📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბრენდირების წლევანდელი 5 საყურადღებო ტენდენცია ილუსტრაციები, მინიმალიზმი და "მილენიალები"- ის ტენდენციებია, რომლებსაც წელს ბრენდირების სტრატეგიაში უნდა მიაქციოთ ყურადღება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კაროლინა გრაბოვსკა

ახალი ბიზნესის დაწყებისას ნებისმიერი ანტრეპრენერი წარმატებაზე ოცნებობს, ცდილობს არ ჩამორჩეს, ამ სფეროს ყველა უკანასკნელი ტენდენციის საქმის კურსში იყოს. თუმცა, მაინც უკიდურესად ძნელია წინასწარ განსაზღვრა, რა შეიძლება შეიცვალოს ბრენდირების რთულსა და ჩახლართულ სამყაროში.

როგორც ახალი, ისე მზარდი კომპანიების ხელმძღვანელები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ შემდეგ 5 ტენდენციას, რომელშიც ბრენდის სახელის დარქმევის ტექნიკაც არის განხილული და მისი კამპანიაც:

1. ილუსტრაციის გამოყენება მომხმარებელთა მოსაზიდად

კომპანიები აუდიტორიის მოსაზიდად განუწყვეტლივ ეძებენ ახალ გზებს. უმრავლესობა აღიარებს, რომ ამის საუკეთესო საშუალება ხელოვნება და ილუსტრაციებია.

კომპანია Airbnb-ის ილუსტრატორი ჯენიფერ ჰომი აღნიშნავს: „ბრენდებმა უკვე აღიარეს ილუსტრაციების დიდი გავლენა მომხმარებელზე. გამოსახულებას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებაც შეუძლია და სასიამოვნოდ გაოცებაც".

აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად კომპანიათა უმრავლესობა ბრენდირების სტრატეგიაში ხელოვნებასა და ხელოვანებს იყენებს. მაგალითად, Google-ი ადაპტაციის პროცესებს ილუსტრაციებით ამდიდრებს, Facebook-იც იგივეს ცდილობს.

Google-ის კალენდარი მომხმარებელს ილუსტრაციებით ეხმარება.

Facebook-ის ილუსტრაციები უსაფრთხოების წესებსა და სასწავლო მასალებზე

ხელოვნების გამოყენება აუდიტორიის მოსაზიდად უზომოდ პოპულარული გზაა, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ახალი პროდუქტის ბაზარზე გატანისას რა იქნება გამოყენებული − ანიმაცია ვიდეორგოლებში, ილუსტრაციები ვებსაიტებზე თუ ხელოვანებთან პარტნიორობა ახალი პროდუქციის ხაზის გაშვებისას. 2019 წელს, ბრენდირების ეს ტენდენცია გახდა აქტუალური, რადგან მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება და ბრენდისადმი კეთილგანწყობის მოპოვება ყველაზე უკეთ სწორედ მას შეუძლია.

2. მინიმალიზმი მაქსიმალურად ხშირად გამოიყენეთ

ხელოვნების ტენდენციასთან მინიმალისტური ტენდენციაა დაკავშირებული. ფაქტობრივად, მინიმალისტური ბრენდირება ამჟამად აღმავლობის გზაზეა და როგორც ჩანს, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. იაპონელი მწერალი და კონსულტანტი, მარი კონდო წიგნში აღნიშნავს, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა აუცილებლად უნდა დაუსვან საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვა: „ეს მომხმარებლის თვალებში დანახვისთანავე სიხარულის ნაპერწკლებს გააჩენს?"

მინიმალიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვიზუალურად უდავოდ მიმზიდველია. ეს განსაკუთრებით B2B („ბიზნესი ბიზნესს") ტიპის კომპანიებს ეხება, რომელთაც პროცესების გამარტივება ისეთი ხელსაწყოების დახმარებით შეუძლიათ, როგორებიცაა Intercom და Salesforce.

მინიმალიზმი თავისი არსით იმ კლიენტებზეა ორიენტირებული, რომლებიც უპირატესობას უშუალობას ანიჭებენ. ეს მიდგომა ნათელი ფერების, მარტივი გრაფიკისა და ადვილად აღსაქმელი პროცესებისა და ინტერფეისების გამოყენებას გულისხმობს.

3. „მილენიალთა" გავლენის ასახვა

„მილენიალები" უკვე მოზრდილები არიან და თავიანთი სამუშაო და შემოსავალი, შესაბამისად, დიდი შემსყიდველობითი შესაძლებლობები და ამასთან, გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვთ. სწორედ ამის გამო გახდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ბრენდირების ტენდენციების „მილენიალთა" გემოვნებაზე მორგება.

ამ ტიპის მოწოდებები განსაკუთრებით ხშირად ისმის: „მილენიალებმა" ბოლო ხანებში ინდუსტრიები გაანადგურეს". ეს მართალია. ამ თაობის წარმომადგენლებს ინდუსტრიების მომავალზე ნამდვილად დიდი გავლენა აქვთ.

არ უნდა დაივიწყოთ, რომ „მილენიალები" პოლიტიკურად „ბები ბუმერებზე" გაცილებით აქტიურნი არიან − მხოლოდ იმ კომპანიების პროდუქციას ყიდულობენ, რომლებიც მათ მორალურ სტანდარტს შეესაბამება. ბრენდები ამ ტენდენციებს აშკარად ამჩნევენ და ახალგაზრდების ცვალებად შეხედულებებზე დიდ ყურადღებას ამახვილებენ.

მაგალითისთვის, Gillette-ის ბოლო სარეკლამო კამპანიაზე მომხმარებლის სრულიად არაერთგვაროვანი რეაქცია განვიხილოთ. მომხმარებლის ერთი ნაწილი, საპარსი საშუალებების კომპანიას მამაკაცურობის მაქსიმალურად გამოხატვის გამო აკრიტიკებდა. ზოგიერთი საბრალდებოსაც კი უწოდებდა. მეორე ნაწილი კი, გაბედული და პროგრესული პოზიციის გამო ხოტბას ასხამდა.

განსხვავებული აზრების მიუხედავად, რეკლამამ Gillette-ი კვლავ აქტუალური გახადა. კომპანიისთვის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, რადგან პატარა კომპანიები, როგორებიცაა Dollar Shave Club და Harry's ინდუსტრიის სათავეში მოქცევას ცდილობდნენ.

Gillette-ის რეკლამა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს ბრენდი ახალგაზრდების მოზიდვას. „მილენიალებმა" კომპანია არცთუ დიდი ხნის წინ ქალისა და მამაკაცის საპარსების ფასთაშორისი განსხვავების გამო გააკრიტიკეს. ჩანს, ახალი სარეკლამო კამპანიის მიზანი ამის გადაფარვა იყო.

მეორე მაგალითი განვიხილოთ: Abercrombie & Fitch-ი „მილენიალების" ყურადღების ცენტრში 2013 წლის მოვლენების გამო მოექცა. კომპანიას თანამშრომელთა დაქირავების დისკრიმინაციული პოლიტიკისა და ბრენდირების გამო აღარ წყალობდნენ.

ფიტნესდარბაზი Planet Fitness კი, თავისი პოლიტიკით მთლიანად ეხმაურება „მილენიალთა ფასეულობებს". ქსელმა უმოკლეს დროში დიდ წარმატებას ამის გამო მიაღწია.

მრავალი ბრენდი ცდილობს „ბები ბუმერებისგან" „მილენიალების" გემოვნებაზე გადართვას. მიზეზი კი, „მილენიალთა" მსყიდველობითი უნარის გაუმჯობესებაა. ეს თაობა ბრენდირების ტენდენციებს აკონტროლებს, პოლიტიკისკენ მიმართავს. ამისი მაგალითი Super Bowl-ის წლევანდელ რეკლამებში ახალგაზრდა ქალთა დამოუკიდებლობის, უფლებათა და შესაძლებლობათა გაზრდის თემების წამოწევაა.

ეს ყველაფერი ამავე დროს Z თაობის შესახვედრად მზადებაცაა. ამ თაობის ახალგაზრდები სწავლას ამთავრებენ და მუშაობის დასაწყებად ემზადებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე მათ მსყიდველობით უნარსაც დიდი გავლენა ექნება.

Z თაობა ფაქტობრივად „მილენიალთა" მსგავსი მსყიდველობითი ჩვევებისკენ იხრება. სოციალური საკითხების გამოყენებით, ახალგაზრდა თაობის ყურადღების მიპყრობა ბრენდირების პოპულარული სტრატეგია გახდა. ბრენდები თავიანთი აუდიტორიის აზრების გამოხატვას ყველანაირად ცდილობენ.

4. შემოქმედებითი მიდგომის გამოყენება ონლაინ დომენურ სახელებში

ახალი ბიზნესისთვის ზუსტი სახელის მოძებნა განსაკუთრებით რთულია. ინტერნეტში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კომპანიების უმრავლესობა უკვე აქტიურად არის ჩართული ონლაინბიზნესში. კომპანიის URL-ი (რესურსების ადგილსამყოფელის უნიფიცირებული განმსაზღვრელი) კომპანიიის სახელწოდებას აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს. ეს კი, არც ისე მარტივია. მაგალითად, კომპანია Dropbox-ის ვებგვერდის URL-ი, მისი დაარსებისას GetDropbox.com იყო.

გაფართოება .com ძველებურად მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაბამისი დომენების ნაკლებობა ბევრ კომპანიას უბიძგებს შემოქმედებითად მიუდგნენ თავიანთ დომენურსა და სოციალური მედიის მომხმარებელთა სახელებს.

ამავე დროს, დომენური სახელი მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, ინტერნეტში ბიზნესის მოძებნა მისი მეშვეობით ხდება და ამიტომ თანხის ინვესტირება ნამდვილად ღირს. $2000-იანი ბიუჯეტით სხვადასხვა შემოქმედებით დომენურ სახელებზე გექნებათ წვდომა. თუმცა, გაცილებით სოლიდური ბიუჯეტით, ზუსტად იმ სიტყვას მოძებნით, რომელიც კომპანიის სახელწოდებას შეესაბამება.

სტარტაპებსა და ახალ ბიზნესებს დომენური სახელის ნაცვლად გარკვეული ფრაზების გამოყენება შეუძლიათ. ეს სჯობს, რადგან ათასობით დოლარის დაზოგვის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ კომპანიები ინტერნეტში უკვე იყენებენ შესაბამის დომენურ სახელებს. დომენური ფრაზები კი, სახელების სხვა ინდუსტრიაში გამოყენების შესაძლებლობასაც აძლევს.

ყველაზე შემოქმედებით დომენურ ფრაზებად მიჩნეულია: Square-ის SquareUp.com, Ruby Receptionist-ის CallRuby.com და Trusted-ის UseTrusted.com. მომხმარებელი კომპანიებს ამ ფრაზებზე დამყარებული სახელებითაც ადვილად იმახსოვრებს.

რიგი კომპანიები სხვა გაფართოებებს და უმაღლესი დონის დომენებს იყენებენ. მაგალითად, თამაშების − co და gg; მაღალი ტექნოლოგიების − io; პროგრამული უზრუნველყოფის − ai. სწრაფი კვების ამერიკული კომპანია Taco Bell მოკლესა და დასამახსოვრებელ დომენს − ta.co-ს იყენებს.

სოციალური მედიის მომხმარებლის სახელზეც იგივე პრინციპი ვრცელდება. ბოლო ხანებში 50 საუკეთესო სტარტაპი შევისწავლეთ იმის დასადგენად, აუცილებელია თუ არა სოციალური მედიის მომხმარებლის სახელი ზუსტად ემთხვეოდეს კომპანიის სახელს. აღმოჩნდა, რომ ზუსტად იგივე სოციალური მედიის მომხმარებლის სახელს მხოლოდ 20 წარმატებული სტარტაპი იყენებს.

5. კორპორაციული კი არა, უფრო პირადი

ყურადღებით შეარჩიეთ თქვენი კომპანიის სახელი − ეს ბრენდს მყარ საფუძველს შეუქმნის, თქვენს ბიზნესს კი, წარმატებულს გახდის.

პირადი სახელების დარქმევა მართლაც კარგია და ბრენდირებისას ხშირად გამოიყენება: 20 000-მდე კომპანიას პირადი სახელი ჰქვია − „ოსკარი" იქნება ეს თუ „ედგარი". საინტერესოა, რას აძლევს კომპანიას ამა თუ იმ პიროვნების სახელი. აღმოჩნდა, რომ მართლაც კარგია, რადგან ასეთი კომპანია გაცილებით ახალგაზრდა და საინტერესო ჩანს.

ეს ტენდენცია „მილენიალებისა" და Z თაობის მოსაზიდად არის გამიზნული. ისინი კორპორაციებს ნაკლებად ენდობიან, კონკრეტულ ადამიანებთან მოსწონთ ურთიერობა.

აუცილებელი არ არის, კომპანიას მხოლოდ იმიტომ ერქვას ვინმეს სახელი, რომ ეს კარგია. როგორც Greenpeace-ის შემთხვევაშია, თქვენი ბიზნესის სახელი აუდიტორიის ფასეულობებთანაც უნდა ასოცირებდეს. თუნდაც, Apple-ი გავიხსენოთ − ინოვაციური კომპანია, რომელსაც სახელი კონკურენტებისგან ნამდვილად გამოარჩევს.

დასკვნა

თუ ახალ მარგეტინგულ სტრატეგიაზე ფიქრობთ, ბრენდირებისას ეს მიდგომები აუცილებლად გაითვალისწინეთ. კარგად გაიაზრეთ, რა ხდება სამყაროში ისეთი, რისი გამოყენებაც შეგიძლიათ. ეს კომპანიის წარმატებას შეუწყობს ხელს.

აუდიტორიასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ბრენდები ბევრს აკეთებენ და სტატიაში განხილული ხუთივე ტენდენცია სამიზნე აუდიტორიაზე გასვლისა და წარმატების მიღწევის გზაა.

ამავე დროს, კეთილგონიერება გამოიჩინეთ. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არსებობენ ბრენდები, რომლებიც ახალ ტენდენციებს არ იზიარებენ, მაგრამ მაინც წარმატებულნი რჩებიან. თანამედროვე ბაზარზე ბრენდის წარმატებას მთლიანად მისი ინდივიდუალობა განსაზღვრავს.

ამიტომ, როდესაც საქმე ბრენდირებას ეხება, ნებისმიერმა კომპანიამ ინდივიდუალობა უნდა შეინარჩუნოს და ყველა ტენდენციას არ უნდა გამოეკიდოს. სხვებს ნუ დაემსგავსებით − ეს უკიდურესად სარისკოა. იყავით კანონმდებელი და მაქსიმალურად შეეცადეთ საკუთარი თავის ერთგული დარჩეთ!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

ZOOM: ერიკ იუანის ოცნების განხორციელების შთამბეჭდავი ისტორია

Zoom-ის დამფუძნებელი, დევიზით - "იმუშავე ბევრი და დარჩი თავმდაბალი"