როგორ უნდა მიაწოდო ბიზნესი, პროდუქტი ან იდეა ინდუსტრიის ექსპერტებს

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევ, ბიზნესიდეების განხორციელება მაშინვე დაიწყონ, როგორც კი რაიმე შესაძლებლობა გამოუჩნდებათ. თუ ანტრეპრენერობა გსურთ, შექმენით ისეთი რამ, რისი გაყიდვაც მარტივად შეიძლება და საქმეს მალევე შეუდექით. ან გნებავთ, არსებული პროდუქტი მოძებნეთ და განავითარეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაცის მოძებნა და მასებისთვის მიყიდვა დიდ გამოცდილებას გძენთ, რასაც ვერაფერი შეცვლის.

Pixabay

თუმცა არსებობს იდეები, რომლებიც რეალობად მხოლოდ დაფინანსების შემთხვევაში იქცევა. შესაძლოა რაიმე უზომოდ წარმატებული პროდუქტი ან მომსახურება გაქვთ. თუმცა ფიქრობთ, რომ თუ ამ სფეროს რომელიღაც ექსპერტისგან დაფინანსებას მიიღებთ, თქვენი მოგება გაცილებით გაიზრდება.  

ჩემი ბიზნესიდეებიდან მხოლოდ რამდენიმე განვახორციელე, რამაც მეც დიდი შესაძლებლობები შემძინა და იმ ბიზნესსაც, სადაც ინვესტირება განვახორციელე. პირველი ბიზნესი ჩემი ინვესტორის დახმარებით დავიწყე, რომელიც ჩემს მენტორად იქცა. ამ პარტნიორობამ მართლაც ბევრი რამ მომცა.

აი, ამიტომ მსურს ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით მოგაწოდოთ რჩევები ინდუსტრიის ექსპერტებთან ბიზნესის, პროდუქტის, მომსახურების ან იდეის განხილვის შესახებ.

გათვალეთ ყველა რისკი

უპირველესად, უნდა გააცნობიეროთ, რომ ნებისმიერი ტიპის პარტნიორობა დიდი რისკია. თუ ინვესტორთან ხანგრძლივ ურთიერთობას აპირებთ, აუცილებელია თითოეული მხარის პასუხისმგებლობები და როლები სრულიად ნათლად იყოს გამოკვეთილი.

გირჩევთ, კრედიტის აღებისას, რომელიც უკან პროცენტებით უნდა დააბრუნოთ, ინვესტორს/მენტორს/ პარტნიორს ჰკითხოთ რჩევა. თუ გინდათ სამართლიანობა გამოიჩინოთ, კარგად გადაუხადეთ მას, მაგრამ არც იმდენი, რომ საკუთრებაზე პრეტენზია გაუჩნდეთ.

დაბოლოს: თქვენი პოზიცია ყოველთვის უნდა დაიცვათ, რადგან ეს ბიზნესი თქვენი შვილობილია. თუ ვინმე დახმარებას მოისურვებს, უარი არ უთხრათ, მაგრამ საბოლოო და პრინციპული გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. ანტრეპრენერი ხართ და აუცილებლად ასე უნდა გააკეთოთ, თუნდაც თქვენზე გაცილებით მაღალი სტატუსის და ფინანსური შესაძლებლობების მენტორი ან ინვესტორი გყავდეთ გვერდით. იცოდეთ, რომ ეს არაფერს ნიშნავს, მთავარი სწორედ თქვენი ხმაა.

მარცხის შიშმა არ მოგატყუოთ. არ იფიქროთ, რომ როდესაც თქვენს ბიზნესს რაიმე საფრთხე შეექმნება, ვინმე გადაარჩენს. ეს თავად  უნდა მოახერხოთ, მთელი პასუხისმგებლობა თქვენზეა. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე როგორი გაჭირვება და მარცხიც უნდა შეგხვდეთ, უნდა ისწავლოთ მათთან შეჭიდება, რადგან თუ მარცხს თავად ვერ უმკლავდებით, ვერც ძვირფას გამოცდილებას მიიღებთ.

უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობები დაამყარეთ

საკმაოდ ბევრი გაფრთხილების შემდეგ, თუ თქვენს საქმეში კვლავ დარგის ექსპერტის (ინვესტორის ან მენტორის როლში) ჩართვაზე ფიქრობთ, იცოდეთ, რომ სწორ გზას ადგახართ. გაითვალისწინეთ, რომ ახალბედა ანტრეპრენერი ექსპერტის გულის მონადირებას მხოლოდ ერთი შეხვედრით ძალიან იშვიათად ახერხებს.

თუ ექსპერტთან დალაპარაკების შანსი მოგეცათ, გაყიდვების თემაზე საუბრით არ დაიწყოთ! ეს წამიერად შექმნის მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობის დამყარების ატმოსფეროს. თქვენ ხომ ამას არ ცდილობთ, ექსპერტის გულის მოგების შესაძლებლობა კი ბევრჯერ ნამდვილად არ მოგეცემათ.

იზრუნეთ მასთან ნამდვილი ურთიერთობის დამყარებაზე. როგორც კი ყურადღებას მოგაქცევენ, მაშინვე ჰკითხეთ, რა სურთ და როგორ შეძლებთ დახმარების გაწევას, ეს ყველაფერი მანამ მოასწარით, ვიდრე თვითონ ითხოვენ.

მაგალითად Instagram-ის ჰაკერის ისტორიაც გამოდგება. სრულიად უცნობმა სპეციალისტმა ერთ-ერთ ინვესტორს მიმართა, თქვენი Fit Body Boot Camp-ის ინსტაგრამს გაცილებით მეტი მიმდევრის გამოყენება შეუძლია. თუ წვდომა მექნა, უფასოდ გაგიზრდით მიმდევრების რაოდენობასო.

მან სიტყვა შეასრულა იმ ანგარიშზე ათასობით ახალი მიმდევარი მიიყვანა. ახლა სხვადასხვა ფასიან პროექტში იღებს მონაწილეობას. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ საჭირო დროს და საჭირო ადამიანთან ინიციატივა გამოიჩინა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გამოუჩნდა.

დაამტკიცეთ, რომ მომავალ მყიდველებთან დაკავშირება შეგიძლიათ

მართლაც ოსტატური სვლაა პოტენციური ინვესტორის ან მენტორისთვის იმის დემონსტრირება, რომ კვალიფიციური კლიენტების აუდიტორია გყავთ, რომლებსაც თქვენი პროდუქტის შეძენა სურთ. როგორც კი ამაში დაარწმუნებთ, უარს უბრალოდ ვეღარ გეტყვიან.

ამის გასაოცარი მაგალითი ანტრეპრენერი ჯესი იცლერია. Marquis Jet-ის (კერძო ავიაკომპანიის ბარათების კომპანია) კონცეფცია მან და მისმა პარტნიორებმა ერთად მოიფიქრეს. კერძოდ, ჩამოაყალიბეს როგორი უნდა ყოფილიყო კერძო ავიაკომპანიის სერვისი და ბიზნესგეგმაში შეიტანეს. მათ არც თვითმფრინავები ჰყავდათ და არც ფული ჰქონდათ საკუთარი თვითმფრინავების შესაძენად. დაიწყეს ძიება, ვისთვის გაეზიარებინათ ეს იდეა.

ყურადღება უორენ ბაფეტის უძლიერეს კომპანია NetJets-ზე შეაჩერეს, რომელსაც მთელ მსოფლიოში თვითმფრინავების უდიდესი ფლოტი ჰყავს. კომპანიის დირექტორმა პირველ შეხვედრაზე განუცხადა, რომ თანამშრომლობის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. შემდეგ პარტნიორი დაადევნა იმის სათქმელად, რომ მეორე შანსსაც აძლევდნენ.

იცლერმა და მისმა პარტნიორებმა მეორე შეხვედრაზე აუდიტორიას პოტენციური კლიენტები წარუდგინეს, Marquis jet-ის პერსპექტივების რვა ფოკუსჯგუფი. მეტად პატივსაცემი საზოგადოება, პროფესიონალი ათლეტები, უძრავი ქონების მაგნატები და სხვა მნიშვნელოვანი პერსონები კომპანიის ხელმძღვანელობას მორიგეობით უხსნიდნენ, რატომ შეიძენდნენ თვითმფრინავის ბარათს Marquis Jets-ის მეშვეობით. ეს შეხვედრა გარიგებით დასრულდა, იცლერის გუნდმა თავისი კომპანიის გაყიდვამდე რამდენიმე მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

ინვესტორი ან მენტორი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება თქვენი იდეის განხორციელებას, თუ პასუხს გასცემთ იმავე კითხვებზე, რომლებსაც კლიენტი დაგისვამდათ. თქვენ თავად დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ რასაც სთავაზობთ, აუცილებლად გაამართლებს. ამის დემონსტრირება კი სწორედ პოტენციური კლიენტების თვალწინ სჯობს, რისთვისაც ყველაზე ეფექტური გზა უნდა მოძებნოთ. დაახლოებით ისეთი, როგორსაც ჯესი იცლერმა მიაგნო და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ გარშემო იმ ადამიანების შემოკრებას, რომლებიც იმპერიის შესაქმნელად გჭირდებათ.