You can be on Entrepreneur’s cover!

ქართული მთის ღორის ხორცი ექსპორტზე გადის Native Georgian საპარტნიორო ფონდთან ერთად 15-მილიონიან პროექტს ახორციელებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

რამდენიმე თვეში ქართული მთის ღორის ხორცის დაგემოვნებას არაერთ ქვეყანაში შეძლებენ.
Native Geоrgian რეხინო დიაზ დელ რიოსამ და ლუის სანს კასადომ მას მერე დააარსეს, რაც კახეთში მწვადი დააგემოვნეს და მიხვდნენ – ქართული მთის ღორის ხორცის გემოვნური თვისებები ცნობილ ესპანურ „იბერიკოს" არაფრით ჩამოუვარდებოდა. საპარტნიორო ფონდთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად, რაჭაში წლის ბოლოს ფერმა გაშენდება. სექტემბრიდან ხორცპროდუქტების მასობრივი წარმოება დაიწყება. საქართველო ხამონის – ესპანური დელიკატესის მწარმოებელი გახდება.

ვასილ ბაბლუანმა – ქართველმა ბიზნესმენმა, რომელიც ესპანეთში საქმიანობს, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ღორის ხორცის ცნობილი ესპანური ბრენდის – Deraza Iberico S.L.-ის ხელმძღვანელი, რეხინო დიაზ დელ რიოსა მოიწვია.

კახეთში დიაზს ქართული მთის ღორისგან დამზადებული მწვადი გაასინჯეს. სწორედ ამ მომენტში გადაწყდა, რომ ქართული მთის ღორის მოშენებასა და ხორცის რეალიზაციას, მთავრობის ხელშეწყობით, საკუთარ თავზე სწორედ რეხინო დიაზ დელ რიოსა და ლუის სანს კასადო აიღებდნენ.

„ხორცი უმაღლესი ხარისხის იყო, უნიკალური გემოვნური თვისებებით. კახური სტუმართმოყვარეობის დამსახურებაცაა, რომ ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ", – გვიყვება „იბერიკოს" ჯიშის ღორის ხორცის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი.

ქართული მთის ღორი გადაშენების პირას იყო მისული. პროექტის გასახორციელებლად, უპირველესი მნიშვნელობა მის აღდგენას მიენიჭა. პროექტი 25 მთის ღორის სტერილურ პირობებში მოშენებით დაიწყეს. ზუსტად 2 წელიწადში, დედაღორების რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა.

შეიქმნა საპარტნიორო ფონდთან არსებული Native Georgian, რომელსაც რეხინო დიაზ დელ რიოსა და ლუის სანს კასადო ხელმძღვანელობენ. თიანეთში ფერმა გაშენდა, უნიკალური ჯიშის 25 ეგზემპლარი კი 2 წელიწადში 500 სულამდე ავიდა.

„300 დედაღორით დავიწყებთ და წელიწადში ან წელიწადნახევარში, 1000-1500 სული გვეყოლება. ისინი პარტნიორ ფერმებში გადანაწილდებიან. პროექტმა სტარტი „მინუსიდან" აიღო. ნელ-ნელა გავძლიერდით. გვჯერა, რომ დიდი მომავალი გვაქვს და ყველაფერს გრძელვადიან პერსპექტივაში ვუყურებთ. წარმოება საქართველოს და ქართველ გლეხს დიდ შემოსავალს მოუტანს", – აცხადებს ესპანელი ბიზნესმენი.

რეხინო დიაზ დელ რიოსამ, ვასილ ბაბლუანმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ პროექტის მნიშვნელობაზე აგრარული უნივერსიტეტის კულინარიულ აკადემიაში, 17 მაისს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრეს. მოწვეულ სტუმრებს – დარგის სპეციალისტებს, მეცნიერებს, კულინარებს, აღიარებული შეფების მიერ სწორედ ქართული მთის ღორის ხორცისგან დამზადებული 15-მდე კერძის დაგემოვნების საშუალება მიეცათ.

პროექტის საერთო ღირებულება 15 მილიონი დოლარია, რომელიც 5 ეტაპისგან შედგება.

უპირველესად, იგეგმება ფერმის გახსნა რაჭაში – პრეზენტაცია ზაფხულის ბოლოს შედგება. ფერმაში 1000-1500 მთის ღორი მოიყრის თავს. საწყისი სტადიის ღირებულება 750 ათასი დოლარია, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 350 ათას დოლარს შეადგენს.

მეორე ეტაპზე 1200 დედაღორის მოშენებაა დაგეგმილი. გარდა ამისა, საქართველოს 9 რეგიონში ფერმები გაშენდება. „გლეხები მაღალმთიანი რეგიონებიდან მოძლიერებულ გოჭებს შეისყიდიან და გაზრდიან, შემდეგ კი ჩვენ მათგან შევისყიდით უკვე წამოზრდილ საქონელს ფიქსირებულ ფასად", – გვიხსნის ვასილ ბაბლუანი. მესამე ეტაპის ფარგლებში, დედაღორებს თავად ფერმერები გაზრდიან, შემდეგ კი ფერმებს მიჰყიდიან.

მეოთხე ეტაპი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ევროპული სტანდარტის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას და მთის ღორის ხორცისგან დამზადებული პროდუქციის რეალიზაციას ითვალისწინებს.

მეხუთე ეტაპზე კი ქართული ხამონი დამზადდება და ექსპორტზე გავა. ფერმის პრეზენტაციაზე მთის ღორის ხორცისგან დამზადებული პირველი ხამონის დაგემოვნებას სტუმრებიც შეძლებენ.

Native Georgian-ს დიდ დახმარებას, საპარტნიორო ფონდის გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს. „საპარტნიორო ფონდი პროექტის 49%-ს აფინანსებს, თუმცა არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ყველა ასპექტში გვერდში გვიდგას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრი და ვეტერინარიული დეპარტამენტი კვლევით სამუშაოებს აწარმოებენ. ყველა ნაბიჯს მათთან შეთანხმებით ვახორციელებთ", – ამბობს ვასილ ბაბლუანი.

ვასილ ბაბლუანი ქართველი ბიზნესმენია, რომელიც ესპანეთში საქმიანობს. სამშობლოში ბიზნესსაქმიანობის გაგრძელება მას მერე მოისურვა, რაც, მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ბიზნესგარემო დასტაბილურდა. საქართველოში არაერთ პროექტს უძღვება – როგორც სამშენებლო სფეროში, ისე სოფლის მეურნეობის დარგში.

ესპანურ ბიზნესპრაქტიკას აქტიურად იყენებს. „ჩამოვაყალიბე ქართულ-ესპანური კომპანია, ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარების სააგენტო და ესპანური თუ ზოგადად, ევროპული გამოცდილების კომპანიებს დავუკავშირდი. ჩამოვიყვანე, გავაცანი აქაური ბაზარი, საქართველოს პოტენციალი", – გვიყვება ბაბლუანი.

სწორედ ამ მიზნით დაუკავშირდა რეხინო დიაზ დელ რიოსას. იგი ესპანური ხორცპროდუქტების ცნობილი მწარმოებელი Dereza Iberico S.L.-ის დამფუძნებელი ოჯახის მეოთხე თაობის წარმომადგენელია. დელ რიოსა ისეთ კომპანიას ხელმძღვანელობს, რომლის გაყიდვებმაც 2017 წელს 85 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ბრენდის პრაქტიკაში ესპანური შავი ღორის ჯიშის – „იბერიკოს" გადარჩენა და მოშენებაა. კომპანია იაპონიასთან, კორეასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და მსოფლიოს არაერთ სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობს.

Dereza Iberico S.L.-ის რუკაზე 2 წლის წინ საქართველოც გამოჩნდა. „მივხვდით, რომ საქართველოში არსებობდა ისეთი ჯიში, რომელზე მუშაობაც დიდ წარმატებას მოგვიტანდა – ხორცის ხარისხი ხომ ძალიან მაღალია", – ამბობს ესპანელი ბიზნესმენი.

ქართული მთის ღორის ხორცით წარმოებული პროდუქტების არჩევანი მრავალფეროვანი იქნება. თუმცა, განსაკუთრებული აქცენტი ხამონზე გამახვილდება – ესპანური წარმოშობის დელიკატესი ექსპორტზე გავა და წარმოების პოტენციალს ერთიორად გაზრდის.

ინსპირაცია

რას გვასწავლის მეი მასკი?

"დაისახეთ მიზანი - ახლავე!"