ვენუს უილიამსი უკან დახევას სწავლობს

ანტრეპრენერობას ზომიერების გრძნობაც სჭირდება
ვენუს უილიამსი უკან დახევას სწავლობს
ფოტო: entrepreneur
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩოგბურთმა იგი სრულყოფილ პიროვნებად ჩამოაყალიბა, ჰიპერფოკუსირებულად და მიზანსწრაფულ მანქანად აქცია. თუმცა, მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ანტრეპრენერობას ზომიერების გრძნობაც სჭირდება.

ბრენდინგის სპეციალისტებით გარშემორტყმული ვენუს უილიამსი საკონფერენციო დარბაზში ზის. მაგიდაზე ჯანსაღი სასუსნავიცაა. ოთახში ნელ-ნელა გადალაპარაკებები იწყება. განსახილველ საკითხზე კონცენტრაციას აღარავინ ინარჩუნებს. „ხომ არ გავაგრძელოთ?“ – წყნარად იკითხავს უილიამსი. ყველაფერი, რასაც ვენუსი ამბობს, მშვიდად, საკუთარი ავტორიტეტის შეგრძნებითაა ნათქვამი, მას ეს ეფექტურად გამოსდის. შეკრებილები საუბარს წყვეტენ და პირვანდელ მდგომარეობას მომართულივით უბრუნდებიან.

ჩოგბურთის მოყვარულები, როგორც წესი, ვენუსის ფოტოს საკონფერენციო ოთახიდან არ მოელიან. თუმცა, ეს სწორედ ის გარემოა, სადაც სპორტსმენი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

სექტემბერში, აშშ-ის ღია პირველობაზე, ნახევარფინალში სლოუნ სტივენსონთან დამარცხებიდან დაახლოებით 2 კვირაა გასული. წაგების შემდეგ, ნამდვილი ქარბორბალა იწყება. საქმიან შეხვედრებს აზიაში გასამართი ჩემპიონატისთვის ვარჯიშს უთავსებს. დღევანდელი შეხვედრა EleVen-ს ეძღვნება. ეს ბრენდი სპორტული სტილის ყოველდღიურ ტანსაცმელს ქმნის, რომლის კოლექციიდან სხვადასხვა სამოსს თავად ვენუსიც ყოველთვის ატარებს. კომპანია მუდმივად წინ მიიწევს და მისი ბრუნვა ყოველწლიურად 300%-ით იზრდება. ავტორი სარეკლამო სააგენტო NSG/SWAT-თან 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის ფოტოკატალოგის ასაწყობად თანამშრომლობს. სწორედ ამ პროდუქტს იხილავენ სულ მალე მყიდველები და მარკეტინგული კომპანიები. უილიამსი და მისი გუნდი პროექტის საბოლოო ვარიანტის განსახილველად შეიკრიბა.

NSG/SWAT-ის პრეზიდენტი, ბრაიან რიორდანი პროექტორით სხვადასხვა ფოტოს აჩვენებს, უილიამსი კი ფოტოკატალოგის ბეჭდურ ვერსიას ფურცლავს. რიორდანი ცვლილებების შესახებ საუბრობს, ცდილობს, ფოტოსესიის განახლებულ ნიმუშებს გაუსვას ხაზი. უილიამსი ჩვენებით კმაყოფილია, მით უფრო – ცვლილებებით. „გოგონები ისე სრულყოფილად გამოიყურებოდნენ“, – დასცქერის ვარიანტს, – „არც ოფლი სდიოდათ, თმაც კი არ ჰქონდათ აჩეჩილი“. შემდეგ კი ხშირ, აჩეჩილ თმას ცხენისკუდად იკრავს და ამბობს: „ხედავთ?..“

უილიამსი ავთენტურობაზე ბევრს საუბრობს, ბოლოს კი აქცენტს მთავარ დეტალზე ამახვილებს: ნამდვილ ქალებს უნდა ეტყობოდეთ, რომ ისინი მართლა შრომობენ. ნამდვილი შრომა კი მუდმივი ნონსტოპია. ამ თემაზე მან ერთი დღით ადრე WWD Digital Forum-ის სცენიდანაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სპორტდარბაზიდან პირდაპირ ოფისში გარბის და თავის გუნდს იმის გამო უხდის ბოდიშს, რომ გაოფლილია. აუდიტორიამ იცინა და დაასკვნა, რომ ეფექტის მისაღწევად ვენუსმა უბრალოდ გადაამლაშა, თუმცა, არა. ვენუს უილიამსის თმა აჩეჩილია, იმიტომ, რომ მართლაც ყოველდღიური ვარჯიშის შემდეგ მოვიდა. ჯერ კიდევ სპორტული სამოსი აცვია, რომელიც, რასაკვირველია, თავისივე დიზაინითაა შექმნილი.

უილიამსის დრო ძვირად ფასობს. ილანა როუზენი, EleVen-ის ოპერაციული დაგეგმარების უფროსი, ვენუსის ყოველდღიურ ვარჯიშს „შეთავსებით ჩოგბურთელობას“ უწოდებს. „შეთავსებით ჩოგბურთელობა“ ყოველდღიურად 6-საათიან ვარჯიშს მოითხოვს, წელიწადში 11 თვეს კი – მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას. EleVen-ის პარალელურად, ვენუსმა ინტერიერის დიზაინზე მომუშავე კომპანია V-Starr შექმნა. საქმეში პასიური ჩართულობა უსარგებლოა, ამიტომაც ის ოფისში რეგულარულად დადის, სტილზე თავად მუშაობს, ზოგჯერ კი დროს საამქროშიც ატარებს. დასთან, სერენასთან ერთად, Miami Dolphins-ის წილის მფლობელია. ისინი პირველი აფროამერიკელი ქალები არიან, რომლებიც ნაციონალური საფეხბურთო გუნდის მეწილეები გახდნენ. გუნდი მათ კალიფორნიის ქალაქ კომპტონში დააარსეს. დებმა სოციალურ სერვისებზე მომუშავე Yetunde Price Resource Center-იც ჩამოაყალიბეს. ისინი სწორედ ამ ქალაქში გაიზარდნენ. ცენტრს იმ
ქალის სახელი დაარქვეს, რომელიც ქუჩის სროლის დროს ჩაცხრილეს.

რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვენუსის ინტერესებს ტრადიციული ახსნა მოვუძებნოთ: უილიამსი, პროფესიონალი სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ, ცხოვრების მეორე ფაზას უყრის საფუძველს. 2011 წელს ბევრმა იფიქრა, ვენუსი ჩოგბურთს თავს დაანებებსო – სპორტსმენმა განაცხადა, რომ სიორგენის სინდრომი სჭირდა. ეს იმუნური სისტემის დაავადებაა, რომელიც კუნთებისა და სახსრების საშინელ ტკივილს იწვევს. ნაცვლად ამისა, 2012 წელს ათლეტმა ოლიმპიადაზე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. ახლა იგი 37 წლისაა. შესანიშნავი სეზონი დაასრულა და რეიტინგის პირველ ხუთეულშიც მოხვდა. ავსტრალიის ღია პირველობასა და უიმბლდონზე ფინალში ითამაშა და ჯერჯერობით პენსიაზე საუბარსაც კი არ აპირებს. „უახლოეს მომავალში გაჩერებას არ ვგეგმავ“, – მეუბნება მე, – „ჰორიზონტზე თითქოს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაც მოჩანს. სრული სიგიჟეა, არა? ვცდილობ, ტურნირისთვის ფიზიკურად მომზადებული ვიყო“.

მას მერე, რაც უილიამსს მანჰეტენზე 3 შეხვედრაზე გავყევი, მივხვდი, რომ მისი საქმიანობა უახლოეს მომავალში დაგეგმილ კარიერულ ფინალს არ უკავშირდება. მის მოტივს ყველა ბიზნესმენი გაიგებს. ესაა დაუსრულებელი სურვილი იმისა, რაღაც ააშენო, გამოზარდო, ახალი შესაძლებლობები გამოიყენო, და რაც მთავარია – ყველა დეტალი თავად აკონტროლო.

„დედაჩემი მეუბნებოდა: „არ არის აუცილებელი, ყველაფერი თავად აკეთო, ეს არაფერში გჭირდება. ჩოგბურთს დიდი ენერგია მიაქვს და კონცენტრირებული უნდა იყო“. ამიტომ აღარც ვუყვებოდი, რას ვაკეთებდი“, – ამბობს უილიამსი. თუმცა, დედა მართალია. უილიამსი მხოლოდ შეუსრულებელი მისიის შესრულებას როდი ცდილობს. მისია სულელურიცაა და ნელ-ნელა ამას თავადაც აცნობიერებს. ხვდება, რომ ნამდვილი წარმატების მისაღწევად იმ ინსტინქტის წინააღმდეგ უნდა წავიდეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიჰყვებოდა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უილიამსი უკანდახევას სწავლობს. თანამშრომლობას, საქმის გადანაწილებას, სხვების კომპეტენციაზე მინდობას. „მომწონდა ასე ცხოვრება“, – აფასებს თავის ძველ ცხოვრებისეულ მიდგომას უილიამსი, – „ასეთი ვარ, მაგრამ ახლა ვვითარდები. პროექტი 2.0: ვენუსი ცხოვრებას იწყებს“.

ვენუს უილიამსს ბევრი სტატუსი აქვს, თუმცა, ყველაფერი მაინც მისი მამის შვილობიდან იწყება. სპორტის ისტორიაში გამორჩეული, ჩოგბურთის ლეგენდარული მწვრთნელი, რიჩარდ უილიამსი საკუთარ შვილზე არანაკლებ პოპულარულია. მოკლედ მოგიყვებით: შთაგონება 1978 წელს ეწვია, როცა საფრანგეთის ღია პირველობის ნახვისას, კომენტატორ ბად კოლინსის სიტყვები მოისმინა: „40 ათასი დოლარი 4 დღეში ცუდი შედეგი სულაც არ არის“. ცოტა ხანში გეგმა შეადგინა, რომელიც 78 გვერდზე გაწერა. გადაწყვიტა, 2 შვილი ჩოგბურთის ჩემპიონებად აღეზარდა. ბავშვები არ ჰყავდა, არც ჩოგბურთის თამაში იცოდა. ყველაფერი ჟურნალების კითხვით და ჩემპიონატებისთვის თვალის დევნებით ისწავლა. თუმცა, როგორც უილიამსი თავის წიგნში, „მოიპოვე გამარჯვება“, წერს, მამამ ძირითადად „თავის თავს საკუთარი თეორიები შეასწავლა (თავად რიჩარდი შეძენილ ცოდნას ალკოჰოლდამოკიდებულ ვინმე „ძველ ვისკის“ უმადლის, რომელსაც გაკვეთილებს სასმელით უნაზღაურებდა). მოგვიანებით, ეს თეორიები საკუთარ შვილებს გადასცა. ვენუსმა 12 წლის ასაკში განაცხადა, რომ უიმბლდონის ტურნირს 5-ჯერ მოიგებდა. შემდეგ კი ადგა და მიზანს მიაღწია.

ჩოგბურთის თამაშს სწორი ტექნიკა სჭირდება, მაგრამ არსებობს ძველი კლიშე, რომლის მიხედვით, ფიზიკური ძალის გარდა, ინტელექტი ტურნირის მოსაგებად აუცილებელი კომპონენტია. მოთამაშეებმა მუდმივად უნდა იფიქრონ. ამასთანავე, ფიქრის პროცესზე ზედმეტადაც არ უნდა კონცენტრირდნენ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მოწინააღმდეგე ყოფილი ნომერი პირველი ჩოგბურთელი, კაროლინ ვოზნიაცკია. ვოზნიაცკი ნამდვილი ქვის კედელია დაცვაში. იმდენად ძლიერი, რომ ნებისმიერი ბურთი შეუძლია შეაჩეროს და უკან დაგიბრუნოთ. ის გაიძულებთ მუდმივად უბრუნებდეთ ბურთს, ვიდრე ფრუსტრაცია და დაღლა შეცდომას დაგაშვებინებთ. ვოზნიაცკი ამის გარანტიას გაძლევთ. თუკი კაროლინი თქვენი მოწინააღმდეგეა, მოგებას როგორ აპირებთ? შეეცდებით, ძალით აჯობოთ? უფრო კონსერვატიული სტილით ითამაშებთ? იქნებ წინ წაიწევთ, რომ უფრო ახლოდან ისროლოთ? მიჰყვებით თქვენს სტრატეგიას თუნდაც მაშინ, როცა აღმოაჩენთ, რომ ის არ მუშაობს, თუ სხვა სტრატეგიას იპოვით? შესაძლოა სავარაუდო პასუხები საკუთარ გუნდთან ერთადაც განიხილოთ, საბოლოო ჯამში კი, გადაწყვეტილების მიღება მოედანზე მარტოს მოგიწევთ.

უილიამსის ტაქტიკა დაუღალავი თავდასხმაა, ვოზნიაცკისგან განსხვავებით (მასთან მხოლოდ ერთხელ წააგო). მისი სტილი მუდმივ შეტევაზეა ორიენტირებული. მეთოდი გადაწყვეტილების მყისიერად მიღებას მოითხოვს, საკუთარი არჩევანის ნდობასა და საჩემპიონო ამნეზიასაც მოიაზრებს, რომელიც წარუმატებლობასაც გავიწყებთ და გამარჯვების დაუოკებელ სურვილსაც გინარჩუნებთ.

ჩოგბურთში აზროვნების სტილს მუდმივი „ბურღვით“ იძენთ – იქამდე იხვეწებით, სანამ თქვენი ყოველი მოძრაობა იდეალური არ იქნება, სანამ თქვენი ტვინი თამაშის დროს სიმშვიდეს არ მოიპოვებს.

„ჩოგანი ან ასე გიჭირავთ, ან ასე“, – გვიხსნის უილიამსი, ხელს მდგომარეობას 5 გრადუსით უცვლის, რაც შედეგსაც ცვლის – ბურთი ან ბადეში გაეხვევა ან მას გადააფრინდება. თითოეული დეტალი, მით უმეტეს, ამხელა სტრესის ქვეშ, ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენი ტექნიკა არსად წასულა, და თავდაჯერებულად ითამაშო“.

ეს მორალი და სწრაფვა უილიამსს ყველა საკითხთან მიმართებაში აქვს. ჯენი გოლდსტოკ რაითი, Driving Force Group-ის CEO, დებ უილიამსებს საქველმოქმედო საქმიანობაში ეხმარება. ჯენიმ საკუთარ ოჯახს დატეხილი მოულოდნელი დაავადება გადალახა – ერთი წლის წინ ექიმებმა რაითის ვაჟს თვალში სიმსივნე აღმოუჩინეს (ამჟამად დაავადება დამარცხებულია). როდესაც უილიამსმა ბიჭუნას დაავადების შესახებ შეიტყო, რაითს მოსაკითხად დაუკავშირდა. „არ უთქვამს: „რა კარგია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა“, რაც, თავისთავად, შესაფერისი კომეტარი იქნებოდა. უბრალოდ, მკითხა: „შეგიძლია მითხრა, რა ჰქვია დაავადებას?“ – ყვება რაითი. შემდეგ უილიამსმა სიმსივნის შესახებ ლიტერატურა შეისწავლა, და მომწერა: „სრული ლიმფური ანალიზი გაუკეთეთ? დრენაჟის ბრალი იყო, თუ სხვა მიზეზი არსებობდა?“ მეც შესაბამისად ვუპასუხე. 2 საათი ვსაუბრობდით. იგი სწორედ ასე ფიქრობს – სიღრმისეულად, ყველაფერს დეტალურად სწავლობს“.

უილიამსმა ასეთი მგრძნობიარე მიდგომა ბიზნესსაკითხებზეც გადმოიტანა. მისი გადაწყვეტილებები ინსტინქტურია. „ვიცი, რა არის სწორი“, – ამბობს იგი, – „მთავარია, გადაწყვეტილება მიიღო და აღასრულო. სულაც არ მინდა, დიდი კორპორაციული ბორბლის ნაწილი გავხდე. არ მსურს დიდი დრო რაიმეს დავუთმო და გავართულო. ზოგჯერ ყველაზე სწორი ინსტინქტი პირველსავე ჯერზე ჩნდება და მთავარია, მიყვე“.

თუმცა, რა თქმა უნდა, ჩაღრმავება ყოველთვის არაა სასარგებლო. ცოტა ხნის წინ უილიამსმა ცეკვის წრეზე სიარული დაიწყო. „ტექნიკაზე ვიყავი ორიენტირებული“, – გვიყვება იგი, – „მასწავლებელი მეკითხებოდა: გინდა სტანდარტები ისწავლო?“ მე კი ვპასუხობდი: „არა. მინდა, ცეკვის სიღრმეებს ჩავწვდე! რატომ არ შემიძლია, სიღრმისეულად შევისწავლო?“ ეს მიდგომა ხშირად ბიზნესშიც არ ამართლებს. ბიზნესს ისეთი წინააღმდეგობები აქვს, როგორებიც სპორტს საერთოდ არ ახასიათებს. ინსტინქტები მნიშვნელოვანია, თუმცა მოქნილობა არანაკლებ საჭიროა. განმეორებითმა ქმედებებმა შესაძლოა წარმატებამდეც მიგიყვანოთ, სანამ მათი ვადა არ ამოიწურება და საპირისპირო შედეგს არ მოგიტანთ.

უილიამსი ბალანსს იცავს. ერთი მხრივ, EleVen-ის დიზაინერს მითითებებს აძლევს: „თავიდან მოდურ ტენდენციებზე ვიყავით ორიენტირებულნი, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ხედვა ბევრად მნიშვნელოვანია“. ოდნავ მოგვიანებით კი, NSG/SWAT-ის შეხვედრაზე, ერთ-ერთ გვერდზე დაბეჭდილი წითელი სამოსის იდეას იწუნებს – მისი ხედვა ტრენდებს უგულვებელყოფს. EleVen-ის ოპერაციული დაგეგმარების ხელმძღვანელი როუზენი სწრაფად აღნიშნავს, რომ ისინი ბევრ წითელ სამოსს ყიდიან. „მგონი ჩემი მოსმენა არ ღირს“, – ამბობს უილიამსი უშფოთველად.

წითელი რჩება, ვენუსის აზრი უკუგდებულია.

საკუთარ წიგნში – „მოიპოვე გამარჯვება“, უილიამსი მოგვითხრობს, როგორ ეუბნებოდნენ მას და სერენას მამა და დედა – ორასენს პრაისი, ბიზნესმენებივით ეფიქრათ. ტურნირებზე მანქანით მიმავალ გოგონებს მშობლები ჩანაწერებს ასმენინებდნენ დაყადაღებული უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ, რათა ბავშვებს უძრავი ქონებით ვაჭრობის საფუძვლები შეესწავლათ (ახლა, როდესაც სერენას შვილი ეყოლა, ვენუსი იხსენებს: „სერენას უნდოდა, ბეიბი შაუერზე პატარასთვის წიგნები მიეტანათ. ჩემი საჩუქარი უძრავი ქონებით ვაჭრობას შეეხებოდა“, – ყვება სიცილით, – „ვეუბნებოდი, ძალიან შესაფერისი საჩუქარია-მეთქი. „ვინ მოიპარა ჩემი ყველი“ და სხვა საბავშვო წიგნებიც ვაჩუქე. სერენა კი ამბობდა: „ტრადიციას ვაგრძელებთ!“).

ჩანაწერების მთავარი მიზანი ის იყო, რომ სერენასა და ვენუსს ადრეული ასაკიდან დამოუკიდებლად აზროვნება ესწავლათ. „რა თქმა უნდა, იმასაც გვასწავლიდა, როგორ მოგვეპოვებინა ფინანსური დამოუკიდებლობა“.

ვენუსმა ყველაფერს დამოუკიდებლობის წყალობით მიაღწია. სწორედ ეს თვისება გახდა EleVen-ის არსებობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი: ბრენდი მკვდრეთით აღდგა. მან არსებობა 2007 წელს Steve&Barry-ის პარტნიორის სტატუსით დაიწყო. „Steve&Barry-ის დიზაინერებთან თანამშრომლობის დამსახურებით, ვენუსი თითოეული ნიმუშის შექმნაში იღებს მონაწილეობას“, – აცხადებდა ბრენდი იმ დროისთვის. თუმცა, Steve&Barry-იმ წლის ბოლოს თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. EleVen-ს ჰქონდა შანსი, ისეთ ბრენდებთან ეთანამშრომლა, როგორიცაა მაგალითად, Ralph Lauren-ი. თუმცა, უილიამსი დამოუკიდებელ გეგმებზე ფიქრობდა. მან გაკვეთილი პატარა ბრენდისგან ისწავლა: როდესაც შენს კომპანიას უფრო დიდ კომპანიას მიაბამ, საკუთარ საქმიანობაზე კონტროლს კარგავ.

„მინდოდა ბრენდი სწორედ ისეთი ყოფილიყო, როგორადაც წარმომედგინა“, – ამბობს ვენუსი, – „სპეციფიკური ხედვა მქონდა და მსურდა, ყველაფერი მასთან შესაბამისობაში ყოფილიყო. ვაპირებდი თავად მეკონტროლებინა, თუ როგორი იქნებოდა ჩემი ბრენდი, როგორი კომუნიკაცია ექნებოდა, და რას გადასცემდა მომხმარებელს. დისტრიბუციის საკითხებზეც კი მე ვფიქრობდი. მსურდა, EleVen-ის ბედი ჩემს ხელში ყოფილიყო, ერთ დისტრიბუტორთან მეთანამშრომლა, ანდა ლიცენზიაში ფული გადამეხადა“. 2012 წელს ბრენდი დამოუკიდებელი მეწარმის სტატუსით აღდგა (ასო V გასაგებია, თუმცა რატომ 11 (eng. Eleven – 11)? 10 ხომ უბრალოდ რიცხვია“, – გვიხსნის როუზენი).

მოგვიანებით, ვენუსმა გააცნობიერა, რომ ავტორის ხედვა ბრენდის განვითარების სინონიმი ყოველთვის სულაც არ არის. ბიზნესმენები ხშირად იმ იდეას იწონებენ, რომელიც მოსწონთ, მიუხედავად იმისა, რომ უმჯობესია განაცხადონ: „შესანიშნავი იდეაა, მაგრამ ჩვენთვის შეუფერებელი“. უილიამსს კატალოგის შედგენისას იმ პერიოდში დიდი შეცდომები არ დაუშვია, თუმცა ბრენდმა ფოკუსი მაინც დაკარგა. 2015 წელს ვენუსი იმ დროისთვის კონსულტანტს, ილანა როუზენს მიუბრუნდა. „როდესაც პირველად შევხვდით, ამიხსნა, თუ როგორ წარმოედგინა ბრენდი“, – ყვება როუზენი. „რისთვის შეიქმნა? როგორია ბრენდის მისია? როგორია მთავარი მიზანი?“

მიზნები გარკვეული იყო და როუზენსაც შეეძლო წარმატების მისაღწევად სისტემა აეწყო. „EleVen-ის საქმიანობაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული, ყველა მათგანი – სხვადასხვა ადგილიდან“, – მოგვითხრობს როუზენი. „მთავარი მიზანი იყო, გააზრებული ორგანიზაციული სტრუქტურა შეგვექმნა, რომელიც იმუშავებდა. ორგანიზაციის ცენტრალიზაცია სამხრეთ ფლორიდაში მოხდა. მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, მერჩენდაიზინგი, დიზაინი, კონცეფცია – ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი. ერთადერთი, რასაც ჩვენი ხელით არ ვაკეთებთ, ტანსაცმლის შეკერვა და გაყიდვაა, თუმცა ლოს-ანჯელესში მიმდინარე პროცესებს თვალ-ყურს ვადევნებთ“. ამჟამად ოპერაციები იმდენად ცენტრალიზებულია, რომ EleVen-ი უილიამსის მეორე კომპანია V-Starr-თან ოფისსაც კი ინაწილებს – იგი ბრენდის საწარმოში გადადის. „თუკი პროდუქციის სიაში რაიმე შემოგვაკლდა, შეგვიძლია რამდენიმე მეტრი გავიაროთ და შევამოწმოთ, მართლაც ასეა თუ არა“.

სწორედ ამ მიდგომის დამსახურებით, EleVen სპორტული სამოსის ბაზარზე ნამდვილი ბუმით დაბრუნდა. „წელს გაყიდვების ორმაგ მატებას ველოდებით და ეს პოზიცია კატაპულტირების შანსს გვაძლევს“, – ამბობს როუზენი. იმასთან ერთად, რომ გასულ წელს კომპანიამ შემოსავალი 300 %-ით გაზარდა, მხოლოდ ელექტრონული კომერციის სფეროში 2015 წელს ბრენდის ზრდამ 700 % შეადგინა. ამის მიუხედავად, EleVen-ი დიდ ყურადღებას აქცევს, რომ ძველი შეცდომები არ გაიმეოროს: ყველანაირი ზრდა კარგს არ მოასწავებს. თუკი რაიმე შესაძლებლობა გამოჩნდება და ჩვენი შესაფერისი არ იქნება, „არ ვაპირებთ სტრატეგიის წინააღმდეგ წავიდეთ“. მაგალითად შეგვიძლია Zappos მოვიყვანოთ. ელექტრონულ მაღაზიას EleVen-ის პროდუქციის გაყიდვა სურდა, თუმცა უილიამსი და როუზენი მაშინვე არ დათანხმებულან. „მათ შეფუთვის უზარმაზარი ინსტრუქცია აქვთ, თუ სად უნდა დავაწებოთ სტიკერები, როგორ დავაკრათ და სად განვათავსოთ იარლიყი“, – ამბობს როუზენი. „თუკი ამ ყველაფერს სწორად არ გააკეთებთ, თანამშრომლობა შეწყდება და აღარ აღდგება“. ასე რომ, სანამ კოლაბორაციაზე დათანხმდებოდნენ, დიდხანს იფიქრეს.

იგივე შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობას, რომლის დამყარებასაც ბრენდი ნელ-ნელა იწყებს. „ყოველთვის ვიყენებთ ფრაზას – „მსოფლიო დომინაცია“, და ამას ვგულისხმობთ კიდეც“, – ამბობს როუზენი. EleVen-ის პროდუქცია ევროპაში, ნიგერიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გადის. ამჟამად მუშაობა ჩინურ ბაზარზე მიმდინარეობს, სადაც უილიამსმა ბოლოს ითამაშა და უამრავი ბიზნესშესაძლებლობაც მიეცა, თუმცა აჩქარებას შესწავლას ამჯობინებენ. იმის ნაცვლად, რომ ჩინური ბაზრის დაპყრობაზე ეფიქრათ, ბრენდმა, ექსკლუზიურად ჩინური ქსელისთვის, Lane Crawford კოლექცია შექმნა. „მიგვაჩნდა, რომ ასე აჯობებდა. ისინი თავის მომხმარებელს კარგად იცნობენ და ჩვენც მათთვის მოსაწონი პროდუქციის შექმნა გვსურდა“, – ამბობს უილიამსი.

„ჩინურ ბაზარზე კვლევას ვიწყებთ“, – აცხადებს როუზენი. რა თქმა უნდა, ეს მაგალითი სიღრმისეული ძიებისგან ძალიან შორს დგას, თუმცა დღესდღეობით EleVen-ი ამაში დიდ პრობლემას ვერ ხედავს.

NSG/SWAT-თან შეხვედრის შემდეგ, უილიამსი შინ, ფლორიდაში დაბრუნდა. 10 დღე ვარჯიშში გაატარა, ოფისს დაუბრუნდა და საშინაო დავალება შეასრულა. ამჟამად დიზაინის კურსებს გადის, თუმცა არ ამხელს, რომელ სასწავლებელში, რადგან გამართული ფრიადი ჯერაც ვერ დაიმსახურა. „ბოლო დროს იმაზე ვფიქრობდი, როგორ გამერთმია ამ ყველაფრისთვის თავი ისე, რომ არ გავგიჟებულიყავი. სწორედ ასე იკლებს თქვენ მიერ მიღებული შეფასება“, – ამბობს სპორტსმენი. „როგორც იქნა, მივხვდი, რას ნიშნავს სკოლა. მთავარია, მისგან საუკეთესო მიიღო და დრო ბრძნულად გამოიყენო. შესაძლოა, ეს გვიან გავაცნობიერე. ყოველთვის ჩოგბურთელის მიდგომა მქონდა. ვესწრაფვოდი სრულყოფილებას, სრულყოფილებას და მხოლოდ სრულყოფილებას“.

დაბოლოს: შეხვედრიდან 10 დღის შემდეგ, ვენუსი მანჰეტენს დაუბრუნდა. ერთმანეთს ხალიჩების მაღაზიაში, Obeetee-ში ვხვდებით. V-Starr მე-17 საუკუნის ხალიჩების დიზაინს ექსპრესკოლექციისთვის ცვლადი ფერთა გამით ქმნის. ხალიჩები პროექტ Design Foundation Fighting AIDS-ისთვის იქმნება. 2 კომპანია V-Starr-ის მიერ ხალიჩების წარმოებაზეც საუბრობს. „მცირე შეჯიბრება მოვაწყვეთ დიზაინერთათვის ოფისში და 23 დიზაინი შევარჩიეთ. ყველა შესანიშნავი გამოვიდა“, – ამბობს სონია ჰაფი, დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც V-Starr-ის ოპერაციებს ხელმძღვანელობს. „ყველა შევცქეროდით და ვფიქრობდით, ამისგან მთელი კოლექცია უნდა აგვეწყო“.

დღეს უილიამსი Obeetee-ს მანჰეტენის პავილიონს ათვალიერებს, გამოფენილ ხალიჩებს აკვირდება, სამუშაო გრაფიკს შეისწავლის, წარმოების მეთოდებსა და განფასებას თვალს ავლებს. გაყიდვების მენეჯერი, გრეტჰენ აუერი გვიხსნის, თუ როგორ მზადდება Obeetee-ს ხალიჩები და გვიჩვენებს, როგორ ისხმება რამდენიმე სანტიმეტრზე 250 თვალი. უილიამსი იხრება და ნამუშევარს ეხება, მასალის შესახებ კითხულობს და შეღებვის პროცესზეც სვამს შეკითხვებს. ორი ადამიანი მოგვყვება. შემდეგ იხრება და ხალიჩას იღებს. ფაქიზი, სინქრონული მოძრაობით შლის, რათა შიდა მხარე გვიჩვენოს. „ეს ურთიერთსწავლებისთვის უნდა ვაკეთო ხოლმე“, – ხუმრობს უილიამსი, შემდეგ კი მამაკაცებს სთხოვს, მისი ხათრით გამალებით ნუ იმუშავებენ.

წარსულში, უილიამსი საკუთარ ინსტინქტებს მიჰყვებოდა და თითოეულ ხალიჩას შეისწავლიდა, თუმცა ახლა, მშვიდად, სიამოვნებით მისეირნობს. იმ ერთი საათის განმავლობაში, რომელსაც იქ ატარებს, თანამშრომლობაზე საუბარს მხოლოდ 10 წუთს უთმობს. მშვიდადაა, სიამოვნებას იღებს ხელნაკეთი ხალიჩების თვალიერებისგან. დარწმუნებულია, რომ მათი საქმისადმი ერთგულება მისას წააგავს. სულაც არ არის აუცილებელი, ყოველთვის სიღრმისეულად ჩაეძიოს. მას უკვე გუნდი ჰყავს, რომელიც ვენუსის ნაცვლად ჩაეძიება პრობლემებს. „მე მიკრომენეჯერი არ ვარ, ადამიანებს მითითებებს არ ვაძლევ, თუ რა უნდა აკეთონ. ველოდები, რომ უბრალოდ დეპარტამენტის მიმართულებებს წარმომიდგენენ“.

სახალისოდ ჟღერს – მით უმეტეს, იმასთან შედარებით, თუ როგორ საუბრობს იგი სამსახურის შესახებ. WWD Digital Forum-ის სცენიდან რამდენიმე კვირის წინ ვენუსი ამტკიცებდა, როგორ სურდა EleVen-ის ყველა ოპერაცია თავისი ხელით შეესრულებინა. „თანამშრომლებს არ სურთ ჩემი კიბეზე დანახვა“, – ვენუსის ტრავმის ეშინიათ, – „თუმცა, ზოგ ყუთს მეც ვფუთავ“. წარმოიდგინეთ: სპორტული სამოსი სპორტსმენის კომპანიას შეუკვეთეთ და მან შეკვეთა ყუთში საკუთარი ხელით ჩაალაგა. უკანდახევა ამ შემთხვევაში ნამდვილ წინსვლას ნიშნავდა. „წელს ჩემი მიზანი იყო, ბალანსი მეპოვა, სრული სურათი აღმექვა და მთელი ღამე ძიებაში არ გამეტარებინა. ადრე მარკეტინგულ განაცხადს მე ვწერდი, ახლა კი საშუალებას ვაძლევ სხვა ადამიანებს, თავად იმუშაონ. შესაძლოა შთაგონება მეწვიოს და ერთი-ორი გვერდი დავწერო, თუმცა ამას მთლიანად მე არ ვაკეთებ. დეტალებზე არ ვკონცენტრირდები და უფრო დიდ სურათზე ვფოკუსირდები. ასე უფრო ეფექტიანად ვიმუშავებ“.

 

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.