აწარმოე, უმასპინძლე, გადაიღე საქართველოში

მიხეილ ხიდურელის წარმატების ფორმულა: ინოვაცია, შრომა, ემპათია, გუნდურობა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რუბრიკის მთავარი გმირი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთ-ერთ უმთავრეს, საკვანძო სტრუქტურას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელობს და ქვეყანაში ანტრეპრენერშიპის განვითარების მთავარ კურსს ადგენს. ენერგიული, მოტივირებული, ემპათიური, გაბედული, ინოვატორი – ეს ის თვისებებია, რომლებიც მიხეილ ხიდურელს ანტრეპრენერული საქმიანობის დროსაც ამოძრავებდა და ასეა დღესაც – სახელმწიფო სამსახურის ინტრაპრენერულ  ყოველდღიურობაში. რა პროგრამებს ახორციელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რატომ ჩამოდიან ლეგენდარული ჰოლივუდური საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში და რა არის მიხეილ ხიდურელის, როგორც წარმატებული ლიდერის, მთავარი მოტივაცია და მამოძრავებელი ძალა – წაიკითხეთ Entrepreneur-ში.

ალექსეი სეროვი

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, როგორც ახალი შესაძლებლობა მეწარმეებისთვის

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელზეც სააგენტოს ხელმძღვანელი გვესაუბრა, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებაა, რომელიც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კიდევ ერთი კომპონენტია − გათვლილი იმ ბენეფიციარებზე, რომელთაც აქვთ კარგი ბიზნესიდეა, პირადი ფინანსებიც ხელს უწყობთ, მაგრამ არ გააჩნიათ სესხის  უზრუნველყოფისთვის საკმარისი თანხა და შესაბამისად, ბანკისგან სესხს ვერ იღებენ.

სწორედ ასეთ დროს ჩაერთვება სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სესხის გარანტიას 70%-მდე. სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ეს მექანიზმი გათვლილია მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომელთა სექტორები საკმაოდ ფართო სპექტრით წარდგება პროგრამაში. მათ შორის იქნება წარმოება, სასტუმროს ბიზნესი, სერვისი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ლაბორატორები და ა.შ.

„ჩვენ ვიცით, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთი გამოწვევა უზრუნველყოფის არქონაა. სწორედ ამიტომ შევქმენით ეს მექანიზმი და დარწმუნებული ვართ, რომ ამას კარგად აიტაცებს კერძო სექტორი. სესხის აღების ციკლი სტანდარტულია. ბენეფიციარი მიდის ბანკში, ბანკი კი ჩვენ გვაწვდის ინფორმაციას, რომლის მიხედვით შევამოწმებთ, რამდენად ჯდება პროექტი ჩვენს კრიტერიუმებში. სააგენტოს მხრიდან თანხმობის შემდეგ, ბანკი თამამად გასცემს სესხს მოსარგებლეზე. ამგვარად, ბიზნესის მომავალს და სიცოცხლისუნარიანობას ბანკი ადგენს,  ჩვენ კი გამჭვირვალე და ტექნიკურად კარგად გამართული პროგრამის საშუალებით გადავამოწმებთ ინფორმაციას და ამასთანავე, მკაცრ მონიტორინგსაც განვახორციელებთ პროგრამის შესრულებაზე“.

მიხეილ ხიდურელის თქმით, ზედმიწევნით გაკონტროლდება ისიც, რომ  ბიზნესის სხვადასხვა სექტორმა და ქვეყნის რეგიონებმა თანაბრად მიიღონ მონაწილეობა და სარგებელი ამ უმნიშვნელოვანესი კომპონენტისგან.

ბიზნესის მხარდაჭერა

სააგენტოში ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტია, რომელიც ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ტექნიკურ-სატრენინგო დახმარებას გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმენებისა და ინვესტორების მიერ ბანკებიდან აღებული სესხის 10%-ს ორი წლის განმავლობაში სააგენტო ფარავს. აღნიშნული კონკრეტულად წარმოების და სასტუმროების ბიზნესზე გათვლილი მხარდაჭერაა.

მიკროგრანტების პროგრამა რეგიონებისთვის

მიკრობიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი 2015 წლიდან ხორციელდება და თბილისის გარდა ყველგან − საქართველოს რეგიონებზე ვრცელდება. პროგრამის არსი 20 000 ლარამდე ოდენობის გრანტების რეგიონის მეწარმეებზე გაცემაში მდგომარეობს, მათი მცირედი თანამონაწილეობით. დღეისათვის დაახლოებით 7000-მდე ბენეფიციარი და 6000-მდე პროექტია დაფინანსებული.

პროგრამის დახმარებით, რეგიონში დასაქმებულ ბევრ მეწარმეს აღარ მოუხდა დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში შემოსავლის საძებნელად მიგრაცია, რადგან მათ მიეცათ უდიდესი შესაძლებლობა, თავიანთ რეგიონებში, მშობლიურ ადგილებში აწარმოონ საკუთარი ბიზნესი.

პროექტის გავლენით, გაიზარდა რეგიონული პროდუქტების კონკურენცია, მოხდა სერვისის დეცენტრალიზაცია. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, პროექტის მიერ დაფინანსებული ვეტერინარული კლინიკა ბათუმში, რომელიც არა მხოლოდ აჭარას, არამედ სხვა რეგიონებსაც ემსახურება. 

„ამ პროგრამას საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა ჩვენი ქვეყნისთვის. ზოგადად, ვინაიდან დღევანდელი ბიზნესგარემო საკმაოდ ცვალებადია, ვცდილობთ, ჩვენი პროგრამები მოვარგოთ მის მიმდინარე მოთხოვნებს, ცვლილებებს მხარი ავუბათ და პროგრამები დღევანდელი ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების დონეს შევუსაბამოთ“, − აღნიშნავს მიხეილ ხიდურელი Entrepreneur-თან საუბრისას.

„აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ − დამეგობრება ბიზნესით

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამა ჩვენი ქვეყნისთვის − „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ გათვლილია საოკუპაციო რეგიონებზე და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, დიდ სოციალურ-პოლიტიკურ როლს ასრულებს, ვინაიდან პროგრამის მთავარი მიზანია კონფლიქტის რეგიონებში და საქართველოს დანარჩენ მხარეებში მცხოვრები მოსახლეობის მაქსიმალურად დაპარტნიორება.  

„ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად, შევიმუშავეთ შემდეგი მიდგომა: თუ ერთ მეწარმეზე გასაცემი გრანტის ოდენობა 7000 ლარის ოდენობისაა, რეგიონთაშორისი დაპარტნიორების შემთხვევაში, 35 000 ლარამდე იზრდება ფინანსური მხარდაჭერა. მთავარია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დამეგობრდეს ბიზნესის საშუალებით და წახალისდეს ბიზნესის წარმოება და ვაჭრობა გამყოფი ხაზების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა ამ რეგიონებში და შესაბამისად, მაქსიმალურად გამარტივებული წესით ხდება გრანტების გაცემა“. ხიდურელის თქმით, საკმაოდ დიდი რესურსები დაიხარჯება ტრენინგებზე და ამ ადამიანების ტექნიკური კუთხით დახმარებაზე, რომელიც 10 000 ლარის ოდენობისაა.

პროექტის ფარგლებში, უამრავი სახის სატრენინგო პროგრამა ტარდება, მათ შორის, „განავითარე შენი ბიზნესი“, რომელიც მასტერკლასების სერიაა და მოიცავს მარკეტინგს, გაყიდვებს, ფინანსებს, აღრიცხვის სტანდარტს და ზოგადად, ყველა მიმართულებას, რაც ბიზნესის წარმოებას სჭირდება. კურსებით გადამზადდებიან არა მხოლოდ სააგენტოს ბენეფიციარები, არამედ ზოგადად საქართველოს მეწარმეები.

ექსპორტი − მნიშვნელოვანი პრიორიტეტი

ექსპორტის ზრდა სააგენტოს და მისი ხელმძღვანელის კიდევ ერთი ორიენტირი და საზრუნავია. ამ მიმართულების გასავითარებლად, „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად აფინანსებს და ორგანიზებას უწევს ქართული კომპანიების დასწრებას საერთაშორისო გამოფენებზე, სადაც წარადგენენ ქართულ საკვებ და სასმელ პროდუქტებს, ავეჯს, საბავშვო ნივთებს, სათამაშოებს, მოდის ინდუსტრიის პროდუქციას, სერვისებს, არქიტექტურასა და დიზაინს, საკონსულტაციო სერვისებს.

„შანხაის იმპორტის გამოფენაზე 54 ქართული კომპანია წავიყვანეთ, სადაც ქართულმა პროდუქციამ დიდი ყურადღება დაიმსახურა, ჩინეთის პრეზიდენტიც მოვიდა ჩვენს სტენდთან. საკმაოდ დიდი შედეგები გვაქვს ჩინეთთან. მაისში, ცინტაოში ვხსნით წარმომადგენლობას, 500 კვ.მ ფართობი გადმოგვეცა A-კლასის ბიზნესცენტრში და სწორედ იქ იქნება განთავსებული როგორც ჩვენი სააგენტოს, ასევე იმ ქართული კომპანიების წარმომადგენლობა, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ჩინეთში ექსპორტზე. აქვე დასაწყობდება ქართული პროდუქტი და შემდეგ განაწილდება მთელ ჩინეთში.

ვიმუშავებთ ქართული პროდუქციის გატანაზე ჩინეთში და ამავდროულად, ჩინური ინვესტიციის მოზიდვაზე საქართველოში. ჩინეთთან ერთად, სააგენტო ორიენტირებულია არაბულ ბაზრებზე, რა თქმა უნდა, ევროპასა და იაპონიაში ექსპორტის ზრდაზეც“, − აღნიშნავს სააგენტოს ხელმძღვანელი.

სულ ცოტა ხნის წინ, სააგენტოს მხარდაჭერით, 12-მდე დიზაინერი წარდგა ტოკიოს გამოფენაზე. აღსანიშნავია ის სასიამოვნო ფაქტი, რომ საკმაოდ დიდია იაპონიაში ქართული მოდის მიმართ ინტერესი. სააგენტოს ძალისხმევით კი ქართველ დიზაინერებს საშუალება მიეცათ, წარედგინათ თავიანთი პროდუქცია მგრძნობიარე იაპონური ბაზრისთვის, რომელთან ურთიერთობაც მთლიანად ნდობასა და ემოციაზეა დაფუძნებული.

„ყოველივე ეს კარგად დაემთხვა ბიზნესფორუმს, რომელიც იაპონიაში ჩავატარეთ. სადაც პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიც იმყოფებოდნენ. ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბიზნესფორუმში აზიაში, და შესაძლოა მთელ მსოფლიოშიც, 150-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა“.

ქართულმა დელეგაციამ ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩაატარა კორეასა და იაპონიაში უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებთან. „სამსუნგის“, „ტოშიბას“, „მიცუბიშის“, „კონიკას“ უმაღლესი რანგის ხელმძღვანელებთან  წარმატებულმა შეხვედრებმა კონკრეტულ შედეგებამდე მიიყვანა ეკონომიკური ურთიერთობები და შესაბამისად, სამომავლო მოლოდინიც დიდია.

სააგენტოს მიერ მალე იგეგმება კორეაში  დიდ გამოფენაზე დასწრება, სადაც ქართული წარმოების საკვები, სასმელი და ტანსაცმელი იქნება წარმოდგენილი. „მიგვაჩნია, რომ კორეაში ეს ბაზრები აუცილებლად უნდა ავითვისოთ“, − აღნიშნავს ხიდურელი.

სააგენტოს ორგანიზებით, ექსპორტის განვითარების მიმართულებით ცოდნისა და პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით, აქტიურად ტარდება ტრენინგები. ორჯერ ჩატარდა სასერტიფიკატო კურსი თბილისსა და ბათუმში და კურსდამთავრებულები სერტიფიცირებული ექსპორტმენეჯერები გახდნენ. სულ მალე სააგენტო ექსპორტის ონლაინკურსსაც შესთავაზებს დაინტერესებულ პირებს.

საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა

ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, სააგენტოში გამოყოფილი აქვთ ის სექტორები, სადაც საქართველოს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვს. ეს არის ავეჯის წარმოება, ავტო, ელექტრონაწილების, ტანსაცმლის, უძრავი ქონებისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორები, ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, მომსახურების დისტანციურად გაწევა. ამ უკანასკნელი მიმართულებით იქმნება მომსახურების ცენტრები საქართველოში და დისტანციურად ხორციელდება სერვისების მიწოდება.

ერთ-ერთი ნათელი და წარმატებული მაგალითია „მეიჯორელი“, რომელიც სააგენტოს საინვესტიციო გუნდის აქტიური მუშაობით იქნა მოზიდული და ამჟამად მხოლოდ თბილისში 600 ადამიანს ასაქმებს. კომპანიამ ახლახან გახსნა მეორე ფილიალი ქუთაისში, სადაც გახსნისთანავე 100 ადამიანი იყო დასაქმებული და ეს რიცხვი, წლის ბოლომდე, 300-მდე გაიზრდება. მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის, რომ კომპანიას უდიდესი პოტენციალი და ხანგრძლივი გეგმები აქვს.

ცალკე აღსანიშნავია სამორინეს დისტანციური სერვისების საქართველოში მოქმედი კომპანია EVOLUTION GAME, რომელიც ამჟამად 1000 ადამიანს ასაქმებს და წელიწადნახევრის განმავლობაში თანამშრომელთა რიცხვს 5000-მდე გაზრდის.

მიხეილ ხიდურელის ინიციატივით, სააგენტომ წელს საინვესტიციო პოლიტიკის სტრატეგია შეცვალა და თუ ადრე კონკრეტულ ქვეყნებზე ხდებოდა ორიენტირება და ამის შემდეგ უკვე იმ ქვეყნებში კომპანიების მოძიება, ამჯერად ფოკუსირება ხდება კონკრეტულ კომპანიებზე და აქტიურად მიმდინარეობს მათთან მიზანმიმართული მუშაობა. სააგენტოს საინვესტიციო გუნდი დეტალურად შეისწავლის არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ საფუძვლიანად იკვლევს თავად პოტენციური ინვესტორების ფსიქოპორტრეტს.

„დარწმუნებული ვარ, ამგვარი მიდგომებით ბევრად დიდ შედეგებს ვაჩვენებთ, ვიდრე ზოგადი დამოკიდებულებებით. ჩვენ სექტორების მიხედვით გვყავს შერჩეული კომპანიები, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ ინტერესი საქართველოში ან რეგიონში ინვესტირებასა და/ან გაფართოებაზე. გავზარდეთ სააგენტოს საინვესტიციო გუნდი და ორიენტირებულნი ვართ არა მხოლოდ  ინვესტორების მოზიდვაზე, არამედ უკვე ჩამოსული ინვესტორების მომსახურებაზეც და საჭიროების შემთხვევაში, მათ დახმარებაზე, რათა რაც შეიძლება კომფორტული იყოს მათთვის საქართველოში საქმიანობა“, − აღნიშნავს ხიდურელი, რომლის მართვის და საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი და უნარი უდავოდ არის ემოციური და განწყობითი ჰარმონიის შექმნა ადამიანებში, რაც თანაბრად ვრცელდება როგორც თანამშრომლებზე, ასევე დანარჩენ სოციუმზე.

სწორი კომუნიკაცია და ზრუნვა სააგენტოს ხელმძღვანელის ის უნარია, რომელიც პროფესიონალიზმთან და ინოვაციურობასთან ერთად, მისი წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.

„გადაიღე საქართველოში“

„გადაიღე საქართველოში“ მრავალმხრივ მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომლის მიმართ სააგენტოს ხელმძღვანელს განსაკუთრებული ენთუზიაზმით სავსე მიდგომა აქვს. მისი არსი საპროდიუსერო კომპანიების მიერ ფილმების გადაღებაზე დახარჯული კვალიფიციური ხარჯების 20-25%-ის

სააგენტოს მიერ ანაზღაურებაში მდგომარეობს. 

ფინანსური კომპონენტის გარდა, „აწარმოე საქართველოში“ აქტიურ არაფინანსურ, საორგანიზაციო მხარდაჭერასაც უწევს მსურველებს, როგორიცაა სასურველი ლოკაციების მოძებნა, ნებართვების აღება, ნებისმიერ სხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობის მართვა.

2016 წელს დაწყებული პროექტი დღეს უკვე საკმაოდ წარმატებულია − სააგენტოს მიერ 18 საერთაშორისო პროგრამაა დაფინანსებული. ძირითადი ორიენტირი აღებულია ჩინურ ფილმებზე, ბოლივუდზე, ევროპულ კინოინდუსტრიაზე, თუმცა პრიორიტეტი საქართველოში ჰოლივუდის შემოყვანაა.

ოქტომბრის თვეში სააგენტოს წარმომადგენლები ჰოლივუდში, კინოინდუსტრიის უდიდეს გამოფენაზე − ამერიკული ფილმის ბაზარზე ჩავიდნენ. პარალელურად, ლოს-ანჯელესში ჩატარდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრები უდიდეს ამერიკულ კინოკომპანიებთან: UNIVERSAL PICTURES, HBO, DISNEY, PARAMOUNT PICTURES, რომელთაც სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოში ფილმების გადაღების პოტენციალი გააცნეს.

ამერიკული ვიზიტის უდიდესი მიღწევა იყო ის, რომ გაზაფხულზე ქართული ლოკაციების დასათვალიერებლად, თავად HBO, UNIVERSAL STUDIO-ს მაღალი რანგის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი, „ოსკაროსანი“ პროდიუსერები ჩამოვლენ.

„ამ ადამიანების ჰოლივუდიდან საქართველოში ჩამოსვლა უპრეცედენტო მიღწევაა. იმედი გვაქვს, ამ ვიზიტის შემდეგ გადაწყვეტენ, გადაიღონ თუ არა ფილმები საქართველოში. ძალიან საინტერესო, ერთკვირიანი განრიგი გვაქვს შედგენილი მათთვის და ვაპირებთ წავიყვანოთ ყველა იმ ლოკაციაზე, რომლებიც უკვე შესულია ჩვენს პორტფელში. ესენია ძველი თბილისი, ყაზბეგი, ჭიათურა, ბათუმი, რუსთავი, მღვიმეები, თუშეთი. ვაპირებთ, ამ ადამიანებს ვაჩვენოთ ქართული რეალობა, ულამაზესი ბუნება და ჩვენი განსაკუთრებული, საინტერესო გარემო. შემდეგში WARNER BROTHERS-ის წარმომადგენლებსაც აქვთ დაგეგმილი ჩვენთან ჩამოსვლა. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ჩვენს ამერიკელ სტუმრებს საქართველო ისე დავანახოთ, რომ ემოციურად დავაკავშიროთ ჩვენს ქვეყანასთან, კულტურული გავლენა მოვიპოვოთ მათზე და მოვხიბლოთ, რაც ვფიქრობ, ძალიან რეალური და ლოგიკურია“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკვე გადაიღეს ჩინური „ჯეიმს ბონდი“.  ბოლივუდიც აქტიურად იღებს ფილმებს, ხოლო ჰოლივუდის დაინტერესების და თუნდაც ერთი ჰოლივუდური ფილმის გადაღების შემდეგ, სააგენტოს დირექტორს აქვს ლოგიკური მოლოდინი, რომ საქართველოში ჯაჭვური კინოინდუსტრია განვითარდება.

ის, რაც საქართველოს ამ მხრივ სხვა ქვეყნებისგან განასხვავებს და განსაკუთრებით კონკურენტულს ხდის, ტექნიკურად კარგად გამართული თანხის დაბრუნების სისტემაა. კინოპროექტის დასრულებისა და პროდიუსერებისგან აუდიტორული დასკვნის მოწოდებიდან ზუსტად 10 დღეში ხდება პროგრამის ფარგლებში თანხის ანაზღაურება. თანხის დაბრუნების ასეთი მობილური, უპრობლემო და ეფექტური სისტემა კი ბევრ ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც ვერ ხორციელდება, სადაც უკვე მრავალი წელია მსგავსი სისტემა ფუნქციონირებს. 

ანტრეპრენერობიდან ინტრაპრენერობამდე

მიხეილ ხიდურელი სახელმწიფო სამსახურში საპასუხისმგებლო საქმიანობამდე ანტრეპრენერი გახლდათ და საკუთარ საქმეს საკმაოდ წარმატებით უძღვებოდა. „მქონდა ჩემი საკონსულტაციო კომპანია SAVVY. შევიკრიბეთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები და გადავწყვიტეთ, ჩვენი დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა საკუთარ საკონსულტაციო საქმიანობაში გამოგვეყენებინა. მაშინ ყატარიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი“, − იხსენებს მიხეილი.

„დავიწყეთ ნულიდან. ოფისიც კი არ გვქონდა, ისე დავაფუძნეთ ფინანსური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და ცალკე ტრენინგცენტრიც კი აქვს. ჩვენი ლოზუნგი იყო WE ARE HERE TO CHANGE, ანუ „ჩვენ ვცვლით“. ამ სლოგანით ინსპირირებულები ვცდილობდით შეგვეცვალა, დაგვეხვეწა ბევრი რამ ქვეყანაში და კონკრეტულად ჩვენს სფეროში. საკმაოდ თამამი გეგმები შევიმუშავეთ, რომელთაგან ახლა ყველა შესრულებულია“. 

ამბობს, რომ ყოველთვის, ყველა საქმეში ცდილობდა და ცდილობს, ჰქონდეს ინიციატივები. სააგენტო მედიატორია მთავრობასა და კერძო სექტორს შორის, ორი მხარის მთავარი დამაკავშირებელია. სწორედ ეს მოქნილობა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობები წარმოადგენს ამ პოზიციაზე მუშაობის მთავარ მამოძრავებელ ძალას და ინსპირაციას მიხეილ ხიდურელისთვის − ახალგაზრდა, ენერგიული, წარმატებული ხელმძღვანელისთვის, რომლის აზრით, წარმატება მისი თანამშრომლების ინოვაციურ ხედვებს მოაქვს, რომელთა უმრავლესობას ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებული ადამიანები შეადგენენ.

„ჩემი ყველაზე დიდი სიხარულია, როცა  თანამშრომელი ახალი, სასარგებლო ინიციატივით შემოდის. შემდეგ ეს იდეა მუშავდება, ეძლევა ფორმა და გაეშვება ახალი პროგრამა“.

მისი აზრით, ქვეყანას სწორედ ეს სჭირდება − ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ადამიანები, რომელთაც აქვთ დიდი სურვილი, შეცვალონ ქვეყანა და ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ.

ჩვენ პირდაპირი გაგებით ანტრეპრენერშიპის სააგენტო ვართ, ამიტომ თითოეული საათი, რომელსაც სააგენტოში ვატარებთ, იმ სიახლეებისა და გზების ძიებაა, რომელიც ანტრეპრენერების, მეწარმეების, ბიზნესის წარმომადგენლების ხელშეწყობას და მაქსიმალურ წახალისებას უზრუნველყოფს. ჩვენ ვრისკავთ, მაგრამ მანამდე ბევრს ვითვალისწინებთ, ვაკეთებთ გაბედულ პროგრამებს, რომელიც ძალიან დიდი მომზადებისა და შრომის შედეგია“.

მიაჩნია, რომ ძველ და ახალ საქმიანობებს შორს სხვაობა მხოლოდ მასშტაბებშია. თუკი ადრე კონკრეტული კლიენტებისთვის მუშაობდა, დღეს მისი ხელმძღვანელობით ამოქმედებული პროგრამების მოსარგებლე სრულიად საქართველოს მოსახლეობაა, კერძო სექტორი და ყველა ადამიანი, რომელიც ჯერ არ არის მეწარმე, მაგრამ შეიძლება გახდეს.

გუნდის ლიდერი

მიხეილ ხიდურელის აზრით, ლიდერს უპირველესად ემპათიის გრძნობა უნდა ჰქონდეს. მისთვის სწორედ ესაა მთავარი თვისება. „მნიშვნელოვანია ადამიანმა ყველა საფეხური გაიაროს. არ ვარ სწრაფად დაწინაურების მომხრე და მიმაჩნია, რომ ადამიანმა მუშადაც უნდა იმუშაოს და მიმტანადაც, რაც თავადაც გამოვიარე. ყველა საფეხურის გავლის შემდეგ ზუსტად იცი, თითოეული მათგანის ირგვლივ რა გარემოა და როცა მენეჯერი ხდები და ლიდერის პოზიციამდე მიდიხარ, ავტომატურად ხვდები, როგორ უნდა ესაუბრო გუნდს. მისი გადმოსახედიც იცი, რადგან სულ ცოტა ხნის წინ ამ ადამიანების ადგილას თავად იყავი. თუ ეს გზა არ გამოიარე, ისე ვერ აღიქვამ გუნდის წევრების საჭიროებებს, ემოციებს, შესაძლებლობებს; ვერ გაუგებ ადამიანებს და შესაბამისად, ვერც კარგი ლიდერი იქნები“. 

სააგენტოს ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესის ყველა ეტაპში ჩართულობა და გუნდისთვის მაგალითის მიცემა. „რაც ასევე ძალიან პრინციპულია, თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ლიდერი ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ფასად მათ გვერდით დაუდგება და დაიცავს, პრობლემებისა და სირთულეების დროს მათ მხარეს იქნება. თანამშრომლებმა სამსახურში თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ. ვფიქრობ, არასოდეს არ უნდა დაგაბრმავოს თანამდებობრივმა პოზიციამ და არ უნდა წარმოიდგინო, რომ რაღაც მხოლოდ შენი დამსახურებაა, რადგან ყველანაირი წარმატება ეკუთვნის გუნდს, რომლის მიმართაც ყოველთვის უნდა გამოხატო მადლიერება“.

ფიქრობს, რომ ლიდერისთვის უმნიშვნელოვანესი უნარია სხვა ადამიანების პროფესიული, განათლების დონის ზრდის, დატრენინგების ხელშეწყობა, რადგან ხვალ შესაძლოა ისინი მასზე მაღალ პოზიციაზე აღმოჩნდნენ და ამასაც საკუთარ წარმატებად მიიჩნევს. „არ დაგვავიწყდეს − სიკეთე ბრუნავს!“

სტარტაპერებს − ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ საქმიანობას, ჩვენი რუბრიკის გმირი უპირველესად, სწორი და კარგი გუნდის შემოკრებას ურჩევს, რადგან მიაჩნია, რომ მარტო ვერაფერს გახდებიან. „ცუკერბერგმა, სტივ ჯობსმა, ბილ გეიტსმაც ისე ააშენეს თავიანთი ბიზნესი, რომ მათ უკან ყოველთვის იდგნენ სხვები. არ მჯერა, რომ ვინმე მარტო, გუნდის გარეშე შეძლებს რამეს. ადამიანები ყოველთვის ავსებენ ერთმანეთს, რადგან ერთს აღმოაჩნდება ის თვისება, რომელიც მეორეს არ აქვს და ასე, ერთიანობით, გუნდურად და ეფექტურად მიაღწევენ დასახულ მიზნებს. ამიტომაც, თუ გარშემო აღმოჩნდებიან ადამიანები, ვისთანაც საერთო ღირებულებები და კონკრეტული გეგმა გექნებათ, ეს უკვე წარმატების გარანტია“.