You can be on Entrepreneur’s cover!

ZEN TRAVEL – ბიზნესადქცეული გატაცება არატრადიციული და უნიკალური პროგრამა ტურიზმის განსავითარებლად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

გაიცანით თამუნა ჯაკონია და თამუნა გიორგაძე – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები და ამავე დროს მეგობრები, რომლებმაც დამოუკიდებელი ტურისტული ბიზნესის დაწყება ერთობლივად გადაწყვიტეს და რაც მთავარია, არატრადიციული, საქართველოსთვის ინოვაციური სახეობის დანერგვით სურთ საქართველოში ტურიზმის განვითარება. მათ სრულიად უნიკალური ტურისტული პროგრამა შექმნეს, კომპანიას Zen Travel უწოდეს და ორი წლის წინ სტუმართა პირველ ჯგუფსაც უმასპინძლეს.

საქართველო უფრო და უფრო შესამჩნევი და საინტერესო ლოკაცია ხდება მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. ლანდშაფტის მრავალფეროვნება, გამორჩეული ღვინო, მდიდარი კულტურა და სტუმართმოყვარე ხალხი – მცირე ნაწილია ქვეყნის იმ ღირსებებისა, რომელთა გამოც მას ტურისტული ჯგუფები ოთხივე სეზონზე სიამოვნებით სტუმრობენ. საგულისხმოა ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, მოხიბლული მოგზაურები ერთჯერად ვიზიტს არ სჯერდებიან და კვლავ ბრუნდებიან ქვეყნის სხვა, უცხო მხარეების, ან თუნდაც ნაცნობი ადგილების უფრო სრულფასოვნად გასაცნობად. დღეს უკვე მრავლად შეხვდებით ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც საკმაოდ საინტერესო და შინაარსიან ტურებს სთავაზობენ როგორც უცხოელ, ასევე ქართველ მოგზაურობის მოყვარულთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ნელ-ნელა ფეხს ტურიზმის სხვა სახეობებიც იკიდებს, როგორიცაა მაგალითად, ველნეს ტურიზმი , სააგენტოები ძირითადად მაინც სტანდარტული პაკეტებითა და სერვისებით შემოიფარგლებიან.

სამსახურში დამეგობრებულმა გოგონებმა მალე აღმოაჩინეს, რომ ერთი და იგივე გატაცებები ჰქონდათ – იოგა და მოგზაურობა. რამდენიმე წელიწადში გადაწყვიტეს, საერთო ჰობი ერთობლივ ბიზნესად ექციათ. ასე დაარსდა კომპანია, რომელიც ტურისტებს საქართველოში სრულიად განსხვავებული გამოცდილების მისაღებად ეპატიჟება.

დღეს, როცა ჩვენ ირგვლივ ყველაფერი სწრაფი ტემპით იცვლება და სტრესი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება, თითოეულ ჩვენგანს ყველაზე მეტად გვჭირდება ემოციური და გონებრივი სიმშვიდის მოპოვება. მუდმივი შეხვედრები, დედლაინები, წარუმატებელი ურთიერთობები, მიუღწეველი მიზნები, დაუსრულებელი ფიქრები − დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ერთკვირიანი გასეირნება უცხო ქვეყანაში ან რამდენიმედღიანი დასვენება სანაპიროზე და მთაში, მას რეალურად ვერ ეხმარება დაკარგული ენერგიის აღდგენაში. პირიქით − ხანდახან ეს მოგზაურობები შეიძლება გამძაფრებული უკმაყოფილების და ფიზიკური გადაღლილობის მიზეზი გახდეს.

„ერთ დღესაც, მივატოვეთ კორპორაციული ცხოვრება და გადავწყვიტეთ, ტრადიციული და კლასიკური მოგზაურობის ფორმის ნაცვლად, ტურისტებისთვის შეგვეთავაზებინა მოგზაურობის ალტერნატიული სტილი. ჩვენი კომპანიის სახელია Zen Travel, კონცეფცია ავაგეთ სიტყვაზე, რომელიც ცხოვრებისადმი გაცნობიერებულ მიდგომას ნიშნავს", – გვიხსნის თამუნა გიორგაძე, − „მივხვდით, რომ გვინდოდა კლასიკური ტურისტული პროდუქცია რაიმე ახლით ჩაგვენაცვლებინა", – დასძენს თამუნა ჯაკონია.

რა გამოარჩევს ზემოაღნიშნულ ტურისტულ პაკეტს სტანდარტული შეთავაზებებისგან? უპირველეს ყოვლისა, მასში აქცენტი სიმშვიდის მოპოვებაზე, სტრესისგან გათავისუფლებაზე და განტვირთვაზეა გამახვილებული. კომპანიის დამფუძნებლები საქართველოში იოგას მოყვარულებსა და გამაჯანსაღებელი ტურებით დაინტერესებულებს ეპატიჟებიან. სთავაზობენ ულამაზეს ბუნებას, საოცრად სტუმართმოყვარე ხალხს, ჯანსაღ საკვებს, პროფესიონალი ქოუჩებისა და იოგას ინსტრუქტორების მიერ ჩატარებულ სესიებსა და ვორქშოფებს.

1-კვირიან პროგრამაში შედის იოგას პრაქტიკული და სუნთქვითი ვარჯიშები, ასევე მედიტაცია; ჩართულია ქოუჩინგის, დადებითი ფსიქოლოგიისა და არტთერაპიის სესიები.

Yoga Retreat – ასე უწოდებენ გამაჯანსაღებელ ტურებს თუ აქტივობებს, რომლებიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს ჯანსაღ გარემოში, ქალაქის ხმაურისა და სტრესული ფაქტორებისგან მოშორებით განიტვირთოს, დაკავდეს იოგათი, საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს და ცხოვრების ჩვეულ სტილს სრულიად დასვენებული და განახლებული დაუბრუნდეს.

Yoga Retreat-ტურები მთელ მსოფლიოში წარმატებული და აპრობირებულია, თუმცა ამიერკავკასიაში Zen Travel პირველია, რომელმაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ზემოხსენებული მიდგომა შეუსაბამა და სრულფასოვანი ტურისტული პაკეტები შექმნა.

„ვარჩევთ ენერგეტიკულად სუფთა ადგილებს, ცივილიზაციისგან მოშორებით, სადაც ტურისტს შესაძლებლობა ექნება მოწყდეს ყოველდღიურობას სიმწვანეში, მეტად დაუახლოვდეს ბუნებას. დღეისათვის ასეთი ოთხი ლოკაცია გვაქვს: ყაზბეგი, სვანეთი, ციხისძირი და კახეთი. სასურველი ეფექტის მისაღებად და უნიკალური გამოცდილების შესაქმნელად, საქართველოში გამაჯანსაღებელი დასვენების მსურველთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში 15 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს.

„სხვადასხვა ტიპის პროგრამები გვაქვს. ფასი 900 დოლარიდან 2000 დოლარამდე მერყეობს. თითოეული მათგანი ეგრეთ წოდებული All Inclusive-ია, რადგან ფასში შედის გადაადგილება, სამჯერადი კვება და დაბინავება. მოკლედ, ყველაფერი, თვითმფრინავის ბილეთის გარდა", − გვიხსნის თამუნა ჯაკონია.

Zen Travel-მა უკვე შვიდ ტურისტულ ჯგუფს უმასპინძლა. კომპანიის სერვისი მთლიანად უცხოელებზეა გათვლილი. ტურის დაჯავშნა სხვადასხვა თემატური პლატფორმიდანაა შესაძლებელი. მაგალითად, www.bookyogaretreats.com

Zen Travel-ის სერვისს ძირითადად გერმანელი და ბრიტანელი ტურისტები იყენებენ. პროექტის ფარგლებში, საქართველოთი ამერიკელი სტუმრებიც დაინტერესებულან.

ქვეყანაში ჩამოსულ თითოეულ სტუმარს კომპანიის წარმომადგენლები თბილისის აეროპორტში ხვდებიან. ჯგუფის წევრები ერთ დღეს დედაქალაქში ატარებენ, ერთმანეთს ეცნობიან, მეორე დილით კი დანიშნულების ადგილისკენ მიემართებიან. ტურისტები საქართველოში 1 კვირა რჩებიან. „ამ მცირე პერიოდში ისინი სამუდამო მეგობრებს იძენენ", − აღნიშნავს თამუნა გიორგაძე.

Zen Travel-ის დამფუძნებელთა მიზანი როგორც ტურისტებისთვის უნიკალური, სასიამოვნო გამოცდილების შექმნა, ისე ქვეყნის პოპულარიზაციაა, როგორც Retreat Holiday -ს ერთი-ერთი ახალი მიმართულება მსოფლიოში.

„თითოეულ ჯგუფს ქართულ კულტურას ვაცნობთ, ვაჩვენებთ ახლომდებარე ძეგლებს, გზად შემხვედრ ღირსშესანიშნაობებს, დაგვყავს ლაშქრობებზე. ვინაიდან საქართველო ღვინის ქვეყანაა, ხშირია ღვინის დეგუსტაცია", – გვიყვება თამუნა ჯაკონია.

Zen Travel-ს და საქართველოს მრავალი საერთაშორისო კონკურენტი ჰყავს. მათ მოწინავე რიგებშია ინდოეთი, ტაილანდი, ინდონეზია − Yoga Retreat-ტურებისთვის განკუთვნილი ცნობილი ლოკაციებით.

თამუნა გიორგაძესა და თამუნა ჯაკონიას მუშაობა საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხითაც უწევთ.

პრომოუშენისთვის სოციალური მედიამარკეტინგული კამპანიების გარდა, მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე საზღვარგარეთ და გაცნობით ტურებზე ეპატიჟებიან პოტენციურ პარტნიორებს საქართველოში.

ზემოთ ხსენებული გამოწვევების გარდა, გოგონები ბევრ დაბრკოლებას წააწყდნენ პროექტის განხორციელების ჯერ კიდევ საწყის სტადიაზე. მაგალითად, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ცივილიზაციისგან მოწყვეტილ, მაღალმთიან რეგიონებში ტურისტების მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. ძლივს იპოვეს ადგილი, სადაც სპეციალურად მათი სტუმრებისთვის, სურვილის შემთხვევაში, ვეგანური კერძების მომზადებას შეძლებდნენ. საბოლოო ჯამში, სასტუმროებთან შეთანხმებას მიაღწიეს და პრობლემაც მოგვარდა.

„სხვადასხვა სასტუმროს ინფრასტრუქტურას ხშირად ვიყენებთ. ჩვენ გვჭირდება სივრცე, სადაც თერაპიის სეანსს ჩავატარებთ, გვექნება სიმყუდროვე მედიტაციისთვის. მართალია, როგორც წესი, ღია ცის ქვეშ ვმუშაობთ, მაგრამ ამინდის გაფუჭების შემთხვევაში, დარბაზი აუცილებელია. ასევე, ხშირად ჩვენს მომხმარებლებს შეზღუდვები აქვთ კვებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თავდაპირველად სასტუმროების არჩევა ძალიან გაგვიჭირდა", – იხსენებს თამუნა გიორგაძე.

კარგა ხანს ეძებდნენ იოგას ინსტრუქტორებსაც, რომლებიც მოახერხებდნენ და ტურისტულ ჯგუფთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთი კვირით გაემგზავრებოდნენ. ამ ეტაპზე სტაბილურად სამ ინსტრუქტორთან თანამშრომლობენ, რომელთა პროგრამა მთლიანად ტურისტებზეა მორგებული, სავარჯიშოების ინგლისურენოვანი ინსტრუქციით.

სერვისის გამოყენება, რა თქმა უნდა ქართველ მსურველსაც შეუძლია. გოგონებს ასევე დაგეგმილი აქვთ, მსგავსი ტურები საზღვარგარეთ ჩაატარონ და უკვე ქართველ ტურისტებს მისცენ საშუალება, სრული რელაქსაციის გამოცდილება უცნობ გარემოში მიიღონ.

„შემდეგი წლიდან ვაპირებთ ქართველ მომხმარებლებზეც გავიდეთ, შევთავაზოთ მათ ქართულენოვანი პროდუქტი, ამჯერად − ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ვინაიდან ჩვენი შეთავაზება ე.წ. ნიშურია, დაინტერესებასაც მხოლოდ სპეციფიკური სეგმენტისგან ველოდები", – გვაცნობს სამომავლო გეგმებს თამუნა ჯაკონია.

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან