You can be on Entrepreneur’s cover!

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად "დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

By კრის დანი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

„დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს" – მაქსველ მოლცი.

უსასრულოდ მაღალი თვითშეფასებით არავინ იბადება. და თუკი ვინმეს ის მოჭარბებულად აქვს, ესე იგი საკუთარ თავზე წლობით მუშაობდა. თვითშეფასება დროთა განმავლობაში მაღლდება – ბიზნესში თუ ზოგადად, ცხოვრებაში ხომ უამრავ გამოწვევაზე გიწევს პასუხის გაცემა.

ნეგატიური კომენტარი სოციალურ ქსელში, ონლაინგაყიდვის სერვისში მომხმარებლისგან თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა ან ინვესტორებისგან დაფინანსებაზე მტკიცე უარი, ჩვენს თვითშეფასებას ნელ-ნელა აქვეითებს. უახლოესი ადამიანებისგან მიღებული ლოგიკური, თუმცა, ზოგჯერ არცთუ დადებითი შენიშვნა კი, მისი შემცირების მორიგი წყაროა.

ზემოთ ჩამოთვლილს რომ თავი გავანებოთ, ჩვენი შინაგანი კრიტიკოსი, სახელად ეჭვი, მუდმივად გვიმეორებს, რომ საკმარისად კარგები არ ვართ. როდესაც ამდენი ფაქტორი ცდილობს ჩვენი თვითშეფასების დაქვეითებას, საკუთარ თავზე წარმოდგენის გამყარებაზე პასუხისმგებლობა ჩვენვე უნდა ავიღოთ.

როგორც პროექტ Skill Incubator-ში ამტკიცებენ, წარმატებული ბიზნესის ასაწყობად და სიძნელეების გადასალახად, „სქელი კანი" და ურყევი თვითშეფასება აუცილებელი ფაქტორებია.

ჩვენ თვითშეფასების ამაღლების 10 აპრობირებულ ხერხზე მოგიყვებით:

1. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც გინდათ იყოთ

„ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, რაც კი შეიძლება გონებამ წარმოიდგინოს და დაიჯეროს" – ნაპოლეონ ჰილი.

ვიზუალიზაცია ტექნიკაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ საკუთარი თავი ისეთად წარმოიდგინოთ, როგორითაც თავადვე იამაყებდით. როდესაც დაბალ თვითშეფასებასთან ვიწყებთ ბრძოლას, თავს ნეგატიურად აღიქვამთ. თუმცა, უარყოფითი შეფასება ხშირად რეალობასთან კავშირში სულაც არ არის. ივარჯიშეთ საკუთარი თავის საუკეთესო, მიზანსწრაფული ვერსიის ვიზუალიზაციაში.

2. წაახალისეთ საკუთარი თავი

„წახალისება ყოვლისშემძლე იარაღია საკუთარი თავის შესახებ სასურველი რწმენის ჩასანერგად" – ნიკი კარნევალე.

როგორც წესი, ადამიანები ჩვენსავე შექმნილი იმიჯის შესაბამისად ვიქცევით. მეთოდი, რომლითაც შეგიძლიათ გრძელვადიან შედეგს მიაღწიოთ, მარტივია – უნდა შეცვალოთ საკუთარი თავის აღქმა.

წახალისება (აფირმაცია) – ეს არის დადებითი დებულება ჩვენი პერსონის შესახებ. როგორც წესი, ბევრად ეფექტურია, თუკი მათ ხმამაღლა წარმოთქვამთ, რათა თქვენსავე სიტყვებს მოუსმინოთ. ადამიანებს ხომ იმის გვჯერა, რასაც თავს ხშირად ვუმეორებთ. მაგალითად, თუკი არ მოგწონთ, როგორც გამოიყურებით, ივარჯიშეთ ისეთი რამის წარმოთქმაში, რაც საშუალებას მოგცემთ, დააფასოთ, ან მოიწონოთ თქვენი გამოსახულება სარკეში.

იმისათვის, რომ ტვინმა თქვენი დადებითი შეხედულებები უფრო სწრაფად აღიქვას, წახალისებას კითხვის ფორმა მიეცით. მაგალითად, „რატომ ვარ ასეთი წარმატებული ბიზნესგარიგებებში?", ნაცვლად – „ბიზნეს გარიგებებში წარმატებული ვარ". ჩვენი ტვინი ბიოლოგიურად მომართულია პასუხების საძებნელად და არ აანალიზებს, მართებულია თუ არა შეკითხვა.

3. ყოველდღიურად გააკეთეთ ერთი რამ, რაც გაშინებთ

„გამოიცანით, რა ხდება, როდესაც თავს დაუცველად გრძნობთ? მთელი სამყარო გაძლევთ ამის მიზეზს. ნუ შეგაშინებთ გამოწვევა და ნუ გააუფასურებთ თქვენს შესაძლებლობებს. იმაზე უეთესი ხართ, ვიდრე ფიქრობთ" – თი ჰარვ ეკერი.

საუკეთესო გზა შიშის გადასალახად, მასთან პირისპირ დარჩენაა. ყოველდღიურად შეეჯახეთ იმას, რაც გაშინებთ. ამით საკუთარი თავის რწმენასაც შეიძენთ და თავდაჯერებულობაც მოიმატებს. ასე რომ, გამოდით კომფორტის ზონიდან და შიშებთან პირისპირ დარჩით!

4. სათუო გახადეთ შინაგანი კრიტიკოსი

„საკუთარ თავს წლობით აკრიტიკებდით და ამან არაფერი მოგიტანათ. სცადეთ მისი მიღება და დაელოდეთ შედეგს" – ლუის ელ ჰეი.

ყველაზე მძიმე შეფასებებს, როგორც წესი, შინაგანის კრიტიკოსის ხმით ვისმენთ. თუკი დაბალ თვითშეფასებას ებრძვით, შესაძლოა ის ზედმეტად გააქტიურდა და არაზუსტი გახდა.

კოგნიტურ-ბიოჰევიორული სტრატეგიები გვეხმარება შინაგანი კრიტიკოსის გაუვნებლობაში, საკუთარ თავში მხარდამჭერის პოვნასა და მის მიერ წარმოთქმული ნეგატიური მტკიცებების უარყოფაში. მაგალითად, თუკი ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიეთ, იკითხეთ: „რატომ ვფიქრობ ასე?" და „რატომ არ უნდა ვიფიქრო ასე?"

მოძებნეთ საშუალებები, რომ დააფასოთ, აღიაროთ და დააჯილდოვოთ საკუთარი თავი თუნდაც პატარა მიღწევებისთვის. როგორც მარკ ტვენმა თქვა, „ადამიანი საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე კომფორტულად ვერასოდეს იცხოვრებს".

5. წამოიწყეთ 100-დღიანი უარყოფის გამოწვევა

ჯია ჯიანი პოპულარული „შიშის დამარცხების" ჩანაწერების დამსახურებით გახდა – ის ადამიანებს სპეციალურად სთხოვდა წარმოუდგენელ რამეებს 100 დღის განმავლობაში და უარს იღებდა. მისი მიზანი უარყოფის შიშის დაძლევა იყო. იდეა მას მერე მოუვიდა, რაც პოტენიცური ინვესტორის უარის გამო იმაზე მეტად განაწყენდა, ვიდრე წარმოედგინა. შიშის დამარცხება მარტივი არ არის, თუმცა თუკი გსურთ, თვითშეფასების ამაღლება სახალისო საქმედ იქცეს, ეს გზა ნამდვილად წაგადგებათ.

6. მომართეთ თავი გამარჯვებისკენ

„თვითშეფასების ამაღლებისთვის უნდა კონცენტრირდეთ წარმატებაზე და დაივიწყოთ ყველა მარცხი თუ ნეგატივი თქვენს ცხოვრებაში" – დენის ვეიტლი.

ბევრს საკუთარი შესაძლებლობები იმიტომ აეჭვებს, რომ ზედმეტად რთულ მიზნებს ისახავს. დაიწყეთ მარტივი მიზნებით, რომელთაც ადვილად მიაღწევთ.

მას მერე, რაც წარმატებებს დააგროვებთ და საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა შეგექმნებათ, შეგიძლიათ რთულ დავალებებზეც გადახვიდეთ. ასევე, დარწმუნდით, რომ თითოეულ წარმატებას – მცირესაც და დიდსაც, ინიშნავთ, რათა გახსოვდეთ, რომ წინ მიიწევთ.

მხოლოდ To Do List-ზე ფოკუსირების ნაცვლად, უკვე განხორციელებულ გეგმებზე აიღეთ ორიენტირი. გადაჭრილ საკვანძო საკითხებზე, პროექტებსა და მიზნებზე ფიქრი საკუთარი შესაძლებლობების რწმენას აღვივებს.

7. დაეხმარეთ სხვებს

სხვისთვის დახმარება ზოგჯერ საკუთარ თავს გვავიწყებს და მადლიერების გრძნობას აჩენს იმის გამო, რაც გვაქვს. კარგად იგრძნობთ თავს, თუკი სხვის ცხოვრებაში რაიმეს სასიკეთოდ შეცვლით.

თქვენსავე სისუსტეებზე ფოკუსირების ნაცვლად, მიეცით რჩევა სხვას, დაეხმარეთ საქმეში, ან ასწავლეთ. და შეამჩნევთ, ამ პროცესში როგორ ამაღლდება თქვენი თვითშეფასება.

8. იზრუნეთ საკუთარ თავზე

„თავის მოვლა ეგოისტური ქმედება არა არის – ეს იმ ერთადერთ ჯილდოზე ზრუნვაა, რომელიც სხვებისთვის შესათავაზებლად მომეცა" – პარკერ პალმერი.

თვითრწმენა ფიზიკური, ემოციური და სოციალური სიმხნევის კომბინაციაა. რთულია, თქვენს თავზე კარგი წარმოდგენა გქონდეთ, თუკი საკუთარი გარეგნობა გძულთ, ანდა მუდმივ უენერგიობას უჩივით.

გამოყავით დრო ვარჯიშისთვის, კვებისა და ძილის რეჟიმისთვის დასარეგულირებლად. გარდა ამისა, შეარჩიეთ ისეთი სამოსი, რომელიც თავს ისე გაგრძნობინებთ, როგორიც გსურთ, რომ იყოთ. ალბათ გსმენიათ გამოთქმა – „სამოსი ქმნის ადამიანს". სურვილების დაკმაყოფილება თქვენსავე თვითშეფასების შექმნაში დაგეხმარებათ.

9. დააწესეთ პირადი საზღვრები

„არასოდეს ჩაახშოთ საკუთარი პიროვნება. ნუ გამოიყვანთ თავს მსხვერპლად. თქვენს ცხოვრებას სხვისი სიტყვებით ნუ განსაზღვარვთ" – ჰარვი ფაიერშტაინი.

ისწავლეთ ურის თქმა. ასწავლეთ სხვებს, რომ თქვენს პირად საზღვრებს პატივი სცენ. თუ საჭიროა, შეისწავლეთ როგორ გახდეთ მეტად დამაჯერებელი და ისწავლეთ იმისი თქმა, რასაც ფიქრობთ. რაც მეტი კონტროლი და სათქმელი გაქვთ საკუთარ თავზე, მით მაღალია თვითშეფასება.

10. განივითარეთ თანასწორობის მენტალობა

„სხვად ქცევის სურვილი იმ ადამიანის ფლანგვაა, რომელიც ხართ" – მერილინ მონრო.

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები სხვებს უფრო უკეთ ან ღირებულად მიიჩნევენ. შეცვალეთ აღქმა და საკუთარი თავი სხვათა თანასწორად აღიარეთ. ისინი თქვენზე უკეთესები ან ღირსეულები სულაც არ არიან. გადაერთეთ თანასწორობის მენტალობაზე და თქვენი თვითშეფასებაც ავტომატურად ამაღლდება.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია