You can be on Entrepreneur’s cover!

3 შეცდომა, რომელსაც პროფესიული მომსახურების ბიზნესის განადგურება შეუძლია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

პროფესიული მომსახურების ბიზნესი მხოლოდ იმით არის კარგი, რომ კლიენტების დაკვეთით ასრულებ სამუშაოს – არ აქვს მნიშვნელობა მოკლევადიანი პროექტია თუ კონტრაქტის საფუძველზე შესრულებული მომსახურება, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. კლიენტების პროექტები ამ ბიზნესის შემადგენელი უმთავრესი ნაწილია, მთლიანად მათზეა კონცენტრირებული და კომპანიის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. თუ პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა, კომპანიამ შესაძლოა კლიენტები და შემოსავალი დაკარგოს, ან კიდევ უარესი − ამან შესაძლოა ბიზნესის განადგურებაც კი გამოიწვიოს.

პროფესიული მომსახურების ბიზნესში რეკორდულად ბევრი ადამიანია დასაქმებული, ამიტომ გადავხედოთ იმ სამ გავრცელებულ შეცდომას და მათი თავიდან აცილების გზებს, რომლებსაც სხვადასხვა პროექტის მართვისას პროფესიული მომსახურების კომპანიები უშვებენ და შეიმუშავებენ.

1. შეცდომები კლიენტებთან ურთიერთობისას

კომპანიები ყველაზე ხშირად ერთ შეცდომას უშვებენ – კლიენტებთან ეფექტურ ურთიერთობას არ ამყარებენ. ბოლოდროინდელი გამოკვლევით, კლიენტებთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც პროექტის წარმატებას განსაზღვრავს. თუმცა, როგორც ჩანს, სათქმელად მარტივია, მაგრამ გასაკეთებლად − რთული.

გამოკითხული რესპონდენტების 90% პროექტებზე მუშაობისას ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ ფორმად ელექტრონულ ფოსტას ასახელებდა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ელექტრონული ფოსტა რამდენიმე პიროვნებას შორის პირადი ურთიერთობისთვის არის შექმნილი, მაშინ, როდესაც პროექტების წარმატებით შესრულება გუნდური სამუშაოა. პროფესიონალთა უმრავლესობისთვის დღეს ელექტრონულ ფოსტაზე იმედის დამყარება იმას ნიშნავს, რომ ფასეული ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შორის ვრცელდება, საფოსტო ყუთებში იმალება და მიუწვდომელია როგორც დანარჩენი კოლეგებისთვის, ისე კლიენტებისთვის.

როდესაც პროექტები გაცილებით დიდი ხდება და თანამშრომელთა რაოდენობაც იზრდება, პატარა დეტალებზე ყურადღების გამახვილება ტრადიციული მიდგომით, წერილის კოპირებითა და ჩასმით, სრულიად შეუძლებელია. რეალურად, ამ საკითხის მოგვარება ელექტრონულ ფოსტასთან ინტეგრირებული, პროექტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შეიძლება. ამ შემთხვევაში, მოლაპარაკებებისთვის თვალყურის დევნებისა და მთელი გუნდისთვის გასაცნობად საკუთარი შეტყობინებების დამუშავების შესაძლებლობა იქმნება.

2. ბიუჯეტისთვის თვალყურის არასაკმარისად დევნება

ხელმძღვანელებს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის შედარების შესაძლებლობა პროექტზე დახარჯულ დროსთან მხოლოდ მაშინ ეძლევათ, როდესაც პროექტი უკვე დასრულებულია. მათი გუნდი კი, უკვე სხვა სამუშაოს შესრულებაზე გადადის და ნებისმიერი დანაკარგი უნდა დაიფაროს. ეს უდავოდ დიდ პრობლემას ქმნის ყოველი პროექტის შესრულებისას. შესაძლოა, კომპანიას გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ზარალი მიაყენოს. როდესაც ბიუჯეტი და პროექტი განცალკევებულია, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, პროექტი მომგებიანია თუ არა. შესაბამისად, შემდეგ კონტრაქტში გაყიდვებისადმი დამოკიდებულების შეცვლაც რთულია.

კომპანიები იზრდებიან და მათი კლიენტების რაოდენობაც იზრდება, ამიტომ კომპანიის თანამშრომელთა მიერ სამუშაოზე დახარჯული დროისა და რესურსების ცოდნა აუცილებელია. სხვაგვარად, საქმე შესაძლოა კატასტროფამდე მივიდეს, რადგან პროფესიული მომსახურების კომპანიებისთვის ხელფასი ყველაზე დიდი ხარჯია. მათ საკუთარ თავს არ უნდა მისცენ იმის უფლება, რომ თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულებაზე დახარჯული დრო არ იცოდნენ, რადგან ეს ბიზნესის ბრმად წარმართვის ტოლფასი იქნება.

თუ კომპანია ახალი კლიენტების აყვანას განაგრძობს და ნათელი წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ სამუშაოს შესასრულებლად რეალურად რამდენი დრო აქვს, თანამშრომლებს უკიდურესად დაძაბული გრაფიკით მოუწევთ სამუშაოს შესრულება, პროექტები დროულად არ დასრულდება და ბიუჯეტსაც გადააჭარბებს. როდესაც პროექტები დროულად ვერ სრულდება, კომპანიები დამატებით სამუშაოს ფაქტობრივად უფასოდ ასრულებენ.

3. არასწორი შეხედულება იმის თაობაზე, რომ მცირე პროექტების მართვა საჭირო არ არის

პროფესიული მომსახურების სფეროს პროექტები გაცილებით ხანმოკლეა, სხვა სექტორების ძვირადღირებულ და შრომატევად პროექტებთან შედარებით (მაგალითად, მშენებლობა). ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ სფეროს პროექტების უმრავლესობა ერთიდან სამ თვემდე გრძელდება.

დამკვიდრებულია არასწორი შეხედულება იმის თაობაზე, რომ ეს მცირე პროექტები წარუმატებლადაც რომ დასრულდეს, არც ისე მნიშვნელოვანია და რეალურ ზარალს ვერ მიაყენებს კომპანიას. პროექტების საშუალოდ 27% სწორედ ამ არასწორ შეხედულებაზე დაყრდნობით აჭარბებს ბიუჯეტს. გაითვალისწინეთ − მხოლოდ ერთი წარუმატებელი პროექტიც კი საკმარისია მთელი წლის განმავლობაში კომპანიის მოგების გარეშე დასარჩენად.

პროფესიული მომსახურების ბიზნესი მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მომგებიანი, თუ პროექტების მართვა ეფექტურად ხდება და კლიენტები მომსახურებით კმაყოფილნი არიან. უკმაყოფილო კლიენტები დანაკარგებს იწვევენ, პროექტის ცუდი ორგანიზება კი შემოსავლის შეკვეცას. ისიც ცხადია, რომ პროფესიული მომსახურების ბიზნესი კლიენტებისა და მოგების გარეშე წარმატებული ვერ იქნება. ეს საკითხები მეტად ღრმავდება, როდესაც ბიზნესი ძველ პრობლემებთან ერთად იზრდება.

ამიტომაც, სასურველია მზარდმა კომპანიებმა პროექტების მართვის საკითხში თავიანთ შესაძლებლობებს გადახედონ და ახალი ტექნოლოგიები დანერგონ გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების მისაღწევად.