You can be on Entrepreneur’s cover!

ნინო დარასელი - იდეების გენერატორი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

სიტყვა ანტრეპრენერს მრავალგვარი დატვირთვა აქვს. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები არიან ჩვენი რესპონდენტებიც. ერთნი ახალ, ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს პოულობენ, მეორენი არსებული პროდუქტისა თუ სერვისის მოდიფიცირებას ცდილობენ. ნაწილი ქართული ვაზის მარსზე გახარებას გეგმავს, ნაწილი – მრავალი ათასი მეტრის სიმაღლეზე სასტუმროს აშენებას. ჩვენი სტატიის მთავარი გმირი თითოეული იმ რესპონდენტისგან რადიკალურად განსხვავდება, რომელთა შესახებაც ადრე გიამბეთ. ნინო დარასელი ანტრეპრენერია – ადამიანი, რომელიც კარიერის თითოეულ ეტაპზე მედიისა და კომუნიკაციების სფეროშია ჩართული, ინდუსტრიის გულისცემას კი ინტუიციით გრძნობს. სწორედ ინტუიციამ უკარნახა „ანაბეჭდის", „არტარეას" თუ www.at.ge-ის შექმნის დროულობა და საჭიროება.

მიაჩნია, რომ მისგან პროდუქტის „გამყიდველი" არასოდეს გამოვა. ნინო დარასელი იდეების გენერატორია. მისი მიზანი წლების განმავლობაში უცვლელია – აღმოაჩინოს საინტერესო ადამიანები, მათი ხმა კი საზოგადოებამდე მიიტანოს რაც შეიძლება დახვეწილი, მრავალფეროვანი სახით, ტელევიზიით, ბეჭდური თუ ციფრული ფორმით.

პროფესიული არჩევანი მამის დამსახურებით გააკეთა. ზაზა დარასელი, რომელმაც მთელი ცხოვრება საქართველოში ტელეკომუნიკაციების განვითარებას მიუძღვნა, ნინოს როლური მოდელი ჯერ კიდევ ბავშვობაში გახდა. ფაქტობრივად, ტელევიზიაში გაიზარდა. 23 წლის ასაკში კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ოფიციალური თანამშრომელი გახდა. თავიდან ტელეწამყვანობის პერსპექტივა ხიბლავდა. იმ პერიოდში, როდესაც ქართულ ტელესივრცეში მხოლოდ და მხოლოდ ორი არხი არსებობდა, ეკრანზე გამოჩენა პოპულარობის გარანტი იყო. თუმცა, მოტივები მალევე შეიცვალა. პოპულარობის ნაცვლად, ნინო ნიჭიერი ადამიანების მაძიებლად იქცა.

ჯადოსნური ლურჯი ეკრანი

„ტელევიზიაში გავაცნობიერე, რამხელა მნიშვნელობა აქვს გუნდს, რომელთან ერთადაც მუშაობ. რეჟისორმა ირაკლი ნინიძემ, იგივე „წერტილამ", აღმომაჩენინა ადამიანები, ვის შესახებაც არც კი ვიცოდი. მომასმენინა ისეთი ჯგუფები, როგორებიცაა Chemical Brothers, The Garbage, Cardigans. როგორც კი ეს აღმოჩენები გავაკეთე, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ნიჭიერი ადამიანების პოვნა და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა გახდა".

ნინოს პირველი პროექტი შემეცნებით-გასართობი გადაცემა „ობიექტივი" იყო, შემდეგ – „ანტრე". რამდენიმე წელიწადში, ზაზა შენგელიას დიდი თხოვნითა და ძალისხმევით, „მოამბეს" წამყვანი გახდა. კარიერის თითოეულ ეტაპზე საინტერესო, ნიჭიერი ადამიანების ძიებაში იყო. ტელევიზიის ძალაც სრულად გააცნობიერა.

„მაგალითად, მეცნიერი აიღეთ – ის უამრავ სასარგებლო აღმოჩენას აკეთებს, თუმცა მისი დამსახურების შესახებ საზოგადოება გვიან იგებს. შესაძლოა მაშინაც კი, როდესაც ის ცოცხალი აღარც არის. ტელევიზია კი საშუალებას გაძლევს, საზოგადოების სწრაფი რეაგირება მიიღო, უკუკავშირი მომენტალურად დაამყარო. „მოამბის" დასრულების შემდეგ, რამდენიმე ადამიანი მირეკავდა, თავის აზრს მიზიარებდა. ჟურნალისტს შეუძლია ასეთი ადამიანები და მათი საქმეები საზოგადოებას რამდენიმე წუთში გააცნოს და უკუკავშირიც მიიღოს".

„მოამბე" მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. საინფორმაციო გადაცემის წამყვანი 2 წლის განმავლობაში იყო. ყოველდღიურად, ცხოვრება პირდაპირ ეთერში უწევდა – დილის 9-იდან ღამის 12 საათამდე.

„ამ პერიოდში მივხვდი – თუკი რაიმეს ხელს მოჰკიდებ, საუკეთესო უნდა იყო. ამიტომ გამუდმებით ვმუშაობდი, ტელევიზიაში დიდ დროს ვატარებდი; ყოველთვის ვწერდი, ვცდილობდი, ჩემი ტექსტი განსხვავებული ყოფილიყო. რედაქტორი დამცინოდა კიდეც, მე მგონი აგენტი ხარ და სულ სხვა ჩანაწერებს აკეთებო".

საინფორმაციო სამსახურს თავი 2 წელიწადში გაანება. ქართული ტელესივრცის წამყვან ჟურნალისტებთან ერთად მუშაობდა. ნინოს თანამშრომელი იყო დემნა გვასალიაც. ჯერ კიდევ საქართველოში მცხოვრები მოყვარული დიზაინერი, ახლა უკვე Vetements-ის დამფუძნებელი და Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი, მაშინ უცხოური სიახლეების ბლოკს აკეთებდა. თავისი შექმნილი პირველი ჩექმაც სწორედ ნინოსა და მის კოლეგას აჩუქა.

პირდაპირ ეთერში ცხოვრება რთული აღმოჩნდა. ნინო „მოამბიდან" უწყინარი ტყუილით წამოვიდა – განაცხადა, ორსულად ვარო. მალევე მეორე არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა. პირდაპირ ეთერში ცხოვრება დასრულდა. სატელევიზიო კარიერაში პაუზის დროც მალევე დადგა. მეორე არხის პროექტი ჩავარდა და სიხშირე საპარლამენტო არხად ჩამოყალიბდა.

„მთელი სატელევიზიო კარიერის განმავლობაში, ორ მაგარ ზაზასთან ვმუშაობდი. მამაჩემთან, ზაზა დარასელთან და ზაზა შენგელიასთან. მამაჩემი სრულ თავისუფლებას გვაძლევდა, მხოლოდ ერთფეროვნებას, სინაცრისფრეს ვერ იტანდა. რაც მეტ ირაკლი ჩარკვიანს აღმოაჩენდი, რაც მეტ გაღიზიანებას გამოიწვევდი რეტროგრადულ საზოგადოებში, მით უკეთესი. ზაზა შენგელია კი, იმ პერიოდში, როდესაც ახალი არხები ჩნდებოდნენ და კონკურენცია რთულდებოდა, ახერხებდა კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნას".

სულ მალე, პირველ სიყვარულს – ტელევიზიას, „რუსთავი 2-ის" ეთერის საშუალებით დაუბრუნდება.

„ანაბეჭდის" ანაბეჭდები

ნინო დარასელის პირველი „შვილი"– ჟურნალი „ანაბეჭდი" ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ შეიქმნა. ერთ დღესაც ხელში რუსული ანდერგრაუნდ-გამოცემები ჩაუვარდა და გადაწყვიტა, რომ თავადაც სურდა ბეჭდურ მედიაში ეცადა თავი. იმ მომენტში, სურვილის გარდა, არაფერი გააჩნდა. საოცნებო შემოქმედებითი ჯგუფი მალე შეკრიბა. „მოვიფიქრეთ სახელი და წარმოდგენა არ გვქონდა, შემდეგ რა უნდა გვექნა", – იხსენებს ნინო.

წარმოდგენა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, მალევე შეექმნათ. იპოვეს გამომცემელი, ჯგუფი კი ყოველთვიურად ახალი ადამიანებით მდიდრდებოდა. „ბოლოს უკვე 7 დიზაინერი გვყავდა. ამ ადამიანებმა განსაზღვრეს ჩემი გემოვნება". ნინო კადრსმიღმა სამყაროდან აგრძელებდა ნიჭიერი ადამიანების ძიებას. „ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ეტაპი იყო. საკუთარ გუნდთან ერთად ვიზრდებოდი, მიყალიბდებოდა მისწრაფებები, ინტერესები".

„ანაბეჭდი" თანამედროვე ხელოვნებაზე, კულტურაზე, არტზე ორიენტირებული კონცეპტუალური მედიუმი იყო. პირველი არტჟურნალი ქართულ რეალობაში 5 წელიწადი არსებობდა. შემოქმედებითი ჯგუფის მიზნები ამბიციური იყო. მათ გეგმაში კომერციულად მომგებიანი ბიზნესის შექმნა არ შედიოდა. სურდათ ღირებული, მაღალი კლასის ბეჭდური გამოცემა შეექმნათ. დათმობაზე არასოდეს მიდიოდნენ.

„ამაყები ვიყავით. ვქმნიდით ახალი ტიპის, ბლოგური სტილის გამოცემას. საოცარი ავტორები გვყავდა – გიგი ზედანია, ლაშა გაბუნია, თაზო მჭედლიძე, ნენე კვინიკაძე, ნიკო ნერგაძე. ხშირად კომპანიები თავად მოგვმართავდნენ რეკლამის განთავსების ინიციატივით, ჩვენ კი უარს ვამბობდით. ხან ვიზუალი არ მოგვწონდა და მის შეცვლას ვთავაზობდით, ხანაც ვფიქრობდით, რომ რომელიღაც პოტენციური დამკვეთის რეკლამა ჟურნალის კონცეფციაში არ ჯდებოდა და საერთოდ უარით ვისტუმრებდით".

„ანაბეჭდის" ეგიდით ტარდებოდა გამოფენები, პერფორმანსები. ნინოს გუნდმა ჩუბიკას სკულპტურები ზღვაშიც კი გამოფინა, „თუმცა, თავში აზრად არ მოგვსვლია, ჩვენ მიერ ორგანიზებული ფესტივალებიდან ფინანსური სარგებელი მიგვეღო", – ამბობს ნინო.

„ანაბეჭდის" ისტორია 2008 წლის ომმა დაასრულა. ჟურნალის სპონსორმა ბიზნესებმა არსებობა შეწყვიტეს. შემოქმედებითი ჯგუფი დაიშალა.

ნინომ კარიერა „სილქნეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ამპლუაში გააგრძელა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტროში, იგივე პოზიციაზე გადაინაცვლა. კარგად იცოდა, რომ ბიუროკრატიული სისტემა მის ინტერესებს ვერასოდეს დააკმაყოფილებდა. დრო იყო, ახალი იდეებისთვის შეესხა ფრთები.

პირველი ციფრული ტელევიზია

ასე გაჩნდა „არტარეა". კულტურის სამინისტროში შეტანილი პროექტი 2 წლის შემდეგ „გაცოცხლდა". დაფინანსების წყალობით კი, ვიდეოსერიების ნაცვლად, ტელევიზია შეიქმნა. „არტარეას" კონცეფცია „ანაბეჭდისას" წააგავდა. ფოკუსი – საინტერესო ადამიანები, ხელოვნება, ლიტერატურა, თანამედროვე არტი გახლდათ. პირველი ქართული ციფრული არხი ხელოვნებაზე, კულტურაზე, ლიტერატურაზე 2012 წელს დაარსდა. ნინომ 2 წელიწადში ხელმძღვანელის პოზიციიდან კონტრიბუტორის ამპლუაში გადაინაცვლა და პროექტი ID წამოიწყო. ფინანსურ მენეჯმენტზე საინტერესო, მისთვის კვლავ ნიჭიერი ადამიანების საზოგადოებისთვის გაცნობა იყო.

ონლაინჟურნალი ყველაფერზე

ნინოს ამ დროისთვის ბოლო პროექტია www.at.ge – პორტალი, რომელიც ამერიკული Buzzfeed-ის შთაგონებით შეიქმნა. „საიტს თვეში 350 ათასი მნახველი ჰყავს – ასეთ შედეგზე ვერც ვიოცნებებდი. ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ თემის აქტუალობას ყოველთვის კარგად ვგრძნობ. როდესაც Buzzfeed-ს ვეცნობოდი, გავიფიქრე, რომ მსგავსი ტიპის პროდუქტი საქართველოში არ არსებობს. გავაკეთე ონლაინჟურნალი ყველაფერზე – ხელოვნებაზე, კულტურაზე, ბიზნესსა და ტექნოლოგიებზე, კულინარიაზე. შემდეგ კი „აჭარა ჯგუფის" დაფინანსება მივიღე. ვიქირავე ოფისი და საქმეს შევუდექი. ოფისი სულ მალე პატარა ოთახმა ჩაანაცვლა. ყველა თანამშრომელი ონლაინ ვმუშაობთ, მთელ დღეს ტელეფონში თავჩარგული ვატარებ, ხან ვარედაქტირებ, ხან ვწერ".

ნინო დარასელის მთავარი გამოწვევა at.ge-ს კომერციალიზაციაა. პროდუქტის მიმართ ინტერესზე ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა მეტყველებს. თუმცა, ნინოს სურს პროექტი სტაბილურად განვითარდეს, www.at.ge-მ საკუთარი თავის შენახვაც შეძლოს და ზრდაც.

„ჩემი მიზანია, ისეთი ადამიანები დავიყენო გვერდით, რომლებიც კარგი პროდუქტის გაყიდვაში დამეხმარებიან. ყველა მიმართულებას თავისი პროფესიონალი ჰყავს, ბევრ საქმეს მივედ-მოვედები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გაყიდვები და ფინანსები ჩემი საქმე არ არის. რატომ ვაკეთო მე, როდესაც ვიცი, რომ სხვას უკეთ შეუძლია?"

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან