📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

სტატიაში მოყვანილია ნაწყვეტები მარკ სიბერტის წიგნიდან: „ფრანჩაიზის სახელმძღვანელო: ყველაფერი, რაც ფრანშიზის შეძენაზე უნდა იცოდეთ".

ფრანჩაიზი გამოცდილი და სრულყოფილი სისტემებია, რომლებმაც უთვალავჯერ გაიარეს გამოცდა. ეს სისტემა თქვენ, როგორც ფრანჩაიზს, სწრაფი მოქმედების, პირველადი ინვესტიციების შემცირებისა და შეცდომების თავიდან აცილების შესაძლებლობას გაძლევთ.

ნებისმიერი ფრანჩაიზერი სათანადოდ მომზადებაში ჯერ კიდევ ბიზნესის დაწყებამდე ეხმარება ფრანჩაიზს − ადგილის მოძიება იქნება ეს, გუნდის დაქირავება და მომზადება თუ ბიზნესის მართვა. წარმოიდგინეთ, რომ ფრანჩაიზერების უმრავლესობისთვის ახალი გუნდის მომზადება საქმის მხოლოდ დასაწყისია. ისინი ახალბედებს ყოველდღიური ოპერაციების დეტალურ ინსტრუქციებს აწვდიან; ბევრი დისტანციურად, ტელეფონით ეხმარება და მხარს უჭერს მათ, ხოლო ზოგიერთებს წარმომადგენლები ჰყავთ, რომლებიც ბიზნესის სხვადასხვა საკითხზე პერიოდულად ადგილზე უწევენ კონსულტაციებს. ეს მხარდაჭერა აუცილებელია, რადგან თქვენი და ამ სისტემის სხვა ფრანჩაიზები იმ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომლითაც ბრენდმა წარმატებას მიაღწია.

მსგავსი სტატია: დღეს ადამიანებს ავთენტური, ორიგინალური, ნამდვილი და ბუნებრივი შეთავაზებები სურთ

ფრანშიზის შეძენას სამი მთავარი უპირატესობა აქვს.

1. მომხმარებლის კეთილგანწყობა

არ აქვს მნიშვნელობა ბრენდის მხოლოდ ერთი ერთეული აქვს ფრანჩაიზერს თუ 10.000 − ნებისმიერ შემთხვევაში ბრენდის სახელი თქვენს სტარტაპბიზნესზე ბევრად ცნობილი იქნება. თუ ამ ცნობილი სახელისადმი მომხმარებელი კეთილგანწყობილიც არის, თქვენ, როგორც ფრანჩაიზი, კიდევ მეტს მოიგებთ.

ეს ყველაზე მეტად ეხება მომსახურებაზე დამყარებული ფრანშიზების შეძენას. როგორც დამოუკიდებელი სტარტაპკომპანიის წარმომადგენელი, ახალ მომხმარებელს პრეზენტაციისას სავარაუდოდ შემდეგი სიტყვით მიმართავთ: „ბიზნესს ახლა ვიწყებ, გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ბევრს ვიმუშავებ". ხოლო თუ ფრანჩაიზი ხართ, თქვენი მიმართვა ასეთი იქნება: „უკვე წლებია ამ ბიზნესში ვართ და მთელ რიგ კომპანიებთან X, Y, და Z-ს ვთანამშრომლობთ, ისინი ჩვენს მომსახურებაზე თქვენც სიამოვნებით მოგაწვდიან საუკეთესო შეფასებებს. თქვენს ქალაქში ვიწყებთ საქმიანობას და ბიზნესის წარმოებაზე უნდა დაგელაპარაკოთ".

2. ეკონომიკური ეფექტურობა

ფრანშიზის ყიდვას კიდევ ერთი, ცოტა არ იყოს არალოგიკური უპირატესობაც აქვს: შესაძლოა, ის დამოუკიდებელი ბიზნესის დაწყებაზე გაცილებით ნაკლები ღირდეს. ეს ძნელი დასაჯერებელია, რადგან როგორც ფრანჩაიზმა, ფრანშიზის გადასახადი − $25,000-დან $50,000-მდე ან მეტი უნდა გადაიხადოთ. მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. რატომ?

როგორც ფრანჩაიზს, ზუსტად გეცოდინებათ რა სახის ინვენტარი უნდა შეიძინოთ და რა ტექნიკა აიღოთ იჯარით. ფრანჩაიზერის დახმარებით, რომელსაც უკვე აქვს დიდი მოცულობის პროდუქციის შეძენის გამოცდილება, მომწოდებელს სავარაუდოდ უკეთეს ფასებზე შეუთანხმდებით. ისწავლით, დროისა და ფულადი დანაკარგების გარეშე როგორ უნდა განავითაროთ ბიზნესი; არ დააბანდოთ კაპიტალი რეკლამაში, რომელიც არ მუშაობს. თქვენი სტარტაპის ხარჯების გაკონტროლებასაც შეძლებთ და შეცდომების თავიდან აცილებასაც, რომელიც შესაძლოა ათობით ათასი დოლარი დაგიჯდეთ. ფრანჩაიზერი ბიზნესის წარმოებაშიც გაგიწევთ კონსულტაციებს, რაც თავის მხრივ ხარჯების შემცირებასა და შემოსავლის ზრდაში დაგეხმარებათ.

გარდა ამისა, ფრანჩაიზერს საკუთარ თავზე ბევრი ხარჯი აქვს აღებული, რაც დიდ თანხებს დაგიზოგავთ. მათ შორის, სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია, ლოგოს შექმნა, ბრენდის ვებგვერდის აწყობა, სამომხმარებლო სარეკლამო მასალების დამზადება, საკუთარი დასაპატენტებელი რეცეპტების შექმნა (საკვები პროდუქტების ბიზნესის შემთხვევაში), მერჩენდაიზინგის სქემების განვითარება, პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის შექმნა და ფასდაკლებების შეთანხმება.

დასკვნა: ბევრ ფრანშიზულ კომპანიაში, ფრანშიზის გადასახადის მიუხედავად, დადებითი ფულადი ნაკადები თქვენს არაფრანშიზულ კოლეგაზე ადრე გაგიჩნდებათ. განსაკუთრებით, თუ პირველად იწყებთ ბიზნესს. ასე რომ, შესაძლოა თქვენი საწყისი ხარჯები ფრანშიზის გადასახადმა გაზარდოს, მაგრამ ჯამში − გაცილებით ნაკლები გექნებათ.

მსგავსი სტატია: Wolt საერთაშორისო ბაზრების ასათვისებლად $160 მილიონის მილიონის მოზიდვას აანონსებს

ზუსტად ასევე, მართალია ფრანჩაიზერს გადასახადი რეგულარულად უნდა გადაუხადოთ და ეს თქვენი ბიზნესისთვის საკმაოდ დიდი ტვირთი იქნება, მაგრამ ამავე დროს, მისი მხარდაჭერა გექნებათ, მისი გამართული სისტემები და ისიც დაგეხმარებათ, რომ ბრენდი ცნობილია. ბევრი ფრანჩაიზერი სერიოზული მარკეტინგული კამპანიის ჩატარებასაც მოინდომებს და ეს თქვენთვისაც ხელსაყრელი იქნება. შესაძლოა მათ უკეთესი შემსყიდველობითი შესაძლებლობები ჰქონდეთ და ეს კიდევ ერთხელ დაგიზოგავთ ხარჯებს.

3. ამტანობა

დაბოლოს, როდესაც ბიზნესის გაყიდვაზე მიდგება საქმე, ფრანშიზა შესაძლოა გაცილებით ძვირადღირებული იყოს. ამ უპირატესობის გაგება მარტივია: თუ ბიზნესის შეძენას ფიქრობთ და არჩევანი McDonald's-სა და Joe's Burgers შორის უნდა გააკეთოთ, რომლის ყიდვას არჩევდით, თუ ამ დროს ყველა სხვა ფაქტორი ერთნაირია (მაგალითად, მოგება)?

მოდით, ეს საკითხი განვიხილოთ. McDonald's-ის შეძენა ფულის გამომუშავების გარანტიას ვერ მოგცემთ. თუმცა, მისი ახალი მფლობელისთვის გადაცემა მარტივი იქნება. მიზეზი ისაა, რომ McDonald's-ს გარდამავალ პერიოდში დასახმარებლად პრაქტიკული სახელმძღვანელოც აქვს და გამოცდილებაც. მეტიც − McDonald's-ის სტუმრებმა ზუსტად იციან, რა ელით რესტორანში, რადგან ქსელი ამაზე საკმაოდ ბევრს შრომობს და ბევრ დროს ხარჯავს, ხოლო როგორც კი Joe's Burgers-ის ჯო რესტორნიდან გადის და თვალს მიეფარება, მომხმარებელთა ნახევარი უკან მიჰყვება. ასეთ ვითარებაში გარდამავალ პროცესში თქვენ ვინ დაგეხმარებათ? ხარისხის კონტროლს ვინ უზრუნველყოფს?

უმრავლესობა სავარაუდოდ McDonald's-ის შეძენას არჩევდა და ამიტომ მის მფლობელს გაცილებით მაღალი ფასის მოთხოვნა შეუძლია. გადაწყვეტილების მიღებისას თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს, თუ როგორია სისტემის ხარისხი და რამდენად დაუჭერს მხარს მას ფრანჩაიზერი. ფრანჩაიზერთა უმრავლესობის წარმატების საიდუმლო დამყარებულია იმაზე, რომ ისინი თავიანთი ფრანჩაიზისთვის დიდ თანხებს გამოიმუშავებენ. ფრანჩაიზერები კი, რომელთა ფრანჩაიზები მილიონერები ხდებიან, უპრობლემოდ პოულობენ ახალ ფრანჩაიზებს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი