რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რა დავარქვა ჩემს კომპანიას? ამ ერთი შეხედვით მარტივ შეკითხვას პირველად 2 წლის წინ, ჩემი სტარტაპკომპანიის დაარსებისას შევეჩეხე და მაშინ აღმოვაჩინე, რომ კომპანიისთვის სახელის შერჩევა სულაც არ არის ისეთი მარტივი, როგორიც მანამდე მეგონა. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ მე და ჩემმა ბიზნესპარტნიორმა მეუღლემ, რა დაგვერქმია ჩვენი სტარტაპისთვის, საბოლოოდ კი მრავალი ე.წ. ბრეინსტორმინგისა და გადახაზული ვარიანტის შემდეგ გადაწყდა, რომ ჩვენი ფერადი წინდების კომპანიას „ალტერსოქსი“ დაერქმეოდა, რაც ნიშნავს ალტერნატიულ წინდებს, ანუ ყოველდღიური, მოსაწყენი წინდების მხიარულ, ფერად ალტერნატივას.

entrepreneur

შეკითხვა – რა დავარქვა ჩემს კომპანიას? – აუცილებლად დახვდება წინ ყველა ანტრეპრენერს, რომელიც ახალი კომპანიის შექმნისა და მისი სამომავლო სტრატეგიის შემუშავების გზას დაადგება. ერთი შეხედვით, კომპანიის სახელი თითქოს მთლიანი ბრენდინგის მცირე ნაწილს წარმოადგენს და რთულიც არაფერია კარგი სახელის მოფიქრებაში, თუმცა, როგორც წესი, ეს საკმაოდ შრომატევადი, ხანგრძლივი პროცესია და შემოქმედებით უნარს, სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს ანტერპრენერისგან, დროისა და რესურსის დახარჯვად კი ნამდვილად ღირს, რადგან სწორად შერჩეული სახელწოდება ძალიან დიდ როლს თამაშობს კომპანიის მომავალ წარმატებაში. ბრენდის სახელი, ისევე, როგორც ბრენდის სხვა ელემენტები (მაგალითად, ლოგო, ფერი და ა.შ.) არის ის, რითაც მომხმარებელი კომპანიას კონკურენტი კომპანიებისგან განასხვავებს, ამიტომ აუცილებელია ისეთი სახელი შევურჩიოთ კომპანიას, რომელიც ბაზარზე სწორ პოზიციონირებაში და მომხმარებლის გულსა და გონებაში ჩვენთვის სასურველი ადგილის დასამკვიდრებლად დაგვეხმარება.

ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ 5 რჩევა, რომელიც, იმედი მაქვს, გამოგადგებათ, ვინც თქვენი კომპანიის შექმნას გეგმავთ და ამჟამად სწორი სახელწოდების ძიების პროცესში ხართ:

1. კომპანიის სახელი უნდა იყოს მარტივად აღსაქმელი და ადვილად დასამახსოვრებელი – ერიდეთ გრძელ, რთულად წარმოსათქმელ სიტყვებს, რადგან მომხმარებლებს უჭირთ გრძელი ბრენდის სახელწოდებების დამახსოვრება. ასევე, ერიდეთ ნაკლებად ნაცნობ უცხოურ სიტყვებს და დასახელებებს, რადგან ქართველი მომხმარებლების დიდმა ნაწილმა შესაძლოა არ იცოდეს ამ უცხო სიტყვის მნიშვნელობა, ან ის, თუ როგორ წარმოითქმის სწორად ეს სიტყვა უცხო ენაზე. ეცადეთ, ისეთი სახელი შეურჩიოთ თქვენს კომპანიას, რომელიც იქნება მოკლე, სხარტი და მარტივი – როგორც წასაკითხად, ისე გამოსათქმელად.

2. ბრენდის სახელი სასურველია გადმოსცემდეს ბრენდის შინაარსს და აღწერდეს პროდუქტს, რომელსაც კომპანია ყიდის – აუცილებელი არ არის, ბრენდის სახელწოდება შინაარსობრივად დაკავშირებული იყოს კომპანიის გასაყიდ პროდუქტთან ან მომსახურებასთან, თუმცა ამ ნიშნით შერჩეული სახელწოდება ძალიან ეხმარება მომხმარებელს იმის აღქმაში, თუ რას სთავაზობს მას კომპანია, და შესაბამისად, ამარტივებს მომხმარებლის მიერ კომპანიით და მისი პროდუქტების დაინტერესების პროცესს. მაგალითად, ჩემი კომპანიის შემთხვევაში, უშუალოდ სახელწოდება „ალტერსოქსი“ გადმოსცემს კომპანიის საქმიანობის შინაარსს და აღწერს პროდუქტს, რომელსაც ეს კომპანია ყიდის.

3. უფრთხილდით გამოგონილ და აზრობრივად შეუსაბამო სიტყვებს – მართალია, მსოფლიოში ბევრი წარმატებული კომპანია არსებობს, რომლის ბრენდის სახელწოდება გამოგონილი სიტყვაა და კონკრეტულს არაფერს ნიშნავს, მაგალითად, Kodak, Ikea და ა.შ. თუმცა ჩვენი კომპანიისთვის ასეთი სახელწოდების შერჩევისას, სიფრთხილე გვმართებს, რომ არ დავაბნიოთ მომხმარებელი და გაუგებარი არ გავხადოთ ჩვენი ბრენდი გარესამყაროსთვის. ასევე, ბევრი წარმატებული მაგალითი არსებობს კომპანიებისა, რომლებსაც თავის საქმიანობასთან სრულიად შეუსაბამო ბრენდის სახელწოდება აქვთ. მაგალითად, Apple, Blackberry, Caterpillar და ა.შ. თუმცა მაინც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული ამგვარი სტრატეგია. შესაბამისად, არ ვურჩევდი სტარტაპკომპანიებს აზრობრივად ძალიან დაშორებული სახელის შერჩევას, რადგან ესეც ურთულებს მომხმარებელს კომპანიის საქმიანობის აღქმას, რამაც შესაძლოა ბრენდის ცნობადობის ზრდისა და გაყიდვების შეფერხება გამოიწვიოს.

4. ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს – არსებობს ინდუსტრიები, სადაც მიღებულია კომპანიისთვის საკუთარი სახელის დარქმევა. მაგალითად, მოდის ინდუსტრიაში ჩართული კომპანიები ხშირად მიმართავენ ამ სტრატეგიას და დიზაინერის სახელს და გვარს იყენებენ, როგორც ბრენდის სახელწოდებას. მაგალითად: CHANEL, DIOR, TOMMY HILFIGER, PIERRE CARDIN და ა.შ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ტიპის ბიზნესს უხდება ბრენდის სახელწოდებად მისი დამფუძნებლის სახელი და გვარი. როგორც წესი, ასეთი მიდგომა პირიქით, ძალიან შეუსაბამოდ და ცოტა კომიკურადაც კი ჟღერს ხოლმე. საქართველოში ხშირად გვხვდება ბევრი ბიზნესი მეპატრონის საკუთარი სახელით ან სახელის ინიციალებით შექმნილი სახელწოდებებით. პირობითად, მაღაზია „ნინი“, მარკეტი „ნათია“, სილამაზის სალონი L & N და ა.შ. რაც დამეთანხმებით, არცთუ შემოქმედებითად და საინტერესოდ ჟღერს. ამიტომ ნუ ეცდებით ასეთი მარტივი გზის არჩევას თქვენი კომპანიის სახელის შერჩევისას. მეტი ფიქრი, აზრი და შინაარსი ჩადეთ ამ ყველაფერში.

5. სანამ კომპანიას სახელს ოფიციალურად დაარქმევთ, ჯერ გაიგეთ, უკვე ხომ არ არსებობს სხვა კომპანია იგივე სახელწოდებით – დღესდღეობით, რთულია ისეთი სახელი მოიფიქრო, რომელიც სხვა კომპანიას არ ექნება გამოყენებული თავისი ბრენდის სახელწოდებად. იმის ალბათობა საკმაოდ დიდია, რომ თითქმის ყველა საინტერესო სახელწოდება, რომელიც თავში მოგივათ თქვენი კომპანიისთვის, უკვე რომელიღაც სხვა კომპანიას ერქვას. სანამ ოფიციალურ დოკუმენტაციას და მარკეტინგულ მასალებს შექმნით, აუცილებელად გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ ეს სახელი არ ეკუთვნის სხვა კომპანიას, რათა შემდგომში არ მოგიწიოთ ბრენდის სახელწოდების შეცვლა და მთელი მარკეტინგული მასალის თავიდან დამზადება. საქართველოში არსებულ კომპანიებზე ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ www.napr.gov.ge-ის ვებგვერდის ბიზნესრეესტრში, ხოლო უცხოურ ან საერთაშორისო კომპანიებზე ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი GOOGLE-ის საძიებო სისტემით. არ დაგავიწყდეთ იმის შემოწმებაც, რომ სახელწოდების შესაბამისი ელექტრონული დომეინიც თავისუფალი იყოს – შესაძლოა, იგი სხვა კომპანიას ეკუთვნოდეს ან ვინმეს ჰქონდეს შეძენილი, მომავალში უფრო ძვირად გაყიდვის მიზნით. გარდა იმისა, რომ ძალიან ცუდია, თუ მომხმარებელი ამ სახელით უკვე იცნობს სხვა კომპანიას და ბრენდინგის კუთხით წამგებიან პოზიციაში ხართ, არსებობს იმის ალბათობაც, რომ თუ რომელიღაც ცნობილი კომპანიის სახელწოდების ანალოგიური ან მიმსგავსებული სახელი გექნებათ, აღნიშნულმა კომპანიამ იურიდიულად მოგთხოვოთ მოცემული სახელწოდებით მუშაობის შეწყვეტა და ჯარიმაც კი დაგაკისროთ მათი საფირმო სახელის გამოყენებისთვის. ამიტომ, აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენ მიერ მოფიქრებული კომპანიის სახელის ვარიანტები, სანამ ოფიციალურად დაიწყებთ არჩეული სახელის გამოყენებას ბიზნესსაქმიანობისთვის.

 

 

ნინა მენთეშაშვილი

Written By

ანტრეპრენერი, მარკეტერი და ლექტორი. კომპანია Altersocks-ის თანადამფუძნებელი.