ATC - ქართული კომპანია, რომელიც Boeing-ს კომპოზიტური ნაწილებით ამარაგებს

2018 წელს შექმნილ, უახლესი აპარატურით დაკომპლექტებულ საწარმოში კომპოზიტური ნაწილები „ბოინგის" უახლესი მოდელის, 787 Dreamliner-ისთვის იქმნება
ATC - ქართული კომპანია, რომელიც Boeing-ს კომპოზიტური ნაწილებით ამარაგებს
ფოტო: ალექსეი სეროვი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
ჟურნალისტი
5 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დაჯერებაც კი რთულია, რომ საქართველოში დაფუძნებული კომპანია ATC ისეთი გიგანტისთვის მუშაობს, როგორიც Boeing-ია. ქვეყანაში სს „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ინიციატივით, 93 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია 2017-2018 წლებში განხორციელდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ კი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა აშენდა. საწარმოში ამ დროისთვის 100-მდე ადამიანია დასაქმებული. 2018 წელს შექმნილ, უახლესი აპარატურით დაკომპლექტებულ საწარმოში კომპოზიტური ნაწილები „ბოინგის“ უახლესი მოდელის, 787 Dreamliner-ისთვის იქმნება.

საქართველოში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების სატესტო წარმოება 2018 წელს დაიწყო. კომპანია ATC-მ ISO-ს სერტიფიკატი გასულ წელს მიიღო. გაიარა Boeing-ის სერტიფიცირების ურთულესი პროცესი და 2019 წლის იანვარში უკვე ასობით კომპოზიტური ნაწილი გამოუშვა და რაც მთავარია, გაყიდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია არიე ვეისბორტი, ხოლო კომპანიის ფინანსური დირექტორია მიხეილ ბეგიაშვილი. „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის Elbit Cyclone-ის დიდი შრომის შედეგი ეს საწარმოა.

ELBIT Cyclone ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ისრაელში სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სამხედრო/თავდაცვის აეროხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები და უსაფრთხოების სისტემები. ELBIT Systems 1967 წელს, ისრაელში დაარსდა.

არიე ვეისბორტი რამდენიმე თვეა საქართველოში ცხოვრობს და კომპანიის მუშაობის ყველა პროცესშია ჩართული. როგორც ამბობს, საქართველოში გადმოსახლება არ გასჭირვებია, ხალხის კომუნიკაბელურობითა და გახსნილობით მოიხიბლა. „საპარტნიორო ფონდთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, საწარმოს სათავეში აღმოჩნდა. ის Elbit Cyclone-ს წარმოადგენს, „საპარტნიორო ფონდის“ მხრიდან კი კომპანიას ფინანსური დირექტორი, მიხეილ ბეგიაშვილი ხელმძღვანელობს.

საქართველოსთან თანამშრომლობაზე დიდხანს ფიქრობდნენ. პირველი მიზეზი, რის გამოც კოლაბორაცია შედგა, საქართველოში არსებული იაფი შრომის ბაზარია. Elbit Cyclone-ს კომპოზიტური ნაწილების შექმნის 10-წლიანი ისტორია აქვს, აქტიურად თანამშრომლობდა ჩინურ საწარმოებთან, თუმცა ადამიანური რესურსის ღირებულების ზრდის გამო, კომპანიამ გადაწყვიტა ახალი პარტნიორი შეეძინა. „ჩინეთში ინფლაციის გამო, შრომის ღირებულება დღითი დღე იზრდება, საქართველო კი კონკურენტულ ფასს სთავაზობს Boeing-ს. სწორედ ესაა პირველი მიზეზი, რის გამოც Elbit-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა შედგა“, − ამბობს არიე ვეისბორტი.

ვეისბორტი ისრაელში დაიბადა. ცხოვრების უდიდესი ნაწილი ისრაელის საჰაერო ძალებში მუშაობას დაუთმო, შემდეგ კი საკუთარი კომპანია შექმნა, რომელიც საჰაერო ძალებს კვლევისა და ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით ემსახურებოდა. Elbit Cyclone-სა და Boeing-ს შორის კონტრაქტი სწორედ მაშინ დაიდო, როდესაც ვეისბორტი კომპანიის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. „აქაურობა ძალიან ჰგავს გასული საუკუნის 70-იანი წლების ისრაელს. ქვეყანა სწორედ იმ პროცესს გადის, რომელიც ჩემმა სამშობლომ რამდენიმე ათეული წლის წინ გაიარა. საწარმოს დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ შეგვიძლია კომპოზიტური ნაწილების სხვა ბაზრებიც მოვძებნოთ, ამიტომ ATC-ის მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ“, − ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

პირველი საფრთხე და გამოწვევა, რომელიც არიესა და მიხეილს კომპანიის მართვის საწყის ეტაპზე გაუჩნდათ, კადრების პოვნა იყო. საჭირო გახდა თანამშრომლების გადამზადება. თითოეულმა მათგანმა Elbit Cyclone-ში 3 თვიდან 1-წლამდე ტრენინგკურსი გაიარა. „99%-მა სერტიფიკატი აიღო. ამ ეტაპზე ქარხანაში 100-მდე თანამშრომელი გვყავს დასაქმებული და მათგან მხოლოდ 4-ია ისრაელიდან. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ახლა, სადაც საწარმოა აშენებული, 2 წლის წინ არაფერი ხდებოდა, სრული სიცარიელე და ნანგრევები იყო. დღესდღეობით კი სრულყოფილი ქარხანა გვაქვს, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ცოდნით შეიარაღებული თანამშრომლები ჰყავს. თითოეული მათგანის ცოდნა არ ჩამოუვარდება მათსას, ვინც Elbit-ში მუშაობს“, − ამბობს მიხეილ ბეგიაშვილი.

Boeing 787 Dreamliner-მა პირველი ფრენა 2009 წელს განახორციელა. ბრენდის ამ დროისთვის გამოშვებული ბოლო ლაინერი სტანდარტული, ალუმინის ნაწილების გარდა, სწორედ კომპოზიტური ნაწილებისგან შედგება.

რა არის კომპოზიტური ნაწილები?

ეს არის კარბონთან სხვადასხვა მასალის შერევის შედეგად მიღებული მრავალფენიანი, მსუბუქი ნაწილი, რომელიც ალუმინისგან დამზადებული ნაწილის ანალოგს წარმოადგენს, თუმცა მასზე ბევრად მსუბუქი და მედეგია. Boeing-ი კი კომპოზიტურ ნაწილებს უპირატესობას მისი სიმსუბუქის გამო ანიჭებს. რაც უფრო მსუბუქია ასეულობით ტონა თვითმფრინავის კორპუსზე არსებული სხვადასხვა დეტალი, მით ნაკლებია საწვავის ხარჯი. საწვავის დაბალი ხარჯი კი, თავისთავად, კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. სწორედ ამიტომ, ბოლო 10 წლის განმავლობაში „ბოინგისთვის“ პრიორიტეტულია იპოვოს კომპანიები, რომლებიც მისთვის რაც შეიძლება მეტ კომპოზიტურ ნაწილს მინიმალურ ფასად დაამზადებს.

„სულ მალე თვეში 1000-მდე ნაწილის დამზადებას შევძლებთ, შემდეგ კი ეს რაოდენობა გაორმაგდება და გასამმაგდება“, − ამბობს არიე ვეისბორტი. თანამშრომელთა რაოდენობა 2019 წლის ბოლოსთვის გაორმაგდება და ATC-ში 200-მდე ადამიანი დასაქმდება. „ყველაზე რთული პროცესი, კომპანიის დაფუძნებისას, სწორედ თანამშრომელთა შერჩევა იყო. საქართველოში ძალიან ცოტა მოიპოვება ისეთი, ვისაც საკმარისი ტექნიკური განათლება აქვს. ჩვენი ძირითადი კრიტერიუმი ტექნიკური საწყისების ცოდნა იყო, რომელზეც შემდეგ სპეციფიკური უნარ-ჩვევები უნდა დაფუძნებულიყო“, − გვიხსნის მიხეილ ბეგიაშვილი.

ATC-ის დაფუძნებიდან მალევე, საქართველოში 2 ქართველი ინჟინერი გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან მოიძია და სამშობლოში „დააბრუნა“. კომპანიამ მათ საჭირო სამუშაო პირობები შეუქმნა და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებულ ქართველ ახალგაზრდებს საქართველოში პროფესიით მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობა მისცა.

ATC-ში შექმნილი ნაწილები Boeing-ში გაგზავნამდე ტესტირების მრავალჯერად პროცესს გადის. უპირველესად, კომპოზიტური ქსოვილების შეერთება ხდება. საწარმოში თანამედროვე დანადგარები მათ ზუსტ ზომაზე ჭრას, დაპრესვასა და გახურებას უზრუნველყოფს. მას მერე, რაც მრავალი ფენა ქსოვილი ერთ მთლიანობად იქცევა, იტესტება თითოეული მათგანის სიმტკიცე. ნებისმიერი, თუნდაც მცირე წუნის შემთხვევაში, ნაწილი ქარხანაშივე რჩება. ვიდრე თითოეული დეტალი „ბოინგამდე“ მიაღწევს, ხარისხი, მედეგობა და ერთგვაროვნება არაერთხელ მოწმდება.

არიე ვეისბორტი საქართველოში კომპანიის პოტენციალს მრავალმხრივად უყურებს. გარდა იმისა, რომ მსოფლიოში არაერთი კომპანია არსებობს, რომელიც კომპოზიტური ნაწილების პოტენციური შემსყიდველია, სურს, ქართული შრომის ბაზარი ტექნიკური ცოდნის მქონე ადამიანებით უფრო გაჯერებული იყოს. მიაჩნია, რომ ქვეყანაში ტექნოლოგიური სკოლის გახსნა როგორც კომპანიას, ისე ქვეყანას, განვითარებაში შეუწყობს ხელს.

„საჭირო ტექნიკური ცოდნა საქართველოში დღემდე დიდ გამოწვევად რჩება“, − ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი, − „ამიტომაც ვფიქრობ სკოლის დაარსებაზე. მსურს რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ განათლება − ეს ჩვენს საქმესაც გააადვილებს და ქვეყანასაც წაადგება“.

თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების შექმნაზე მუშაობა დაახლოებით 2 ათწლეულის წინ დაიწყო. ქიმიური კვლევები და ფორმულების შემუშავება დადებით შედეგებამდე 2000-იან წლებში მივიდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო Boeing-მა 787 Dreamliner-ზე მუშაობა და სრულიად ახალი ტექნოლოგიით შემუშავებული ნაწილების გამოყენება. ATC-მ კომპოზიტური ნაწილების ნოუჰაუ შეიძინა. ქარხანა არსებული ფორმულით მიღებული მასალით, ლაინერის კორპუსის სტრუქტურულ ნაწილებს აწარმოებს. საწარმო უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. „თითოეული მათგანი 2018 წელსაა შექმნილი, ამერიკიდან და იტალიიდანაა გამოგზავნილი. ასე რომ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, დღესდღეობით ისეთი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ქარხანა, როგორიც საქართველოში გვაქვს, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ გააჩნია“, − აცხადებს მიხეილ ბეგიაშვილი.

კომპანიის პირველადი მიზანი მიღწეულია. ქარხანა ISO-სა და Boeing-ის სერტიფიკატების მფლობელია. „ბოინგმა“ კომპოზიტური ნაწილების შესყიდვა უკვე განახორციელა, მომდევნო ერთ წელიწადში კი ATC საოპერაციო მოგებაზე გასვლას შეძლებს.

 

 

 

 

Latest on Entrepreneur