You can be on Entrepreneur’s cover!

4 ნიშანი, რომ უკვე მზად ხართ კონსალტინგის ბიზნესის დასაწყებად ამ სფეროში წარმატების მისაღწევად დიდი გამოცდილება სულაც არ არის საჭირო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

კონსალტინგი ბოლო ხანებში გახდა დამოუკიდებლობის მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საშუალება და თუ ამ საქმეს მოკიდებთ ხელს, საკუთარი თავის ბოსი გახდებით. კონსულტანტებს თავის სარჩენად თანხის გამომუშავება სხვადასხვა გზით შეუძლიათ − ანტრეპრენერებისთვის ინდივიდუალური კონსულტაციების ჩატარება იქნება ეს, ონლაინტრენინგები თუ კიდევ ბევრი სხვა.

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ამ შესაძლებლობაზე მხოლოდ იმის გამო ამბობს უარს, რომ საკუთარ საკონსალტინგო ნიშაში თავი პროფესიონალად არ მიაჩნია. რა თქმა უნდა, ამ საქმეში წარმატების მისაღწევად გარკვეული გამოცდილება აუცილებელია, მაგრამ მაგისტრის ხარისხი ან 20 წელი ამ სფეროში საერთოდ არ არის საჭირო. სრულიად ადვილი შესაძლებელია, უკვე ყველაფერი გაქვთ იმისათვის, რომ კონსულტანტი გახდეთ. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიღაც თვისებას ამჩნევთ საკუთარ თავს, თამამად შეგიძლიათ კონსალტინგზე დაფიქრდეთ.

1. ყოველდღიურად რაღაც ახლის კეთება მოგწონთ

ადამიანთა უმრავლესობას, რომლებიც სამსახურში დილის ცხრა საათიდან საღამოს ხუთამდე არიან დაკავებული, ყოველდღიურად ერთი და იგივე რუტინა აქვს. პროექტის შეცვლის შემთხვევაშიც კი, ერთსა და იმავე მთავარ პროდუქტებთან ან მომსახურებასთან, ერთსა და იმავე სამიზნე აუდიტორიასთან აქვთ შეხება.

საუკეთესო კონსულტანტებს კი ყოველდღიურად რაიმე ახლის კეთების, ახალი გამოცდილების შეძენის და ახალ კლიენტებთან მუშაობის სურვილი აქვთ, რომლებსაც სრულიად განსხვავებული პრობლემები აწუხებთ.

ახალი შთაბეჭდილებები ცხოვრებას საინტერესოს ხდის და ამასთან ერთად, ჩვენს ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.

დოქტორ გედ მარშალის, ჰარვარდის უნივერსიტეტის ალცჰეიმერის კვლევისა და მკურნალობის ცენტრის დირექტორის თანაშემწის, აზრით, ახალი საკითხების შესწავლა და ტვინის შემეცნებითი აქტივობის გაზრდა შესაძლოა ალცჰეიმერისა და დემენციის პროფილაქტიკისთვის სასარგებლო იყოს.

წარმატებული კონსულტანტები კეთილგონიერები არიან, სხვებს უსმენენ, პრობლემებს ანალიტიკურად განიხილავენ, რომ მათი უკეთ გაგება და მოგვარება შეძლონ, ყოველდღიურად ახალი გადაწყვეტილებების მოძებნა სურთ.

2. ცოდნის შეძენის მწველი სურვილი გაქვთ

წარმატებული კონსულტანტები განუწყვეტლივ რაღაცას სწავლობენ და ეს სრულიად გამართლებულია. როგორც დასტინ ბაქსი განმარტავს თავის ბლოგპოსტში, რომელიც დროისა და ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურ მართვას ეძღვნება: „სხვადასხვა საგნის შესწავლა ადამიანის თვალსაწიერს აფართოებს და ყოველდღიურ საქმიანობაში დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს. ხოლო უცნობ ვითარებაში საფუძვლიანად გარკვევა ადამიანის შემოქმედებით აზროვნებას ააქტიურებს, ინოვაციებს უწყობს ხელს და გზასაც გვიჩვენებს".

ჟურნალში Harvard Business Review გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ მაღალკვალიფიციურ კონსულტანტებს სწავლის გაღრმავების სურვილი ნებისმიერ ახალ პროექტზე მუშაობის დაწყებისას აქვთ. თავიდან საკუთარ ნიშაში ზოგადი ცოდნის მიღებით იწყებენ და ამავე დროს სწრაფად და შეუმჩნევლად უნდა შეისწავლონ კლიენტის ბიზნესიც, რათა საკუთარ ავტორიტეტს გაუკეთონ დემონსტრირება.

კონსულტანტები ამ პრობლემების გადასაჭრელად რამდენიმე რესურსს იყენებენ. კერძოდ, წარსული გამოცდილებიდან პარალელების მოძიებას, კლიენტის გუნდისგან ინფორმაციის მიღებას და ადამიანის სხეულის ენის მონიტორინგსაც კი ცდილობენ. მთელი დარგის შესწავლა აუცილებელი არ არის, მაგრამ თითოეული კლიენტის ყველა დეტალში გარკვევა, რომელთანაც იწყებთ მუშაობას, აუცილებელია.

3. თქვენ უკვე მიაღწიეთ წარმატებას თქვენს ნიშაში

თქვენი წარმატებები პოტენციურ კლიენტებს უმტკიცებს, რომ ნამდვილად გაქვთ ცოდნა, რომელზეც პრეტენზიას აცხადებთ. რადგან კარგი კონსულტანტები ყოველთვის სწავლობენ, შედეგების ლოდინი წლების განმავლობაში არ დაგჭირდებათ, ნამდვილად შეძლებთ სხვების დახმარებას. საიმედო რეპუტაციის შესაქმნელად და კონსალტინგის კარიერის საფუძვლის ჩასაყრელად, თავისუფლად შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ან ორი წარმატება გამოიყენოთ.

კრის კანტელმა, ონლაინმარკეტინგის სპეციალისტმა საკუთარი პოტენციალის რეალიზება საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაზე (SEO) მუშაობის სულ რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ შეძლო. „როდესაც ამ მიმართულებით გადავწყვიტე მუშაობა, მივხვდი, რომ საკუთარი პროფესიონალიზმი უნდა დამემტკიცებინა, ანუ საკუთარი საიტი უნდა მქონოდა. ამ პირველმა პროექტმა ახალი კლიენტების მოძებნის საშუალება მომცა. ამან კი, თავის მხრივ, ციფრული ინფორმაციის კურსის დამუშავებამდე მიმიყვანა. პროექტის დამუშავებას ცხრა თვე და მთელი ჩემი ფული დავახარჯე, მაგრამ ამ სფეროში საკუთარი თავი უკვე გამოცდილი მქონდა, კურსის პოტენციალში დარწმუნებული ვიყავი. პროექტის დაარსებიდან ხუთ თვეში მილიონ დოლარზე მეტი გამოვიმუშავე", − აცხადებს იგი.

კანტელს გამოცდილება დაეხმარა საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაში და ამიტომ წარმატებით გაუშვა ონლაინკურსი. კიდევ ერთი ქეისი ან კლიენტების რამდენიმე გამოხმაურება სრულიად საკმარისია პოტენციური კლიენტების დასარწმუნებლად, რომ მათი პრობლემების მოგვარებას შეძლებთ.

4. კონსულტანტებს სურთ, სხვებს დაეხმარონ წარმატების მიღწევაში

დიდი კონსულტანტები ამავე დროს დიდი მასწავლებლები არიან. თქვენ ხომ მხოლოდ ის არ გინდათ, გამოჩნდეთ და კლიენტებს ბიზნესის პრობლემები მოუგვაროთ. მათი დახმარება გსურთ, გინდათ ყველა იმ ინსტრუმენტს ფლობდნენ, რომელიც მომავალში წარმატების მისაღწევადაა აუცილებელი.

უფროსკლასელთა ერთ-ერთი გამოკვლევისას გაირკვა, რომ ყველაზე ეფექტურ მასწავლებლებს რამდენიმე თვისება ახასიათებთ. ისინი მოსწავლეებს გულისხმიერად ექცევიან და თანაუგრძნობენ. ცდილობენ, გაიგონ რა სახის მოთხოვნები და პრობლემები აქვს თითოეულს. ამასთან, წარმატების მიღწევასა და სასწავლო პროცესში ჩასართავად ეხმარებიან.

გამორჩეულ კონსულტანტსაც დაახლოებით ასეთი აზროვნება აქვს: კლიენტების პრობლემებში ბოლომდე გარკვევა და გარანტიის შექმნა, რომ მათ ისეთ უნარებს განუვითარებს, რომლებიც წარმატების მიღწევაში მაშინაც დაეხმარება, როდესაც კონსულტანტი სხვა პროექტზე დაიწყებს მუშაობას. თუ გრძნობთ, რომ ცოდნისა და უნარების სხვებისთვის გაზიარება გსურთ, ეს ნათელი მაჩვენებელია იმისა, რომ კონსალტინგი სწორედ თქვენთვისაა შექმნილი.

საიმედო და ეფექტური კონსალტინგური ბიზნესის შესაქმნელად, ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად დაგჭირდებათ. თუმცა, არც სწორი აზროვნების გამომუშავებაა კონსალტინგისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი.

კონსალტინგური ბიზნესი მთლიანად განსხვავდება ჩვეულებრივი, ყოველდღიური სამსახურისგან, რომელიც 9 საათზე იწყება და 5 საათამდე გრძელდება. ასეთი სამსახური ყველასთვის შესაფერისი არ არის. მაგრამ თუ სურვილი და სწორი ფსიქოლოგიური მომზადება გაქვთ, შესაძლოა სწორედ ეს გჭირდებათ საკუთარი კარიერის თავად სამართავად.