You can be on Entrepreneur’s cover!

სტრესთან გამკლავება - ელენე ოთარაშვილი 21-ე საუკუნის ადამიანის გზა პერფექციონიზმისკენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

თანამედროვე მსოფლიოში პროფესიული სტრესი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფენომენია. ჩვენი სამუშაოს განუყოფელი ასპექტი გახდა დასვენებისთვის არასაკმარისი დრო, გრძელი სამუშაო საათები, ყოველთვის უფრო მეტის მიღწევის მოთხოვნილება და უთვალავი ინფორმაცია, რომელიც ყოველდღე გვეხვევა თავს. ამ და ბევრ სხვა ფაქტორს მივყავართ იქამდე, რომ გარემოს მოთხოვნები აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს, ირღვევა ბალანსი და ჩნდება ფრუსტრაცია, სტრესი, რომელიც დასვენების დროსაც კი აღარ გვასვენებს.

უკვე მრავალი წელია ვადგენ დღის ან კვირის გეგმას, რაც მეხმარება გავათავისუფლო გონება, დავყო პრობლემა მცირე ამოცანებად და გავიმარტივო მათი გამკლავების გზა. დაბრკოლებებიც არსებობს ამ გზაზე, მაგრამ გადაულახავი არაფერია. პრობლემები უნდა აღვიქვათ, როგორც შანსი, გამოვავლინოთ საკუთარი ძალები, უნარები და გამბედაობა. ერთგვარი აზარტის პოვნაც შეიძლება პრობლემებთან გამკლავების გზების გამონახვაში. ადამიანის წარმატებას იმით არ ვზომავ, თუ რამდენად მაღალ პოზიციას მიაღწია ცხოვრებაში, არამედ იმ დაბრკოლებებით, რომელთა გადალახვაც შეძლო ამ გზაზე.

მნიშვნელოვანია ადამიანმა პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ კეთილდღეობაზე. ჯანსაღი ცხოვრების უნარები, ბუნებასთან კავშირი, თვითრწმენა და დადებითი აზროვნება ამის საწინდარია. იოგა და ჯანსაღი კვება ძალიან მეხმარება ძალების აღდგენაში. ჩვევად მაქვს ასევე საკუთარი ქმედებებისა და ფიქრების ანალიზი და კონტროლი.

ბავშვობიდან გადარეული მულტიტასკერი ვარ. ყოველთვის რამდენიმე რამეს ერთად ვიყავი და ვარ შეჭიდებული. თუმცა ეს ჩემი არჩევანია. მუდმივად მინდა მეტის გაკეთება, მეტის მოსწრება, მეტი სწავლა და განვითარება. მინატრია უფრო გრძელი დღე ან კვირა. აქტიური ტემპი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დროის სწორი მენეჯმენტი კი გამოცდილებამ მასწავლა.

ყველაზე მშვიდად და კომფორტულად ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვარ, ეს არის ჩემი ყველაზე სასიამოვნო გარემო. დროს რაციონალურად ვუდგები, ვცდილობ სწორად გავანაწილო, რომ ყველაფერი მოვასწრო. მივხვდი, რომ ბალანსის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს. ემოციური ინტელექტის განვითარება და გულწრფელი ურთიერთობები ჩემი პირადი, სამსახურებრივი თუ სოციალური ცხოვრების მყარი საფუძველია.

წარმატება = ბედნიერებას? როგორც ერთმა ცნობილმა ფსიქოლოგმა თქვა: „ბედნიერება – ეს სწორად ორგანიზებული საქმიანობის თანმდევი პროდუქტია". ბედნიერებისკენ მიმავალი გზა კი, ვფიქრობ, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებაა. როცა საყვარელ საქმეს ვაკეთებთ, ბედნიერ ადამიანად ვგრძნობთ თავს, ვფიქრობთ, რომ ჩვენი შრომით ვჭირდებით სამყაროს, ვივსებით ენერგიით და დადებითი ემოციებით.

ელენე ოთარაშვილი

"ქართული ღვინის ჰოლდინგის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; "საქართველოს ბიზნესტურიზმის ასოციაციის" დამფუძნებელი, პარტნიორი.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"