You can be on Entrepreneur’s cover!

ციფრული ექიმი 19 წლის სტუდენტის ინოვაციური სტარტაპის გლობალური პერსპექტივა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

წარმოიდგინეთ – ხართ სტუდენტი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი და რვა თვე მის შესასრულებლად. მიზანი ასე ჟღერს: მთელი მსოფლიოს სამედიცინო ლიტერატურაზე დაყრდნობით, უნდა შექმნათ რაიმე ინოვაციური და შემდგომ კომერციულ პროექტად აქციოთ. ამ რთულ საქმეს ჩვენმა რესპონდენტმა, 19 წლის გეგა თათულიშვილმა, BTU-ს – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა, გენიალურად გაართვა თავი. მან დრო და ენერგია არ დაზოგა, რათა თვეების განმავლობაში თავი მოეყარა სამედიცინო ლიტერატურისთვის და თავად დაეწერა ალგორითმი, რომელიც მისი ხელით შეყვანილ ბაზაში ინფორმაციას ამუშავებს, პაციენტის სიმპტომებს აჯამებს და სავარაუდო დიაგნოზს სვამს. პირველი კურსის სტუდენტის მიერ შექმნილ ციფრული ექიმს – თერაპევტს, სამეცნიერო ინფორმაციაზე დაყრდნობით, სავარაუდო დიაგნოზის დასმა და პაციენტის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტთან გადამისამართება შეუძლია. არ მოგესმათ!

გეგა ბიზნესის ადმინისტრირებასა და ფინანსებს სწავლობს. მედიცინა და თანამედროვე ტექნოლოგიები მისთვის მხოლოდ ჰობია. „ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით ძალიან დიდი ხნის წინ დავინტერესდი. რაც თავი მახსოვს, სულ ახალ-ახალი იდეები მომდის თავში. ბევრისთვის შეიძლება უცნაური და წარმოუდგენელია, მაგრამ ჩემთვის ეს სრულიად რეალური და განხორციელების პოტენციალის მქონეა", – ამბობს გეგა.

თუკი რაიმე აინტერესებს, გეგა საკითხში ბოლომდე, სიღრმისეულად ერკვევა. სწორედ ასე დააგროვა უზარმაზარი ცოდნა მედიცინაში, მიუხედავად იმისა, რომ მის გეგმებში ექიმობა არასოდეს შედიოდა და ყოველთვის ერჩივნა, ეს სფერო მისთვის ჰობად დარჩენილიყო.

გეგას ორი გატაცების − მედიცინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაზავს DigitalMed ჰქვია. მისი შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ მომწიფდა. სტუდენტმაც მთელი ზაფხული პროექტის დამუშავებას დაუთმო და თავაუღებელი შრომის შედეგად, DigitalMed-ი ჩანაფიქრიდან ხორცშესხმულ ციფრულ ექიმ-თერაპევტად აქცია.

გეგას პროექტს ორი მიზანი აქვს:

1. სამედიცინო სფეროს სტუდენტებს ინფორმაციის მიღებაში დაეხმაროს. შეგიძლიათ DigitalMed-ს ნებისმიერი შეკითხვა დაუსვათ. მაგალითად, სთხოვოთ ოსტეოქონდროზის ტერმინის განმარტება და მისი სიმპტომების სიაც მიიღოთ.

2. სავარაუდო დიაგნოზის დასმის შემდეგ, მომხმარებელს მიაწოდოს რეკომენდაცია, თუ რომელი სპეციალიზაციის ექიმს მიმართოს სამკურნალოდ. მაგალითისთვის, ციფრულ ექიმთან კონსულტაციის შედეგად შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ზურგის ტკივილის, ხელის არეში უსიამოვნო შეგრძნებისა და დაბუჟების სავარაუდო მიზეზი, დიდი ალბათობით, ოსტეოქონდროზია.

DigitalMed-ის მიღმა, ცოდნით შეიარაღებული ექიმი-თერაპევტის ნაცვლად, მთელი მსოფლიოს სამედიცინო მიღწევები და გამოცდილება დგას, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლის მიერ დასმული შეკითხვების პასუხებად გარდაქმნის.

ერთ სივრცეში მოქცეული მთელი სამყაროს სამედიცინო ცოდნა

ციფრული ექიმის შემოქმედების პროცესი მათემატიკური ალგორითმის შექმნით დაიწყო.

