📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

3 შეცდომა, რომელსაც გამოუცდელი სტარტაპერები ხშირად უშვებენ ისწავლეთ სხვის შეცდომებზე...

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ანტრეპრენერობის გზას რომ აირჩევთ, უკვე შეგუებული უნდა იყოთ იმ აზრს, რომ წინ ბევრი სიახლე, გამოწვევა და შესაძლოა მარცხიც გელოდებათ, რადგან ეს გზა არ არის კარგად გაკვალული. მეტიც − ხანდახან შეიძლება თქვენ იყოთ პირველი, რომელიც ამ გზას კაფავს. მაგრამ ჯილდოდ გზის ბოლოს ძალიან დიდ გამოცდილებას იღებთ, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ დღევანდელ თუ მომავალ პროექტებში.

რადგან ეს გზა უკვე არაერთხელ გავიარე, მინდა რამდენიმე გავრცელებულ შეცდომაზე გესაუბროთ და გირჩიოთ, თუ როგორ აირიდოთ ეს შეცდომები თავიდან, რომ გზის გავლა ოდნავ შეგიმსუბუქდეთ.

1. იდეის ზედმეტად გასაიდუმლოება

ბევრ ადამიანს აქვს გადაჭარბებული შიში იმისა, რომ ვინმე მის იდეას მოიპარავს და კონკრეტული სერვისის თუ პროდუქტის გამოშვებას დაასწრებს. ამ შიშის გამო, ბევრი დამწყები ანტრეპრენერი ერიდება გაუზიაროს სხვებს მისი ბიზნესიდეა და ადრეულ ეტაპზევე გაითვალისწინოს მიღებული კომენტარები. ამავე შიშის გამო, ანტრეპრენერები იღებენ სესხებს და აკეთებენ ინვესტიციას ისეთ წამოწყებაში, რომლის შესახებაც საერთოდ არ მოუსმენიათ პოტენციური მომხმარებლის აზრი. პრე-ვალიდაციის გარეშე დაწყებული ბიზნესი კი, როგორც წესი, ყოველთვის წარუმატებელია.

მინდა გითხრათ, რომ ხშირად იდეა არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ ამ იდეის აღსრულება. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანებს არა იდეის გენერირება, არამედ იდეების აღსრულება უჭირთ. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ თქვენგან მოსმენილ ბიზნესიდეას ვინმე თქვენზე სწრაფად აღასრულებს, საკმაოდ დაბალია.

თუკი პირველი შეხვედით ბაზარზე ინოვაციური იდეით და თქვენი იდეა ფინანსურად მართლაც წარმატებული აღმოჩნდა, დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად შემოვლენ ბაზარზე კონკურენტები, და ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება.

არც ის არის კატასტროფა, თუკი ვინმე თქვენსავე იდეის განხორციელებას დაგასწრებთ, იმიტომ რომ მომხმარებლისთვის არანაირი აზრი არ აქვს (და ვერც იმახსოვრებს), რომელი კომპანია იყო პირველი ბაზარზე. მომხმარებლისთვის მთავარია, თუ რომელი კომპანია ქმნის უკეთეს პროდუქტს და მომსახურებას.

2. ზედმეტად ადრე ინვესტირება

თუკი ტანსაცმლის ახალი ბრენდის ჩაშვებას გეგმავთ, სულაც არ არის აუცილებელი დღესვე იყიდოთ საკერავი მანქანა-დანადგარები. თუკი ახლებური პურ-ფუნთუშეულის გამოშვება გაქვთ დაგეგმილი, არც მაშინ იჩქაროთ საცხობი დანადგარების შეძენა. ვიდრე ფულს სადმე დააბანდებდეთ, საჭიროა გამოუშვათ სატესტო პროდუქტი, გაასინჯოთ იგი ასობით პოტენციურ მომხმარებელს, მიიღოთ და გაიაზროთ ათასობით კომენტარი... ამ ყველაფერს, სტარტაპერები „ბიზნესიდეის პრევალიდაციას" ვეძახით.

სანამ კავკასიაში პირველ ურბანულ სათბურს − „მიკროგრინს" (microgreen.ge) გავხსნიდით, პროდუქციის მოყვანა და ტესტირების პროცესი საკუთარ სახლში დავიწყეთ. შინ მოყვანილი პროდუქცია წამყვან ქართველ შეფმზარეულებს გავასინჯეთ და ბევრი მათი კომენტარიც გავითვალისწინეთ. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ინვესტიცია ჩაგვედო ფართის გარემონტებაში და ძვირადღირებული ინდუსტრიული აღჭურვილობის შეძენაში.

პრევალიდაცია, უპირველესად, იმისთვისაა საჭირო, რომ ნაჩქარევი და არაპროფილური ინვესტიცია თავიდან ავირიდოთ. ასე რომ, დაუკვეთეთ თქვენი ახალი ტანსაცმლის ხაზის შეკერვა უკვე არსებულ სამკერვალოს და გამოაცხობინეთ თქვენი ინოვაციური დიეტური პური უკვე არსებულ საცხობს. ამუშავეთ ეს „აუთსორს" ბიზნესმოდელი რამდენიმე თვის განმავლობაში, თუნდაც მცირე წაგებაზე, მაგრამ სამაგიეროდ თვალნათლივ დაინახეთ, არსებობს თუ არა თქვენს პროდუქტზე რეალური მოთხოვნა.

3. იდეის ზედმეტად ერთგულება

ყველასთვის რთულია საკუთარ თავთან გამოტყდომა, თუმცა შეცდომების დროულად აღიარება კარგი ანტრეპრენერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. თუკი დღე და ღამე დაუღალავად შრომობ სტარტაპის წარმატებაზე, მაგრამ კომპანია 2 წლის მერე მაინც წამგებიანია, დროა საეჭვოდ მიიჩნიოთ არსებული ბიზნესმოდელი და დაიწყოთ ეგრეთ წოდებული „პივოტირება" (ბიზნესმოდელის მოდიფიკაცია).

როდესაც ჩვენი პირველი სტარტაპი, Inebe.ge გავუშვით, მთავარი აქცენტი სადილის მიტანაზე იყო გამახვილებული, თუმცა კომპანია დიდ თანხებს კარგავდა ყოველთვიურად. ასეც გაგრძელდა პირველი წელი, სანამ დამფუძნებლები საკუთარ თავს არ გამოვუტყდით და არ ვაღიარეთ ბიზნესის მოდელირებისას დაშვებული შეცდომები. პივოტირების შედეგად აქცენტი დიეტურ კვებაზე გადავიტანეთ, რამდენიმე თვეში კომპანია ფინანსური კრიზისიდან გამოვიყვანეთ და მომგებიან საწარმოდაც ვაქციეთ. დღეს inebe.ge დიეტური კვების მიწოდების ბაზრის ლიდერია.

ლეკო შათირიშვილი

"Inebe.ge"-ის, "მიკროგრინის" და "მინდორის" დამფუძნებელი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული