ბიზნეს ქოუჩინგი ანტრეპრენერებისთვის

რა უფრო არის ქოუჩინგი – მეცნიერება თუ ხელოვნება?

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წარმატების მეცნიერება – ზოგჯერ ასე უწოდებენ ქოუჩინგს. და ამას ხშირად მოყვება დავა, რა უფრო არის ქოუჩინგი – მეცნიერება თუ ხელოვნება? ქოუჩინგის პროცესი ხელოვნებასთან ნამდვილად უფრო ახლოსაა, ვიდრე მეცნიერებასთან. თუმცა ეს გამოთქმა ასახავს ქოუჩინგის, როგორც პროფესიის არსს – სისტემური მიდგომით და სიღრმისეული ცოდნების გამოყენებით, დაეხმაროს ინდივიდს ან კომპანიას წარმატების მიღწევაში.

entrepreneur

ვის, თუ არა ანტრეპრენერებს, სჭირდებათ წარმატების მიღწევა? ანტრეპრენერები არიან ინიციატივიანი, რისკიანი, მიზანდასახული ადამიანები. აუცილებელი არ არის, ყოველთვის ისინი იყვნენ იდეის ავტორები, მაგრამ ეს არიან ადამიანები, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ იდეა აქციონ რეალობად, და ეს თვითონ გააკეთონ. ყოველივე ეს მათ ლიდერად აქცევს.

ასეთი გაბედული ლიდერების გზა „იდეიდან რეალობამდე“ სავსეა გამოწვევებით. რა თქმა უნდა, ბიზნესის საწყის ეტაპებზე მათ სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა, გუნდი და შესაბამისი კომპეტენციები. არ არსებობს ანტრეპრენერი, რომელიც ფლობს ყველა საჭირო ცოდნას და უნარს. ცოდნის გასაღრმავებლად, არსებობს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ავსებს არსებულ ინფორმაციულ დეფიციტს საჭირო მიმართულებებში – მარკეტინგში, გაყიდვებში, ფინანსებში და ა.შ. მაგრამ ახალი წამოწყებების შედეგიანობის მსოფლიო სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ რთულ ბიზნესგარემოში მხოლოდ ეს ცოდნა, კარგი გუნდი და ფინანსები საკმარისი მაინც არ არის.

იმისათვის, რომ იდეა რეალობად იქცეს, მდგრად რეალობად, ანტრეპრენერებს უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული აზროვნების სტილი, განსაკუთრებული ხედვის უნარი, სტრესის გამძლეობა, მოტივაცია, კონკურენტულ გარემოში ოპტიმიზმის შენარჩუნების, თვითორგანიზების, ურთიერთობების მართვის უნარი და სხვა თვისებები. ეს, ეგრეთ წოდებული „სოფტ“ უნარებია, პიროვნული თვისებებია, რომლებიც დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა თანამედროვე ლიდერებისთვის და შესაბამისად, ანტრეპრენერებისთვის.

ამ ლიდერული თვისებების აქტუალობამ გამოიწვია ინდივიდუალური და გუნდური ბიზნეს ქოუჩინგის და ქოუჩინგური პროგრამების პოპულარიზაცია. 2012 წლის მონაცემებით, ამერიკული კომპანიების დანახარჯი ლიდერული უნარების განვითარების ტრენინგებში წლიურად 14 მილიარდს შეადგენს. სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ტრენინგების კომბინაცია ინდივიდუალური ქოუჩინგის თანმდევ სესიებთან. ლიდერების ინდივიდუალური ქოუჩინგი მიზნად ისახავს ლიდერის პირადი ეფექტურობის გაზრდას, ტრენინგზე შეძენილი უნარ-ჩვევების გამყარებას და კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვას.

ბიზნეს ქოუჩი ლიდერის მხარდამჭერის როლს ასრულებს რთულ ბიზნესგარემოში ნავიგაციისას და მნიშვნელოვნად ზრდის ანტრეპრენერების წარმატების შანსს. ქოუჩს აქვს კლიენტისადმი უშუალო და ამავდროულად, პროფესიული ურთიერთობა. სხვა უამრავ სარგებელს შორის, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბიზნეს ქოუჩინგის 3 ძირითადი დანიშნულება:

1. სიცხადის შეტანა – ხშირ შემთხვევაში, ბიზნესის წამოწყებისას არის კარგი იდეა, კარგი პროდუქტი, და ერთი შეხედვით, უამრავი შესაძლებლობა. მაგრამ ქოუჩთან თანამუშაობა ეხმარება ანტრეპრენერს, შეიმუშაოს მკაფიო ხედვა, დაინახოს ბიზნესის განვითარების საუკეთესო სცენარი, გაერკვეს მიზნებში და მისიაში, მისცეს თავს უფლება იოცნებოს მაქსიმალურად ფართო მასშტაბებით. თუმცა ქოუჩინგის პროფესიონალიზმი მდგომარეობს ასევე რეალისტურ და კრიტიკულ მიდგომაში. ქოუჩი ეხმარება ანტრეპრენერს რისკების ანალიზში, პრიორიტეტიზაციაში, ფოკუსირებაში, რაც მინიმუმამდე ამცირებს გადაჭარბებულ მოლოდინს, დაკარგულ დროს, თანხებს და სხვა ტიპურ შეცდომებს, რომლებიც ახალ წამოწყებებს ახლავს.

2. აზროვნების სტიმულირება – ასევე მნიშვნელოვანია ქოუჩის მხარდაჭერა სწორი არჩევანის გაკეთებაში გრძელვადიანი პერსპექტივების გათვალისწინებით. ქოუჩინგის ინსტრუმენტები ეხმარება ანტრეპრენერს სტრატეგიულ აზროვნებაში, შემოქმედებით მიდგომაში, მიზნის მიღწევის საუკეთესო გზების აღმოჩენაში, სწორი ამოცანების დასახვაში, სწორ დაგეგმარებაში, კონკრეტული სტრატეგიული და ტაქტიკური სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ქოუჩთან ურთიერთობა გარკვეულწილად ამაღლებს ანტრეპრენერის პასუხისმგებლობას საკუთარი გეგმების მიმართ და ერთგვარად, ზრდის მის მობილიზებულობასაც.

3. პიროვნული გაძლიერება – ანტრეპრენერის საქმიანობა სავსეა მოულოდნელობებით. საქმის დაწყების სიხარულს ხშირად მოსდევს იმედგაცრუება, ახალი რეალობები, ახალი ურთიერთობები, ახალი გამოწვევები. ქოუჩი ეხმარება ანტრეპრენერს პიროვნულ სიმტკიცეში, ურთიერთობების მართვაში, ოპტიმიზმისა და თავდაჯერებულობის შენარჩუნებაში, გარემოს ცვალებადობის მიუხედავად. ქოუჩინგური ინსტრუმენტების დიდი ნაწილი მიზნად ისახავს კლიენტის მიერ შინაგანი მოტივაციის პოვნას და ამაღლებას. შინაგანი მოტივაცია წარმოადგენს სწორედ უშრეტი ენერგიის წყაროს, რომელიც ასე სჭირდება ანტრეპრენერს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე პიროვნული და გარეგანი ბარიერების გადალახვისას.

ბუნებრივია, ნათელი ხედვებით, შემოქმედებითი მიდგომით, სტრატეგიული აზროვნებით, პიროვნული სიმტკიცით შეიარაღებული პროაქტიული ანტრეპრენერი ბევრად მეტი ალბათობით მიაღწევს სასურველ შედეგს – წამოწყებული ბიზნესის წარმატებულ ზრდასა და განვითარებას.

უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ბიზნეს ქოუჩინგის ორი ტიპის ფორმატი, იქიდან გამომდინარე, თუ რას საჭიროებს ანტრეპრენერი:

1. კლასიკური, შედეგზე ორიენტირებული ქოუჩინგის ფორმატი – მოიაზრებს ურთიერთობას, სადაც ქოუჩი არ იძლევა არანაირ რჩევებს, პროფესიული მეთოდებით ახდენს ლიდერის თვითცნობიერების გაზრდას, რაც მატებს მის საქმიანობას სიცხადეს, ასტიმულირებს შემოქმედებით, სტრატეგიულ და კრიტიკულ აზროვნებას, და აძლიერებს ლიდერს პიროვნულად. ასეთი ფორმატის დროს, არსებითია ქოუჩის პროფესიონალიზმი, მისი ქოუჩინგში გამოცდილება და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ერკვევა თუ არა კლიენტის ინდუსტრიაში ან ბიზნესის განვითარების საკითხებში.

2. ქოუჩინგ-კონსულტაციის ფორმატი – მოიაზრებს ქოუჩინგის და ბიზნესკონსულტაციის კომბინირებას. ასეთი მომსახურების შემთხვევაში, ქოუჩი, გარდა კლასიკური ქოუჩინგური მიდგომებისა, ითავსებს ბიზნესმენტორის როლს და რჩევებით და საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, ეხმარება ანტრეპრენერს ბიზნესის სწორი მიმართულებით განვითარებაში. ასეთ ფორმატში, გარდა ქოუჩინგში გამოცდილებისა და პროფესიონალიზმისა, ქოუჩს მოეთხოვება უმაღლესი განათლება ან სოლიდური გამოცდილება ბიზნესის მართვაში, და ხშირ შემთხვევაში, კლიენტის ინდუსტრიის ექსპერტული ცოდნაც.

გროუინი არის ქოუჩინგის პირველი კომპანია საქართველოში. მისი მისიაა, დაეხმაროს ინდივიდებს და კომპანიებს ზრდაში, განვითარებაში და განსაკუთრებული შედეგების მიღწევაში. გროუინი კომპანიებს სთავაზობს ინდივიდუალურ და გუნდურ ქოუჩინგს ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ფაზაში, მათ შორის სტარტაპის ეტაპზე. კომპანიის მომსახურებები ასევე მოიცავს ბიზნესუნარებისა და პიროვნული განვითარების ტრენინგებს, და საერთაშორისო სერტიფიცირებულ განათლებას ქოუჩინგში. გროუინი წარმოადგენს ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოფიციალურ და ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში.