You can be on Entrepreneur’s cover!

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან სასწრაფო და მნიშვნელოვანი Zulily-ის თანადამფუძნებელი დარელ კევენსი ამბობს, რომ პრობლემების საუკეთესოდ მოსაგვარებლად განწყობას წინასწარ იქმნის - შეტყობინებებს თიშავს, მაგრამ ოთახის კარს ღიას ტოვებს.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Gerd Altmann, Pixabay

როგორ უნდა აქციოთ კლიენტები ერთგულ გულშემატკივრებად? დარელ კევენსი, Zulily-ს (ელექტრონული კომერციის კომპანია) თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ამისთვის მათ რაიმე სრულიად უნიკალური უნდა შესთავაზოთ და შეკვეთას მაშინვე გააფორმებენ.

საიტი 8 წლის ხდება. იგი მომხმარებელს ყოველდღიურად დილის 6:00-ზე სხვადასხვა ბრენდზე − LEGO-თი დაწყებული და Vera Bradley-ით დამთავრებული, 70%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. კომპანია 2013 წელს გახდა საჯარო, ორი წლის შემდეგ კი QVC-მ (საკაბელო, თანამგზავრული, სამაუწყებლო სატელევიზიო ქსელი და კომერციული არხი) $2.4 მილიარდად იყიდა. Zulily-ის ბაზაში 5.8 მილიონი აქტიური მომხმარებელია, ხოლო განმეორებითი ვიზიტების დონე 91 პროცენტს აღწევს.

Zulily-ს დაარსებამდე კევენსი სიეტლის ინტერნეტ საიუველირო პლატფორმა Blue Nile-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი Deliveroo-ის საბჭოს წევრია.

კევენსი QVC Group-ში New Ventures-ის პრეზიდენტია. იმედი აქვს, ამ როლში კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწევს საცალო ბიზნესის სფეროში. თვალყურს ადევნებს გუნდს, რომელიც განუწყვეტლივ ფიქრობს ახალ პარტნიორულ ურთიერთობებზე. ეძებს, კიდევ რისი შეძენა შეიძლება Zulily-სთვის, რომელიც ახლა უკვე QVC-ის ქოლგის ქვეშაა.

როგორღაც მოვახერხეთ კევენსის ხელში ჩაგდება ამ 20 შეკითხვის დასასმელად და იმის გასარკვევად, თუ რა არის მისთვის შთაგონების წყარო.

1. როგორ იწყება თქვენი დღე?

კვირაში სამი დღე სპორტდარბაზში დავდივარ, იმიტომ, რომ ვარჯიში ჩემთვის დასვენებაა, შემდეგ ოფისში მივდივარ. მეორე დილით ანტრეპრენერებს ვხვდები და საქმეებზე ველაპარაკები.

2. როგორ მთავრდება თქვენი დღე?

შინ მივდივარ და ვცდილობ აღარ ვიმუშავო. რამდენიმე წლის წინ, ჩემი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა, რომ საღამოს ბევრ წერილს ვაგზავნიდი და ეს უკიდურესად ძაბავდა მას. მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩემთვის იყო მოსახერხებელი და ამიტომ ვაკეთებდი. სხვებს კი სტრესსა და დაძაბულობაში ვამყოფებდი, იმიტომ, რომ წერილებზე უნდა ეპასუხათ. ახლა ვცდილობ ჩემს გუნდთან ყველა საქმე დღის განმავლობაში მოვაგვარო და არ ვაიძულო მუდამ სამუშაო ფორმაში იყვნენ.

3. რომელმა წიგნმა გიბიძგათ შეხედულებები შეგეცვალათ და რატომ?

იანგმე მუნის „განსხვავებული". ავტორი ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროფესორია, წიგნი კი პრობლემებისადმი განსხვავებულ მიდგომას ეძღვნება. ბევრი ფიქრობს, რომ განსხვავებული იდეები აქვს, მაგრამ ახალი კომპანიების მთავარი ამოცანა პრობლემების სხვაგვარად შეხედვა უნდა იყოს.

4. რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევთ ყოველთვის კოლეგებს და რატომ?

ყოველთვის, როდესაც Zulily-ში ახალი მენეჯერი აგვყავს, სპეციალურად მისთვის ვყიდულობ სემ უოლტონის წიგნს „დამზადებულია ამერიკაში". ეს WallMart-ის პირველი დღეების ისტორიაა. ადამიანებისთვის ის ერთი დიდი კომპანიაა, მაღაზიების უზარმაზარი ქსელია, მაგრამ წიგნი ამ ბიზნესის ეტაპობრივ შექმნაზე მოგვითხრობს − ერთი მაღაზია თითო ჯერზე. მომწონს, როდესაც სამსახურში იმ ადამიანებს იღებ, რომლებიც კვალიფიციურად არ მიგაჩნია და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევ.

5. ყურადღების გასამახვილებლად რომელ სტრატეგიას იყენებთ?

განურჩევლად ყველა შეტყობინებას ვთიშავ, რომ ყურადღების გამახვილება შევძლო იმაზე, რასაც ვაკეთებ. ღია კარის პოლიტიკა მაქვს და ამიტომ ხშირად მაწყვეტინებენ, მაგრამ ჩემთვის ბევრს ნიშნავს, გუნდს რომ ვეხმარები პრობლემების მოგვარებასა და გაანალიზებაში.

6. ბავშვობაში რაზე ოცნებობდით? რა გინდოდათ გამხდარიყავით?

მამა ინჟინერი იყო, ამიტომ ხან რას ვაშენებდით და ხან რას. ერთ პატარა ფერმაში გავიზარდეთ, რომელიც ჩემი მშობლების ჰობი იყო. ამით თავს არ ვირჩენდით. ღობე იქნებოდა ეს, თავლის აშენება თუ შეშის ჩეხვა, ყველაფერი რომ მოგვესწრო, დრო ეფექტურად უნდა გამოგვეყენებინა. ბავშვობაში რასაც ვაკეთებდი, იმის მხოლოდ პრაქტიკული მხარე არ მაინტერესებდა, ჩემთვის არ იყო მნიშვნელოვანი, თეორიულად რა იდგა ამის უკან, უბრალოდ მინდოდა გამომსვლოდა.

7. თქვენი ბოსისგან ყველაზე ცუდი რა ისწავლეთ?

ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი დამამახსოვრდა: ჩემმა ბოსმა თავის ოფისში შემიყვანა და მითხრა − „მხოლოდ ერთი რჩევა მაქვს შენთან: ნაკლები ილაპარაკე და მეტი ისმინე".

იცით, ეს რა იყო?! თითქოს პირდაპირ თავში დამარტყეს. საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი. მეგონა, ეს სიტყვები მომესმა. მივხვდი, რომ ერთი ასეთი თვისება მაქვს − მუდამ მე ვლაპარაკობ და სხვებს არ ვუსმენ. ჩემი ცხოვრება ალბათ ყველაზე მეტად ამ რჩევამ შეცვალა. უზომოდ მნიშვნელოვანია, მშვიდად უსმენდე სხვებს და არ ფიქრობდე, რომ ყველაფერი იცი.

8. ყველაზე დიდი გავლენა ვინ მოახდინა თქვენზე? თქვენი დამოკიდებულება მაქვს მხედველობაში სამუშაოს მიმართ.

ჩემმა თანადამფუძნებელმა Zulily-ში მარკ ვადონმა. მასთან ერთად Blue Nile-ში, ძველ კომპანიაში 8 წელიწადი ვიმუშავე და სამჯერ თუ ოთხჯერ წამოვედი იქიდან. ყოველთვის ჩემს დაყოლიებას ცდილობდა, მარწმუნებდა სხვა საქმისთვის მომეკიდა ხელი. მახსოვს, ერთხელ მარკეტინგის ჯგუფი ჩამაბარა. მას გადავხედე და გავიფიქრე: „მე ხომ არაფერი ვიცი მარკეტინგზე". გაეცინა და მითხრა: „ჭკვიანი ხარ, გაერკვევი". მან უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე. იმაზე მეტი გამაკეთებინა, რისი წარმოდგენაც შემეძლო.


9. რომელ მოგზაურობას გაიხსენებთ? რომელმა შეგცვალათ?

2007 წელს მარკთან ერთად პენსილვანიაში გავფრინდი, ერთი დღე იქ გავატარეთ, QVC-სთან ერთად ვმოგზაურობდით და ბიზნესს ვსწავლობდით. გაოცებული დავრჩი ბიზნესის მასშტაბით, პროდუქციით და კლიენტებით. დავაარსე Zulily-ი და შემდეგ ეს ბიზნესი QVC-ს მივყიდე, ახლა იქ ერთ-ერთ მიმართულებას ვხელმძღვანელობ. მთელი ჩემი გზა ბიზნესში ბედისწერა იყო − ყველაფერი, რაც მაშინ გავაკეთე და როგორც აქამდე მოვედი.

10. რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

იმისთვის ვმუშაობ, რომ ვისწავლო. მიყვარს ახალ იდეებზე და პრობლემების ახლებურად გადაწყვეტაზე ფიქრი. ვფიქრობ, თქვენც ყველაფერის გაკეთებას შეძლებთ, თუ ასე მოიქცევით. ჩემთვის შთაგონების ყოველდღიური წყარო პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც აუცილებელია.

11. რა იყო თქვენი პირველი ბიზნესიდეა და როგორ გამოიყენეთ?

უფროს კლასებში კანოეთი ვიყავი გატაცებული. როდესაც ვარჯიშს ვუმატეთ, მამამ მითხრა, იქნებ კლუბის აშენება მოგვეფიქრებინაო. ინჟინერი იყო და გრანტის მიღება შეძლო, ჩვენთვის კლუბის ასაშენებლად ამ პროექტს სათავეში ჩაუდგა. როგორც კი მშენებლობა დავასრულეთ, კანოესა და კაიაკის მოყვარულთა ბანაკი გავხსენი და წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი.

12. კარიერის დასაწყისში რომელმა სამუშაომ გასწავლათ მნიშვნელოვანი და სასარგებლო?

1993 წელს ერთ-ერთ პირველ ინტერნეტკომპანიაში კონსულტანტად ვმუშაობდი. გუნდის წევრებმა პროგრამირების ენაზე გაკვეთილის ჩატარება მთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ენა ნამდვილად არ ვიცოდი. მახსოვს, ამის წარმოდგენაზეც კი თავზარი დამეცა, მერე მივხვდი, რომ საჭირო იყო რამდენიმე თემა სტუდენტებზე გაცილებით ადრე შემესწავლა. ეს უზომოდ მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ ნამდვილი გაკვეთილი მივიღე, ნებისმიერი ადამიანი თავდაჯერებული უნდა იყოს იმაში, რაც იცის და დაუცველი იმ საკითხში, რაც არ იცის. მხოლოდ ასე შეძლებთ გზის გაკვალვას.

13. ცხოვრებაში რა საუკეთესო რჩევა მიგიღიათ?

ძველი ბოსი მეუბნებოდა, პირი დამეხურა და სხვებისთვის მომესმინა. მე ხმამაღლა მიყვარს ფიქრი, ხოლო ახალ იდეებს სწორედ ამ გზით − ლაპარაკით ვაგნებ. მაგრამ ვხვდები, რომ შესაძლოა ადამიანები სერიოზულად გაოცდნენ, თუ მათ დალაპარაკების შანსს არ მისცემთ.

14. და რომელია ყველაზე ცუდი?

ცხოვრებაში ჭკუიდან მხოლოდ ასეთ ნათქვამს გადავყავარ: „ეს ასეა და მხოლოდ ასე უნდა გაკეთდეს". ახალი იდეები იმ ადამიანებს მოსდით თავში, რომლებიც არსებულ მდგომარეობას უცხადებენ გამოწვევას. როდესაც რჩევებს მაძლევენ ან მარიგებენ, რომ ყველაფერი ისე მივიღო, როგორც არის, ვცდილობ გავიგო, ასე რატომ მეუბნებიან. რატომ უნდა შევიკავო თავი, ახლებურად რატომ არ უნდა ვცადო? თუ ვინმეს უკეთესი იდეა აქვს, მოდი, ის მოვსინჯოთ.

15. შრომის ნაყოფიერებაზე რა იტყვით, როგორ აგვარებთ ამ საკითხს?

ვცდილობ ელექტრონულ ფოსტას არ მივადევნო თვალი. ამ დროს თუ თავს უფლებას მივცემ, შემიძლია ექვსი საათიც კი მოვანდომო მას. გაცილებით პროდუქტიული რომ ვიყო, ყურადღებას იმაზე ვამახვილებ, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია და სხვების პრიორიტეტებს წინ ვაყენებ. თუ ყოველთვის იმას მოკიდებთ ხელს, რასაც სხვები გთავაზობენ, საკუთარი დღის წესრიგი არასოდეს გექნებათ.

16. არსებობს რაიმე აპლიკაცია ან ინსტრუმენტი, რომელსაც განსაკუთრებულად იყენებთ რაღაცის გასაკეთებლად ან გასაკონტროლებლად?

ეს WhatsApp-ია ჩემი ახლობლებისა და საქმიანი პარტნიორების შემთხვევაში. გარდა ამისა, პაროლების მენეჯერი − LastPass, რომელმაც შეხედულება შემიცვალა უსაფრთხოებაზე. კიდევ ჩემი Fitbit, რომლის დახმარებითაც დღეში 14 000 ნაბიჯის გაკეთებას ვცდილობ. ბოლო წელიწადნახევარია MyFitnessPal-ის თავგამოდებული მომხმარებელი გავხდი − იმ ერთ ლუკმასაც კი ვადევნებ თვალყურს, რომელსაც მივირთმევ და წელს 18 კილოგრამზე მეტიც კი დავიკელი.

17. რას ნიშნავს თქვენთვის ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის?

ამ წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. როდესაც Zulily დავაარსეთ, ყოველგვარი ბალანსის გარეშე ვმუშაობდით, მუდამ ჩართული ვიყავი, ადრე ვდგებდი და სამსახურში გვიანობამდე ვრჩებოდი. 4 წელი ასე ვაგრძელებდი და მივხვდი, რომ ჩემზე ცუდად აისახა. ბოლო 4 თუ 5 წელიწადია, რაც შაბათობით მუშაობას გავანებე თავი. ორი წლის წინ, კი აღარც კვირაობით ვმუშაობ. ახლა გაცილებით ჯანსაღად ვგრძნობ თავს.

18. როგორ იცილებთ თავიდან ემოციური გადაწვის სინდრომს?

გარშემო შესანიშნავი საზოგადოება უნდა შემოიკრიბოთ, რომლებიც თქვენთვის სამუშაოს დიდ ნაწილს შეასრულებენ. მაგიდასთან მხოლოდ ორნი ვისხედით, როდესაც ეს ბიზნესი დავიწყეთ. დღეს კი Zulily-სა და QVC-ში 3500-ზე მეტი თანამშრომელია.

ბოლო რვა წლის განმავლობაში ხუთი სხვადასხვა სამსახური გამოვიცვალე. სულ რამდენიმე წელიწადია, რაც კომპანიაში განსაკუთრებული ადამიანების მოყვანას ვცდილობ, ყველა ჩემს საქმეს მათ ვაბარებ და გზიდან ვეცლები. თუ გარშემო ასეთ დიდებულ ადამიანებს შემოიკრებთ, თქვენც ბევრის გაკეთებას შეძლებთ.

19. როგორ ხდებით კვლავ ინოვაციური, როდესაც თქვენი შრომისუნარიანობა იკლებს?

ასეთ დროს რამდენიმე ადამიანთან ერთად მირჩევნია ყოფნა. არ ვარ ისეთი, რომ ოთახში ვიჯდე კომპიუტერის წინ ან ფურცლით ხელში და იდეები მოვიფიქრო. დიდი იდეები მაშინ მომდის თავში, როდესაც ჩემს ოთახში ორ ან სამ ადამიანს ვიწვევ და ისე, უბრალოდ ველაპარაკები.

20. ახლა რას სწავლობთ?

ახალ როლში ვარ, QVC-ში დიდი ამბებია. ახალი ბიზნესების შეძენა და ახალი პარტნიორები გვინდა. მე იმას ვსწავლობ, როგორ უნდა განვავითარო ბიზნესის ეს მხარე და როგორ შევაფასო მათი პოტენციალი. ეს უზომოდ დიდი ცვლილებაა საქმისადმი მიდგომაში.