FregoBus საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოებას იწყებს

"ჩვენ ხარისხზე პასუხისმგებლობას სრულად ავიღებთ"
FregoBus საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოებას იწყებს
ფოტო: ირაკლი დოლიძე

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
ჟურნალისტი
5 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ამაზე მეტყველებს დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი, რომელიც ნორმას საგრძნობლად აღემატება. ბოლო წლებში განსაკუთრებულად მომრავლებული ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი აღნიშნულის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. გამოსავლის ძიებაში არაერთი სახელმწიფო ინსტანციაა ჩართული, თუმცა მათ არც კერძო კომპანიები ჩამორჩებიან. სწორედ ეკოლოგიური პრობლემის მოგვარების სურვილი იყო FregoBus-ის ერთ-ერთი მოტივატორი, საქართველოში ელექტროავტობუსების საწარმო გაეხსნა. აღნიშნული ინიციატივის შედეგად, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში სწორედ ელექტროავტობუსებმა ჩაანაცვლონ. პროექტი ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა, თუმცა ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და საქალაქო ელექტროტრანსპორტი დედაქალაქში უკვე გადაადგილდება. რამდენიმე თვეში საქართველოში საწარმო გაიხსნება – გაფორმდა ხელშეკრულებები ჩინურ ZTE Corporation-სა და გერმანულ EURABUS-თან. FregoBus-ის ინიციატივითა და ამ ორი უდიდესი საერთაშორისო პარტნიორის დახმარებით, 2019 წლის ბოლოს, ქვეყანა ელექტროავტობუსების პირველ ნაკადს გამოუშვებს.

მურმან პატარაია – FregoBus-ის გენერალური დირექტორი უკვე მეორე წელია გერმანულ და ჩინურ მხარესთან ერთად, საქართველოში ელექტროავტობუსების პირველი საწარმოს შექმნაზე მუშაობს. ამ ეტაპზე საწარმოსთვის ლოკაციის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, 2019 წლის ბოლოს კი ქალაქის ქუჩებში თბილისში წარმოებული ელექტროავტობუსები გამოჩნდებიან.

FregoBus-ს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორი პარტნიორი ჰყავს – უდიდესი ჩინური კორპორაცია ZTE და მანქანათმშენებლობაში 27-წლიანი ისტორიის მქონე გერმანული ЕURABUS. ქართული მხარის წარმომადგენლები ჩინეთში უკვე ორჯერ იმყოფებოდნენ, წარმოება შეისწავლეს და სამმხრივ ხელშეკრულებასაც მოაწერეს ხელი.

„ქარხანა გერმანულ-ჩინურია, სადაც ტრანსპორტი აზიური, ამერიკული და ევროპული ბაზრებისთვის იქმნება. ევროპული ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროდუქციის წარმოებაში წამყვან როლს ЕURABUS თამაშობს. ტრანსპორტს ევროპული კომპლექტაცია აქვს. შესაბამისად, სტანდარტიც უმაღლესია – კარისა და სამუხრუჭე სისტემები, ელემენტები, მძღოლის სამუშაო სივრცე. სატრანსპორტო საშუალება ადაპტირებულია შშმ პირებისთვისაც“. ავტობუსის ნაწილები გერმანიაში მზადდება, ხოლო ალუმინის კორპუსი, მთავარი ღერძი და კორპუსის შეკვრა, მთლიანად ჩინურ მხარეზეა მინდობილი. დანარჩენ ნაწილებს ასევე ჩინური მხარე უზრუნველყოფს.

წარმოების დაწყებამდე მნიშვნელოვანი ეტაპებია გასავლელი. უპირველესად, შეირჩევა 300 თანამშრომელი – ელექტრიკოსები, შემდუღებლები, ხარატები, რომლებიც გერმანიასა და ჩინეთში გაემგზავრებიან და გადამზადების პროცესს გაივლიან. „პარტნიორებს შორის ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, რაც მომავალშიც გაგრძელდება. ვგეგმავთ როგორც გერმანიასა და ჩინეთში თანამშრომლების ჩაყვანა-გადამზადებას, ისე უცხოელი პარტნიორების საქართველოში მოწვევასაც. აქ მუდმივად იმუშავებს საერთაშორისო ჯგუფი და ყველა პროცესი მათი მეთვალყურეობით წარიმართება. საქმე ადამიანის უსაფრთხო გადაადგილებასთან გვაქვს. შესაბამისად, დამკვეთები, უპირველეს ყოვლისა, გარანტიას ითხოვენ. ჩვენ ხარისხზე პასუხისმგებლობას სრულად ავიღებთ, გარანტიებს კი პარტნიორების ჩართულობის საფუძველზე გავცემთ“.

უცხოური კომპანიის ორივე წარმომადგენელი ადგილზევე გააკონტროლებს წარმოების ხარისხს.

თბილისში 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების წარმოება იგეგმება. თუმცა, შესაძლებელი იქნება თითოეული მათგანის გადაწყობა – ზომის შემცირება ან გაზრდა.

ტრანსპორტის ალუმინის კორპუსის აწყობა „ლეგოს“ პრინციპითაა შესაძლებელი, შედუღება მხოლოდ ავტობუსის ე.წ. შასს, საყრდენ ძელს სჭირდება. „სიმსუბუქის მიუხედავად, ძალიან მყარი კონსტრუქცია იქმნება“, – აღნიშნავს მურმან პატარაია.

საწყის ეტაპზე, გერმანული და ჩინური კომპანიები ავტობუსის ასაწყობად ნაწილებს გამოგზავნიან, ქართულ საწარმოში კი, უბრალოდ საბოლოო პროდუქტი შეიქმნება. FregoBus, სამომავლოდ, ავტობუსის ნაწილების საქართველოში წარმოებასაც გეგმავს – შესაძლოა, მინები, ალუმინის კორპუსები თუ სკამები, სწორედ ქართულმა კომპანიებმა დაამზადონ.

თუმცა, აქამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. „საქართველოში მანქანათმშენებლობა კარგა ხანია მიივიწყეს. წარმოება ამ მიმართულებით საბჭოთა კავშირის შემდეგ აღარ არსებობს. შესაბამისად, აღარც ამ საქმეში მოიძებნება კვალიფიციური კადრები. ჩვენი მიზანია, ადგილობრივებით დაკომპლექტებული პროფესიონალთა გუნდი შევქმნათ. გამოცდილების ნაკლებობის გამო, შესაძლოა, მუშაობის პირველ ეტაპზე მთავარი ინჟინრები ვერ გახდნენ, თუმცა, სამომავლოდ, საკმაოდ სერიოზული პერსპექტივები ექნებათ. სამუშაოები უცხოელი პარტნიორების მეთვალყურეობით წარიმართება“.

FregoBus-ის ინიციატივით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ჩინეთს უკვე ეწვივნენ, წარმოება დაათვალიერეს და ელექტროტრანსპორტის უპირატესობებში გაერკვნენ. ადგილზევე გადაწყდა, რომ ტესტირებისთვის საქართველოში ერთი ავტობუსი ჩამოგვეყვანა. შედეგად, მანქანა თბილისში ჩამოვიდა და გამოცდაც წარმატებით ჩააბარა.

მურმან პატარაიას მიაჩნია, რომ მთელი საქალაქო ტრანსპორტის ელექტროავტობუსებით ჩანაცვლება სრულიად რეალური პერსპექტივაა. მით უფრო, თუ სატესტო რეჟიმის დადებით შედეგებსაც გავითვალისწინებთ.

ტესტირების შედეგების მიხედვით, ელექტროავტობუსს მთელი დღის განმავლობაში შეუჩერებლად შეუძლია იმუშაოს. „ავტობაზაზე 100%-ით დამუხტული ავტობუსი 15-17 საათს შეუჩერებლად გადაადგილდება. ელემენტს დასამუხტად 2 საათი სჭირდება. შესაძლებელია, ავტოპარკიდან დილის 7 საათზე გამოვიდეს და მთელი დღე ისე იმუშაოს, რომ დამატებითი დამუხტვა არ დასჭირდეს. სრულად დატვირთული, უპრობლემოდ გადაადგილდება დედაქალაქის ყველაზე გრძელ და რთულ სამარშრუტო ხაზებზე და ყოველგვარი გართულების გარეშე მუშაობს“.

რაც შეეხება ხარჯებს, მოკვლევის მიხედვით დადგინდა, რომ MAN-ის ფირმის, ბუნებრივ აირზე მომუშავე ლურჯი ავტობუსები 100 კილომეტრზე 80 კუბამდე გაზს მოიხმარენ, რაც 100-105 ლარი ჯდება. დიზელზე მომუშავე ტრანსპორტისთვის, საშუალოდ 70 ლარის ღირებულების საწვავია საჭირო. ელექტროავტობუსის შემთხვევაში კი, ხარჯი შესამჩნევად მცირდება. „ყველა რელიეფის გათვალისწინებით, რომლებზეც გამოიცადა, სრულად დამუხტვა 20 ლარამდეც კი არ ჯდება. ესეც იმ ვითარებაში, როდესაც მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს და კონდიციონერიც ჩართულია“, – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.

ქარხანა, საქალაქო ტრანსპორტის გარდა, საქალაქთაშორისო ტიპის ავტობუსების წარმოებასაც შეძლებს – დიდ დისტანციაზე მომუშავე ელექტროავტობუსების ელემენტი შესაძლოა ისე აიწყოს, რომ დამუხტვის საჭიროება 100, 200, ან თუნდაც, მხოლოდ 400 კილომეტრის გავლის შემდეგ დადგეს.

საქართველოში წარმოებული ელექტროავტობუსები ყველანაირი კომფორტით იქნება უზრუნველყოფილი: უფასო Wi-Fi-სისტემით, USB- პორტებით, გათბობისა და გაგრილების თანამედროვე სისტემებით. ტრანსპორტის უსაფრთხოებას გასაყიდად გადაცემამდე საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები შეამოწმებენ.

FregoBus მხოლოდ საქართველოს ბაზრის ათვისებაზე არ არის ორიენტირებული. კომპანია წარმოებული ელექტროტრანსპორტის ექსპორტზე გატანას გეგმავს. თვეში, საშუალოდ, 15-20 ავტობუსის წარმოებაა შესაძლებელი. ქვეყანაში კი დღესდღეობით 1000-1200 ელექტროავტობუსის საჭიროებაა. შესაბამისად, საწარმოს გამართულ მუშაობასა და რესურსის სრულად გამოყენებას ევროპული ბაზარი უკეთ უზრუნველყოფს.

„ძირითადი დაინტერესებული მხარე გერმანიაა, რადგან საქართველოში წარმოება დაბალ დანახარჯებთანაა დაკაშირებული. გარდა იმისა, რომ ჩინეთის მსგავსად, საქართველოში გადასახადები და კომუნალური მოსაკრებლები დაბალია, იაფია ნედლეული და მუშახელი, ასევე, საქართველო გეოგრაფიულად გერმანიასთან ბევრად ახლოსაა. ამასთან ერთად, ქვეყანაში შესაძლებელია საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს დადებული. აქედან გამომდინარე, საქართველოში წარმოება გერმანიისთვის ბევრად იაფი და ხელმისაწვდომი გამოდის, ვიდრე ჩინეთიდან ევროკავშირის ქვეყანაში ნაწარმის პირდაპირ შეტანა. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მთავარი უპირატესობა“.

FregoBus ნავთობკომპანია Frego-ს პარტნიორია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა. იგი საწვავის იმპორტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის რუმინეთიდან, საბერძნეთიდან და ბულგარეთიდან ახორციელებს. Frego ბევრი ინოვაციური პროექტის ავტორია. სხვადასხვა სფეროში გამოცდილი, ამბიციური გუნდი საქართველოში ინოვაციების შემოსატანად და დასანერგად ძალისხმევას არ იშურებს.

საქალაქო ელექტროტრანსპორტის წარმოება საქართველოსთვის მრავალმხრივ მომგებიანი იქნება. უპირველესად, ამ ტიპის ავტობუსები ეკოლოგიაზე უარყოფით გავლენას ამცირებს – არ გააჩნია გამონაბოლქვი, რადგან 100%-ით ელექტროენერგიაზე მუშაობს. კომპანიის დაკვეთით, სფეროს ექსპერტებმა კვლევაც ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ თუკი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად ელექტროავტობუსებით ჩანაცვლდება, თბილისში CO2-ის გამოყოფა 30 ათასი ტონით შემცირდება და დაბინძურების მაჩვენებელი საგრძნობლად დაიწევს.

„ჩემი აზრით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ბოლო ათწლეულების განმავლობაში. რაც მთავარია, მისი განხორციელება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე დადებითად აისახება – თბილისში ყოფნა ხომ ბოლო დროს პრაქტიკულად გაუსაძლისი გახდა.

საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ სიმსივნური დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ დაბინძურებული ჰაერითაა გამოწვეული. ელექტროავტობუსების პროექტს კი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. საბოლოო პროდუქტი ხარისხიანი და კომფორტულია – აღჭურვილი ულტრათანამედროვე სისტემებითა და ყველა იმ სიკეთით, რაც შეიძლება თანამედროვე ცხოვრებისთვის იყოს საჭირო.

 

 

Latest on Entrepreneur