მათემატიკური ალგორითმის შექმნის პარალელურად, გეგამ თითქმის უსასრულო რაოდენობის მასალის სისტემაში შეყვანა დაიწყო. ხელოვნური ინტელექტის ცოდნის ბაზაში მოხვდა როგორც ქართული სამედიცინო ენციკლოპედიები, ისე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული სამედიცინო ლიტერატურა, რომელიც გეგამ თავად თარგმნა.

მას შემდეგ, რაც DigitalMed-ის ბაზაში ინფორმაცია აისახა, მორიგ გამოწვევებთან გამკლავების დრო დადგა. პროექტი ქართულენოვანია, შესაბამისად, ხელოვნურმა ინტელექტმა ქართულ ენაზე დასმულ შეკითხვაზე სრულფასოვანი პასუხის გაცემა უნდა შეძლოს. ამისათვის კი უპირველესად, დასმული შეკითხვა, გრამატიკულად გამართული იქნება თუ არა, სწორად უნდა გაიაზროს, გადაამუშაოს მისი თითოეული ასო, შემდეგ სიტყვა, წინადადება და ყოველი სიმპტომი არსებულ ბაზაში მოიძიოს. საბოლოოდ, მათი ერთობლიობა სავარაუდო დაავადებას მიუსადაგოს და მომხმარებელს უპასუხოს. მთელი ეს პროცესი, არც მეტი არც ნაკლები, სულ რამდენიმე წამში უნდა ჩაეტიოს.

„პროექტი ინგლისურად რომ შემექმნა, ყველაფერს ერთ თვეში გავწერდი. ინგლისურის ათვისება ბევრად მარტივია, ხოლო ქართული გრამატიკა − განსაკუთრებულად რთული. ნებისმიერი სიტყვისთვის თუნდაც მხოლოდ ერთი ასოს დამატებით, შეიძლება მისი მნიშვნელობა მთლიანად შეცვალო. აქედან გამომდინარე, ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას ვიყენებ და გაძლიერებული სწავლების დამსახურებით, ჩემს ქმნილებას ქართული უკვე კარგად ესმის".

DigitalMed ამჟამად ტესტირების პროცესშია. უპირველეს ყოვლისა, პროექტის ავტორი კონსულტაციას სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან გადის. „ამ პროექტით რამდენიმე სამედიცინო კომპანიაა დაინტერესებული. ჯერ ტესტირების რეჟიმში ვართ. პირველ ეტაპზე ვებგვერდი ამოქმედდება და მასზე წვდომა მომხმარებელს მესენჯერის საშუალებით შეეძლება. ამასთან ერთად, DigitalMed ჩაშენდება სამედიცინო ვებგვერდზე:
www.mkurnali.ge

„ეს ხელოვნური ინტელექტია და არა ბოტი. დიდი შრომა გავწიე, რომ გამემარტივებინა და მესენჯერიდანაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი", – გვიხსნის გეგა.

გლობალური მიზნები

ქართველ მომხმარებელზე გათვლილი სერვისი, გეგა თათულიშვილის აზრით, რამდენიმე წელიწადში საერთაშორისო პროექტად უნდა იქცეს. მის ბაზაში თავი უნდა მოიყაროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულმა სამედიცინო ჩანაწერებმა. პირველ ქართულ სამედიცინო ხელოვნურ ინტელექტთან კონტაქტი უნდა შეეძლოს ნებისმიერ მსურველს ევროპიდან, აშშ-იდან თუ ავსტრალიიდან.

თუმცა, ვიდრე ციფრული ექიმი მსოფლიო მასშტაბით პაციენტებს მოემსახურება, გეგა ტექნიკურად უკვე განხორციელებული პროექტის კომერციალიზაციასა და მის საბოლოო დახვეწაზე მუშაობს. უახლოესი პერიოდის მიზანია, ხელოვნურმა ინტელექტმა ფოტოს აღქმა, გაანალიზება და სავარაუდო დიაგნოზის დასმა შეძლოს. მაგალითად, სისხლის ანალიზის გაგზავნის შემდეგ, ფაილი გადაამუშაოს და პასუხი მოგწეროთ.

პროექტის კომერციული პერსპექტივა

პროექტი ტესტირებას უამრავ ექიმთან გადის. ამუშავების შემდეგ კი, რაც მეტი ადამიანი დაუსვამს შეკითხვას, მით მეტი ხარვეზის აღმოფხვრას შევძლებთ. თავდაპირველად, DigitalMed-თან კომუნიკაცია რაც შეიძლება მარტივი ენითა და გრამატიკულად გამართული წინადადებებით მოგიწევთ, დროთა განმავლობაში კი ციფრული ექიმი კითხვის აღქმას იმ შემთხვევაშიც შეძლებს, თუ გაუმართავი ქართულით მიწერთ. მაგალითად, თავისა თუ წელის ძლიერი ტკივილის გამო.

მეორეკურსელი სტუდენტის პროექტით უკვე არაერთი კომპანია დაინტერესდა. წამოწყება ოქტომბერში, სატესტო რეჟიმში ჩაეშვება. რაც შეეხება იდეის მომგებიან ბიზნესად ქცევას, ამ შემთხვევაში გეგა თათულიშვილი სხვადასხვა სამედიცინო კომპანიისა და ამ სფეროსთან დაკავშირებული რამდენიმე ორგანიზაციის რეკლამის პლატფორმაზე განთავსებას მოიაზრებს.

„სტარტაპი საბოლოოდ ბიზნესად უნდა იქცეს, ვინაიდან საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ის მეგამონაცემებს აერთიანებს, ამიტომ მისი შენახვა ძალიან ძვირი ჯდება".

საპილოტე სამედიცინო კონსულტაცია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ციფრული ექიმის შექმნას გეგამ 8 თვე მოანდომა. გაცხარებული მუშაობის შემდეგ კი, ციფრულ ექიმთან პირველი კონსულტაცია თავად გაიარა.

„საოცარი შეგრძნება გამიჩნდა, როდესაც პირველად დავეკონტაქტე. მას მერე, რაც შევეკითხე და პასუხიც მივიღე, რამდენიმე წუთში თავად მომწერა და მომიკითხა. დიახ, ხელოვნურ ინტელექტს თანაგრძნობისა და ყურადღების გამოვლენაც შეუძლია. მაგალითად, თუ ადამიანმა მაღალი ტემპერატურის გამო, სიცხის დამწევი მედიკამენტი მიიღო, რომელმაც ტემპერატურა დაახლოებით ნახევარ საათში უნდა დაუგდოს, ციფრული ექიმ-თერაპევტი შესაბამის დროს მოიკითხავს, რათა გადაამოწმოს ავადმყოფის მდგომარეობა".

DigitalMed-თან კონსულტაცია ნებისმიერი მსურველისთვის სრულიად უფასო იქნება. პროექტი თითოეულ იმ მომხმარებელს გაუმარტივებს ცხოვრებას, რომელიც საათებს ატარებს ამა თუ იმ დაავადების სიმპტომების Google-ით ძიებაში და კვალიფიციურ და საეჭვო რჩევებს შორის არჩევანის გაკეთება უჭირს.

და მაინც, პროექტის უმთავრესი უპირატესობა ის ბაზაა, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი ოპერირებს. ნებისმიერი შეკითხვის ავტორს სავარაუდო დიაგნოზს სამედიცინო ენციკლოპედიის მონაცემების მიხედვით უსვამს და თვითმკურნალობის ნაცვლად, კონკრეტული სპეციალიზაციის მედიკოსთან მისვლას ურჩევს.

იდეიდან განხორციელებამდე სტარტაპის დაარსებისას გასათვალისწინებელი საკითხები

როცა დაკავებული ადამიანი ხარ, გეგმავ შეხვედრებს, აკეთებ შენს საქმეს სამსახურში და საკმაოდ წარმატებული ხარ; როცა საოცრად დიდ მომავალს გიწინასწარმეტყველებენ, როცა ეცნობი ახალ ადამიანებს, ხვდები მეგობრებს, საუბრობ, იცინი, დადიხარ საყიდლებზე, შემდეგი ინტერვიუსთვის არჩევ პერანგს და ხარ ამაყი, რომ იცი შენი საქმე; იცი, ცდილობ და გამოგდის, გიხარია როცა უფროსი შეგაქებს და კიდევ უფრო გიმყარდება თვითშეფასება... მაგრამ, არის რაღაც, რაც არ გასვენებს. ის რაღაც არის შენში ძალიან ღრმად, „ტვინს გიჭამს", გინდა ყველაფერი მიატოვო და უსმინო შენს გულისთქმას. გინდა რაღაც შენი გქონდეს, გინდა გახვიდე ყველაფრისგან, დაყარო ის, რაც გაქვს და სრულიად დამოუკიდებლად, შიშველი ხელებით შეუდგე იმ რაღაცას, შენი განუმეორებელი „სიყვარულისთვის" გააკეთო ყველაფერი.

იმდენად დიდია შენი საქმის დაწყების სურვილი, რომ ტოვებ ყველაფერს და მიდიხარ. მიდიხარ შინ. ეს უკვე სპონტანური გადაწყვეტილებაა. შესაძლოა მანამდე გქონდეს ნაფიქრი, რა გინდა კონკრეტულად, რას ელოდები, რას არგებ საზოგადოებას? არის კი შენი პროდუქტი უნიკალური? ან შესაძლოა სულაც მერე დაჯდე და მოუყარო თავი შენს ფიქრებს... განმარტოებულად ჩამოყალიბდე პროდუქტის საბოლოო სახეზე. დიახ, რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ
როცა გადადგამ ნაბიჯს, უკან
აღარ უნდა დაიხიო.

როცა მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი გექნება შენს პროდუქტთან დაკავშირებით, უნდა გახსოვდეს ისიც, რომ ხშირად მოგიწევს სწრაფად მიიღო გადაწყვეტილებები.

პირველი ეტაპი არის კომპანიის დაფუძნება. თანამოაზრის პოვნა. პარტნიორის, რომელიც იქნება შენი მარჯვენა, ან მარცხენა ხელი, ან ორივე ერთად. კლიენტების მოზიდვა, პროდუქტის რეალიზება და თავის დამკვიდრების ეტაპზე ყოფნა.

ეს არის ეტაპი, რომელიც შენგან ლიდერობას და 24-საათიან შრომას მოითხოვს. თუ ამ შრომისთვის მზად არ ხარ, მაშინ სჯობს ისევ გააგრძელო შენი წარმატებული საქმიანობა და კარიერა.

შემდეგი ეტაპი არის კომპანიის გაზრდის ეტაპი. გაზრდაში არ იგულისხმება ის, რომ თანამშრომლები დაიყაროთ თავზე და ფინანსებს არ გაუფრთხილდეთ, არამედ მას შემდეგ, რაც საზოგადოება გაგიცნობთ თქვენ და გაიცნობს თქვენს პროდუქტს, გახდება თქვენი მომხმარებელი და სხვადასხვა აქციითა და გაყიდვების სტიმულირებით მომხმარებლებს აქცევთ თქვენს გულშემატკივრებად. მათ სჭირდებათ სიახლეები. გჭირდებათ ახალი პროდუქტი, ვინაიდან არ შეიძლება ერთსა და იმავე ნივთს ჰქონდეს მუდმივი სასიცოცხლო ციკლი. ყველაფერი განახლებადია, 21 საუკუნის მომხმარებელი კი განსაკუთრებულად სწრაფად ითხოვს ამ განახლებას საყვარელი პროდუქტისგან.


ახალი პროდუქტების შესაქმნელ დროს თავად გაყიდვები გკარნახობენ. როცა გაყიდვები შემცირდება, უნდა დაიწყო ფიქრი ახალი პროდუქტის შესაქმნელად. ყოველი ახალი პროდუქტის გამოჩენა ბაზარზე მომხმარებელთა მეტ ჩართულობას იწვევს და ამით ფინანსური მდგომარეობაც უმჯობესდება. როგორც წესი, სტარტაპი ერთგვარად ქაოსურად და ექსპერიმენტულ მდგომარეობაში იმყოფება საწყის ეტაპზე და ეს საწყისი ეტაპი შესაძლოა 2 წლის განმავლობაში გაგრძელდეს. სტარტაპერს არ უნდა დაავიწყდეს ყველაზე მთავარი − მომხმარებელი. ლიდერები, რომლებიც მეტი ფულის და კიდევ უფრო მეტი ფულის შოვნაზე ფიქრობენ, ამის პარალელურად აფუჭებენ კარგად დაწყებულ სტარტაპს. ასეთი ლიდერები კომპანიას ავითარებენ სწრაფად, მაგრამ ეს სისწრაფე პირდაპირპროპორციულად აისახება ხარისხის ვარდნაზე.

რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფულის შოვნასა და დაგროვებაზე არ იფიქროთ. არა, ჩემო ბატონო. უბრალოდ, ჩვენ ყველას ხშირად გვსმენია ფრაზები: „რა კარგად დაიწყეს და როგორ გააფუჭეს!" „არადა, თავიდან რა კარგი იყო?!" „ადრე სულ აქ დავდიოდი, მაგრამ ახლა გააბანძეს სიტუაცია" და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, დაბალი ხარისხის პროდუქტის მყიდველი უამრავი ადამიანია. მაგალითად, ჩინეთი − სულაც არ აინტერესებს ხარისხი, ყიდის დაბალხარისხიან პროდუქციას შესაბამის ფასად. რომ არ ეყიდებოდეს, ხომ არ აწარმოებდა?

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თავად ჩვენ რა გვინდა, თავიდანვე რა ხარისხს შევთავაზებთ მომხმარებელს და როცა მივიჩვევთ მათ, მაშინ კეთილი უნდა ვინებოთ და ეს ხარისხი ბოლომდე შევინარჩუნოთ, თუ არ გვინდა, რომ ჩვენზეც ანალოგიური სინანულის ფრაზები მოვისმინოთ.

სტარტაპერს აქვს ე.წ. ჩავარდნების პერიოდებიც. თუ ლიდერს რაღაც არ გამოუვა, მას აქვს სურვილი, ყველაფერი მიატოვოს. თავი გაანებოს საკუთარ ახირებას, თან თუ ამას დაემატა ის, რომ პარტნიორი ჰყავს მოუთოკავი, რომელიც საერთოდ გონზე არ არის რა უნდა, ან საერთოდ რატომ მოხვდა ამ გაუგებრობაში. ლიდერი საკუთარ თავზე იღებს ყველაფერს − პროდუქტის შეკვეთიდან დაწყებული, მიწოდებითა და კლიენტებთან კომუნიკაციით დასრულებული. ჰო, ეს ძალიან მძიმე სიტუაციაა და ეს, საბოლოო ჯამში, ღლის ლიდერს. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ რაღაცებს მეც ვფილოსოფოსობ და ზედმეტიც მომდის, თუმცა თავხედურად არ მჯერა, რომ აქაოდა ყველაფერი ვიციო, რადგან თავადაც ექსპერიმენტული სტარტაპის დამფუძნებელი ვარ და ასეთ დროს რა ხდება, წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს.

ერთი რამ კი ცალსახად შემიძლია გირჩიოთ − თუკი კარგ სამსახურს მიატოვებთ და გადაწყვეტთ საკუთარი სტარტაპის გქონდეთ, პირველი, რაც უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს, შემდეგია: გჯერათ თუ არა იმ პროდუქტის, რომლის შექმნასაც აპირებთ?

მეორე შეკითხვას კი ქმედება უნდა მოჰყვეს.

თუ გსურთ თქვენი იდეის განხორციელებაში პარტნიორი შემოიერთოთ, ვინც არ უნდა იყოს ის − მეგობარი, ნათესავი, ძმა თუ ბიძაშვილი, დაუდეთ ხელშეკრულება, სადაც გაწერილი იქნება თქვენი − ორთავეს მოვალეობები. ამის გარეშე, არცერთი ბიზნესი არ წავა წინ და თქვენც ტყუილად დახარჯავთ დროსა და ენერგიას.


მესამე საკითხი არის ის, რომ ჩამოყალიბდეთ − მეწარმე იქნებით თუ ანტრეპრენერი? მეწარმე ბიზნესის გაფართოებასა და ბევრი ფულის შოვნაზეა ორიენტირებული, ხოლო ანტრეპრენერი, საზოგადოებისთვის საკეთილდღეო ბიზნესის დაარსებასა და მსოფლიოს შეცვლაზე ფიქრობს.

არცერთი საქმე არ არის ცუდი. მთავარია შრომა, შრომა და შრომა. დაუღალავი შრომის შედეგად კი წარმატებაც მოვა.

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"