📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ქართველი და-ძმის ბიზნესტანდემი "საუკეთესო გზა, იწინასწარმეტყველო მომავალი, არის ის, რომ თავად შექმნა იგი", – პიტერ დრუკერი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

საერთო სამუშაო სივრცე – რომელმაც მსოფლიოში ახალი სამუშაო კულტურა დაამკვიდრა

მას შემდეგ, რაც ამერიკაში საერთო სამუშაო სივრცის იდეა პირველად გაჩნდა, სამუშაო გარემო ბევრისთვის რადიკალურად შეიცვალა. თუ მანამდე ადამიანები (რომელთაც არ უწევთ დამქირავებელი ორგანიზაციის ოფისში ყოფნა ან არიან თვითდასაქმებულები, სტუდენტები და ა.შ.) სახლის გარემოსგან თავის დასაღწევად კაფეში მიდიოდნენ სამუშაოდ, დღეს ეგრეთ წოდებული „საერთო სამუშაო სივრცე" მათთვის მეორე სახლიც კი გახდა.

საერთო სამუშაო სივრცე, სახელწოდებიდანაც ნათელია, რომ არ არის ინდივიდუალური ოფისი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ ხარჯიანია. აქ ნებისმიერ მსურველს, ვინც იხდის სერვისის საფასურს, შეუძლია ისარგებლოს ერთიანი სივრცით. როგორც წესი, სივრცე მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს როგორც სამუშაოდ, ასევე განტვირთვისთვის.

თუმცა, საერთო სამუშაო სივრცე იმაზე ბევრად მეტი ღირებულების მატარებელია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით წარმოგიდგენიათ. საერთო სამუშაო სივრცე არც მხოლოდ კეთილმოწყობილი ფიზიკური გარემოა და არც უბრალოდ ინდივიდუალური ოფისის იაფი ალტერნატივა. იქ, სადაც საერთო სამუშაო სივრცეა, გარკვეული თემია, კავშირებია, ახალი იდეებია. აქ სხვადასხვა თუ ერთი პროფესიის ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, რომლებიც დიდი ალბათობით სხვაგან ვერ შეხვდებოდნენ. ეს ადამიანები სწავლობენ ერთმანეთისგან, უზიარებენ იდეებს და ხშირად ახალ საქმესაც ერთობლივად იწყებენ.

ათწლეულზე მეტია, რაც საერთო სამუშაო სივრცეები საზღვარგარეთ არსებობს და წარმატებით მუშაობს. თუ ტრადიციულ მომხმარებელთა სეგმენტს გადავხედავთ, ძირითადად აქ ვხვდებით ახალ დაფუძნებულ ან/და მცირე ზომის კომპანიებს, სტუდენტებს, IT-სპეციალისტებს, ვებდეველოპერებს, გრაფიკულ და ინტერიერის დიზაინერებს, არქიტექტორებს, ფოტოგრაფებს, ჟურნალისტებს და სხვ.

ამ ტიპის სამუშაო გარემოს, ბოლო სამი წელია, საქართველოშიც ვხვდებით. ქვეყანაში საერთო სამუშაო სივრცეების დანერგვა, ალბათ, გარკვეულწილად, სტარტაპების რიცხვის მატებამაც განაპირობა. თბილისში პირველი საერთო სამუშაო სივრცის გახსნის მცდელობა CospoT-ის სახელს უკავშირდება. თუმცა, არაცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე ეს საერთო სამუშაო სივრცე ერთ წელიწადში დაიკეტა. შემდეგ, ბაზარზე ნელ-ნელა გაჩნდა როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ბრენდები: Vere Loft, Generator 9.8, Technopark, Tbilisi Impact Hub, Regus, UG Startup Factory და სხვა. მართალია, ეს ყველა სივრცე საერთო კონცეფციას ემსახურება, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები შეიმჩნევა. უფრო კონკრეტულად – მაშინ, როცა Generator 9.8-ა სოციალური კაფეს ფუნქციასაც ითავსებს, Vere Loft-ი და ახლა უკვე Terminal-ი მსოფლიო სტანდარტის მქონე, წმინდა ერთიანი სამუშაო სივრცის მაგალითია.

Vere Loft-მა და Terminal-მა იმითაც დაგვაინტერესა, რომ ერთი იშვიათი და წარმატებული ტანდემის მაგალითია. გვინახავს ძმები მარგველაშვილების, ძმები ფხაკაძეების საქმიანი ტანდემი, მაგრამ რთულია, გაიხსენო ქართველი და-ძმის მიერ ბიზნესის ერთობლივად წამოწყების შემთხვევა. Enterpreneur-მაც დიდხანს არ დააყოვნა და პირდაპირ Vere Loft-ისა და Terminal-ის დამფუძნებლებს – ეკა და დათო თუშიშვილებს ეწვია და მათ მიერ განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

Vere Loft – როგორ გაჩნდა იდეა?

ამ ახალგაზრდა და-ძმის ქართულ ბაზარზე საქმიანობა იდეალური მაგალითია იმისა, თუ რამდენად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნისთვის საზღვარგარეთ მიღებული განათლება თუ პროფესიული გამოცდილება. მათ წარმატებით იმუშავეს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, ინგლისი, შვეიცარია, ჩეხეთი. ერთ-ერთ მათგანს ისეთ მსხვილ კომპანიაშიც კი უმუშავია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი ფინანსური რესურსები აქვს.

დათო: „დიდ კომპანიაში მუშაობა ძალიან გამომადგა. მე ვნახე, თუ როგორ მუშაობს სტრუქტურა შიგნიდან. თუმცა იმასაც მივხვდი, რომ მე კი ვმუშაობდი 24 საათი, მაგრამ ფულს ისინი „აკეთებდნენ". მივხვდი – თუ მინდა, წარმატებას რეალურად მივაღწიო ცხოვრებაში, თვითონ უნდა შევქმნა რაღაც ახალი".

ხოლო ეკასთვის ინსპირაციის წყარო ჟურნალში Forbes Woman წაკითხული ორი მეწარმე ქალის ისტორია გახდა. ამ ისტორიებმა იგი დაარწმუნდა, რომ თუ სხვა აბსოლუტურად ჩვეულებრივმა ადამიანებმა, რომლებსაც ჰქონდათ სტიმული, მიზანი და შრომისმოყვარეობა, წარმატებული მეწარმე ქალის სახელის დამკვიდრება შეძლეს, ეს მისთვისაც შესაძლებელი იქნებოდა.

შთაგონებულმა და-ძმამ ქართულ ბიზნესგარემოში ერთობლივი საქმიანობა გადაწყვიტა და დააარსეს ჰოლდინგი სახელწოდებით, Tushiconcept, რომლის ერთ-ერთი პირველი პროექტია Vere Loft.

ალბათ დაგებადებათ შეკითხვა, რატომ დაბრუნდნენ საქართველოში, როცა მსგავსი ტიპის პროფესიონალებს ანტრეპრენერული გზის გავლა საზღვარგარეთაც თავისუფლად შეეძლოთ. საქმე იმაშია, რომ ზაფხულობით ახლობლების მოსანახულებლად ჩამოსული და-ძმა ხედავდა, რომ გარკვეული ტიპის ბაზრები ფაქტობრივად აუთვისებელი იყო. ყველაზე მეტად უკვირდათ ის, რომ თითოეულ უბანში მომსახურების ობიექტების შეზღუდული ასორტიმენტი ხვდებოდათ – იყო ეს ლომბარდი, ბანკი, რესტორანი თუ სხვა. მეტიც – ერთხელ თვითონვე დადგნენ პრობლემის წინაშე: როდესაც სამუშაო სივრცე დასჭირდათ, აღმოაჩინეს, რომ 6 თვეზე მცირე ხნით, ოფისის დაქირავება თბილისში ჭირდა. გარდა ამისა, ვერც ისეთი საერთო სამუშაო სივრცე იპოვეს, რომლის მსგავსსაც უცხოეთში სწავლისას თუ მუშაობისას სტუმრობდნენ ხოლმე. აქედან გამომდინარე იფიქრეს, რომ მათ გარდა სხვებსაც, მათ შორის ფიზიკურ პირებს თუ სტარტაპებს, ანალოგიური პრობლემა ექნებოდათ.

ამას ემატებოდა ისიც, რომ იმ შეზღუდული ფინანსური რესურსით, რომელიც მათ ჰქონდათ, აქ უფრო შეეძლოთ დიდი და კარგი პროექტი შეექმნათ, ვიდრე რუსეთში ან ლონდონში, სადაც ბაზარი უკვე ისედაც გაჯერებული იყო.

როცა მამა ჩვეულებრივი ინვესტორია

ვინაიდან და-ძმის დანაზოგი ბიზნესის წამოწყებისთვის საკმარისი არ იყო, მათ ინვესტიციის მიღების მიზნით მამას მიმართეს, მაგრამ არა როგორც ოჯახის წევრს, არამედ როგორც პოტენციურ ინვესტორს. როგორც Entrepreneur-თან საუბრისას გაირკვა, მამას 5 სხვადასხვა ბიზნესგეგმა წარუდგინეს. მათთვის მოულოდნელად, მიღებული ბიზნესწინადადებებიდან მამამ სწორედ საერთო სამუშაო სივრცის შექმნის იდეას დაუჭირა მხარი, მიუხედავად იმისა, რომ სხვებთან შედარებით, ფინანსურად არცთუ მომგებიანი ბიზნესი იყო. თუმცა, როგორც ეკა და დათო თუშიშვილები ხსნიან, პროექტის მთავარი კრიტერიუმი ინოვაცია და საქართველოს განვითარება იყო.

დათო: „რომ არა საოჯახო ინვესტიცია, ალბათ უფრო რისკიან და მასშტაბურ პროექტს წამოვიწყებდით".

იდეაზე მუშაობის დაწყებიდან, Vere Loft-ის გახსნას ერთი წელი დასჭირდა. გახსნიდან უკვე ერთ წელიწადში, კომპანიამ შეძლო
Breakeven -ზე გასვლა.

ანტრეპრენერობისთვის აუცილებელ თვისებებზე საუბრისას, ეკა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია იფიქრო განსხვავებულად, იყო შრომისმოყვარე, მომთმენი და გქონდეს რწმენა, რომ ყველაფერი გამოგივა.

ეკა: „იმდენი ადამიანია, რომელიც გეუბნება – ვერ გააკეთებ, არ ღირს ამად, დროს კარგავ, ფულს კარგავ... გვქონდა დღეები, როცა ლოფტში საერთოდ არავინ შემოდიოდა, მაგრამ ვიცოდით – დრო და მოთმინება იყო საჭირო".

მართლაც, გავიდა დრო და ნათელი გახდა, რომ ბიზნესმა გაამართლა. მანამდე თუ მხოლოდ ინდივიდუალურად შემოდიოდნენ, ახლა ჯგუფებიც დაინტერესდნენ. თუ ადრე ძირითადად ერთდღიანი/მოკლე პაკეტები იყიდებოდა, დღეს 6-თვიან, ერთწლიან სერვისს იღებენ, რაც ფინანსური პროგნოზირების საშუალებას იძლევა. წარმატების ნიშანი იყო ისიც, რომ უკვე Google-ის ტრენდებშიც შეიმჩნეოდა თბილისში საერთო სამუშაო სივრცისადმი დაინტერესება. მალე, Yellow Pages-ზეც გაჩნდა ერთიანი სამუშაო სივრცის კატეგორია და შესაბამისი კომპანიების ჩამონათვალი. ნათელი იყო, რომ Vere Loft-ის დაარსებით, მათ საქართველოში ერთგვარი ახალი სამუშაო კულტურა დაამკვიდრეს.

ამჟამინდელი მონაცემებით, Vere Loft-ში ერთწლიანი სტატისტიკა ასეთია:

გაიყიდა: სხვადასახვა ტიპის 1700 აბონემენტი
პროფესია: დაახლოებით 57 პროფესიის ადამიანი
წარმომავლობა: 42 ქვეყნის წარმომადგენელი
საშუალო ასაკი: 30-33 წელი
სქესი: ძირითადად, მამაკაცები
მომხმარებელთა 28%: საქართველოში მცხოვრები უცხოელები
დაბრუნებული მომხმარებელი: 1-თვიანი პაკეტის მომხმარებელთა 70%

თუმცა იყო მოულოდნელობები!

თუ მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, და-ძმა მომხმარებლებად უმეტესად 18-23 წლამდე სტუდენტებს მოელოდა, Vere Loft-ში საშუალო წლოვანება 30-35 წელი დაფიქსირდა.

დამფუძნებლებისთვის სიურპრიზი იყო ასევე ის, რომ Vere Loft-ის წევრების პროფესია უფრო მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.

განსაკუთრებული გაკვირვება კი და-ძმაში მაინც შეხვედრების ოთახისადმი წარმოშობილმა მოთხოვნამ გამოიწვია. დიდი კომპანიები, მათ შორის ბანკებიც, რომლებსაც სივრცეც აქვთ და საჭირო ინფრასტრუქტურაც, მათთან ქირაობენ შეხვედრების ოთახს. მაგალითად, თუ ადამიანური რესურსების მენეჯერს კანდიდატებთან აქვს გასაუბრება, ურჩევნია ორივე მხარისთვის ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაესაუბროს.

იყო სირთულეებიც...

საქართველოში ჩამოსულ და-ძმას ძალიან გაუჭირდა გამკლავებოდა დედლაინების მიმართ ქართულ დამოკიდებულებას.

ასევე, ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელსაც ეკა საქართველოში წააწყდა, არაპროფესიონალი კადრის საკითხია. სანამ სასურველ კადრს იპოვის, იგი ნებისმიერ საქმეს თავად ითავსებს – იქნება ეს მიმტანობა თუ სხვა.

იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პერსონალის ტრენინგებს და მათ განვითარებაზე ზრუნვას. ეკას აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, როცა კადრი პროექტის განხორციელების პირველივე ეტაპიდანაა ჩართული, რადგან ამ დროს მას სამუშაოსა და ორგანიზაციისადმი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება უვითარდება. მისთვის თანამშრომელი მთავარი სიმდიდრეა ბიზნესში.

შეკითხვაზე, თუ რისი შიში აქვთ ქართულ ბიზნესგარემოში, დათო ყურადღებას სავალუტო კურსის ცვალებადობაზე ამახვილებს. და-ძმას სესხი დოლარში აქვს აღებული, ხოლო მომსახურებას ლარში ყიდის. ლარის გაუფასურება კი სესხს აძვირებს.

დათოს აზრით, ასევე სირთულეს წარმოადგენს ქართული მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა. იგი აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა პროდუქტისა თუ სერვისის შერჩევისას ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში ხარისხს უყურებენ, ჩვენთან მთავარი განმსაზღვრელი ფასია. ქართველ ხალხს არ აქვს საშუალება ფული გადაიხადოს ხარისხში. თუმცა, მისივე თქმით, ეს ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება.

ახალი პროექტი – როცა წარმატება გიბიძგებს, არ გაჩერდე

სირთულეებისა თუ სიურპრიზების მიუხედავად, წარმატებულმა ბიზნეს-ტანდემმა ეკას და დათოს ახალი პროექტის დაწყებისკენ უბიძგა. ბევრიც არ დააყოვნეს და უკვე ამა წლის მარტში, ამჯერად მულტიფუნქციურ სივრცეში გაჭრეს წითელი ლენტი, სადაც სხვადასხვა პროფესიის, სქესის, ეროვნებისა და იდენტობის ადამიანებს თუ ადამიანთა ჯგუფებს ელიან, ახალი და საინტერესო პროფესიული მოგზაურობის დასაწყებად. სივრცის სახელწოდებაც შესაბამისია – Terminal.

Vere Loft-მა და-ძმას ძალიან ღირებული გამოცდილება შესძინა, რაც Terminal-ის უკეთ დაგეგმვასა და ორგანიზებაში დაეხმარათ.

უფრო კონკრეტულად კი, Vere Loft-ში მიღებული გამოცდილებით, Terminal-ში 4 ძირითადი ცვლილება დანერგეს:

სივრცის მაქსიმალური მორგება მოთხოვნასთან: „ვერე ლოფტში" მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ადამიანთა ჯგუფებისგან (მაგ. მცირე ფირმა, რომელსაც რამდენიმე თანამშრომელი ჰყავს) შედარებით იზოლირებულ ე.წ. ბოქს-ოფისებზე იყო მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, დაამატეს ბოქს-ოფისები, რომელთაც Gate-ები დაარქვეს. ასევე, გაზარდეს საკონფერენციო დარბაზების სივრცე, რომლებიც ახლა უკვე გარე მომხმარებლებისთვისაცაა განკუთვნილი.

ხარჯების ოპტიმიზაცია: დახარჯული ინვესტიცია კვადრატულ მეტრზე Terminal-ში 215 ლარით ნაკლებია Vere Loft-თან შედარებით, რაც, გარდა ფართის მოცულობის გაზრდის ხარჯზე გაკეთებული ეკონომიისა, დამფუძნებლების მიერ ხარჯის მეტი კონტროლისა და პრაქტიკული გამოცდილების შედეგად მოხერხდა. ასევე, Vere Loft-მა თუ ერთი წლის შემდეგ შეძლო Breakeven-ზე გასვლა, Terminal-ი, პესიმისტური სცენარითაც კი, 3 თვეში დაფარავს ყოველთვიურ საოპერაციო ხარჯებს.

დირექტორის საწყის ეტაპზე შერჩევა: ტერმინალის შემთხვევაში, მიიღეს გადაწყვეტილება, საწყისი ეტაპიდანვე მოეხდინათ საოპერაციო და მარკეტინგული საკითხების დელეგირება პროექტის დანიშნულ დირექტორზე, რაც არ მომხდარა Vere Loft-ის შემთხვევაში და როგორც დათო ამბობს, „გამზადებულზე მიიყვანეს" დირექტორი, რაც დიდი შეცდომა იყო და არ გაამართლა.

ბენეფიტები: ტერმინალი უფრო მეტ აქცენტს ამახვილებს გარემოზე და იმ გამოცდილებაზე, რომელსაც Terminal-ის მომხმარებლები მიიღებენ აქ მუშაობისას, მათივე მაქსიმალური პროდუქტიულობისთვის. Terminal-ში მომხმარებლებს შესთავაზებენ იოგას კლასებს, ფილმის ჩვენებებს, ივენთებს, ფასდაკლებებს სხვა ობიექტებზე და ა.შ. როგორც დათო ამბობს, გადამწყვეტი იქნება „არა ფასი, არამედ ბენეფიტები".

სამომავლო გეგმები

სამომავლო გეგმებში და-ძმა საერთო სამუშაო სივრცის ინდუსტრიაში კიდევ უფრო მეტად გაფართოებას გეგმავს. კერძოდ კი, ყოველ წელს ერთი ობიექტის დამატებას, რაც შესაძლებელს გახდის სერვისის ფასის ან/და შეთავაზებული პაკეტის მიხედვით სეგმენტაციას. ისინი აქტიურად სწავლობენ არსებულ და პოტენციურ კლიენტებს, რათა სეგმენტაცია კლიენტების მოთხოვნიდან გამომდინარე გააკეთონ. რეგიონებში გაფართოებას ამჟამად ჰოლდინგი არ გეგმავს, თუმცა გამორიცხული არ არის სეზონური საერთო სამუშაო სივრცეების მოწყობა.

დათო: „ინდუსტრიაში ლიდერები ვართ და გვინდა შევინარჩუნოთ ეს სტატუსი. გვსურს
მომხმარებელს ის მესიჯი მივაწოდოთ, რომ ჩვენ მათ არა ფიზიკურ სივრცეს, არამედ ახალ გამოცდილებას, ახალი ცხოვრების სტილს ვთავაზობთ".

თუმცა, როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, მხოლოდ ერთ ინდუსტრიაში დარჩენას არ გეგმავენ და ბიზნესის დივერსიფიკაციას არ გამორიცხავენ

დათო: „საქართველოში, ნებისმიერ ინდუსტრიაში რომ შეხვიდე, არის სივრცე, სადაც შეგიძლია იყო ინოვატორი და აჯობო მოთამაშეს – გნებავთ ხარისხით, გნებავთ მიდგომით, თუ ტექნოლოგიური ცვლილებით".

ასე რომ, შესაძლოა Tushiconcept-ი მომავალში რადიკალურად განსხვავებულ სფეროში ვიხილოთ.

ეკა: „მატარებელი რელსებზე მამამ დადგა და ჩვენ გვინდა Tushiconcept-ის ბევრი ვაგონი შევქმნათ, სხვადასხვა სფეროს ბიზნესები დავამატოთ და ყოველივე ეს, ერთ დიდ მატარებლად იქცეს".

როდის უნდა გადაინაცვლო ღირებულებათა პირამიდის უფრო მაღალ საფეხურზე? როცა უფრო მაღალი ღირებულების შეთავაზებით, დამატებითი (ზღვრული) შემოსავალი მეტია ამ შეთავაზებით გამოწვეულ დამატებით (ზღვრულ) დანახარჯებზე. თუმცა გამოწვევა არის ის, რომ ზღვრული შემოსავლის წინასწარ განსაზღვრა რთულია – მაშინ, როცა ზღვრული დანახარჯის დათვლა მარტივი გახლავთ. ამ გამოწვევის ერთ-ერთი გამკლავების გზა შეიძლება იყოს პოტენციური მომხმარებლების გამოკითხვა, თუ რამდენს გადაიხდიდნენ დამატებით სერვისებში. სერვისების ეტაპობრივად დამატება კი დაგეხმარებათ ამ გამოკითხვის ვალიდურობის შეფასებაში.

3 რამ, რაც ვისწავლეთ:

როგორ უნდა აღმოაჩინო, რომ შენში ანტრეპრენერული სულია?

ხვდები, რომ სადაც მუშაობ, ძირითადად შენ აკეთებ ღირებულ საქმეს, ხოლო მფლობელი „აკეთებს" ფულს? გაქვს საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა? ქმნი ახალს? მაშინ შენში არის პოტენციალი, გახდე ანტრეპრენერი!

მოექეცი თანამშრომლებს ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ!

აგრძნობინე მათ, რომ საერთო საქმეს აკეთებთ. ამისათვის, საწყისი ეტაპიდანვე ჩართე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აგრძნობინე, რომ იმაზე უფრო მეტნი არიან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს; რომ ორგანიზაციის წარმატება, მათი წარმატებაც არის. წარმატების შემთხვევაში, ფინანსური წახალისებაც არ დაგავიწყდეთ! შედეგად, ისინი უფრო მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქმეს.

იყავი ორიენტირებული მაღალი ღირებულების შექმნაზე!

მაღალი ღირებულების შექმნაზე ორიენტაცია ბიზნესის გრძელვადიანი წარმატების საწინდარია. Vere Loft-ისა და Terminal-ის შემთხვევაში, ეს ღირებულება პროდუქტიულობის გაზრდაა. რა თქმა უნდა, ყველას სურს და ენდომება, ჰქონდეს მაღალი პროდუქტიულობა, და ამაში ფულის გადასახდელადაც მზად იქნებიან, თუ გაზრდილი პროდუქტიულობით მიღებული სარგებელი იმაზე მაღალი იქნება,
ვიდრე სერვისზე დახარჯული თანხა.

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი