ბედნიერება - ის, რაც ყველასთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

ბედნიერება რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, ალბათ ამაზე მსჯელობაც არ ღირს. 2019 წლის გაეროს ბედნიერების ინდექსის კვლევის მიხედვით, საქართველო 156 ქვეყანას შორის 119-ე ადგილს იკავებს. ამ მონაცემით, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მარტო ჩვენთვის მისაბაძ ევროპას და ამერიკას, არამედ ოთხივე მეზობელ ქვეყანას.

ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ ბედნიერების ნაკლებობა მოსახლეობის დაბალ შემოსავლებთან არის დაკავშირებული, თუმცა ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოზე ბევრად გაჭირვებული ქვეყნები, მაგალითად უზბეკეთი, გვატემალა, ელ სალვადორი და ნიკარაგუა, ბედნიერი ქვეყნების ტოპ 50-ეულში შედიან.

ბედნიერება რომ მხოლოდ ბევრ ფულთან იყოს კავშირში, ისტორიას არ ეყოლებოდა არცერთი მილიონერი, რომელმაც სევდისგან თავი მოიკლა, თუმცა ასეთი მაგალითი ათასობითაა.

ბედნიერება რომ მხოლოდ „ცხოვრების უკეთეს პირობებთან" იყოს კავშირში (კარგი სახლი, კომფორტული ტანსაცმელი, ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა და ა.შ.) დღევანდელი ეპოქის თითქმის ყოველი ადამიანი, ბევრად ბედნიერი იქნებოდა, ვიდრე შუა საუკუნეების თავადი, ან თუნდაც მეფე.

ბევრიც ფიქრობს, რომ ბედნიერება რელიგიურობასთან არის დადებით კორელაციაში. საქართველო შესულია ყველაზე რელიგიური ქვეყნების სიაში (გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის 93% საკუთარ თავს რელიგიურად მიიჩნევს), თუმცა ეს არ გვიშლის ხელს, რომ ბედნიერების ინდექსით ერთ-ერთი ჩამორჩენილი ქვეყანა ვიყოთ. მეტიც – რელიგიური ქვეყნები (რომელთა უმრავლესობაც აფრიკის კონტინენტზე მოდის), ყველაზე ბოლოები არიან ბედნიერი ქვეყნების სიაში.

მაშ, სად არის ბედნიერება, და რატომ ვერ ვპოულობთ მას მარტივად? იქნებ უბრალოდ არასწორ ადგილას ვეძებთ?

ერთი პასუხი ამ კითხვაზე ალბათ არ არსებობს, მაგრამ მე ჩემს გასაღებს გაგიზიარებთ, და იმედს დავიტოვებ, რომ თქვენი ბედნიერების კარსაც მოერგება.

აკეთეთ საქმე, რომელიც გიყვართ და არა საქმე, საიდანაც მეტი შემოსავალი გაქვთ

მე თვითონ სულ ცოტა ხნის წინ გავიაზრე, რომ ყოველი კვირის საშუალოდ ერთ მესამედს, ადამიანი ძილში ატარებს, ხოლო დარჩენილი დროის ნახევარზე მეტს მუშაობაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ სტანდარტულად, 8 საათზე ვდგებით და მზადებას ვიწყებთ სამსახურისთვის, 9-დან 7-მდე ვმუშაობთ, და საცობის გადამკიდე, 8 საათამდე შინ ვერ შევდივართ, მივხვდებით, რომ 24 საათიდან 12 საათს, ანუ ჩვენი აქტიური დღის უდიდეს ნაწილს, სამუშაოს ვახარჯავთ. ჩვენ ხომ ვერასოდეს ვიქნებით თვითრეალიზებული და ბედნიერი, თუ კუთვნილი დროის ნახევარზე მეტი უინტერესო საქმეს შევალიეთ?!

თუკი სამსახურში მთელი კვირა მოუთმენლად ელით, როდის მოვა პარასკევი, დამიჯერეთ, ცვლილების დროა! თუ ყველაზე ბედნიერი სამუშაო დღე ხელფასის დღეა, დამიჯერეთ, ცვლილების დროა! თუკი ცხოვრობთ შვებულებიდან შვებულებამდე, დამიჯერეთ − ცვლილების დროა!

შესაძლოა ფიქრობთ, რომ ჯერ არ არის შესაბამისი დრო, რადგან სესხი გაქვთ დასაფარი, ან ცოლი გყავთ მოსაყვანი, ან ბავშვი გასაჩენი... მაგრამ საქმე სწორედ იმაშია, რომ ეს მიზეზები არასოდეს დაილევა, არასოდეს დადგება თქვენს ცხოვრებაში მომენტი, როცა იტყვით: აი, ახლა ვარ თავისუფალი იმისათვის, რომ შევეშვა ჩემთვის უინტერესო საქმის კეთებას. უნდა მოიკრიბოთ გამბედაობა და თქვენს თავს უთხრათ, რა არის თქვენი მისია, და სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილება. ეს სწორედ პირველი გამოცდა იქნება, რომელიც ანტრეპრენერობის გზაზე უნდა ჩააბაროთ.

მიეცით თქვენს თავს პირობა, რომ უპირველესად, აღმოაჩენთ საყვარელ საქმეს, ამის შემდეგ კი შეუჩერებლად ივლით იმ მომენტისკენ, როდესაც თითოეული სამუშაო დღე აღტაცებას მოგგვრით და მოუთმენლად დაელოდებით ორშაბათის მოსვლას. ნუ შეგეშინდებათ დაბალი შემოსავლების, სჯობს გეშინოდეთ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის, რომ თავის დროზე გეკეთებინათ საყვარელი საქმე. სჯობს გეშინოდეთ წარსულში უმოქმედობის სინანულისა, რომელიც ღრმა სიბერეში შესაძლოა დაგეუფლოთ! თუკი თქვენ დღესვე დაკავდებით თქვენთვის საინტერესო საქმით, ის აუცილებლად ბევრად უკეთ გამოგივათ სხვებთან შედარებით, რასაც დამიჯერეთ, ავტომატურად მოჰყვება დამატებითი შემოსავლებიც!

როგორ ვიპოვო საყვარელი საქმე?

თუ უკვე იცით, რომელი საქმე გაბედნიერებთ, გილოცავთ! ჩათვალეთ, რომ პრობლემის 50% მოგვარებულია. ახლა ისღა დაგრჩენიათ, შეადგინოთ სამოქმედო სტრატეგია და რაც შეიძლება მალე გადაერთოთ საყვარელი საქმის კეთებაზე (თუნდაც ნაკლები შემოსავლის მიღების ხარჯზე). თუ საყვარელი საქმე ჯერაც არ აღმოგიჩენიათ, არც თქვენ გაქვთ სანერვიულოდ საქმე − ამაში მე დაგეხმარებით „რევერსული ინჟინერიის" ტაქტიკის გამოყენებით... ეს ყველაფერი კი ჩემს მომდევნო საავტორო სვეტში.

ლეკო შათირიშვილი

"Inebe.ge"-ის, "მიკროგრინის" და "მინდორის" დამფუძნებელი

ინსპირაცია

#40PLUS - სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და მშვიდი ძილი

რა ვქნათ, საღამოს თუ ძალიან მოგვშივდა?

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია