ახალგაზრდა წყვილის რაჭული მისია წულუკიძეების მეღვინეობის ახალი სიცოცხლისთვის

ახალგაზრდა წყვილის რაჭული მისია წულუკიძეების მეღვინეობის ახალი სიცოცხლისთვის
ფოტო: Tsulukidze Wine-Yards
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რაჭის რეგიონი, ულამაზესი ბუნების გარდა, ტრადიციული მევენახეობითა და მეღვინეობით განთქმული მხარეცაა ისეთი უნიკალური ჯიშებით, როგორებიც გახლავთ ალექსანდროული, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა და სხვა.

ჯიშების უნიკალურობით გამორჩეულია ამბროლაურის რაიონის სოფელი ახალსოფელიც. სწორედ აქ შეხვდებით მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე წულუკიძეების ბიოლოგიურად სუფთა ვენახსა და მეღვინეობას, რომელიც ახლა უკვე  „წულუკიძე ვაინ იარდსის“ (Tsulukidze Wine-Yards) სახელწოდებით არის ცნობილი.

ოჯახური ტრადიციის პრემიალურ ბრენდად ქცევა და რაჭული ღვინის მსოფლიოსთვის გაცნობა, ახალგაზრდა, ანტრეპრენერული სულისკვეთების მქონე წყვილმა – ლევან წულუკიძემ და მისმა მეუღლემ, სალომე ბიბილაშვილმა გადაწყვიტეს.

მეღვინეობა ისტორიულ არეალშია მოქცეული, წულუკიძეების საგვარეულო ციხე-სიმაგრის მიმდებარედ, რომელიც აქაურობას კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს. აქვეა სამსაუკუნოვანი მარანი და ქვევრებიც, რომლებიც კიდევ უფრო კარგად უსვამს ხაზს ადგილობრივი მეღვინეობის ისტორიულ ფესვებს. მისი პირვანდელი სახის სრულფასოვნად შესანარჩუნებლად წყვილი რესტავრაციას გეგმავს.

ღვინის დაყენება ტრადიციული ქვევრის მეთოდით ხდება და ბუნებრივი ფილტრაციის სრულ პროცესს გადის. ამ საქმეს ლევან წულუკიძის მამა – ზურა წულუკიძე უძღვება, რომელიც ღვინის დაყენების ტექნოლოგიას ტრადიციული სიზუსტით ასრულებს.  

წყვილმა ალექსანდროულის ვაზის ჯიშის ღვინის ლიმიტირებული დაბოთვლა სულ რაღაც 4 თვეა დაიწყო და მას უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იცნობენ. კერძოდ, ჩინეთში, სადაც გასულ თვეში რაჭულმა პრემიალურმა ღვინის ბრენდმა გუანჯოუს გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.

ჩინეთში მცხოვრებ ღვინის მოყვარულებს „წულუკიძე ვაინ იარდსის“ ბრენდის ღვინის შეძენა ქალაქ სიემენში, გუანჯოუსა და შენჭენში უკვე შეუძლიათ. ჩინეთში გამგზავრებამდე კი კომპანიის ალექსანდროულმა ქვევრის საერთაშორისო კონკურსზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

საქართველოში ამ ღვინის დაგემოვნება ექსკლუზიურად მხოლოდ სასტუმრო „კოპალაში“ არის შესაძლებელი. ღვინო უკვე შეაფასა მეღვინე კონსულტანტმა ალეკო ზარნაძემ, რომლის თქმითაც, წულუკიძეების ღვინოს ალკოჰოლისა და მჟავიანობის დაბალანსებული შეფარდება, საოცარი სინაზე გამოარჩევს. მისივე თქმით, ღვინის ჯიშურ არომატებში შინდის, ჟოლოსა და შავი ბლის სასიამოვნო სურნელება ჭარბობს. ღვინომ მაღალი შეფასება დაიმსახურა ღვინის საერთაშორისო ექსპერტ მიქელ ჰუდინის მხრიდანაც.

დეკანტერის ღვინის კონკურსის ჟიურის წევრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „წულუკიძე ვაინ იარდსის“ ღვინოს სრულიად განსხვავებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არომატი და მაღალი გემოვნური თვისებები აქვს. ეს წყვილისთვის დამატებით მოტივაციად იქცა კიდევ უფრო მყარი და გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად.

სამომავლო გეგმებს წყვილი Entrepreneur-ს უზიარებს: „ჩვენი მიზანი რაჭის მსოფლიო პოპულარიზაცია და მისი საუკეთესო ტრადიციების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა. რაჭას, რომელიც ულამაზესი ბუნების, მეღვინეობისა და აგროტრადიციების ნამდვილ საბადოს წარმოადგენს, ნამდვილად მთელი მსოფლიო უნდა იცნობდეს. ჩვენ ეს პროცესი საგვარეულო მეღვინეობის ტრადიციის გაცნობით დავიწყეთ. ვასხამთ პრემიალური ხარისხის ალექსანდროულს. ჩვენი ოჯახისთვის ეს საქმიანობა საკრალური მნიშვნელობისაა, ამიტომაც ამ ყველაფერში უდიდეს ენერგიასა და მონდომებას ვახარჯავთ. ღვინის დაყენება წინაპრების მიერ დატოვებული წესის ზუსტი დაცვით მიმდინარეობს. სწორედ ეს სძენს ჩვენს ღვინოს განსხვავებულ არომატსა და უნიკალურობას. ვგეგმავთ ბიოსერტიფიცირების გავლასაც, რადგან ჩვენი შემდეგი მიზანი ბიოღვინის წარმოებაა“.

ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ რაჭულმა ღვინომ დაგემოვნების შემდეგ სრულიად განსხვავებული ემოცია უნდა მოიტანოს, რაც შემდეგ რეგიონის, მისი ტრადიციების მიმართ გაზრდილ ინტერესსა და რაჭის განვითარებაზე აისახება.

„დიდი სურვილი გვაქვს ჩვენს რეგიონს მისი პოტენციალის სრულ რეალიზებაში დავეხმაროთ. ვგულისხმობთ როგორც ტურისტულ, ასევე ღვინისა და აგრომიმართულებას. ამ ყველაფერში დიდი როლი ახალგაზრდა ანტრეპრენერებს ენიჭებათ, რომლებიც ჩვენს რეგიონში უკვე საკმაოდ გააქტიურდნენ. რაჭის მიმართ გაზრდილი ინტერესი აუცილებლად რეგიონის ეკონომიკურ სტაბილიზაციასა და მდგრად განვითარებს გამოიწვევს. ჩვენ უკვე დავიწყეთ საკუთარი წვლილის შეტანა ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში“, – გვიყვება სალომე ბიბილაშვილი.

სამომავლო გეგმების სია ვრცელია: ადგილობრივი მევენახეობის განვითარებასთან ერთად, ტურისტული ბილიკის შექმნა იგეგმება, რომელიც გასტრო-ტურისტულ და ღვინის ტურიზმთან დაკავშირებულ სერვისებს მოიცავს. დაგეგმილია ასევე კაკლის ბაღის გაშენება და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაც, ეს ყველაფერი კი უმთავრეს მიზანს – რაჭის მსოფლიო პოპულარიზებასა და რაჭული ღვინის ტრადიციების წინ წამოწევას ემსახურება, რომლისთვისაც ლევან წულუკიძე და სალომე ბიბილაშვილი ძალისხმევის დაზოგვას არ აპირებენ.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur