიძინა და ახლა იგი მთლიანად მის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. Tesla-ს და SolarCity-ს დაფინანსების მთავარ მოტივაციად ელონმა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა. ორივე კომპანია გაერთიანებული ძალებით შეუდგა მუშაობას იმისათვის, რომ ელექტრომანქანების ბატარეები სახურავზე არსებული მზის ენერგიის კიდევ უფრო ეფექტურად გამოსაყენებლად მიემართათ ენერგოქსელში. პროგრამა საექსპლუატაციოდ 2013 წლიდან გადაეცა.

2016 წელს კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამო მმართველებს შრომითი რესურსების შეკვეცა მოუწიათ – 2015 წლის მონაცემებით, 15 273 ადამიანიდან, თანამშრომელთა რიცხვი 12 243-მდე დაეცა. ამ გზით კომპანიამ ნაღდი ფულის შენარჩუნება მოახერხა. 2016 წელი ერთადერთი შემთხვევა იყო SolarCity-ს ისტორიაში, როცა კომპანიამ თანამშრომლები დაითხოვა.

იცნობდეთ ელონ მასკს

ალბათ თქვენთვის საინტერესო იქნება მილიარდერის პოლიტიკური შეხედულებებიც – ის ხომ ამერიკის მომავლის შექმნაში პირდაპირ მონაწილეობას იღებს.

მასკი საკუთარ თავს „ნახევრად დემოკრატს და ნახევრად რესპუბლიკელს უწოდებს". „სადღაც შუაში ვარ, სოციალურად ლიბერალი და ფისკალურად კონსერვატორი", – აღნიშნა მან ერთხელ. ელონი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო მრჩეველთა კომიტეტის წევრი იყო, რომელიც მას შემდეგ დატოვა, რაც ტრამპმა აშშ პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან გამოიყვანა.

საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მასკი ღიად აკრიტიკებდა პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპს: „კარგად ვგრძნობ, რომ ის არ არის ამ თანამდებობისთვის შესაფერისი ადამიანი. მას არ გააჩნია თვისებები, რომლებიც ამერიკაზე დადებითად აისახება". თუმცა, მოგვიანებით მაინც დათანხმდა ტრამპის მრჩეველთა კომიტეტის წევრობას, არგუმენტით – „რაც უფრო მეტი ადამიანის ხმას მოისმენს პრეზიდენტი, მით უკეთესი".

ელონი თავს ჭეშმარიტ პროამერიკელად მიიჩნევს. „ამერიკა, უდავოდ ყველაზე დიდი სახელმწიფოა, რასაც კი ოდესმე დედამიწაზე უარსებია. ის ყველაზე დიდი ძალაა და ჩემი აზრით, მსოფლიოში ვერ დამყარდებოდა დემოკრატია, რომ არ ყოფილიყო ამერიკა. თუმცა, რასაკვირველია, ის არ არის იდეალური ქვეყანა. ამერიკას ბევრი შეცდომებიც დაუშვია".

მაგნატს და ფილანტროპს, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრებისეული მიღწევები უსაზღვროდ დიდი შრომითა და ნიჭით აქვს მოპოვებული, არ სწამს, რომ ადამიანის ბედში და სამყაროს ბრუნვაში ზებუნებრივი ძალებია ჩართული. „როცა ამ თემაზე ვფიქრობ, ბევრი უპასუხო შეკითხვა მიგროვდება. ჩემი აზრით, ფიზიკის ფუნდამენტური პრინციპები სრულად ხსნის სამყაროს არსს".

ალბათ ბევრმა არ იცით, რომ მასკი ეკრანული Tony Stark-ის რეალური სახეა. სწორედ ჩვენი სტატიის გმირია რობერტ დაუნი უმცროსის ყველაზე გახმაურებული პერსონაჟის ინსპირაცია ფილმში „რკინის კაცი". ფილმებთან ელონის კავშირი ამით არ ამოიწურება – იგი ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ საკულტო ავტომანქანას ფლობს. 1977 წლის „ბონდიანაში" გადაღებულ მანქანაში, აუქციონზე, მან 866 000 დოლარი გადაიხადა.

როცა წარმატების მიზეზებზე ეკითხებიან, უპირველეს ყოვლისა, გაგიკვირდებათ და ადამიანის სისუფთავეს, პირად ჰიგიენას ასახელებს. „ჩემი დილა ადრე ადგომით, ახალი დღისთვის მადლიერების გამოხატვით, მედიტაციით... და აუცილებლად შხაპის მიღებით იწყება", – აღნიშნავს იგი. ელონი რისკიანი, ძალიან მშრომელი და უკიდურესად მომთხოვნი ადამიანია. „მასთან მუშაობას კომფორტულ გამოცდილებას ვერ ვუწოდებ", – აღნიშნავს დოლი საინი, SpaceX-ი ერთ-ერთი განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, – „არასოდესაა კმაყოფილი საკუთარი თავით და გარშემომყოფი ადამიანების მუშაობით. ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვს საკუთარი თავისგან – ისევე, როგორც მასთან მომუშავე ხალხისგან. ასე რომ, როცა მუშაობ ელონ მასკთან, უნდა შეეგუო იმ დისკომფორტს, რომელსაც ის ქმნის, მაგრამ სწორედ ასეთ სამუშაო გარემოში გაქვს საშუალება გაიზარდო ისე, როგორც არსად, არავისთან, რაც ოფლის ყოველი დაღვრილი წვეთის ფასად ნამდვილად ღირს".

ელონი ხშირად საუბრობს ხელოვნურ ინტელექტზე და ახლო მომავალში მისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე. მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანთა მოდგმის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მტერია და ეშინია, რომ მისმა გაძლიერებამ ადამიანთა მოდგმის გადაშენებამდე არ მიიყვანოს სამყარო.

მასკს – მომავლის ადამიანს, დაგეგმილი აქვს სამყარო კოსმოსური ინტერნეტით უზრუნველყოს. Space X-იბრძვის ნებართვის ასაღებად, რომ სატელიტურად მოამარაგოს მსოფლიო ინტერნეტით.

ცოტა ხნის წინ, ელონმა – მსოფლიოს ერთ–ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, 70 მილიონი დოლარის ღირებულის სასახლეები იყიდა ლოს-ანჯელესის ყველაზე პრესტიჟულ, ვარსკვლავურ უბან Bel Air-ში და ამჟამად სამხრეთ კალიფორნიის სამეზობლოში 5 ასეთ სასახლეს ფლობს.

მასკს ეჯავრება, როცა 3 კონკრეტულ ადამიანს ამსგავსებენ. ესენია სტივ ჯობსი, ტონი სტარკი და მამამისი – ეროლ მასკი.

ის კვირაში ორჯერ ვარჯიშობს, 85-100 საათი მუშაობს, სძინავს 6 საათი და ყოველ დილით, 7 საათზე იღვიძებს.

ასეთია მასკის – მსოფლიოში ყველაზე დიდი ინოვატორის, კაცობრიობის მომავალზე ორიენტირებული მაგნატისა და მარტოსული ბიზნესმენის ცხოვრება.

სულ ახლახან, მარტის შუა რიცხვებში, ელონი ტექსასში SXSW ფესტივალს დაესწრო თავის ძმასთან, ქიმბელთან ერთად, სადაც საკმაოდ საინტერესო დიალოგი შედგა ფესტივალის წამყვან ჯონათან ნოლანსა და მასკს შორის. ინტერვიუს ბოლოს კი, ელონმა და ქიმბელმა, რომლებიც ტექსასელი კოვბოის ქუდებსა და ჩექმებში იყვნენ გამოწყობილნი, სიამოვნებით შეასრულეს ცნობილი ქანთრი – My little Buttercup, რითაც დამსწრე საზოგადოება ძალიან გაახალისეს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული