You can be on Entrepreneur’s cover!

კი თუ არა? კი! რა სჯობს – ხანდახან შეცდომა დაუშვა თუ ახალი შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა?"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

პირდაპირ ვიტყვი – არ მიყვარს ადამიანები, სახელად „არა".

უარის თქმა ყველას გვიწევს, ცხადია, თუმცა არა იმ დოზით, როგორც ადამიანთა კატეგორიას, სახელად „არა".

ყოველთვის მიკვირდა, ვერ ვხვდებოდი და ვერ ვწვდებოდი უარის მიზეზებს აშკარად სასარგებლო და საინტერესო შეთავაზებებისას.

მით უფრო მაშინ, როდესაც უარის მთქმელს კარგად არც კი აქვს გააზრებული, თუ რაზე ამბობს უარს – უმრავლეს შემთხვევაში უემოციო, ხელოვნურ უარს. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ზოგიერთს თითქოს მოსწონს „არას" პოზაში ცხოვრება...

პითაგორა კი ამბობდა, რომ „კი" და „არა" ყველაზე მოკლე სიტყვებია, რომლის წარმოთქმასაც ყველაზე მეტი დრო სჭირდება გასააზრებლად...

ჩემთვის წარმოუდგენელია უმოძრაობა გერჩიოს მოძრაობას, მარტოობა – პარტნიორობას, ერთ ადგილზე გაჩერება წინსვლას, უინტერესო ყოველდღიურობა – ახალ და საინტერესო თავგადასავლებს.

მიუხედავად იმისა, რომ „კი" ბევრს მოითხოვს ადამიანისგან, რაც საბოლოოდ მის ჯანმრთელობაზეც აისახება, მე პირადად არ ვნანობ არცერთ „კის", რაც ჩემი 25-წლიანი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილების განმავლობაში მითქვამს.

ეჭვი კი ყოველთვის მეპარებოდა, რამდენად სწორად ვიქცეოდი? ხომ არ სჯობდა, მეც სხვებივით მეტი მეზრუნა საკუთარ თავზე და ნაკლები დრო, ნერვები და ენერგია დამეხარჯა ერთდროულად ბევრი საქმის კეთებაზე. დავხარჯულიყავი ბოლომდე თუ დავხარჯულიყავი ნაწილობრივ?

ეს კითხვა მით უფრო აქტუალური იყო მაშინ, და არის დღესაც, როცა მიუხედავად თავდაუზოგავი შრომისა, ხვდები, რომ თითქოს არაფერი განსაკუთრებულისთვის მაინც არ მიგიღწევია, ხოლო კატეგორია „არა" შენზე გაცილებით კარგად გრძნობს თავს...

2010 წლის სექტემბერი. ლონდონი-თბილისის რეისი. მანჩესტერის ბიზნესსკოლაში სამაგისტრო პროგრამის დაწყების წინ გამართული გაცნობითი შეხვედრიდან ისედაც უამრავი შთაბეჭდილების ქვეშ თავბრუდახვეული ვბრუნდები თბილისში. უფრო მეტი კითხვით, ვიდრე პასუხით...

თუმცა, ჰოი, საოცრებავ! ვშლი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ანტრეპრენერის, ბრენდთა შორის ბრენდის – Virgin-ის დამფუძნებლის, რიჩარდ ბრენსონის ავტობიოგრაფიულ წიგნს და პირველივე გვერდზე, წიგნის პირველსავე პარაგრაფში ვკითხულობ:

„გავხალისდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ Virgin-ის თანამშრომლები მეტსახელით Dr Yes მომიხსენიებდნენ. გასაგებია, რატომაც. ჩემი ავტომატური პასუხი კითხვაზე, თხოვნაზე ან პრობლემაზე, თითქმის ყოველთვის იყო დადებითი, ვიდრე უარყოფითი. მე მუდამ ვცდილობდი მომეძებნა საბაბი რაიმე ახლის საკეთებლად, თუ ის კარგ იდეად მიმაჩნდა, ვიდრე პირიქით".

ამავე წიგნში ბრენსონმა საერთოდ გამაოცა, როცა შევიტყვე, რომ მისი პირველი სრულფასოვანი ბიზნესი სწორედ ჟურნალი იყო – ჟურნალი Student, რომლის წარმატებაც საფუძვლად დაედო მომდევნო პროექტს – Virgin Records და შემდგომში უზარმაზარ ბიზნესიმპერიას, სახელად Virgin.

შვებით ამოვისუნთქე, როცა შევიტყვე, რომ არც „კის" მიმართ ჩემს დამოკიდებულებაში და არც ჩემ მიერ არჩეული საქმის – საგამომცემლო და მედიაბიზნესის სისწორეში ეჭვის შეტანა, მიუხედავად უამრავი სირთულისა და იმედგაცრუებისა, არ იყო საჭირო, რადგან თვით სერ რიჩარდ ბრენსონსაც იგივე გზა ჰქონდა გავლილი და ისიც ჩემსავით ამბობდა „კი"-ს...

მას შემდეგ 9 წელი გავიდა. ბრიტანელი ანტრეპრენერი დღეს თავის ბიზნესიმპერიას საკუთარი კუნძულიდან მართავს და კოსმოსში სამოგზაუროდ ემზადება, ჩვენ კი ჯერ ისევ გაჭირვებულ საქართველოში კვლავ ერთ ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ, მაგრამ როგორც ჩანს, დიდსაც და პატარასაც, გლეხსაც და თავადსაც, ღარიბსაც და მდიდარსაც შეიძლება აერთიანებდეთ ერთი რამ – აზროვნება, პრინციპები და ცხოვრებისეული ღირებულებებისადმი დამოკიდებულება.

ხოლო, თუ რეალურ მიღწევებშიც გვსურს გავუტოლდეთ მსოფლიო გიგანტებს, სჯობს კვლავ მათ მოვუსმინოთ:

„ბევრი ადამიანი ამბობს – „არა" ან „ვიფიქრებ ამაზე". ეს არის მათი პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ პატარა და უმნიშვნელოა საკითხი, თუ რაიმე დიდი და რევოლუციური. შესაძლოა, ისინი ფრთხილობენ, ეჭვით უყურებენ ახალ იდეებს ან მართლაც სჭირდებათ დრო მოსაფიქრებლად. მაგრამ ეს არ არის ჩემი სტილი. თუ იდეა კარგია, მე ყოველთვის ვამბობ „კი"-ს და მერე ვიწყებ მუშაობას იმაზე, თუ როგორ ვაქციო ის რეალობად. რა თქმა უნდა, ყველაფერზე „კი"-ს არც მე ვამბობ. თუმცა, რა სჯობს – ხანდახან შეცდომა დაუშვა თუ ახალი შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა?"

ასე რომ, თუ ფიქრობთ, თითქოს დღეს გვაქვს ფუფუნება შესაძლებლობების ხელიდან გაშვებისა, თქვით „არა", ხოლო თუ პირიქით ფიქრობთ, თქვით „კი".

მე ვამბობ „კი"-ს!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან