You can be on Entrepreneur’s cover!

საქართველო - ღვინისა და სტუმარ-მასპინძლობის სამშობლო #Spend4SeasonsInGeorgia!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

წლევანდელი ზაფხული არ ყოფილა ტრადიციულად ცხელი, მაგრამ ცხელი აღმოჩნდა საქართველოს ტურისტული სექტორისთვის, რომელიც არცთუ მომზადებულად შეხვდა პუტინის ემბარგოს და მნიშვნელოვანი შემოსავლები დაკარგა სწორედ იმ სეზონზე, რომელზეც ყველაზე დიდ იმედს ამყარებდა.

ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობაში და არა მხოლოდ...

მეც ვერ ავუვლი გვერდს ამ მნიშვნელოვან პრობლემას და სწორედ ტურიზმის თემას დავუთმობ ჩემს მორიგ სარედაქციო სვეტს.

საქართველო რომ სტუმარმასპინძლობით განთქმული ქვეყანაა, საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ჩემი აზრით, საუკუნეების განმავლობაში ქართველი ადამიანის გენში ასე ორგანულად შერწყმული სტუმრის პატივისცემის ფენომენი სათანადოდ არ არის წარმოჩენილი, როცა გვაქვს შანსი, სწორედ ქართული სტუმარმასპინძლობა ვაქციოთ იმ უნიკალურ, ავთენტურ, გენეტიკურ უპირატესობად, რომლის ხიბლის საკუთარ თავზე გამოსაცდელად მილიონობით ადამიანი ჩამოვა საქართველოში.

საქართველო რომ უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, ცნობილი ამბავია, თუმცა სათანადოდ არაა გააზრებული და დაფასებული ის ფაქტი, რომ სტუმარ-მასპინძლობის კულტურაც იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც ქრისტიანობა, რადგან ქართველისთვის "სტუმარი ღვთისაა" ჩვ.წ.აღ.-ით 337 წლიდან − ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოში ქრისტიანობა ოფიციალურად გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად.

ასეა! ქართველი ადამიანი უკვე 17 საუკუნეზე მეტია, ყველა სტუმარში ღმერთს ხედავს და რა გასაკვირია, რომ ყველაფერი საუკეთესოც მისთვის ემეტებოდეს.

ამას ქართულ ენაში არსებული უნიკალური სიტყვაც მოწმობს – "საუცხოო" ხომ ოდითგანვე საუკეთესოს სინონიმია და ხომ სწორედ უცხოსთვის, ანუ სტუმრისთვის აქვს გადანახული ქართველს ყველაფერი საუკეთესო და ამიტომაც უწოდებს ყველაფერ საუკეთესოს "საუცხოოს".

და მაინც, შეგვიძლია თუ არა მთელ მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ საქართველო სტუმარ-მასპინძლობის უძველესი ქვეყანაა?

თუ სტუმარ-მასპინძლობის 17-საუკუნოვან ისტორიას შესაძლოა ვერ ჰქონდეს პრეტენზია უძველესობაზე და რამდენიმე სხვა ერმაც გამოთქვას ანალოგიური პრეტენზია, შეგვიძლია უფრო შორეულ წარსულში ვიმოგზაუროთ და ყველას დავუმტკიცოთ, რომ საქართველო არა მხოლოდ მეღვინეობის აკვანი, არამედ, ამავდროულად, სტუმარ-მასპინძლობის აკვანიცაა, რადგან ქართველი, დღეს უკვე მეცნიერულად დადასტურებული კვლევებით, 8000 წელია წურავს ღვინოს და მისთვის საუკეთესო და სათაყვანებელი სასმელით, უპირველესად, სწორედ სტუმარს უმასპინძლდება.

და თუ უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ცნობილია ფრაზა "საქართველო – ღვინის სამშობლო", რატომ არ შეიძლება მისი განვრცობა და მთელი მსოფლიოს ყურადღების მიქცევა სლოგანით: "საქართველო – სტუმარ-მასპინძლობის სამშობლო", მით უფრო, როცა ინგლისურ ენაზეც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოითქმის და გამოიყურება:

Georgia – Cradle of Wine. Georgia – Cradle of Hospitality.

დიახ! ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ არსებობს ქვეყანა, სახელად საქართველო, რომლის მკვიდრნიც 8000 წელია, წურავენ ღვინოს და 8000 წელია, საკუთარი დაწურული "საუცხოო" ღვინით დანარჩენი მსოფლიოდან ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლდებიან. ამიტომაც არის საქართველო ერთდროულად მეღვინეობისა და სტუმარ-მასპინძლობის სამშობლო.

P.S.: და თუ მთელ მსოფლიოში უძველესი სტუმარ-მასპინძლობის ქვეყანა საქართველოა, სადაც 8000 წელია საუკეთესო ღვინოს სტუმარზე შეყვარებული ქართველები ქვევრებში წურავენ და საკუთარ ულამაზეს ქვეყანაში 8000 წელია მასპინძლობენ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან, და თუ ეს ყველაფერი მართლაც ღმერთის წყალობაა, ღმერთის, რომელიც 8000 წელია, თავად გვიგზავნის სტუმრებს, მაშინ ისღა დაგვრჩენია, ბევრი, ძალიან ბევრი ვიშრომოთ და ვისწავლოთ იმისათვის, რომ სტუმარს არა მხოლოდ ღმერთის რჩეულობითა და წყალობით მოვაწონოთ ჩვენი ქვეყანა, არამედ საკუთარი ხელით შექმნილი საუკეთესო სასტუმროებითა და კაფე-რესტორნებით, დახვეწილი გასტრონომიით, გამართული ინფრასტრუქტურითა და მომსახურების უმაღლესი კლასითაც დავამახსოვროთ თავი. დავუმტკიცოთ, რომ მთელ მსოფლიოში ყველაზე ძველი – 8000-წლოვანი სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის ღირსეული გამგრძელებლები ვართ!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge