You can be on Entrepreneur’s cover!

მომჭირნე (Lean) მიდგომა სტარტაპში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

როგორც წესი, სტარტაპების უმრავლესობა წარმატებას ვერ აღწევს. ამ დროს ბიზნესის დაწყების ტრადიციული გზა კარგად არის ცნობილი − ბიზნესგეგმის მოფიქრება; ინვესტორების დარწმუნება, რომ მას მხარი დაუჭირონ; საოცნებო გუნდის შექმნა; პროდუქტის მიღება და ბაზარზე გატანა. მაგრამ ეს მიდგომა ანტრეპრენერებს ხშირად ისეთი დიდი რისკის წინაშე აყენებს, რომ მოგვიანებით გონივრული აზროვნების უნარს კარგავენ. იგივეს თქმა შეიძლება ფართოდ რეკლამირებულ დიდ იდეებზე − ღარიბი მოსახლეობის დახმარება იქნება ეს განვითარებად ბაზრებზე, მათთვის სუფთა წყლის მიწოდების საკითხი, სანიტარიის დაცვა თუ განათლების მიღება.

მაგალითისთვის, PlayPump გავიხსენოთ − აფრიკაში სუფთა წყლის ამოსატუმბად დამზადებული საბავშვო კარუსელი. მის დასაფინანსებლად $16 მილიონი იყო გამოყოფილი. ერთი შეხედვით მარტივი მექანიზმია − ბავშვები კარუსელს ატრიალებენ და ამ დროს რეზერვუარი წყლით ივსება. სამწუხაროდ, დანადგარმა მოლოდინის გამართლება ვერ შეძლო. აფრიკაში განვითარების ყოველი ოთხი პროექტიდან სამი წარუმატებელია. ამ პროექტებს გეგმის მიხედვით მართავენ, თითქოს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები იყოს, თავისი ფიქსირებული კომპონენტებითა და წინასწარ განსაზღვრული შედეგებით. თუმცა, ასეთ შემთხვევებში ალტერნატიული მიდგომაც არსებობს

მომჭირნე ზრდა

მომჭირნე სტარტაპის მეთოდი შესაძლოა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული რთული პრობლემების მოგვარების ახალი საშუალება გახდეს. იგი დიდი გეგმის შესაბამისად სხვადასხვა ჰიპოთეზებზე ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებასაც იძლევა, პროდუქტის ხელმეორე გამოშვებისაც და კლიენტების აზრის გაგებისაც. ამ ყველაფრის განხორციელებისას ინტუიცია და ელემენტარული გონიერების გამოჩენა აუცილებელია. კარგად არის ცნობილი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროტოტიპის დამზადება, ექსპერიმენტის ჩატარება და მიღებული შედეგების შესაბამისი რეაგირებაა.

თუნდაც, ნავთის ბაზარი ავიღოთ. ეს საკმაოდ კარგი მაგალითია მომჭირნე სტარტაპის დასაწყებად. ელექტროენერგია მთელ მსოფლიოში ორ მილიარდ ადამიანს არ აქვს, მაგრამ ღარიბი ადამიანები ნავთის ან სხვა დაბალხარისხიანი ენერგეტიკული საშუალებების შესაძენად და შენობის გასანათებლად წელიწადში დაახლოებით $37 მილიარდს იხდიან. ამ დროს ნავთი ძვირადღირებულია და ხანძარსაშიში, ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა, შიდა სივრცეს იმდენად აბინძურებს, რომ ამ მიზეზით გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე მალარიით. მზის ენერგიის გამოყენება დიდ ერთჯერად ინვესტირებას მოითხოვს და ამიტომ ადამიანებისთვის, რომელთა საცხოვრებელი მინიმუმი დღეში $1-2-ია, ეს სრულიად მიუწვდომელია.

რუანდაში Nuru Energy-სთან − არაკომერციულ სოციალურ საწარმოსთან ვთანამშრომლობთ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობამ გასანათებლად ძვირადღირებული, არაჯანსაღი და სახიფათო ნავთი აღარ გამოიყენოს. Nuru Energy ხელმისაწვდომ, პორტატულ მანათობელ დიოდებს აწარმოებს, რომლის ღირებულების დაფარვა მიკროგადახდის ბიზნესმოდელით ხდება. იგი ყველაზე პოპულარული ავტონომიური მანათობელი პროდუქტი გახდა მთელ ქვეყანაში.

სინათლე გვირაბის ბოლოს

Nuru-მ ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარა და მათი გათვალისწინებით სოლიდური პროდუქტის − პატარა პორტაბელური მანათობელი დიოდის შექმნა შეძლო, რომელიც ბატარეით იკვებება. ეს ჰოკეის ბურთის ზომის ფარანია, რომელიც არ ტყდება. მისი დამუხტვის ტექნოლოგიას სახელად POWERCycle გენერატორი ჰქვია, რომელიც ჩვეულებრივი სტაციონარული ველოსიპედია.

ცვლადი დენის დასამუხტი სადგური მაშინვე იქნა ათვისებული, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ქსელურ ელექტრობასთან წვდომა არ ჰქონდა. მზის პანელებიც მოისინჯა, მაგრამ ძვირადღირებული იყო და ამასთან, დამუხტვის ციკლი მეტისმეტად ხანგრძლივი. ხელით დასამუხტი მოწყობილობაც სცადეს, მაგრამ მის გამოსაყენებლად დიდი ფიზიკური ძალა იყო საჭირო. ყველა ეს საშუალება გაიცხრილა, ერთადერთი ვარიანტი − POWERCycle დარჩა და წარმატებით გამოიცადა კიდეც.

თუმცა, ექსპერიმენტი ამით არ დამთავრებულა, პროდუქტმა დასრულებული სახე მიიღო, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა იყო გადასაწყვეტი − როგორ უნდა მიეყიდათ იგი სოფლის ღატაკი მოსახლეობისთვის? ფინანსური გადაწყვეტილება აუცილებელი იყო.

ამ მოწყობილობის ღირებულების დაფარვის ტემპი მოსალოდნელზე გაცილებით დაბალი აღმოჩნდა და Nuru-მ ფარნის თავდაპირველი ღირებულება შეამცირა, თვითღირებულებაზე დაბლა დასწია და შეეცადა, ეს დანაკარგი დასამუხტი დანადგარის შემოსავლებით აენაზღაურებინა. მათ ასევე უნდა ეზრუნათ იმ ხარჯების შემცირებაზე, რომლებიც თანხების შეგროვებასთან იყო დაკავშირებული. Nuru თავდაპირველად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა ანტრეპრენერების შესარჩევად და დასაფინანსებლად, რომლებიც გაყიდვების საკითხში უნდა დახმარებოდნენ, მაგრამ რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარება აუცილებელი გახდა კომპრომისების მოსაძებნად. თანხების შეგროვება საკმაოდ ძვირი აღმოჩნდა, ამიტომ Nuru-მ sms-ტექნოლოგია მოიფიქრა, რომელსაც დისტანციურად შეეძლო POWERCycle-ის განბლოკვაში დახმარება.

სულ უფრო მაღლა

ამჟამად საპილოტე პროექტის გაშვებაზე ვმუშაობთ, მომხმარებლის ხარჯების შესამცირებელი მეთოდები უნდა შევისწავლოთ და მოსახლეობას ვუბიძგოთ, სანათები გამოიყენონ. შემოსავლების სხვადასხვა მოდელზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად და ოჯახებისთვის სუბსიდიების გამოყოფის მიზნით დამატებითი სანათების შესაძენად, International Growth Centre-იდან და INSEAD-დან გრანტები მივიღეთ. დაგეგმილი გვაქვს შევისწავლოთ, როგორ შეიძლება Nuru-ს სანათების გამოყენება ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემაში.

პირამიდის ქვედა ნაწილი სულაც არ არის მარტივი ბიზნესის საწარმოებლად, მაგრამ კომპრომისებზე წასვლაც არ არის გამოსავალი. შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, რა გაამართლებს და რა არა, თუ წინასწარ არ ჩაატარეთ ექსპერიმენტები, შედეგები არ გაითვალისწინეთ და საჭიროების შემთხვევაში მიმართულება არ შეიცვალეთ. მსხვილი პროექტების განხორციელების ნაცვლად, რომლებსაც დიდი დაფინანსება და სტანდარტიზებული მიდგომა ესაჭიროება, მიგვაჩნია, რომ სააგენტოებმა პატარა ექსპერიმენტებზე და შედეგების შესწავლაზე უნდა გამოყონ თანხები, რომ შეზღუდული ფინანსები მაქსიმალურად იქნას გამოყენებული.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"