მენეჯმენტი

სტრესთან გამკლავება - გუგა სიხარულიძე

ადამიანის არსებობის ძირითად მიზანს კეთილდღეობის მიღწევა წარმოადგენს
სტრესთან გამკლავება - გუგა სიხარულიძე
ფოტო: Entrepreneur Georgia
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ადამიანის არსებობის ძირითად მიზანს წარმოადგენს კეთილდღეობის მიღწევა, რომელიც აერთიანებს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას. კეთილდღეობის რეალურ ინდიკატორს კი საბოლოო ჯამში აღნიშნულ შემადგენლებს შორის ჰარმონიზაცია წარმოადგენს.

კაცობრიობის ისტორიაში, ტექნოლოგიების პროგრესთან ერთად, მუდმივად ჩქარდებოდა ცხოვრების ტემპი, გაზრდილი კონკურენციის პირობებში იზრდებოდა საქმის კიდევ უფრო სრულყოფილად გაკეთების აუცილებლობა, რაც ბევრად მეტი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური რესურსის მობილიზებას მოითხოვდა და შესაბამისად, იზრდებოდა სტრესი. მეორე ფაქტორი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ე.წ. ერთდროულად მრავალმხრივი პასუხისმგებლობები და აქტივობებია, რომელთა შორის აღსანიშნავია სამსახურებრივი, ინტერპერსონალური, სხვა ტიპის სოციალური თუ ოჯახური კონტექსტები. თანამედროვე მედიცინის, ასევე შრომისა და ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს რეკომენდაციებისა და სისტემების შექმნა იმისათვის, რომ ადამიანები აღნიშნულ გამოწვევებთან დაკავშირებული პრობლემებისგან მაქსიმალურად დაცულები იყვნენ.

ფსიქოლოგიური კეთილდღეობა არის ის უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომლის გარეშე, ზოგადად კეთილდღეობაზე საუბარი რთული იქნება. მეორე მხრივ, სხვა მიმართულებებში წარმატება ხშირად წარმოადგენს სტრესის წყაროს და არღვევს ჩვენს ფსიქოლოგიურ სტაბილურობას. იქმნება ერთგვარი ჩაკეტილი წრე, რომლის გარღვევა ხშირ შემთხვევაში არცთუ ადვილია, თუმცა შესაძლებელია. თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი, თუ კონკრეტულად რაზე აისახება ესა თუ ის ფსიქოლოგიური დარღვევა:

1. ძილის პრობლემები = დაბალი შრომისუნარიანობა; 2. კონცენტრაციის დაქვეითება = პროკრასტინაცია, სამსახურებრივი შეცდომები; 3. შენელებული აზროვნება = გადაწყვეტილების მიღების გაძნელება; 4. გულმავიწყობა = პროდუქტიულობის დაბალი ხარისხი; 5. თვითმკურნალობა = ვადების დარღვევა, პრეზენტიზმი; 6. ფიზიკური დისკომფორტი = ექიმთან ვიზიტები, გაზრდილი სამედიცინო ხარჯები; 7. გამღიზიანებლობა = ადამიანებთან ურთიერთობის სიძნელეები; 8. დაბალი მოტივაცია = პრეზენტიზმი.

და მაინც, ადამიანებს გვაინტერესებს, არსებობს თუ არა რაიმე მარტივი ფორმულა, რომელიც მოერგება ყველა შემთხვევას და მოაგვარებს აღნიშნულ პრობლემას. პასუხი არის დიახ და არა, ერთდროულად. დიახ, ეს არის შრომისა და დასვენების სწორი განაწილება ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით. „არა“-ში კი იგულისხმება ის, რომ განტვირთვა ძალიან ინდივიდუალურია და ამავე დროს, დროში ცვალებადი ფენომენი. მაგალითისთვის, ერთი ადამიანისთვის შეიძლება სპორტის კონკრეტული სახეობა იყოს უფრო მისაღები, მეორესთვის კი სტრესი, ან ერთი ადამიანი ირჩევდეს პასიურ დასვენებას, მეორესთვის კი აქტიური დასვენება უფრო შესაფერისი იყოს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ე.წ. განტვირთვის საშუალებები მრავალფეროვანია, ეს ბევრად ეფექტურია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში, ერთფეროვნების გამო, ისიც შეიძლება გახდეს დამატებითი სტრესის წყარო. ასე რომ, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ მუდმივად ძიებისა და განახლების პროცესში, რათა აღმოვაჩინოთ ახალი ინტერესები და წყაროები ენერგიის შესავსებად.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა საკითხს, რომელიც ხშირად ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. ეს არის ძილ-ღვიძილის ცირკადულობა. „ხარისხიანი“ ძილი, რომლის ნებისმიერი ფორმით დარღვევის შემთხვევაში ჩვენი ფსიქიკა და მისი ბიოლოგიური საფუძველი − ტვინი ვერ ახერხებს სრულად გადატვირთვას და რესურსების აღდგენას, შემდგომში შეიძლება გახდეს სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემის საფუძველი, რომელიც თავის მხრივ ხდება ხშირად კარიერული, ეკონომიური თუ ინტერპერსონალური პრობლემების წინაპირობა და იკვრება ერთგვარი „მანკიერი წრე“.

დასასრულ, მინდა შევეხო კონკრეტულ პროფესიას − ექიმობას და ასევე გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება. ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, არის მნიშვნელოვანი, თუმცა ექიმს აქვს ერთი უნიკალური ენერგიის წყარო და ეს არის განკურნებული და მადლიერი პაციენტი. ამისთვის ღირს ყველაფერი.

More from Entrepreneur

Kim's expertise can help you become a strong leader, pitch VCs for capital, and develop a growth strategy.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur