ერთი ანტრეპრენერის ორი სიზმარი

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ცალ ტოტზე მოპრუჭნული შარვალი ორივე ხელით ჩამოიფერთხა აპოლონ ქუთათელაძემ და გრიბოედოვის ტროტუარზე ისე დაეშვა, თითქოს წულუკიძის ქუჩამდე დიდი გზა ჰქონოდა გასავლელი. პაპიროსში ხულიგნურად გადახვეულ თამბაქოს ჯერ ცეცხლის წვერი მიადო და ისე დაუძახა ლაღიძეს:

ნინო ცქვიტაია

მიტროო!

მიტროფანემ ჩვეული სიდინჯით მიაბჯინა მარცხენა ბარძაყი სადა აივნის რიკულს და:

ოხ, რაშია საქმე, ძვირფასო აპოლონ!

წავედით!

სად?

რა სად, დაგავიწყდა? დღეს ხომ ზუბალაშვილებთან ჩავდივართ ჭრელებში, სარაჯიშვილი ამ წელს გახსნილ კონიაკზე გვეპატიჟება, გველოდებიან.

რომელი წელია ეხლა კარში?

არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს?!

მაინტერესებს იქეთა საუკუნეს თუ გადავასწარით!

ფეხით მივდივართ? − იკითხა მიტროფანემ და ხელისგულებით თმა თავზე დაიწეპა თითქოს.

რა სჯობს მაისის თვეში გოლოვინის პროსპექტზე სეირნობას! − თქვა ქუთათელაძემ და ცერა თითი ნესტოზე დაიდო რატომღაც.

ისევ გროში არა გაქვს ხომ? − არ გაუღიმია ისე უთხრა მიტრომ, თუმცა კი აუწყო მის ნაბიჯებს სიჩქარე.

ერევანსკი დაპატიჟეს? − რატომღაც იკითხა მიტრომ, კოჯრის გზის ასახვევთან.

არა, ბანჯგვლიანია ეგ და ამიტომ აბანოში არ ეპატიჟებიან ხოლმე ძმები.

მეიდანზე სურათების გადაღებით დაბუჟულ ტურისტებს არ ესმოდათ საიათნოვას ნაღვლიანი „ოღონდ შენთან მამყოფინა“-ს ნამღერი, რომელიც გაგლეჯილი მთვრალი მიყუდებოდა სურბ გევორგის ეკლესიას და სულაც არ ცდილობდა განზომილების გარჩევას.

ლეღვთახევის რუ ისე აპობს გოგირდის სუნს ჰაერში, ვითარც ტუჩზე კოცნას შეუძლია გულის ხეთქვა-ო, გაიფიქრა აპოლონმა, მაგრამ მიტროსთვის არ უთქვამს.

ქნარიკა, არიქა! შეეგებეთ ბიჭებს! − შეღებული კარიდან დაიძახა პეტრე ზუბალაშვილმა და იაკობს მხარზე ხელი დაუბაგუნა.

ოო, მობრძანდით, ბატონებო, გელოდით, აქეთ მობრძანდით. აბა არიქა, თქვენ შემდეგ, კი ბატონო, აბა − და მერე იყო დიდი ბრახ! აბანოს კარი დაუჭრიალებლად შემოუჯახუნდა გარეთ წამოქუხულ წვიმას.

დავით, გავიგე ლესია უკრაინკა გაგიცნია ზაქარიასთან სტუმრობისას − თვალის ჩაპაჭუნება უნდოდა აპოლონს, მაგრამ, სარაჯიშვილის დარბაისლობით გადაფარებული, ეჭვის ჭუჭრუტანების ხეთქვით გამოწვეული გაკვირვების ყურება ამჯობინა.

შენ რა იცი, − იმავე ზომის ულვაშებში, როგორც წინაზე, გამოსცრა დიდმა მეწარმემ.

მთვარის მეთოთხმეტე ფაზაზე რომ შემოაჯდა როდოსის ვარსკვლავი მზის სხივის მეცამეტე ათასწლეულს, ვახტანგ ჭაბუკიანს დავეჯახე ღამის ორმოში და იმან მითხრა, რაღაც- რაღაცები მომავლიდან. არ გინდა, სხვის საცოლეს არ ჰკიდებენ თბილისელი ბიჭები ხელს, თანაც ეწყინება ეკატერინეს.

რას გულისხმობ − ისე თქვა დავითმა, თითქოს არა სჯეროდა და თან „მპუმბ“-ი გააგდებინა კონიაკის ბოთლს.

იცი შენ, რასაც ვგულისხმობ მე.

ეგ ხელოვანები ხართ მუზა-მუზა სიარულს მოყვარულნი, თორემ ჩვენისთანა ხალხს სხვანაირად აფასებენ ქალები თბილისშიც, პარიზშიც, მიუნხენსა და მოსკოვშიც.

ვინმემ თუ იცით, რა ხდება ახლა ორიათასიანებში, თქვით. ვღელავთ ჩვენ − ერთი პირსახოცი თავზე დაიდო პეტრე ზუბალაშვილმა და ისე გადაკრა მრგვალმუცლიანი ჭიქიდან ჩაი, რომ კონიაკისკენ ცარიელი ჭიქა ჩამოჯდომამდე გაეშვირა.

უცნაური რამ ხდება − ერთიანად დაუჭმუჭნა ნაღველმა უპეები აპოლონს და თითქოს კი არ დაჯდა, მოწყდა მუხლებში − აღარ ჰყავთ არც მეფის რუსეთი და არც მტარვალი ფაშები. მეტიც − დამოუკიდებლობა აქვთ, მაგრამ მეზობლებს მაინც შიშით უყურებენ. ისეთი მანქანები აქვთ, ცოდნა ერთი ფურცლიდან იღვრება, მაგრამ არ სწავლობენ. ევროპაში ჰაერივით სიარული შეუძლიათ, მაგრამ რატომღაც მაინც რუსებს აქეთ ელოდებიან. საბჭოებს თვითონ ირჩევენ, მაგრამ მერე ამათ თვითონვე აფეოდალებენ. ფულს სახელმწიფოს ართმევენ და მაინც ქეიფებს ახმარენ. კარი დიდ მეცენატებს გაუხსნეს, მაგრამ არ ელაპარაკებიან. უფრო დიდ ქარვასლებს აშენებენ, მაგრამ თავისას ვერაფერს ყიდიან, ტაძრებს ადგამენ მეტად განიერ გუმბათებს, მაგრამ უფრო მეტს იპარავენ, ქარხნებში ცეკვა გამართეს და თეატრი გამოკეტეს. რაც ყველაზე სევდიანია, ისევ ცოტას აქვს დიდი ფული და დანარჩენებს უთავსახურო ბოთლად დარჩენილ ამბიციებში ელევათ ცხოვრება. წამლები აქვთ, მაგრამ ახალ ავადმყოფობებს ქმნიან. მეცნიერებს დასცინიან და კინტოებს აფეტიშებენ. უსამართლობას ებრძვიან, მაგრამ მაინც „ჩემიანია“ უხარიათ. შეშლილებს ამეფებენ და ჭკვიანებს აცირკებენ. არჩევანის საშუალება აქვთ, მაგრამ მაინც მევახშეებს ემათხოვრებიან. მიწას აღარ უვლიან და ქალაქებს გადასახადებში ახრჩობენ. ჩინოვნიკებს ისევ ჰგონიათ, რომ ხალხია მათ სამსახურში, ხალხს ასე აღარავინ ებრძვის, მაგრამ თაობები ერთმანეთში ბეწვის ხიდის ამარა რჩებიან. მუშები ისევ შიმშილობენ, ხელოსნები ლოთობენ, მეწარმეები ვალებში აგდებენ ერთმანეთს, რატომღაც. დიდი ფულის პატრონები უდაბნოში ხეებს რგავენ, უზარმაზარ სახლებს ყველასგან შორს აშენებენ და მერე ამას ყველას ახარბებენ. ქვეყანა პატარაა და იმიტომ ვართ ჩაკეტილებიო, იძახიან და ჰაჰ. წერილების მიღება ერთი ყლუპის სიჩქარემდე აქვთ დაყვანილი, თუმცა არც გამგზავნი და არც მიმღები, არც მანამდე და არც მერე ამ წერილზე გულისყურით არ ფიქრობს. საღებავები აქვთ და არ ხატავენ − ეს თქვა და რომ არ ეტირა, გაპიპინებული ჭიქა ჩაიპირქვავა საცრემლის არხში.

სანამ ცოცხალზე მეტად მკვდრის პატივისცემას არ შევეშვებით, სრულიად ამაო იქნება ყველას ყველაფრის ძალისხმევა, ნებისმიერ საუკუნეში, − თქვა პეტრემ და სტეფანესკენ ისე გაიხედა, თითქოს გუშინ ამაზე კამათი ნარდში მოეგოს ძმასთან.

არა, მოიცათ, კარგი რამეებიც ხდება: ისევ სვამენ სარაჯიშვილის კონიაკს, ბავშვებს პატიჟებენ ლაღიძის წყალზე, ჯვარს იწერენ კათოლიკურ ეკლესიაში, მეტიც, საუკეთესო ღვინო გააკეთეს და ახლა მთელ მსოფლიოს უყვებიან ქვევრზე. ისეთ მუსიკას ქმნიან, აოცებენ მათ თანამედროვე ხელოვანებს. სუფრის ტრადიციებზე კვერს აკვრევინებენ ევროპელებს და სიმღერით თავბრუს ახვევენ ამერიკელებს. ისე ცეკვავენ, თითქოს თავისუფლება აქ გაჩენილიყო და უკვირთ, აქამდე როგორ არ დაიბადნენ.

რა ხდება, რატომ ყირაობს მოზაიკა, დავიიით, რა დამალევინეეეე, − კივის იაკობი.

სხვა მეწარმის სიზმარში ვართ, შემდეგში შევხვდებით, − თქვა სარაჯიშვილმა.

მე ისე გამეღვიძა, თითქოს დაეძინა ვიღაც სხვას, სამი ათას ოცდაათიდან.