📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

წარუმატებლობა წარმატებისკენ მიმავალი გზის განუყოფელი ნაწილია. ასეთი გამოთქმაც არსებობს: „მთავარი ის არ არის, როგორ დაენარცხები, მთავარია როგორ წამოდგები ფეხზე". მართლაც ასეა! რა სირთულეც უნდა შეგხვდეთ, მთავარია როგორ გადალახავთ მას − დანებდებით თუ იბრძოლებთ!

წარმოგიდგენთ ცნობილი ადამიანების მარცხის ისტორიებს, რომლებიც სწორედ იმიტომ გახდნენ წარმატებული, რომ მათ ბრძოლა განაგრძეს − ყველას დაუმტკიცეს, რომ ისინი ცდებოდნენ.

ასე რომ, არასოდეს დანებდეთ! შეუძლებელი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ის სხვას ჯერ არ გაუკეთებია.

უოლტ დისნეი | ცნობილი მულტიპლიკატორი და DISNEY-ის იმპერიის შემქმნელი, სანამ საკუთარ კომპანიას დააარსებდა, სხვადასხვა სტუდიაში მუშაობდა. ცნობილი ფაქტია, რომ ის გაათავისუფლეს კომპანია „კანზას სითი სტარიდან" 1919 წელს, რადგან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დისნეი „დაადანაშაულა", რომ ფანტაზიის ნაკლებობა და ცუდი, არაკრეატიული იდეები ჰქონდა".

ჯოან როულინგი |ცნობილი მრავალტომიანი წიგნისა და ლეგენდარული ბესტსელერის ავტორი, როდესაც კომპანია Amnesty International-ის ლონდონის ოფისში მუშაობდა, ერთ დღეს მოულოდნელად გაათავისუფლეს, მიზეზად კი სამუშაო საათებში მისი არაპროდუქტიულობა და უყურადღებობა დასახელდა. სინამდვილეში, სამსახურში როულინგი მხატვრული ნაწარმოების წერით იყო დაკავებული. მოგვიანებით, ეს ის წიგნი აღმოჩნდა, რომელიც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ნაწარმოებად იქცა.

ოპრა უინფრი | კარიერის საწყის ეტაპზე ოპრა უინფრი ერთ-ერთ ტელეარხზე საღამოს გადაცემისთვის რეპორტიორად მუშაობდა, თუმცა მალევე დაითხოვეს სამსახურიდან. მიზეზად, ტელეარხის ხელმძღვანელობის მხრიდან, უინფრის სატელევიზიო ჟურნალისტიკისთვის შეუფერებლობა და ზედმეტი ემოციურობა დასახელდა. ცნობილია, რომ მას გარეგნობას და სახელსაც კი უწუნებდნენ, ურჩევდნენ ლუსი დაერქვა.

ბილ გეიტსი | ჰარვარდიდან წამოსვლის შემდეგ, თავდაპირველად ბილ გეიტსმა ბიზნესი წამოიწყო, სახელწოდებით Traf-O-Data, პარტნიორ პოლ ალენთან ერთად. კომპანიამ დიდი მარცხი განიცადა და გაკოტრდა. მიუხედავად ამისა, კომპანიონებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და ახალი საქმე წამოიწყეს, რომელსაც დღეს მსოფლიო MICROSOFT-ის სახელით იცნობს. ბილ გეიტსს კი არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სწორედ პირველი დიდი წარუმატებლობისგან მიიღო მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რამაც მის შემდგომ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.

აკიო მორიტასი | არცთუ ცნობილი სახელი და გვარი, თუმცა სწორედ ეს ადამიანი დგას მსოფლიოში ტექნიკის ცნობილ კომპანია SONY-ის დაარსების უკან. მორიტასის ხელმძღვანელობით კომპანიამ თავდაპირველად ოპერირება საოჯახო ტექნიკის გამოშვებით დაიწყო, რომელსაც გაყიდვების იმდენად დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა, რომ კომპანია გაკოტრების პირას იდგა. დღეს, მორიტასის დამსახურებით, პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებისა და მუდმივი ინოვაციური მიდგომების წყალობით, SONY 35 მილიარდადაა შეფასებული.

სტივ ჯობსი | 30 წლის ასაკში ჯობსი მძიმე დეპრესიასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სრულიად მოულოდნელად თავისივე დაარსებული კომპანიიდან გაათავისუფლეს. სწორედ ამის შემდეგ იწყება მის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი, რომელმაც სტივ ჯობსის სახელი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ინოვატორთა შორის ჩაწერა. მოგვიანებით, კომპანიამ შეცდომა გაიაზრა და დიდი თხოვნა დასჭირდა ჯობსის დასაბრუნებლად.

ანა ვინტური | მოდის ცნობილი ანტრეპრენერი და მსოფლიოს ყველაზე მსხვილი მოდური გამოცემის, VOGUE-ის რედაქტორი თავდაპირველად ასევე ცნობილ გამოცემა HARPER'S BAZAAR-ში მუშაობდა, თუმცა სამსახურის დაწყებიდან 9 თვეში ის გაათავისუფლეს, რადგან მისი შესრულებული სამუშაოს ხარისხით უკმაყოფილოები იყვნენ. აქვე აღსანიშნავია, რომ დღეს ანა ვინტური თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლიდერ ქალად მიიჩნევა.

სტივენ სპილბერგი | ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორი და ახლა უკვე ანტრეპრენერი, რომლის შემოქმედება არაერთ საკულტო ფილმს ითვლის, ერთ დროს მარცხს მარცხზე იწვნევდა. სახელოვნებო სასწავლებელში მან ორჯერ ვერ ჩააბარა მისაღები გამოცდები, რადგან მისაღებმა კომისიამ ის საკმარისად ნიჭიერად არ ცნო. სპილბერგი დღეს არაერთი „ოსკარისა" და საერთაშორისო კინოჯილდოს მფლობელია.

ალბერტ აინშტაინი | ცნობილია, რომ მსოფლიო გენიოსი 4 წლის ასაკამდე საერთოდ არ საუბრობდა, რაც მის ოჯახში სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენდა. გარდა ამისა, სკოლის მასწავლებლებიც მშობლებს მოსწავლე ალბერტთან დაკავშირებით დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აძლევდნენ, რადგან სასკოლო საგნებში მისი მოსწრება ძალზე დაბალი იყო. იმასაც კი ეუბნებოდნენ მშობლებს, შეგუებოდნენ აზრს, რომ მათი შვილისგან „გენიოსი ვერ დადგებოდა".

მაიკლ ჯორდანი | კალათბურთის ლეგენდა სკოლის საკალათბურთო გუნდიდან გარიცხეს, რასაც ჯორდანი ძალიან მტკივნეულად იხსენებს. მისი თქმით, ეს ფაქტი იმდენად განიცადა, რომ საკუთარ ოთახში გამოიკეტა და ტიროდა, თუმცა შემდეგ ძალა მოიკრიბა და დაუღალავ, სისტემატურ ვარჯიშს შეუდგა.

The Beatles | საკულტო მუსიკალურმა ჯგუფმა, სანამ მსოფლიო აღიარებას მოიპოვებდა, ცნობილი ხმის ჩამწერი სტუდიისგან თანამშრომლობაზე უარი მიიღო. კომპანიაში მიიჩნიეს, რომ ჯგუფის შემოქმედება და მუსიკა შოუბიზნესში წარმატებას ვერასდროს მიაღწევდა.

მერილ სტრიპი | პირველ კასტინგზე, როდესაც მერილმა ფილმ „კინგ-კონგში" გადაღებაზე სცადა ბედი, როლზე უარი უთხრეს. მიზეზად მისი გარეგნობა დასახელდა − არასაკმარისად ლამაზი ხარო. დღეს მერილ სტრიპი ყველაზე მეტი „ოსკარის" და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ამასთან, ერთ-ერთ ულამაზეს ქალადაა აღიარებული.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

ZOOM: ერიკ იუანის ოცნების განხორციელების შთამბეჭდავი ისტორია

Zoom-ის დამფუძნებელი, დევიზით - "იმუშავე ბევრი და დარჩი თავმდაბალი"

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი