ქალი ანტრეპრენერები

მეყველე ანა

რვაათასწლიანი კულტურის ენთუზიასტი მკვლევარი თუ თანამედროვე ანტრეპრენერი?
მეყველე ანა
Image credit: ლაშა ღუღუნიშვილი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

პროფესიით ფილოლოგისთვის, ეთნოგრაფიაში, ბიზნესსა და მეყველეობაში გადართვა მარტივი პროცესი არ ყოფილა. არც იმ ასაკში იყო, ადამიანები საქართველოში პროფესიას რომ ირჩევენ ხოლმე; არც პატარა ცხოვრებისეულ-კარიერული გამოცდილება ჰქონდა. ერთ დღეს, ყველა იმ პროექტს მიღმა დარჩა, ცხოვრება რომ ჰქონდა მიძღვნილი და მიხვდა – რაიმე უნდა შეეცვალა, ემოქმედა. ასე გაუჩნდა გამომცემლობის დაარსების იდეა, თუმცა ეს იდეა სხვამ დაჯაბნა და საბოლოოდ, შეიქმნა „თელეთი-სენე“ – ყველის ქარხანა, საოჯახო წარმოება, ყველის მუზეუმის პროექტი; განხორციელდა მრავალი აღმოჩენა, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე კი მეყველე ანად იქცა, რომელიც მუდამ ამტკიცებს, რომ მეყველის სიცილი მის მატყუარობას კი არა, მომეტებულ ენდორფინებს ნიშნავს – კარგი ხალხი ვართო, მეყველეები. იცნობდეთ მეყველე ანას!

 

იუსტიციის სახლი, ერთი ფანჯრის პრინციპი, სკოლების კომპიუტერიზაცია – თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას საჯარო თუ საგანმანათლებლო სექტორში წლები მოახმარა. თუმცა 2003 წელს მთავრობა შეიცვალა, პროექტებს სხვა აღმასრულებლები გამოუჩნდნენ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე კი შინ აღმოჩნდა, უმუშევარი. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა. „ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ პროექტებში ჩართულობით. ახლა თუ „ყველის დედას“ მეძახიან, მაშინ „ელექტრონულ ანას“ მიწოდებდნენ. თითქოს საძირკველი გამომეცალა“, – გვიყვება საკუთარ წინარე ისტორიას მეყველე.

„ელექტრონული ანა“ საქმიანობას მთლიანად ჩამოშორდა. ერთ დღესაც საინფორმაციო გამოშვებაში ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოჰკრა თვალი – ხელში ყველი ეჭირა და ამბობდა, ეს ხომ ქართული კულტურის მარგალიტიაო.

გონება სწორედ ამ დროს გაუნათდა და ცხოვრებასაც ახალი აზრი შესძინა. მას ყველი უნდა შეესწავლა. ამისთვის დაეთმო მთელი დრო, ცხოვრება, რესურსი. უპირველესად, ეთნოგრაფ თამილა ცაგარეიშვილს მიადგა. ქართული ყველის ისტორიაში გარკვევა რომ სთხოვა, პასუხად სასიამოვნო ვერაფერი მოისმინა: „ასე მითხრა, მანდეთ არ გაიხედო, მაგ თემას ეთნოგრაფებიც კი თავს არიდებენო“.

ანა რისი ანა იქნებოდა, რომ შეშინებოდა. გაიხედა კი არა, პირდაპირ თავით გადაეშვა ყველის წარმოების ისტორიაში. ახლა თუ ჰკითხავთ, „დიახ, მე მე ვარ, ყველი არის ყველი, მე ვარ ყველში და ყველი არის ჩემში. თავხედი ვარ, მაგრამ ასეაო“, – გიპასუხებთ. 15 წლის წინ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო.

„ხომ გაგიგიათ გამოთქმა: „რას იცინი ყველის ვაჭარივით?..“ – ეს ოდიოზური ფრაზა კიდევ ცოცხალია, მე კი ვამბობ, რომ ყველში უბრალოდ ბედნიერების ფორმულაა და მეყველეების მატყუარობა არაფერ შუაშია. დადებითი ადამიანი ვარ, დადებითისკენ ვიხრები. მე ვარ მეყველე. არავის მოსწონს ეს ტერმინი – უხერხულობას განიცდიან, მე კი ტელეფონის ნომერს რომ მეკითხებიან ხოლმე, გვარის გასწვრივ მეყველეს ვაწერინებ. მეღვინე ცუდად ჟღერს თუ?.. მე ვარ მეყველე-მკვლევარი“, – გვიყვება თვალებანთებული ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

ერთმანეთს ჟურნალ Entrepreneur-ის პრეზენტაციაზე შევხვდით. პანელდისკუსიის მსვლელობის დროს საოცრად ემოციურად ისაუბრა, სტუმრებს მოუყვა, რომ როგორც იქნა საკუთარი თავი და საქმე აღმოაჩინა, ბედნიერია და ყველის ყოველი ახალი სახეობის აღმოჩენა კიდევ უფრო აბედნიერებს. შემდეგ „თელეთი-სენეს“ წარმოებული ყველი გაგვასინჯა.

ყველზე საუბრით არ იღლება. ანას რამდენიც უნდა ესაუბროთ, ფიქრობთ, რომ კიდევ არაერთი ამბავი და ისტორიაა მოსასმენი.

ჩვენ ჩვენი წილი ისტორიის თხრობას გავაგრძელებთ.

მოკლედ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ყველის კვლევამ გაიტაცა.

თავდაპირველად ინფორმაციის მოპოვება ეთნოგრაფიული და ისტორიული წყაროებიდან დაიწყო. შემდეგ კი მთელი საქართველოს ფეხით შემოვლას შეუდგა. მისი სახლები, ოქროულობა, მთლიანად ექსპედიციებმა შეიწირა. ბინის გაყიდვის შემდეგ თბილისთან ახლოს, სოფელ თელეთში გადასახლდა.

პირველად საკუთარი ხელით ყველი ტიბაანში, ხატიაშვილების ოჯახში გააკეთა. „მიმიშვეს და ამოვიყვანე სულგუნი, მოვუჭირე თავზე, გადავუჭირე თოკი და ლამაზი ფორმა მივეცი, თავზე ყვავილი გავუკეთე, ჩავაბრძანე მარილწყალში“. პირველი იმედგაცრუება მაშინ იგემა, როცა აღმოაჩინა, რომ ყველს მსგავს ფორმას იტალიაში აძლევდნენ. „მეწყინა, მაგრამ რას ვიზამდი?..“

მიზნის მისაღწევად, მუდმივად შრომობდა. ასე აღმოაჩინა 60-მდე სახეობის ყველი. 14 მაშინვე დაარეგისტრირებინა. როგორც ამბობს, კიდევ 14 სახის ყველი რეგისტრაციის მოლოდინშია.

სულგუნის ბაზაზე შექმნილ უამრავ სახეობას მიაგნო. „ჩოგი, ნარჩვი, კალდი, ტენილი – აბსოლუტურად ავთენტური ქართული ყველის სახეობებია. კიდევ უამრავია. მაგალითად, მესხეთში არსებობს სახეობა, რომელიც შესაძლოა ქართული არ არის, მაგრამ იქაა შემორჩენილი, სავარაუდოდ მომთაბარე თურქებისა იყო და ასე შემოინახა. ჩეჩილ ყველს ჩრდილო კავკასიელები, სომხები და ქართველები ვიყოფთ. ტენილი კი აბსოლუტურად ქართულია, შემდავებელი არავინ ჰყავს. თერმულად შესაძლოა ბევრგან იწვნება, მაგრამ ნაღებში ამოავლო, ქოთანში ჩატენო, გარშემო ნაცარი მოუყარო და ისე დაავარგო – ეს მხოლოდ ქართული  ტექნოლოგიაა .
უნიკალური და არამატერიალური ძეგლის სტატუსიც ამიტომ აქვს“.

ცოტა ხნის წინ დიდი აღმოჩენა გააკეთა – იმერეთიდან დაუკავშირდნენ. ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ კიდევ ერთი იმერული, უძველესი ყველის სახეობა იპოვა – ხანი. ქვევრში დავარგებული ყველის ისტორია სავარაუდოდ რვა ათას წელს ითვლის. „ხანის ყველი იყო აბსოლუტური აღმაფრენა. სრული ნეტარება, დროშა ხელში ამ ყველს და წინსვლა. მე დავდივარ სამეგრელოში, გურიაში, სვანეთში, იმერეთში. მივმართე არქეოლოგიის მუზეუმს, იულონ გაგოშიძეს, პაატა ბუხრაშვილს, დავით ლორთქიფანიძეს. ყველა მიდასტურებს, რომ ეს არის რვაათასწლიანი საქმე. რვა ათასი წლისაა სწორედ ის ჭურჭელი, რომელიც ეროვნულ მუზეუმში ინახება და საქართველოში ყველის წარმოების ჩანასახს უკავშირდება“.

ბიზნესმენი ჩემგან არ დადგებაო, – ამბობს ანა ჩიკვაიძე. ანტრეპრენერი კი ნამდვილად ვარო, – გვიხსნის. თავდაპირველად, როგორც ანტრეპრენერმა, ბედი საცალო გაყიდვაში სცადა და „ყველის სახლი“ პარტნიორებთან ერთად დააარსა, თუმცა რამდენიმე წელიწადში მაღაზია პარტნიორებს გადაულოცა. ამ თემაზე ლაპარაკი არ უყვარს. ერთადერთი, იმაზე წუხს, რომ ხშირად ტყუვდება, მისი ბიზნესიდან გაშვება კი უმარტივესია – „პატარა ბავშვივით ვარ. უბრალოდ, უნდა მაწყენინო და მეორე დღეს აღარ მოვალ“.

მალე წარუმატებელი პარტნიორობა წარმატებულით შეიცვალა და მეყველე ანას ოცნება ახდა. დათო და ირაკლი კიკოლაშვილებთან ერთად, ყველის საწარმო „თელეთი-სენე“ 2017 წლის იანვარში დააფუძნა თელეთში – სოფელში, რომელშიც ანა მიქაძე-ჩიკვაიძე წლების წინ გადასახლდა.

სენე ძველქართულად „საყველე ოთახს“ ნიშნავს.

თელეთის მეყველეობის სტარტი

მიწა, სადაც დღეს საწარმოა განთავსებული, ირაკლის მამამ, დავით კიკოლაშვილმა მას შემდეგ შეიძინა, რაც მცირე ხნით სოფელში ჩასული შვილი მიტოვებული, უზარმაზარი ტერიტორიით მოიხიბლა. დავითს ამით სურდა ვაჟისთვის საქართველოში დაბრუნების მოტივაცია გაეჩინა.

ამასობაში, ანა უკვე თელეთში ცხოვრობდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი სახლიდან რამდენიმე მეტრში, სულ მალე დიდი ხნის ნაოცნებარი საწარმო წამოიჭიმებოდა.

ირაკლი კიკოლაშვილი წლების განმავლობაში სამშობლოსგან მოშორებით ჯერ დიდ ბრიტანეთში, შემდეგ კი მოსკოვში ცხოვრობდა. თუმცა ნოსტალგია ყოველთვის ჰქონდა და ქართულ გადაცემებს თვალს ადევნებდა, სადაც ხშირად ხედავდა ანას, რომელიც მუდმივად დიდი ენთუზიაზმით საუბრობდა ქართულ ყველზე. ერთ დღესაც სტუმრად ჩასულ ბიძას ანას შესახებ უამბო და აღმოაჩინა, რომ ანა იმავე სოფელში – თელეთში ცხოვრობდა, საიდანაც თვითონ იყო წარმოშობით, და საერთო ნაცნობებიც ჰყავდათ. მალევე დაუკავშირდა. „ამ ახალგაზრდა, შვილისტოლა ბიჭმა ისეთი მესიჯები დამიტოვა, კარგა ხანს ვფიქრობდი, ეს თუ სიმართლეა, როგორ გამიმართლა-მეთქი“, – იხსენებს ანა.

ერთ დღეში შექმნილი კონცეფცია

ირაკლი სპეციალურად მეყველე ანას სანახავად საქართველოში ჩამოვიდა. ერთმანეთს „ყველის სახლში“ შეხვდნენ. „ეს ყველაფერი შეგვიძლია ერთად ვაწარმოოთ“, – უთხრა ირაკლიმ ანას მას მერე, რაც მიქაძე-ჩიკვაიძის აღმოჩენილი და გაცოცხლებული ყველის სახეობები დააგემოვნა. საწარმოს მშენებლობა ერთ საღამოში გადაწყვიტეს.

მშენებლობა მალევე დაიწყო. ზუსტად ერთ წელიწადში, 4 ჰექტარი მიწა მთლიანად აითვისეს.

აგროკომპლექსის მშენებლობა

საწარმოს გარდა, ტერიტორიაზე მეყველეთა სკოლა დაფუძნდება. ტექნოლოგებისთვის პროგრამის შედგენას და მოსწავლეების მიღებას მას მერე დაიწყებენ, რაც მშენებლობა დასრულდება. „საქართველოში ძალიან ცოტა კარგი ყველის ტექნოლოგია. არ ვაპირებთ, სკოლა კომერციულ პროექტად ვაქციოთ. უბრალოდ, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ისწავლიან, წარმოების პროცესში ჩავრთავთ, დავიხმართ, პრაქტიკის მიღების საშუალებას მივცემთ“, – გვიზიარებს გეგმებს ირაკლი კიკოლაშვილი. სკოლის შენობის მეორე სართულზე მცირე სასტუმრო განთავსდება, რომელშიც მოსწავლეები ცხოვრებას შეძლებენ.

სრული აგროკომპლექსის შექმნა იგეგმება. „თელეთი-სენეს“ დაფუძნებიდან მალევე ამუშავდა მარანი. ტურისტულ პაკეტში როგორც საწარმოს დათვალიერება, ისე თონის პურის გამოცხობა, ღვინის დაგემოვნება და ქართული ყველის ისტორიის მოსმენა შედის. „გიდები თავად დაგვიკავშირდნენ. თელეთი თბილისთან ახლოსაა, ყველის ასეთი მრავალფეროვნება კი არცერთ საწარმოს არ გააჩნია“.

ირაკლი კიკოლაშვილი კონტაქტური ფერმის გაშენებასაც აპირებს. „ბავშვებთან ერთად ამოსული ოჯახები შეძლებენ შინაური ცხოველები დაათვალიერონ, აჭამონ“, – გვიხსნის ანტრეპრენერი. მინიზოოპარკი სამომავლოდ თელეთის ვიზიტორთა რაოდენობას ბევრად გაზრდის.

მშენებლობის პროცესშია ღვინის მცირე საწარმოც. ღვინო და ყველი ხომ განუყოფელი წყვილია. ასევე გეგმავენ თხების მოშენებასა და თხის ყველის წარმოებას.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც ყველის გარშემო იტრიალებს, რაც ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას.

დაკვირვების შედეგად შეცვლილი
მარკეტინგული სტრატეგია

პირველმა თვეებმა დაკვირვების რეჟიმში
გაიარა და აღმოჩნდა, რომ არსებულ
 მარკეტინგულ სტრატეგიას  მოდიფიცირება სჭირდებოდა. საჭიროება მოსახლეობის დაბალმა მსყიდველუნარიანობამ განაპირობა. „ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ხალხს არ აქვს საშუალება კილოგრამ ყველში 25-30 ლარი გადაიხადოს. ამიტომ საჭირო იყო პრემიუმკლასის ყველთან ერთად, ეგრეთ წოდებული
 მასობრივი მოხმარების  ყველიც გვეწარმოებინა და ასევე შეგვემცირებინა ულუფები ორივე ხაზის მიმართულებით. მცირე ულუფებში 300-400 გრამი ყველია და მარკეტებში მისი ღირებულება მასობრივი მოხმარების ყველისთვის დაახლოებით 6 ლარს შეადგენს, ხოლო პრემიუმის შემთხვევაში, საშუალოდ 9 ლარს“, – ამბობს ირაკლი კიკოლაშვილი.

მსგავსი შეფუთვა, გარდა იმისა, რომ ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს აძლევს საშუალებას „თელეთი სენეს“ ყველი შეიძინოს, სხვა უპირატესობებითაც ხასიათდება:

უპირველეს ყოვლისა, როდესაც ულუფა პატარაა და შესაბამისად შედარებით დაბალი ფასი აქვს, მომხმარებელი უფრო თამამად გადაწყვეტს, რომ დააგემოვნოს. შემდეგ, თუ მოეწონება, დიდ ულუფას შეიძენს. ეს კი კომპანიას მნიშვნელოვნად დაეხმარება მეტი მომხმარებელი მოიზიდოს – მით უმეტეს მაშინ, როცა ბრენდი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ცნობილი.

მეორე მხრივ, მომხმარებელს ერთი სახეობის კილოგრამი ყველის შეძენის ნაცვლად, უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტის – ნებისმიერი
3 ან 4 სახეობის ყველის შეძენა შეუძლია.

ასევე, ქართული ყველით არაერთი ტურისტი ინტერესდება, მცირე ზომის შეფუთვით კი, ყველის საზღვარზე გადატანა ბევრად კომფორტულია.

ახალმა სტრატეგიამ ნამდვილად გაამართლა.

„მთელი ცოდნა, რაც დავაგროვე, კიკოლაშვილებმა კარგად მოირგეს, გაიზიარეს. საწარმო უამრავ მივიწყებულ ყველს აცოცხლებს“, – გვიყვება ანა. მეყველე ანასა და ანტრეპრენერი კიკოლაშვილების ტანდემი ნამდვილად შედგა, რასაც ციფრებიც მოწმობს: საწარმოს დღეში 10 ტონა ყველის წარმოება შეუძლია. „თელეთი-სენეს“ პროდუქცია დიდ მარკეტებში, რესტორნებსა და სასტუმროებში შეაქვს. დამფუძნებლები უახლოეს 2-3 თვეში მოგებაზე გასვლას გეგმავენ. მიმდინარე გეგმებში ქართული ბაზრის ბოლომდე ათვისება, შემდეგ კი
 ექსპორტზე  გასვლაა.

პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ხარისხიანი ყველის დამზადებას ენიჭება. საბედნიეროდ, რძის პროდუქტების ხარისხს საქართველოში „რძის რეგლამენტი“ – კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, არეგულირებს. „ეს დიდი ფუფუნებაა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანას არ აქვს“, – ამბობს ანა. რძისა და რძის ნაწარმის რეგლამენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტის მიხედვით, რძის ფხვნილისგან მიღებულ პროდუქტს „ყველი“ აღარ შეიძლება ეწოდოს. ამ რეგლამენტის წყალობით, ყველას ეცოდინება, რომ „თელეთი-სენე“ ნამდვილ ყველს აწარმოებს.

რძის დეფიციტი

ამ დროისთვის პრობლემად რძის შეზღუდული რაოდენობა და მაღალი ფასი რჩება. ირაკლი კიკოლაშვილის თქმით, რძის მწარმოებელი დიდი ზომის ფერმები მხოლოდ 2%-ს თუ შეადგენს. შედეგად, „თელეთი-სენე“ რძეს საშუალო ზომის ფერმერებისგან იძენს, რომელთაც 50-60 სული ძროხა ჰყავთ. ამ შემთხვევაში კი, ფასი საძოვრებზე ბალახის არსებობასთან და შესაბამისად, სეზონთან ერთად იცვლება, რადგან საშუალო ზომის ფერმერებს არ აქვთ საკმარისი სახსრები, ხელოვნურად სათანადოდ კვებონ პირუტყვი. ზაფხულში, როცა საძოვრების პრობლემა არ არსებობს, რძის რაოდენობა იმატებს და ლიტრის ღირებულება 40 თეთრს შეადგენს. ზამთარში კი ფასი 300%-ით იზრდება და ლარსა და 20-30 თეთრამდე აღწევს.

ერთი შეხედვით, გამოსავალი შესაძლოა სეზონზე დაბალ ფასად რძის შესყიდვა და დასაწყობება იყოს. თუმცა რძის დასაწყობება წარმოუდგენლად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

როგორც ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ამბობს, ნედლეულის პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო სტრუქტურებისგან არაერთი დაპირება აქვს მიღებული: „ქარხანა ერთი წელია მუშაობს, თუმცა რძის არქონა ხელს გვიშლის. ამ საკითხს ერთი ან ორი ფერმერი ვერ მოგვიგვარებს. მაღალპროდუქტიული პირუტყვის პრობლემა დგას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო 24 საათი ამ თემაზე მუშაობს. ფინანსთა მინისტრისგან კი ისეთი დაპირებები მივიღე, 30% მაინც თუ შესრულდა, ყველაფერი კარგად იქნება“.

მაგალითი შვილებისთვის

ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ მეყველეობა დამოუკიდებლად, სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე დაიწყო. არც იმას შეუშინდა, რომ მარცხს უწინასწარმეტყველებდნენ. არც ფინანსურ პრობლემებს. არც არავინ დაუვალდებულებია, თანამონაწილეობა მიეღო. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს მეყველეობა მისმა უფროსმა შვილმა – ბექამ მოინდომა. რამდენიმე წელიწადში მას შუათანა ვაჟი, ალექსანდრე შეუერთდა. „დე, იმდენი რამე გააკეთე, არ შეიძლება რომ დაიკარგოსო – ასე მითხრა. იმხელა მხარდაჭერა იყო, 2 კვირა საბნის ქვეშ ვტიროდი. არც კი მიფიქრია, რომ ოდესმე მეყველეები გახდებოდნენ. წუწიანი საქმეა – თავზე მუდმივად შრატი გასხია. ახლა სულ საწარმოში არიან. ახალგაზრდა ბიჭები ყველს აკეთებენ, უსაშველოდ იღლებიან. სანდრო რომ მოდის, აშკარად ფეხზე სძინავს, ბექას ცოლ-შვილი ჰყავს და ვერცერთს ნორმალურად ვერ ნახულობს“. მესამე ვაჟი მეყველეობას ჯერ არ შედგომია, თუმცა ოჯახის წევრებს საწარმოს მარკეტინგში დახმარებას ხშირად სთავაზობს.

მეყველე ანას სამომავლო გეგმები

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოფელში საწარმოს საქმიანობის გარდა, სახლის მეურნეობას ამუშავებს. უახლოეს გეგმებში თხების მოშენება აქვს. სურს 100%-ით ხელნაკეთი ყველი ქართულ ბაზარზე გაიტანოს. პროექტის განხორციელებაში მეყველეს ირაკლი კიკოლაშვილი და სოსო გალუმაშვილი უდგანან გვერდით. „როცა ჩემი ფერმა მექნება, ვეცდები საქონელი მოვლილი, მუდმივად შემოწმებული იყოს, რომ რძის პასტერიზაცია არ მომიწიოს. ყოველდღიურ რეჟიმში მეყოლება ვეტერინარი, ყველაფერი კონტროლის ქვეშ იქნება“.

კიდევ ერთი მიზანი ყველის მუზეუმის გახსნაა. ანა აღშფოთებას ვერ მალავს, რომ ყველის რვაათასწლიანი წარმოების ისტორიის მქონე ქვეყანას მუზეუმი არ გააჩნია. „უფლება არ გვაქვს, მუზეუმი არ გვქონდეს. ეროვნულ მუზეუმში 55-მდე არტეფაქტია შენახული, სადაც ისიც კი მითხრეს, მზად ვართ ჭურჭელი გათხოვოთ, რომ გამოფენა გააკეთოთო“.

2010 წელს ყველის ფესტივალი წამოიწყო. თუმცა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაკავებული თანამდებობიდან იქამდე გაათავისუფლეს, სანამ ანა, როგორც ფესტივალის ორგანიზატორი, დაპირებულ 15 ათას ლარს მიიღებდა. მაინც არ დანებდა და ფული ისესხა, რომ ღონისძიება ჩაეტარებინა. საბედნიეროდ, სახელმწიფო სტრუქტურისგან ფესტივალისთვის გათვალისწინებული თანხა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღო. ასე გადაურჩა დიდ ვალში გადავარდნას. ყველის ფესტივალი კი განვითარდა – „ქუთაისმა ფესტივალის ჩატარება თავისი ინიციატივით დაიწყო და ვეხმარები; შემდეგ მცხეთაში დამბალხაჭოს რეგიონული ფესტივალი მოვაწყეთ, უახლოეს მომავალში ფესტივალს ვგეგმავთ თელავშიც, ზუგდიდშიც“.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს კიდევ ერთი ოჯახის წევრი – ძმისშვილი, მორიგი პროექტის განხორციელებაში ეხმარება. „ანა მიქაძე უმცროსი აპირებს მუზეუმის საქმეში ჩაერთოს. აფრენს არქეოლოგიაზე, ისე კი ინგლისურის სპეციალისტია. აპირებს კონცეფციის დასრულების შემდეგ ამ საქმეს მიხედოს“.

ყველის ათეულობით სახეობა მთელი საქართველოდან, ყველის საწარმო, მუზეუმი, ფესტივალი და ყველის კულტურისადმი მიძღვნილი 15 წელიწადი – მეყველე ანას ყველზე საუბარი დაუსრულებლად შეუძლია, დიდი სიყვარულითა და აღფრთოვანებით.

„წამი არ ყოფილა ეჭვის და წამი არ ყოფილა ყოყმანის. ერთ ღამეს დავიძინე და დილით უკვე პროექტ „ქართული ყველის“ ავტორად გამეღვიძა. მაგრამ მაშინ არ მითქვამს, რომ წინასწარ ვხედავდი ყველა ფესტივალს, ყველა ბიზნესაქტივობას. ვხედავდი, როგორ განვითარდებოდა ეს ყველაფერი. ამ ბოლოსკენ ამბებს ვხედავდი, რომ ეს პროექტი აუცილებლად გამოვიდოდა, რომ ეს კარგი პროექტი იყო – ღირებული და ნამდვილი, და დავიწყე. დავიწყე ბოლო საცხოვრებელი სახლის „მიხურდავებით“ და სოფელში გადმოსახლებით... ლომბარდში ყველა სამკაულის ჩაბარებით და დაკარგვით; რასაკვირველია, მცირე და დიდი სესხებით, და ახლა აქ ვარ. მე ვარ, მეყველე... კარგი მეყველე ვარ, ნამდვილი!“                                       

 

 

 

 

 

 

More from Entrepreneur

Dustin's experience and expertise can help you monetize your message, build a marketing strategy and connect with influencers.
Book Your Session

For a limited time only, get this bundle of Entrepreneur Press® titles for less than $30 (60% OFF) on our bookstore when you use "LEAP" at checkout.
Buy Now

Are paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.
Get Your Quote Now

Latest on Entrepreneur

My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.