MOSTAT - ჭკვიანი მოწყობილობა, რომელიც ტემპერატურის (და ბიუჯეტის) გაკონტროლებაში დაგეხმარებათ

ქართულია და კარგია...

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Mostat ბავშვობის ოთხი მეგობრის ერთობლივი პროექტია. ბრენდი მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობას აწარმოებს, რომელიც ნებისმიერ ოჯახს თუ ოფისს ცენტრალური გათბობის დანახარჯის 39%-მდე შემცირებაში დაეხმარება. თათა კოზმავა Mostat-ის მარკეტინგის ხელმძღვანელია. Mostat ჭკვიანი მოწყობილობაა, რომელსაც მობილური აპლიკაციის საშუალებით მართავთ და შანსს გაძლევთ, თქვენს სახლში, ოფისსა თუ აგარაკზე არსებული ტემპერატურა დისტანციურად აკონტროლოთ. ჟურნალი Entrepreneur თათა კოზმავას სტარტაპის მიზნებზე, განვითარების პერსპექტივაზე და ბიზნესის წარმოების პირველ ეტაპზე დაშვებულ შეცდომებზე ესაუბრა.

Mostat

რა არის და როგორ მუშაობს?

„Mostat-ის შექმნის იდეა 4 მეგობარს დაგვებადა. გათბობის მაღალი გადასახადი მოგვივიდა და გადავწყვიტეთ, ჭკვიანი მოწყობილობა შეგვეძინა, რომელიც გათბობის სისტემას მართვადს გახდიდა. ძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოს ბაზარზე ასეთი ტიპის  თერმოსტატი  არ არსებობდა, საზღვრებს გარეთ კი, რა თქმა უნდა, მიღებული და აპრობირებული გათბობის ქვაბის თერმოსტატების ფასი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. გვიწევდა განბაჟების გადახდაც და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არ ვიცოდით, ონლაინშესყიდვის შემთხვევაში, თავსებადი იქნებოდა თუ არა ჩვენს გათბობის ქვაბთან. არც ის ვიცოდით, ვის შეიძლებოდა დაემონტაჟებინა და რა თქმა უნდა, არანაირი საგარანტიო პირობები საქართველოში არ ვრცელდებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს პრობლემა საკუთარი ძალებით მოგვეგვარებინა“, − თათა კოზმავა ამჟამად უკვე წარმატებული პროექტის განხორციელების პირველ ნაბიჯს იხსენებს.

Mostat ჭკვიანი თერმოსტატია. მისი მართვის ბლოკი ცენტრალური გათბობის ქვაბში მარტივად მონტაჟდება, ხოლო ოთახის ტემპერატურის სენსორი (თერმომეტრი) ოთახის კედელზე მაგრდება. იგი ოთახის ტემპერატურას და ტენიანობას ზომავს და ინფორმაციას მართვის ბლოკს გადასცემს, რომელიც, თავის მხრივ, გათბობის ქვაბს აძლევს ბრძანებას, ჩართოს ან გამორთოს გათბობის სისტემა.

სახლის მეპატრონეს მობილურ ტელეფონში სპეციალურად Mostat-ისთვის შექმნილი აპლიკაცია აქვს გადმოწერილი, რომლის მიხედვითაც, იმის მიუხედავად, სად იმყოფება თავად, იღებს ინფორმაციას, თუ როგორი ტემპერატურა და ტენიანობაა სახლში. ასევე, ადგენს გათბობის სისტემის მუშაობის დეტალურ განრიგს და დღის სხვადასხვა მონაკვეთში მისთვის სასურველ ტემპერატურას.

გრაფიკის შევსების შემდეგ, Mostat-ის თერმოსტატი საკუთარი საქმის კეთებას იწყებს: ცენტრალური გათბობის ქვაბს რთავს. მას მერე, რაც ტემპერატურა სასურველზე მაღალ ნიშნულზე ადის, თიშავს; თუკი ტემპერატურა მცირდება − ისევ რთავს.

„ოფისებისა და სახლების შემთხვევაში, გათბობას მთელი ღამით ჩართულს ტოვებენ, ან დამლაგებელს თუ დაცვას აბარებენ. თუმცა, ეს ბევრ დისკომფორტთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება საერთაშორისო ბრენდების მიერ წარმოებულ მოწყობილობებს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მათი შეკვეთა ძვირი ჯდება და რთულია განსაზღვრა, მოერგება თუ არა კონკრეტული ბრენდის გათბობის ქვაბს“, − ამბობს თათა კოზმავა.

„ვცდილობთ, დავიჭიროთ საშუალო ფასი ჩინურ და ევროპულ პროდუქტს შორის. მიგვაჩნია, რომ ჩინური თერმოსტატები ჩვენს პროდუქტს კონკურენციას ვერ გაუწევენ, რადგან ჩვენი ბევრად მაღალი ხარისხისაა, ფუნქციურად კი არც შეედრება, ხოლო ევროპულ კონკურენტებთან მიმართებაში ფუნქციურად იდენტურია, ფასი ნაკლებია და რაც მთავარია, თავსებადია ევროპული ბრენდის გათბობის ქვაბების 99%-თან“.

მოწყობილობაზე მუშაობა აპლიკაციის დამზადებით დაიწყეს. კომპანიის ტექნიკურ დირექტორს დეველოპერთა საკუთარი გუნდი ჰყავს, რომელთა დახმარებით Android-ისა და IOS-სისტემაზე მორგებული აპლიკაცია შეიქმნა. რაც შეეხება უშუალოდ მოწყობილობას, მისი აწყობა საქართველოში ხდება, ნაწილები კი ჩინეთიდან ჩამოდის. „ჭკვიანი სახლის“ კონცეფცია

Mostat-ს შეკვეთები ამ ეტაპზე სახლების, მცირე ზომის ოფისებისა და აგარაკების მეპატრონეებისგან აქვს, თუმცა ბრენდის უახლოეს გეგმებში დიდი მასშტაბის ოფისებსა და სახლებზე გათვლილი მოწყობილობის შექმნაა, რომელიც ტემპერატურას არა ერთ, არამედ რამდენიმე ოთახში გაზომავს და მართვის ბლოკს საშუალებას მისცემს მონაცემთა შეჯერებით განსაზღვროს, რა დროს აამუშაოს ცენტრალური გათბობის სისტემა. მოწყობილობა Wi-Fi-ს დახმარებით ცვლის ინფორმაციას ოთახის სენსორსა და მართვის ბლოკს შორის.

პროდუქტის ღირებულება 349 ლარია. მას 2-წლიანი გარანტია მოჰყვება. მოწყობილობის პირველ 50-60 მსურველს Mostat-ი თავად კომპანიის დამფუძნებლებმა დაუმონტაჟეს − იმისათვის, რომ უკეთ შეესწავლათ მომხმარებლები.

მომხმარებლებთან კომუნიკაციას დღემდე ინარჩუნებენ და ცდილობენ, მათგან მიღებული რეკომენდაციები გაითვალისწინონ, აპლიკაცია მაქსიმალურად კომფორტული და მარტივი გახადონ.

„გასულ „შავ პარასკევს“ პროდუქციის ღირებულება გავანახევრეთ. იმ პერიოდში 70-მდე მოწყობილობა გავყიდეთ. იმდენად დიდი იყო მოთხოვნა, გვეშინოდა, მოწყობილობის აწყობის პროცესში, ან მიტანის სერვისში შეცდომა არ გაგვპარვოდა“, − იხსენებს თათა, – „შეკვეთის გასახორციელებლად ღამის ორ-სამ საათზეც კი გვირეკავდნენ“.

ფასდაკლებამ გაყიდვების მაჩვენებელი გაზარდა, კომპანიის დამფუძნებლებმა კი შეამჩნიეს, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა „შავი პარასკევის“ შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა. „ყველა პოტენციური მყიდველი შემდეგ გრანდიოზულ ფასდაკლებას ელოდებოდა“, − სიცილით ამბობს თათა.

ცოტა ხნის წინ აპლიკაციაში ახალი, „რეფერალის“ სექციის დამატების იდეა გაუჩნდათ. საქართველოში რომ  Word of Mouth Marketing  ერთ-ერთი ყველაზე მისაღები და შედეგიანი საშუალებაა, საკუთარ თავზე გამოსცადეს. ამიტომ შესაძლებელია მომავალში ფასდაკლება სწორედ Mostat-ის არსებული მფლობელის რეკომენდებულ მსურველს ერგოს.

თერმოსტატის პრინციპი

კომპანიას სახელი Mostat თერმოსტატის ანალოგიით უწოდეს. „მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენთვის ასე ნაცნობი ტერმინის განმარტება ბევრმა არ იცოდა. ზოგს Mostat საერთოდ გათბობის ქვაბის ბრენდი ეგონა, ზოგს კი გამათბობელი. გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის თერმოსტატის მნიშვნელობის ახსნა აღარ დაგვეწყო და უბრალოდ, ბრენდის ფრომოუშენზე გვეზრუნა“.

გათბობის ქვაბებს ამ ეტაპზე არაერთი კომპანია აწარმოებს. ბრენდის სამწლიანი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა რომელიღაც ბრენდის ნაწარმთან თავსებადი არ აღმოჩენილიყო. თუმცა, დღემდე Mostat-ის გუნდი თითოეულ მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოწყობილობის მუშაობა ერთი თვის განმავლობაში გატესტოს, შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში, დააბრუნოს. ამ შემთხვევაში მას მხოლოდ დემონტაჟის საფასურის − 50 ლარის გადახდა მოუწევს. დანარჩენი თანხა კი აუნაზღაურდება.

Mostat-ის გუნდის პრიორიტეტებში არა მხოლოდ მომხმარებლის ჯიბეზე ზრუნვა, არამედ გარემოზე ზრუნვაც შედის. „ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან კომუნიკაციის შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვეთვალა, რამდენ CO2-ს გამოყოფდა ცენტრალური გათბობის ქვაბის მილი Mostat-ის მონტაჟის შემთხვევაში და მის გარეშე. შედეგი შთამბეჭდავი იყო − გამოყოფილი ნამწვის რაოდენობა ერთიორად იყო შემცირებული“.

Mostat-ის შეძენა როგორც გამოწერის სერვისით, ასევე კომპანიის ვებგვერდიდან: www.mostat.ge არის შესაძლებელი. გარდა ამისა, Saga, Immergas, Gorgia და Bricorama-ში. რაც შეეხება გაყიდვის სტატისტიკას, რასაკვირველია, მოწყობილობაზე მოთხოვნა გვიანი შემოდგომიდან იზრდება, თუმცა წლის ყველაზე ცხელ პერიოდშიც კი Mostat-ს არაერთი ბინისა თუ ოფისის მფლობელი უკვეთავს. ძირითადად მაშინ, როდესაც სარემონტო სამუშაოებში გათბობის ქვაბის მონტაჟის დრო დგება, ან სულაც შუა ზაფხულში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მცირდება.