⚡ Get All Content for 20% Off ⚡

8 შეცდომა, რომელიც ბიზნესში დავუშვით უშეცდომო ადამიანები არ არსებობენ, რომ ბრძენი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ხოლო ჭკვიანი - საკუთარზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

ალბათ გაგიგიათ უამრავი ფრაზა, რომ უშეცდომო ადამიანები არ არსებობენ, რომ ბრძენი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ხოლო ჭკვიანი − საკუთარზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია, იყო ბრძენი, რადგან თუ თავად არ შეგეშალა, თუ რაღაც წინაღობა არ გადალახე და საკუთარ თავზე არ გამოსცადე, ძალიან რთულია სხვის შეცდომებზე ისწავლო.

რა თქმა უნდა, შეცდომები მოსდით გამოუცდელ თუ გამოცდილ ანტრეპრენერებსაც. შესაძლოა ადამიანს მრავალწლიანი კარიერა, კარგი და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება ჰქონდეს, შემდეგ საკუთარი ბიზნესი დაიწყოს და ამის მიუხედავად, ბევრი პატარა თუ დიდი შეცდომა დაუშვას. რაც ყველაზე მთავარია, ბიზნესმენებს არ უნდა ეშინოდეთ შეცდომების დაშვების − ყველა შეცდომა, რაც უნდა დესტრუქციული იყოს ბიზნესისთვის, ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. კარგად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როდესაც მე ჯერ კიდევ არც კი ვფიქრობდი საკუთარ ბიზნესზე, გავიცანი ადამიანი, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა იყო და უკვე თავის რიგით მეხუთე ბიზნესის განვითარებისთვის იბრძოდა. როდესაც ვკითხე, რა მოუვიდა მის წინა მცდელობებს, მითხრა, რომ სხვადასხვა მიზეზების თუ სულელური შეცდომების გამო, არაფერი გამოუვიდა, მაგრამ რაც მთავარია, არ ნანობდა და ფიქრობდა, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო.

ჩვენც, რა თქმა უნდა, არ ვართ გამონაკლისი და არსებობის პერიოდში მრავალი რამ შეგვეშალა, მაგრამ საბედნიეროდ, მოვახერხეთ ყველა შეცდომის გამოსწორება და ბიზნესის განვითარება. ამ სტატიაში მსურს გაგიზიაროთ ის დიდი თუ პატარა შეცდომები, რომლებიც, ვფიქრობ, აღნიშვნის ღირსია.

1. შეცდომა − ფასწარმოქმნაში არ გავითვალისწინეთ დღგ

როდესაც ბიზნესს ვიწყებდით, ვახდენდით პროდუქციის ფასის კალკულაციას. სტანდარტულად, გავითვალისწინეთ თვითღირებულება, ქირა, ხელფასები, მარკეტინგის თუ სხვა მცირე ხარჯები, მაგრამ არ გავითვალისწინეთ დამატებითი ღირებულების გადასახადი – დღგ. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კომპანია დღგ-ს გადამხდელი ხდება მას შემდეგ, რაც მისი წლიური ბრუნვა გადააჭარბებს 100 000 ლარს. ჩვენ გაყიდვები პესიმისტური მოლოდინის მიხედვით დავგეგმეთ, მაგრამ მოხდა პირიქით – იმაზე მეტი პროდუქცია გაიყიდა და იმაზე სწრაფად გავხსენით ახალი სავაჭრო წერტილები, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. ამის გამო, მალევე გადავცდით 100 000-ლარიან ნიშნულს და დღგ ბიზნესს დააწვა.

2. შეცდომა − არ მოვახდინეთ ბრენდის მასალების ტესტირება

ჩვენი კომპანიის ლოგოზე გამოსახულია ფრთიანი წინდა, რითაც გვსურდა პროდუქტის განსხვავებულობაზე გაგვესვა ხაზი. ლოგოს თავდაპირველი ვერსია, გრაფიკულად, ოდნავ განსხვავდებოდა ამჟამინდელი ვერსიისგან. უკვე იმ ეტაპზე ვიყავით, რომ მარკეტინგული მასალები უნდა შეგვეკვეთა და შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები საერთოდ ვერ აღიქვამდნენ, რა იყო გამოსახული ლოგოზე, რის გამოც სწრაფად გადავაკეთეთ და უკვე მაქსიმალურად ბევრ ადამიანს ვაჩვენეთ, რომ დასტური მიგვეღო.

3. შეცდომა − კონტრაქტებს ხელი მოვაწერეთ იურისტთან კონსულტაციის გარეშე

ადამიანებს მრავალფურცლიანი კონტრაქტების კითხვა არ გვიყვარს, რაც დიდი შეცდომაა. შესაძლოა ბოლომდეც წაიკითხო, მაგრამ შესაბამისი იურიდიული ცოდნის არქონის გამო, ისეთ რამეზე მოაწერო ხელი, რასაც მერე ინანებ. ჩვენ შემთხვევაში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან გავაფორმეთ კონტრაქტი და მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი მხარის უფლებები კონტრაქტის დროზე ადრე გაწყვეტასთან დაკავშირებით, ძალიან ბუნდოვნად იყო დაწერილი.

4. შეცდომა − ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღეთ

როდესაც ბიზნესი ფეხზე დგებოდა, რთული იყო დამხმარე თანამშრომლები აგვეყვანა და მათთვის ხელფასები გვეხადა, რადგან ბიზნესიდან მიღებული შემოსავლის უკან ჩაბრუნება გვერჩივნა. ამის გამო, ყველა მცირე თუ მსხვილ საქმეს საკუთარ თავზე ვიღებდით. ბოლოს მოხდა ისე, რომ ამ წვრილ საქმეში ჩაფლულებს, ბიზნესის სტრატეგიაზე და განვითარებაზე ფიქრის დრო აღარ დაგვრჩა. როგორც კი გავაცნობიერეთ, რომ ეს დიდი შეცდომა იყო, ავიყვანეთ დამხმარე თანამშრომლები და საქმე ბევრად ადვილად წარიმართა.

5. შეცდომა − ტესტირების გარეშე მოვახდინეთ პროდუქტის წარმოება და რეალიზაცია

2016 წელს მონაწილეობა უნდა მიგვეღო ერთ-ერთ სტარტაპპროექტში, რომლის ფარგლებში უნდა შეგვექმნა ახალი კოლექცია. ძალიან გვინდოდა, ახალი პროდუქტი განსაკუთრებული და არასტანდარტული ყოფილიყო. სამწუხაროდ, მოსამზადებლად უზომოდ ცოტა დრო გვქონდა, რის გამოც, სანამ წარმოებაში ჩავუშვით, ვერ მოვასწარით პროდუქტის დეტალური ტესტირება. მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე მოდელს გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდა.

6. შეცდომა − დიდი ხანი არ ვიცოდით პროდუქტის წარმოების სპეციფიკა

როდესაც ბიზნესი დავიწყეთ, ძირითადი ყურადღება ბრენდინგს, მარკეტინგსა და გაყიდვების არხების განვითარებას დავუთმეთ. ოდნავ მოგვიანებით კი გავერკვიეთ წარმოების დეტალებში. იმის გამო, რომ თავის დროზე არ ვიცოდით დანადგარების შესაძლებლობები, იყო შემთხვევები, როდესაც რაღაც სპეციფიკურს ვითხოვდით, მწარმოებელი კი იტყუებოდა და ამბობდა, რომ არ გამოვიდოდა ის, რაც ჩვენ გვინდოდა. ხშირად წარმოების მხარე გეუბნება − პროცესი იმდენად რთულია, რომ თქვენ ვერ ისწავლით და პირიქით, ხელს შეუშლით. შესაძლოა არ არის იმისი აუცილებლობა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იცოდეთ, მაგრამ დეტალებში უსათუოდ უნდა ერკვეოდეთ.

7. შეცდომა − საკუთარ ბიზნესში ახლობელი ადამიანი დავასაქმეთ

ბიზნესი გულანთებულმა უნდა აკეთო, მაგრამ ხანდახან ზოგიერთი გადაწყვეტილება ცივი გონებით უნდა მიიღო. საკუთარი ბიზნესის წარმოებისას, შესაძლოა დაგიდგეთ მომენტი, როდესაც ახლობელი ადამიანი, დიდი ალბათობით, სამსახურს გთხოვთ, ან ოჯახის წევრის დასაქმებას გადაწყვეტთ, ან რომელიღაც კონკრეტულ პოზიციაზე საკუთარ მეგობარს განიხილავთ, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ეს დიდი შეცდომაა. ჩვენ შემთხვევაშიც, დავასაქმეთ ახლობელი ადამიანი, რომელსაც არ გამოსდიოდა მუშაობა. გარკვეული პერიოდი თვალი დავხუჭეთ, არ გვინდოდა რამე წყენოდა, მაგრამ მივხვდით, რომ ამით ბიზნესს ვაზარალებდით და მასთან საქმიანი ურთიერთობაც გავწყვიტეთ.

8. შეცდომა − არ გავითვალისწინეთ პროდუქტის სეზონურობა

როდესაც ბიზნესი დავიწყეთ, სულაც არ გვქონდა გათვალისწინებული ფაქტი, რომ საკმაოდ სეზონური პროდუქტი გვქონდა და პირველ წელს ცოტა მოუმზადებლები შევხვდით გაყიდვების ვარდნას ზაფხულის ცხელ პერიოდში.

რეზი ბესელაშვილი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი. კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი.

კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

სიახლეები

BTU-ს ახალი კამპუსი და ინოვაციური პროგრამები ემატება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი