You can be on Entrepreneur’s cover!

ხუთი რამ, რაც თქვენი სტარტაპის პირველი თანამშრომლების დაქირავებისას უნდა გახსოვდეთ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ინოვაციური და ხარისხიანია თქვენი სტარტაპის პროდუქცია ან მომსახურება - მხოლოდ გუნდის ხარისხი განსაზღვრავს, თქვენი ბიზნესი წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ინოვაციური და ხარისხიანია თქვენი სტარტაპის პროდუქცია ან მომსახურება − მხოლოდ გუნდის ხარისხი განსაზღვრავს, თქვენი ბიზნესი წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი. თქვენი კვლევისა და განვითარების ცუდი გუნდი პროგრესს შეაფერხებს. მარკეტინგისას შეუძლია სრულ გაურკვევლობაში გამყოფოთ, ხოლო გაყიდვებისას შემოსავლის გარეშე დაგტოვოთ და ა.შ. როგორც ლამა ატაიამ Entrepreneur-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა: „ბევრი კომპანია უმარტივესი პროექტების განხორციელებასაც კი ვერ შეძლებდა ეფექტური და კვალიფიციური გუნდების გარეშე".

თანამშრომელთა დაქირავება დიდი კომპანიებისთვის უფრო მარტივია − თქვენ იქნებ კადრებზე მონადირეებმა მოგიძებნონ საუკეთესო კანდიდატი ან ადამიანური რესურსების სპეციალური გუნდი გეყოლებათ, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებს. შესაძლოა შეცდით და ერთი ან ორი თანამშრომელი არასწორად აიყვანეთ. ასეც რომ იყოს, ისინი მსხვილ კორპორაციას დიდ ზარალს სავარაუდოდ ვერ მიაყენებენ. რაც შეეხება სტარტაპებს, ყველა როლში უნდა სცადოთ თავი და დარწმუნდეთ, რომ თანამშრომლები, რომლებიც სამსახურში აგყავთ, თქვენს ბიზნესს კი არ დააზარალებენ, პირიქით − მის ზრდას შეუწყობენ ხელს. გარდა ამისა, თუ კარგად შეარჩევთ პირველ თანამშრომლებს, თქვენს სტარტაპს წარმატების გზაზე დააყენებთ. ამის გასაკეთებლად რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ:

1. ნამდვილად აუცილებელია თქვენთვის შტატიანი თანამშრომელი? უპირველესად, ის უნდა განსაზღვროთ, გჭირდებათ თუ არა ამ როლისთვის შტატიანი პერსონალი. დღეს უამრავი მოვალეობის შესრულება დისტანციურადაც შეიძლება და უკვე მეტი და მეტი ადამიანი ამჯობინებს შტატგარეშე თანამშრომლად მუშაობას. „აუტსორსინგი, როგორ წესი, გაცილებით სწრაფია და ბიზნესებს მეტი კანდიდატის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, რადგან ამ შემთხვევაში ტრასპორტირების პრობლემები არ არსებობს", − აცხადებს რაფალ ჟიმანსკი, GTM Plus-ის თანადამაარსებელი, − „აუტსორსინგის მეშვეობით სტარტაპებს ისეთი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების დაქირავება შეუძლიათ, რომლებსაც სრული შტატით ვერასოდეს შეძლებდნენ". თუ შრომის ნაყოფიერებისა და აღრიცხვიანობის საკითხები გაფიქრებთ, კონტრაქტში ზუსტად მიუთითეთ მოსალოდნელი შედეგები. სამუშაო დროის მიხედვით შედგენილი კონტრაქტების შემთხვევაში კი, ინტერნეტით შეგიძლიათ პროგრამული უზრუნველყოფის ამორჩევა და დროის გაკონტროლება. ასე დარწმუნდებით, რომ თქვენ მიერ გადახდილი თანხის შესაბამის მომსახურებას იღებთ.

2. ნაცნობების ქსელი გამოიყენეთ, მაგრამ ფრთხილად. თუ გადაწყვიტეთ, რომ შტატიანი თანამშრომელი გჭირდებათ, შეიძლება ცდუნება გაგიჩნდეთ და თქვენი ვაკანსია დაფაზე გამოაკრათ. ნაცვლად ამისა, მეგობრებისა და კოლეგების წრეში უნდა დაიწყოთ ძიება. იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გიცნობენ, თქვენი მიზნების შესახებ იციან და ისეთი ადამიანების რეკომენდირება შეუძლიათ, რომლებიც ზუსტად შეესაბამებიან თქვენს მოთხოვნებს. ეს თანამშრომლის უფასო სკრინინგის პირველი ეტაპია. თუმცა, ორი რამ უნდა გახსოვდეთ: პირველი − თქვენი ნაცნობების ქსელიდან რეკომენდაციის მიღებამ შესაძლოა თქვენზე გავლენა მოახდინოს და სამსახურში შეუფერებელი კანდიდატი აიყვანოთ, რეკომენდატორის განაწყენებას მოერიდოთ. ამ შემთხვევაში ობიექტური უნდა იყოთ და მტკიცე. თუ თანამშრომელი სათანადოდ ვერ ასრულებს სამუშაოს, მთელი სიმძიმე თქვენზე გადმოინაცვლებს და ამიტომ თავაზიანად უთხარით ამის შესახებ − არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაუწია მას რეკომენდაცია. მეორე გუნდის მრავალფეროვნებაა. თუ კანდიდატებს თქვენს ნაცნობთა წრეში ეძებთ, სავარაუდოდ ისეთ ადამიანებს გირჩევენ, როგორიც თქვენ და თქვენი მეგობრები ხართ. კვლევებმა დაადასტურა, რომ მრავალფეროვანი გუნდები, სავარაუდოდ გაცილებით შემოქმედებითები და წარმატებულები არიან. ეს არ დაივიწყოთ და სრულიად გამიზნულად ისეთი გარემო შექმენით, რომ კომპანიის საქმიანობაში ყველა იყოს ჩართული.

3. აქტიურად გაუწოდეთ ხელი. თქვენს სტარტაპს დიდ ოცნებებს უკავშირებთ. დარწმუნებული ხართ, რომ რაღაც განსაკუთრებულს ქმნით, ხომ ასეა? თუმცა, თქვენ შესახებ ხომ ყველამ არ იცის. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი საქმიანობისთვის იდეალური ბევრი ადამიანი თქვენს პოსტებს ვერც სოციალურ ქსელებში ნახავს და ვერც ვაკანსიების საიტებზე. საუკეთესოს მიღებას მაშინ შეძლებთ, როდესაც აქტიურად დაიწყებთ ძიებას. გამოჩეული, გამოცდილი, კვალიფიციური პროფესიონალები ეძებეთ, სოციალურ ქსელებში მათ გვერდებს გადახედეთ და მიხვდებით, თქვენს გარემოს მოერგებიან თუ არა. როდესაც ვიღაც საინტერესოს მიაგნებთ, მას LinkedIn-ით დაუკავშირდით და დაელაპარაკეთ. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ისაა, რომ თქვენი შეთავაზება არ დააინტერესებთ. ამ შემთხვევაში, შემდეგზე გადაინაცვლებთ.

მსგავსი სტატია: როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

4. თქვენი კორპორაციული კულტურა თქვენსავე უპირატესობად აქციეთ. დიდ კომპანიებს ადვილად შეუძლიათ ბევრი ფულის დახარჯვა და თანამშრომლებისთვის შეღავათების დაწესება. ნაკლებად მოსალოდნელია, პატარა სტარტაპმა მათ სატრენაჟორო დარბაზი ან დიდი პაკეტი შესთავაზოს. ამიტომ, საუკეთესო ტალანტების მოსაზიდად თქვენი კომპანიის ატმოსფერო რაც შეიძლება მიმზიდველი უნდა გახადოთ. საბედნიეროდ, ბრენდის რეკლამირების ეფექტური კამპანიისთვის უწინდებურად დიდი ბიუჯეტი აღარ დაგჭირდებათ. „თქვენი კორპორაციული კულტურის რეკლამისთვის სოციალური ქსელები გამოიყენეთ. ისიც, თუ რა დიდი სიყვარული ამოძრავებს საქმისადმი თქვენს კომპანიას", − ამბობს ლუ ლოურენსი, Yocan-ის მარკეტინგის მიმართულების დირექტორი, − „ეს მოახერხეთ და შეზღუდული ფინანსების მიუხედავად, თქვენი კომპანიის წარმატების პოტენციალი მაინც დიდი იქნება". ადამიანები თქვენს კომპანიაში სიამოვნებით იმუშავებენ, თუ ამ პოტენციალს დაინახავენ და დაიჯერებენ. დადებითი პასუხის მიღების მეტი შანსიც გექნებათ, როდესაც ვინმეს ინტერვიუზე მოიწვევთ.

5. „საცდელი გაშვებით" დაიწყეთ. უსაფრთხოების ყველა ზომაც რომ გამოიყენოთ, საბოლოოდ შესაძლოა ისეთი ადამიანი დაიქირაოთ, რომელიც თქვენი სტარტაპისთვის საერთოდ არ არის შესაფერისი. კონტრაქტის დარღვევა ადვილი არ იქნება, შესაძლოა ამან ფინანსური დანაკარგები ან სულაც სასამართლო განხილვა გამოიწვიოს. ამ რისკის მინიმუმამდე დასაყვანად ახალი თანამშრომელი ანაზღაურებადი ვადით აიყვანეთ და მის შრომისუნარიანობას, სამუშაო ეთიკასა და სხვა თვისებებს დააკვირდით. ამ დროის განმავლობაში მისი პიროვნული და პროფესიული თვისებების შეფასებას შეძლებთ. თანაც, ამ ვადას გამოსაცდელს ნუ დაარქმევთ − ორივე მხარისთვის შესაძლებლობად ჩათვალეთ.

მსგავსი სტატია: ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებ

ადემოლა ადეკუნდი

Regal Inks Content Marketing-ის აღმასრულებელი დირექტორი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია