You can be on Entrepreneur’s cover!

4 შეცდომა, რომელსაც ანტრეპრენერები უშვებენ ფულის შოვნის შემდეგ როგორც ამბობენ, ბევრ ფულს ბევრი პრობლემა ახლავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Gerd Altmann, Pixabay

ნებისმიერ ანტრეპრენერს ერთი ოცნება აქვს: ისეთი ბიზნესის წამოიწყოს, რომელიც მომგებიანთან ერთად, საინტერესოც იქნება.

შესაძლოა ოცნების ასრულება მოახერხეთ კიდეც, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგში გაქვთ. სინამდვილეში, რეალური პრობლემები სწორედ აქედან იწყება. ბოლო 20 წელია ანტრეპრენერებს ვეხმარები, ამ სფეროში დიდი გამოცდილება მაქვს, ყველაფერს ვაკეთებ მათი კომპანიების წარმატებისთვის.ზოგიერთ მათგანს წლიურად მილიონი დოლარი და მეტი მოგება მოაქვს მფლობელთათვის. მაგრამ იმასაც შევსწრებივარ, წარმატების მიღწევისთანავე თუ როგორ ებმება ადამიანთა უმრავლესობა სხვადასხვა მახეში.

ის 4 გავრცელებული შეცდომა განვიხილოთ, რომლებსაც კომპანიის დამფუძნებლები ფულის გაჩენისთანავე უშვებენ.

1. არასწორად აღნიშნავენ წარმატებებს

ბიზნესში წარმატების მიღწევა უდიდესი მოვლენაა და აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს. როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს მიაღწევთ, ბედნიერების ჰორმონების − ენდორფინების მოზღვავება ნამდვილად უნდა იგრძნოთ სისხლში. სხვაგვარად, ბიზნესის წარმოების ყოველდღიური რუტინა შესაძლოა რთული, და სიმართლე რომ ვთქვა, არცთუ სასიამოვნო იყოს. იმდენად რთული, რომ ფსიქოლოგიური „გადაწვის" სინდრომიც კი გამოიწვიოს. ეს უკანასკნელი გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც უამრავი ბიზნესი არსებობას წყვეტს.

წარმატებების აღსანიშნავ წვეულებაზე სტუმრების მოძებნა ნამდვილად არ არის ადვილი. კომპანიის დამფუძნებლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ წვეულებაზე არცთუ შესაფერის − შურიანსა და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს იწვევენ, რომლებსაც ვერც კი გაუგიათ, ამ წვეულებას რატომ მართავთ. მათ ხომ არასოდეს უცდიათ თქვენი დახმარება. არც მაშინ, როდესაც ბიზნესს იწყებდით და არც მაშინ, როდესაც რისკავდით. ხოლო ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მათ შორის შესაძლოა თქვენი ახლო მეგობრები ან ოჯახის წევრებიც კი იყვნენ.

წარმატებები აუცილებლად ღირსეულ ადამიანებთან ერთად უნდა აღნიშნოთ − ისინი მიიწვიოთ, ვინც იმსახურებს, და არა ისინი, რომლებიც რომელიღაც მიზეზის გამო გაგანადგურებენ, არაფერზე დაიხევენ უკან. დამიჯერეთ, უამრავი სირთულის გადალახვა მოგიწევთ და თქვენ გვერდით არცერთი მათგანი არ იქნება.

ვიდრე ვინმეს წვეულებაზე მიიწვევთ, დარწმუნდით, რომ წარსულში მხარს გიჭერდათ და თქვენი წარმატება ნამდვილად ახარებს.

2. ავიწყდებათ გადასახადებისთვის ფულის გადანახვა

ამ დიდ შეცდომას ადამიანები მუდმივად უშვებენ − გადასახადების გადასახდელად ფულის გადანახვა ავიწყდებათ და ეს ამბავი უკან აუცილებლად ძალიან ცუდად უბრუნდებათ.

ანტრეპრენერები ბევრს მუშაობენ, შემოსავლის გასაზრდელად რას არ აკეთებენ − ახალი თანამშრომლების დაქირავებაა ეს, ახალი სისტემების დანერგვა თუ ათასი სატელეფონო ზარი. მაგრამ როდესაც კომპანიის ანგარიშზე თანხები იწყებს შემოსვლას, დამფუძნებლებს სახელმწიფო გადასახადების გადასახდელად ფულის გადანახვა ავიწყდებათ. ამან კი, შესაძლოა ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენოს. კომპანიების 29%-ის დახურვის მეორე მიზეზად სწორედ ფულის უკმარისობა სახელდება.

აუცილებლად შეხვდით თქვენს ბუღალტერს და გაარკვიეთ, რა თანხის გადანახვაა აუცილებელი. ჩვეულებრივ, ამ საქმისთვის მთლიანი შემოსავლის 30%-დან 40%-მდე საკმარისია. საშინელი განცდაა, როდესაც წლის ბოლოს აღმოაჩენთ, რომ დიდი თანხა გაქვთ გადასახდელი, ხოლო მის დასაფარად, ფული არ გაქვთ.

3. არ ქმნიან ე.წ. „სარეზერვო" ანგარიშს

როგორც კი ანტრეპრენერები ბიზნესში წარმატებას აღწევენ, საკუთარ თავს მოდუნების უფლებას აძლევენ. ვალების დასაფარად, დასასვენებლად, ახალი მანქანის შესაძენად და სხვა საქმეებისთვის თანხებს უკვე თავისუფლად იყენებენ, ან საჭირო რესურსებსა და ინსტრუმენტებში აბანდებენ.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მომავალზე ფიქრი ნამდვილად აუცილებელია. უნდა გადაინახოთ მთლიანი შემოსავლის გარკვეული პროცენტი და ე.წ. „სარეზერვო" შემნახველ ანგარიშზე შეიტანოთ; ან იმ შემნახველ ანგარიშზე, რომელიც სპეციალურად ინვესტირებისა და უძრავი ქონების შესაძენად შექმენით. ეს მართლაც შესანიშნავი ფსიქოლოგიური იარაღია: სრულიად ნათლად ხედავთ, როგორ იზრდება თქვენი ქონება თანხის ყოველ შემოსვლაზე. მე შემოსავლის 10%-ის გადანახვას გირჩევდით.

გარდა ამისა, ეს ნაბიჯი იძულებულს გაგხდით, თანხა საკუთარ თავსაც გადაუხადოთ, რისი გაგებაც ზოგიერთ ანტრეპრენერს მეტისმეტად უჭირს.

თუ უპირველესად თანხას საკუთარ თავს არ გადაუხდით და შემდეგ „სარეზერვო" ანგარიშზე არ შეიტანთ, სავარაუდოდ, ხელფასიდან ხელფასამდე მოგიწევთ ცხოვრება. ეს ნამდვილად არ არის ფინანსური დამოუკიდებლობა.

4. იმას აღარ აკეთებენ, რამაც ფული მოუტანათ

ბიზნესის დაწყებისას, ყველაზე დიდი იმპულსი ფულის გამომუშავებაა, მაგრამ როგორც კი ანტრეპრენერი ამას ახერხებს და ფული მოდინებას იწყებს, შინაგანი ხმა ეკითხება: „როდის შევჩერდები?"

კომპანიების დამფუძნებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ როდესაც დაძაბულობა იკლებს და ბრძოლა აღარ უხდებათ, შეუძლიათ აღარ იმუშაონ ან სულ მცირე, ნაკლები მაინც იმუშაონ. როგორც კი ანტრეპრენერებს ფული უჩნდებათ, მაშინვე ცხოვრების ან ბიზნესის სხვა სფეროებზე გადააქვთ ყურადღება. ის კი ავიწყდებათ, რამაც ფაქტობრივად ფული მოუტანა. ეს შეცდომა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, ყველანაირად შეეცადეთ თავიდან აცილებას.

საქმეთა სია შეადგინეთ და ყველაფერი დააფიქსირეთ. მასში ყველაფერი შეიტანეთ, რასაც აკეთებთ. უპირატესობა იმ საქმეებს მიანიჭეთ, რომლებსაც თქვენთვის შემოსავალი მოაქვს. თუ ასე მოიქცევით, თქვენი სია თქვენი იარაღი გახდება და არასოდეს შეწყვეტთ იმის კეთებას, რამაც თქვენს წარმატებას ყველაზე მეტად შეუწყო ხელი.

გარდა ამისა, ფინანსური დოკუმენტების შესამოწმებლად, ყოველკვირეული სხდომები დაგეგმეთ. ეს დოკუმენტები თქვენი შემოსავლების ზრდისა და კლების ტენდენციებზე დაკვირვების საშუალებას მოგცემთ და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის საქმის კურსში ყოველთვის იქნებით. ადგილზე კურსების კორექციას ან სტრატეგიის შემუშავებას დროულად შეძლებთ. აუცილებლად დაისახეთ საქმიანი და პირადი მიზნები, წინ ყოველთვის რაღაც საინტერესო უნდა გეგულებოდეთ, რისთვისაც იმუშავებთ და რასაც მოუთმენლად დაელოდებით.

უზომოდ მნიშვნელოვანია არ მოდუნდეთ და საკუთარ თავზე ყოველდღურად იმუშაოთ. ჩვევად გაიხადოთ იმის კეთება, რამაც თქვენს ბიზნესს ფული მოუტანა. ფულის გამომუშავება თქვენთვის სწორედ მაშინ გახდება იოლი, როდესაც ეს ჩვევები ძვალსა და რბილში გაგიჯდებათ.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"