My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

ქალი ანტრეპრენერები

www.soplidan.ge ანუ ტრადიციული ბაზრის ონლაინალტერნატივა

250-ზე მეტი ნატურალური პროდუქტი შინიდან გაუსვლელად
www.soplidan.ge ანუ ტრადიციული ბაზრის ონლაინალტერნატივა
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
Entrepreneur Staff
ჟურნალისტი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში ელექტრონული კომერცია სწრაფად ვითარდება. კაბა მოგეწონათ? – რამდენიმე საათში თქვენს გარდერობში აღმოჩნდება. ყურსასმენები? – არც ეს არის პრობლემა. ახალმოკრეფილი პომიდვრის სალათი მოგინდათ? – მშვენიერი იდეაა, რატომაც არა?! ეს ყველაფერი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლიათ მოაგვაროთ. მაღაზიები, რომელთაც პროდუქციის შოურუმი მხოლოდ ონლაინსივრცეში აქვთ, ბიზნესს, როგორც წესი, ბევრად ნაკლები დანახარჯით იწყებენ. ელექტრონული კომერციის ბრენდი www.soplidan.ge სწორედ ასეთი ქართული ვებგვერდია, რომელიც მომხმარებელს სოფლის მეურნეობის ნატურალური პროდუქციის დიდ არჩევანს და შინ მიტანის სერვისს სთავაზობს.

ნათია ნინიკელაშვილი ჯერ კიდევ ბანკის თანამშრომელი იყო, როცა აღმოაჩინა, რომ ბაზარზე ნატურალური კვების პროდუქტების ელექტრონულად შესყიდვის მოთხოვნა არსებობდა, შესაბამისი მიმწოდებელი კი – არა. „იდეა საჭიროებიდან გამომდინარე გაჩნდა. სამსახურიდან ღამით გამოვდიოდი და სიბნელეში ვყიდულობდი გაურკვეველი წარმოშობის, მაღაზიებში შემორჩენილ ნაწარმს. თუმცა მე მაინც გამიმართლა, რომ კახეთში დედა მყავს და ხშირად ჩემი შვილებისთვის პროდუქტს ის მიგზავნიდა. ხშირად გარშემომყოფებიც კი მთხოვდნენ – იქნებ დედაშენმა ჩვენთვისაც გამოაგზავნოსო“, – იხსენებს ნათია.

საკუთარმა და ახლობლების საჭიროებამ, შეეძინათ ხარისხიანი და ნატურალური სოფლის მეურნეობის პროდუქტი, ნათიას მეგობართან, ნინო მღებრიშვილთან ერთად ონლაინკომერციის ვებგვერდის soplidan.ge-ს შექმნისკენ უბიძგა. იდეის განხორციელება ძალზე რთული აღმოჩნდა, რადგან იმ პერიოდში სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ და საკმაოდ დატვირთული რეჟიმი ჰქონდათ. სხვადასხვა სოფლიდან, ძირითადად კი, ნათიას მშობლიური კახეთიდან ჩამოტანილ პროდუქციას ასაწყობებდნენ, შემდეგ კი შესვენებებზე გარბოდნენ, ფუთავდნენ და ამზადებდნენ. გამომწერებს შეკვეთებს საღამოობით, საკუთარი მანქანებით ურიგებდნენ.

ყველაფერი ვებგვერდისა და Facebook-გვერდის შექმნით დაიწყეს. მოსამზადებელი სამუშაოები სექტემბერში დასრულდა. იმ პერიოდში, როდესაც არც საზაფხულო ხილ-ბოსტნეული იყო შემორჩენილი და არც საშემოდგომო მოსავალი აღებული. ამიტომ ერთი თვე პოტენციური მომხმარებლის შემზადებას მოუნდნენ. უკვე ოქტომბერში კი პირველი შეკვეთები მიიღეს. „15-ით დავიწყეთ და ახლა 250-ზე მეტი პროდუქტი გვაქვს“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამჟამად ვებგვერდზე 250-მდე დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი – სვანეთში მოყვანილი კარტოფილიდან დაწყებული, რძის პროდუქტებით, ხორცით, თხილეულით თუ ტკბილეულით დამთავრებული. ამ გზით შოპინგი ძალიან მარტივია: შედიხართ ვებგვერდზე
www.soplidan.ge, კალათში ამატებთ სასურველ პროდუქტს და აფორმებთ შეკვეთას, რომელიც მეორე დღესვე შინ მოგაკითხავთ.

სამიზნე აუდიტორია თავიდანვე საშუალოზე მაღალი და მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტი იყო და მნიშვნელოვანი ცვლილება არც მას შემდეგ განუცდია. პროექტის მთავარ მიზანს, დასაბამიდან, მომხმარებლებისთვის დროის დაზოგვა წარმოადგენდა, უმეტესწილად კი მათთვის, ვისაც შინ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდათ და ნატურალური, სოფელში მოყვანილი ბოსტნეულისა და ეზოში გაზრდილი მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლის ხორცის შეძენა სურდათ.

„თქვენი დროის დაზოგვას მაღაზია ვერ ახერხებს, თუნდაც ასეთი მაღაზია უბანშივე გქონდეთ. ონლაინშეკვეთა ამ მხრივ საზრუნავს გიმცირებთ – მეორე დღეს ყველაფერს თქვენთვის სასურველ მისამართზე მოგიტანენ და შინისკენ მიმავალს მაღაზიიდან მაღაზიაში ჩანთებით დახუნძლულს სიარული აღარ მოგიწევთ. ყველაფერი სწორედ ამ გათვლით შეიქმნა“.

ყველაზე დიდი მოთხოვნის მქონე შეკვეთების სიაში კამეჩის მაწონი, სოფლის კვერცხი და რძეა – ძირითადად ისეთი პროდუქცია, რომლებიც ოჯახებს ბავშვებისთვის სჭირდებათ. პარალელურად, მცირე ბიზნესი ფასების დაწევას ცდილობს, თუმცა ამისთვის ჯერ მოთხოვნა უნდა გაიზარდოს. მოთხოვნის გასაზრდელად კი კომპანია ცდილობს ის სეგმენტიც აითვისოს, რომელსაც მაღალი შემოსავალი არ აქვს.

„მუდმივად ვეძებთ მომწოდებლებს, რომლებიც თანახმანი იქნებიან შედარებით დაბალ ფასად მოგვყიდონ საკუთარი პროდუქცია“, – გვეუბნება ნათია, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ ეტაპზე ფასის გაიაფება ძალიან უჭირთ. „სვანეთიდან ჩამოტანილი კარტოფილის გაიაფება არ გამოგვდის, რადგან ჯერ კიდევ მცირე  ბრუნვა  გვაქვს. ტრანსპორტირების ხარჯი კი მცირე რაოდენობაზე პროდუქციის თვითღირებულებას გვიზრდის. ფასის დასაწევად ბრუნვა უნდა გაიზარდოს. სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს: სისწრაფე, ხარისხი და დაბალი ფასი. ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, ჩვენ ამ ეტაპზე ხარისხისა და სისწრაფის არჩევა მოგვიხდა. ეს კომფორტი კი ძვირად ფასობს“.

ფასის რეგულირების გარდა, ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევად დღემდე მომხმარებლის ნდობის მოპოვება რჩება. პროდუქციის ხარისხში დარწმუნება, თუნდაც იგი მაღაზიაში შეიძინოთ, თვალის ერთი შევლებით სულაც არ არის მარტივი. საქმე კიდევ უფრო რთულდება, თუკი მისი შეფასება მხოლოდ ვებგვერდზე გიწევთ.

„სასურველი ნივთისა თუ პროდუქტის ონლაინგამოწერის გადაწყვეტილებამდე ჩვენს ქვეყანაში რთულად მიდიან. ამიტომ ვცდილობთ, არჩევანის პროცესი გავამარტივოთ. ადრე ვებგვერდი მხოლოდ კლიპარტით გვქონდა აწყობილი, თუმცა უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ დანაკლისის ანაზღაურებაზე. ვინაიდან მომხმარებელი ადგილზე მისვლას და შეფასებას ვერ ახერხებს, ინფორმაციას პროდუქტსა და  მომწოდებელზე  მაქსიმალურად ზედმიწევნით ვაწვდით. განთავსებული სურსათის ფოტოც რეალურია. ამ გზით ვცდილობთ ამოვავსოთ არსებული სიცარიელე მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის. ამასთანავე, კარგად ვიყენებთ მომწოდებლებთან კომუნიკაციას, ვიღებთ ვიდეორგოლებს, ვწერთ ისტორიებს. ეს ადამიანები ხომ რეალურად არსებობენ, თითოეულ პროდუქტს ხომ თავისი ისტორია აქვს. ჩვენც მათზე მოვუთხრობთ და ამგვარად ვხდით ხელშესახებს“, – ამბობს ნათია.

Soplidan.ge-ს უკვე სტაბილური მომწოდებლები ჰყავს. კომპანია, ძირითადად, კახეთიდან მარაგდება, თუმცა ათვისებულია დასავლეთ საქართველოც. მაგალითად, კარტოფილი სვანეთიდან ჩამოაქვთ, რა თქმა უნდა, აქვთ ახალციხისაც, სიმინდის ფქვილს კი აბაშაში ყიდულობენ.

„სადაც ვიცით, რომ კონკრეტული სახეობის ნაწარმი საუკეთესოა, ვცდილობთ იქ შევიძინოთ. თუმცა ხშირად ისმის შეკითხვა: რითი რწმუნდებით, რომ მართლა ხარისხიანია? რითი სჯობს მაღაზიის პროდუქტს? ჩვენი პასუხი ამგვარ შეკითხვებზე ასეთია: ამ ადამიანებთან პირადი ურთიერთობები გვაქვს, პირობებსაც ვკარნახობთ, თუ როგორ უნდა აწარმოონ, რა გვჭირდება და როგორ შეინახონ. ანუ ერთგვარ სტანდარტს ვუწესებთ. ჩვენთან ურთიერთობა მათთვისაც გაცილებით კომფორტულია, რადგან ბაზარში სავაჭროდ აღარ მიდიან, წვალება აღარ უწევთ და ამიტომ ურჩევნიათ, რომ ჩვენი მოთხოვნებიც გაითვალისწინონ“.

Soplidan.ge-ს საწყობს სურსათის უვნებლობის ეროვნული სამსახური ამოწმებს. შესაბამისად, გამომწერებს სიმშვიდის საფუძველი ნამდვილად აქვთ. ვებგვერდზე როგორც სოფლის სტანდარტულ პროდუქციას, ისე „ბიო პროდუქტის“ კატეგორიასაც გადააწყდებით. ორგანული, 100 პროცენტით სუფთა, სერტიფიცირებული კომპანიების ნაწარმის ღირებულება სტანდარტულზე შედარებით ძვირია.

„შესაძლოა ჩვენი სოფლის ნაწარმი არის კიდეც 100 პროცენტით ორგანული, მაგრამ თუ მას სერტიფიკატი არ აქვს, მომხმარებელმა ეს უნდა იცოდეს და თავად მიიღოს გადაწყვეტილება!“

სურსათი, რომლის მომარაგება გაყინვის გარეშეა შესაძლებელი – ფქვილი, კარტოფილი, გარკვეული ტიპის ბოსტნეული და კვერცხი, საწყობში ინახება. რაც შეეხება ხორცპროდუქტებს, იმავე დღის საქონლის, მწყრის თუ ქათმის ხორცი და თევზეული მომხმარებელთან გაყინვის გარეშე, მაცივრით მიდის, რომელსაც soplidan.ge აპრილიდან ნოემბრამდე იყენებს, ზამთარში და ადრე გაზაფხულზე კი პროდუქციას სპეციალური კონტეინერებით არიგებენ. შეკვეთა მომხმარებელს მეორე დღეს, საღამოს ჰბარდება.

საერთო ჯამში, კომპანიაში ათამდე ადამიანია დასაქმებული. შეკვეთების რაოდენობისა და სეზონის მიხედვით, მიტანის სერვისში ერთი ან ორი მანქანაა ჩართული. ცალკე საზრუნავია პროდუქციის, მათ შორის, ხორცის, თბილისის საწყობამდე ტრანსპორტირება, საიდანაც უკვე მომხმარებელთან ნაწილდება.

ყველაზე დატვირთული პერიოდი ახალი წელია. „ყოფილა შემთხვევა, დღეში 60 შეკვეთაც კი მიგვიღია“, – ამბობს ნათია. ერთეული შეკვეთის ღირებულება ზოგჯერ 300 ლარს უტოლდება.

ზაფხულში დედაქალაქის მომხმარებლის აქტივობა მცირდება, როდესაც ოჯახები დასასვენებლად მიდიან, თუმცა ამ სეზონზე გამოძახებები თბილისის შემოგარენიდან იზრდება. 30 ლარამდე შეკვეთის შემთხვევაში, თბილისის მასშტაბით შეკვეთის მიტანა 3 ლარს შეადგენს, ხოლო 30 ლარს ზემოთ უფასოა. თბილისის შემოგარენში კი ნებისმიერი ღირებულების პროდუქციის დამკვეთთან ტრანსპორტირების ფასი 8 ლარია.

„მომხმარებელთან კომუნიკაცია სოციალური ქსელების მეშვეობით გვაქვს. ვცდილობთ, ბრენდის ცნობადობა გავზარდოთ, მეტი გამომწერი მოვიზიდოთ, სხვადასხვა სეგმენტი ავითვისოთ და მიზნობრივი რეკლამა განვათავსოთ. გვაქვს მუდმივი ურთიერთობა ახალ მომხმარებელთან; ვაანალიზებთ მონაცემებს, ვაკვირდებით და ვიკვლევთ. თუკი ერთგული კლიენტი მოულოდნელად დაიკარგა, ვცდილობთ ამის მიზეზი დავადგინოთ. მორგებულები ვართ იმ უკუკავშირზე, რომელსაც მომხმარებელი გვაძლევს. ეს საქმე კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად დავიწყეთ. შესაბამისად, როცა გვეუბნებიან, რომ რაღაც სხვანაირად ურჩევნიათ, ვცდილობთ მაქსიმალურად გავუწიოთ ანგარიში“.

სწორედ ამიტომ, soplidan.ge-მ გაითვალისწინა უამრავი უცხოელი მომხმარებლის თხოვნა და პოლიეთილენის პარკები ეკოლოგიურად სუფთა მასალით ჩაანაცვლა. იმის მიუხედავად, რომ ბიოდეგრადირებადი შეფუთვის შესყიდვა საგრძნობლად ძვირი ჯდება, პროექტი გამომწერთა სურვილს დაჰყვა, სოციალური პასუხისმგებლობის აღსრულებას შეუდგა და ეკოლოგიურად სუფთა მასალაზე გადავიდა.

ნათია ნინიკელაშვილმა მეგობარ მაია ხელაძესთან ერთად რამდენიმე კვირის წინ საქართველოს  ელექტრონული კომერციის  ასოციაციაც დააარსა. „ამ ასოციაციის საჭიროება სწორედ soplidan.ge-ს მართვის პროცესში დავინახე. ონლაინვაჭრობის განვითარების ტემპი მსოფლიოში უაღრესად პროგრესირებს. შესაბამისად, საქართველოს ბაზარი სწრაფ ადაპტაციას საჭიროებს. ვფიქრობთ, ამ საკითხში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას შეძლებს ასოციაცია თავისი წევრებისა და პარტნიორების მეშვეობით. არის საკითხები, ოპერაციები, რომლებიც საქართველოს რეალობისთვის ახალია, შესაბამისად არ არსებობს მარეგულირებელი დოკუმენტები და თუ საკანონმდებლო დონეზე იცვლება რამე, იგი ბიზნესზე ნაკლებადაა მორგებული ან მის ყურამდე ძნელად აღწევს“, – აღნიშნავს ნათია. პლატფორმა ელექტრონული კომერციის ბრენდების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ორგანიზაციის სტრატეგია ამჟამად დამუშავების პროცესშია.

ამასობაში კი, Soplidan.ge დღითი დღე ვითარდება. იმისათვის, რომ მომგებიანი გახდეს, მომხმარებელსა და ონლაინბრენდს შორის არსებული უნდობლობის ფაქტორი მინიმუმამდე უნდა შეამციროს და ამ გზით გაზარდოს ბრუნვა, რაც მოგებაზე გასვლის აუცილებელი პირობაა.

 

More from Entrepreneur

New York Times bestselling author Nicole Lapin can help you pitch your brand to press and strengthen your media training.
In as little as seven months, the Entrepreneur Authors program will turn your ideas and expertise into a professionally presented book.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur