You can be on Entrepreneur’s cover!

ლოგო - ბრენდის უმთავრესი ატრიბუტი კარგად მოფიქრებული ლოგოს მეშვეობით, პოტენციური კლიენტები ერთი შეხედვით მიხვდებიან, რაში დაეხმარებათ თქვენი ბიზნესი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ლოგო ვიზუალური გამოხატულებაა იმისა, თუ რას წარმოადგენს თქვენი კომპანია. გაიხსენეთ McDonald's-ის ოქროს თაღები ან Nike-ის ემბლემა. ეს ორი შთამბეჭდავი ლოგო ამ გიგანტების სიმბოლოა, მაგრამ ბევრი კომპანია ამ საკვანძო ელემენტის შექმნაზე ჯერ კიდევ ვერ იმეტებს თანხას.

იდეალურ შემთხვევაში, თქვენმა ლოგომ პირველი შეხედვისთანვე ძლიერი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს და პოტენციურ მომხმარებელსა და პარტნიორებს თქვენს ბიზნესზე წარმოდგენა შეუქმნას. კარგი ლოგო მომხმარებელს ბიზნესისადმი ნდობას უჩენს, ბრენდს ინდივიდუალურს ხდის და საწარმოს პროფესიულ იერს აძლევს.

მუშაობისთვის მომზადება

თავდაპირველად, ის გზავნილი ჩამოაყალიბეთ, რომელიც ლოგომ უნდა გამოხატოს. შემდეგ ესკიზის შექმნას შეუდექით, ან იმის შესწავლას, თუ როგორ უნდა შეიქმნას ლოგო. რაც მთავარია გზავნილი არ შეცვალოთ, ბოლომდე მისი ერთგული დარჩით.

გაგაცნობთ დამატებით ტაქტიკასა და მოსაზრებებს, რომლებიც კომპანიის შესაბამისი ლოგოს შექმნაში დაგეხმარებათ:

  • თქვენს სფეროში მომუშავე სხვა კომპანიების ლოგოებს მიაქციეთ ყურადღება. დააკვირდით, თქვენი კონკურენტები სოლიდურ, კონსერვატორულ გამოსახულებებს იყენებენ თუ მყვირალა გრაფიკას? იმაზეც იფიქრეთ, თქვენი ლოგო კონკურენტებისგან რითი უნდა განსხვავდებოდეს.
  • ყურადღება გაამახვილეთ თქვენს გზავნილზე. კარგად მოიფიქრეთ, რისი შეტყობინება გსურთ მომხმარებლისთვის თქვენი კომპანიის შესახებ. მას მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა აქვს თუ ზედაპირული და უზრუნველი? რა ხდის მას უნიკალურს თქვენს კონკურენტთან შედარებით? რა თავისებურებებით გამოირჩევა თქვენი ამჟამინდელი სამიზნე აუდიტორია? ამ ელემენტებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ როგორც მთელ დიზაინში, ისე რედიზაინშიც.
  • აუცილებლად ნათელი და ფუნქციური ლოგო შექმენით. თქვენი ლოგო სავიზიტო ბარათებზეც გამოჩნდება და სატვირთო მანქანის გვერდებზეც, ამიტომ მაღალი ხარისხის უნდა იყოს, თვალსაჩინო და გამორჩეული. სჯობს ფოტოსურათის ნაცვლად სიმბოლოები გამოიყენოთ, რადგან შესაძლოა ფოტო გადიდებისას ან დაპატარავებისას შეიცვალოს და ლოგომ ფორმა დაკარგოს. აუცილებლად ისეთი ლოგო შექმენით, რომლის შავ-თეთრი ვარიანტის ფაქსით გაგზავნაც შეიძლება და ფოტოასლის დამზადებაც; გარდა ამისა, ლოგოს რეკლამაში ისეთივე ეფექტურად გამოყენება შეიძლება შავ-თეთრი ვარიანტის სახით, როგორც ფერადის.
  • კომპანიის დასახელება ლოგოს დიზაინზე მოახდენს გავლენას. თუ თქვენი კომპანიის დასახელებაა მაგ. D.C. Jewelers, ინიციალების გამოსაკვეთად განსაკუთრებული შრიფტის გამოყენება შეგიძლიათ, ხოლო თუ დაახლოებით ასეთი სახელწოდება აქვს − „ელვისებრი ბეჭდვა", შესაძლოა ლოგოში როგორც თქვენც მიხვდებოდით, ელვაც კი გამოსახოთ.
  • თქვენი ლოგო ბიზნესის უპირატესობების ილუსტრირებისთვის გამოიყენეთ. საუკეთესო ლოგოები განაცხადს სიტყვებით კი არა, გამოსახულების ან ილუსტრაციის მეშვეობით აკეთებენ. მაგალითისთვის, „ელვისებრი ბეჭდვა" განვიხილოთ. ამ კომპანიამ საკუთარი ლოგოთი უნდა გადმოსცეს, რა უპირატესობა აქვს „ზესწრაფ და გარანტირებულ ბეჭდვას". ელვის გამოსახულების გამოყენებით, შემოთავაზებულ სიჩქარესა და გარანტიას გაუსვას ხაზი.
  • კლიპარტი არ გამოიყენოთ. შესაძლოა ეს მაცდუნებელი იყოს, მაგრამ კლიპარტის კოპირება მეტისმეტად ადვილია. ნამდვილი ხელოვნების გამოყენებით გაცილებით შთამბეჭდავ განაცხადს გააკეთებთ თქვენი კომპანიის შესახებ და გარდა ამისა, თქვენი ბიზნესიც სხვებს შორის გამორჩეული გახდება.
  • ლოგო მეტისმეტად მოდური არ უნდა იყოს. თუ ძველი ლოგოს დიზაინს ცვლით, დიდი საფრთხის წინაშე დგახართ, რადგან თქვენს კლიენტებს თავგზას უბნევთ და შესაძლოა ისინი დაკარგოთ კიდეც. ამიტომ შეეცადეთ, ლოგოს ყველა ელემენტი არ შეცვალოთ და ამის ნაცვლად ისეთი ლოგო შეარჩიეთ, რომელიც 10-15 წელიწადი გექნებათ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენი ლოგო უნიკალური იყოს და თქვენმა დიზაინერმა მეორე ასეთი არასოდეს შექმნას.
  • ყურადღება მიაქციეთ ფერებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ლოგოს ფერებს, რადგან ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება ფინანსებს. შესაძლოა, თქვენი ხუთფერიანი ლოგო დიდებულად გამოიყურებოდეს, მაგრამ როდესაც საქმე მის საკანცელარიო ნივთებზე გადატანამდე მიდგება, ფასი მიმზიდველი უკვე აღარ იქნება. ამასთან, ეს ლოგო არ იმუშავებს იმ ზედაპირებზე, რომლებიც მხოლოდ ერთი ან ორი ფერის ასახვის შესაძლებლობას იძლევა. შეეცადეთ, თუ უკიდურესად მნიშვნელოვანი არ არის, სამ ფერს არ გადააჭარბოთ.

შესაძლოა თქვენი ლოგო სხვადასხვა საშუალებაზე გამოჩნდეს საკანცელარიო მასალები იქნება, სატვირთო ავტომობილები, შესაფუთი მასალა თუ მრავალი სხვა. კარგად შეისწავლეთ ფერების საკითხი. თქვენი ლოგოს ერთი, ორი ან სამფერიანი ვერსიები განიხილეთ.

მსგავსი სტატია: როგორ შევქმნათ კარგი ლოგო ჩვენი კომპანიისთვის

ლოგოს გამოყენება და დაცვა

როგორც კი ისეთ ლოგოს შექმნით, რომელიც თქვენი კომპანიის მისიას თვალის ერთი შევლებითაც კარგად გამოხატავს, სავაჭრო ნიშანი დაიცავით. ის სხვა კომპანიებმა არ უნდა გამოიყენონ. თქვენი ლოგოს რეგისტრაციისთვის აუცილებლად მიმართეთ საპატენტო ორგანოს.

სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის შემდეგ ის უკვე დაცულია და მისი გამოყენება ყველგან შეგიძლიათ – სავიზიტო ბარათებზე, საკანცელარიო ნივთებზე, ტიტულიან ფურცელზე, ბროშურებზე, სარეკლამო განცხადებებზე, თქვენს ვებ გვერდებზე და ნებისმიერ ადგილას, სადაც თქვენი კომპანიის სახელს მოიხსენიებთ. თქვენი იმიჯი ამის მეშვეობით შეიქმნება, ხოლო კომპანია ცნობილი გახდება, რაც იდეალურ შემთხვევაში ბიზნესზეც აისახება.

მაშ ასე, გონივრულად მიუდექით ლოგოს შექმნის საპასუხისმგებლო პროცესს და გახსოვდეთ, დროთა განმავლობაში თქვენი სავაჭრო ნიშანი თქვენი პროდუქტის თუ მომსახურების ადვილად საცნობი სიმბოლო გახდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან