You can be on Entrepreneur’s cover!

როგორ გაქცევთ ჰობის მოძებნა უკეთეს ანტრეპრენერად კარგი ჰობი შემოქმედებითი აზროვნების, პროდუქტიულობის, მეხსიერებისა და ყურადღების გამახვილების შესანიშნავი საშუალებაა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

Google-ის თანადამფუძნებელი, ლეგენდარული სერგეი ბრინი, რომელმაც ინტერნეტი სამუდამოდ შეცვალა, თავისი უჩვეულო ჰობით არის ცნობილი. როდესაც კომპანიაში მუშაობით არ არის დაკავებული, ყველაზე მეტად მფრინავი დისკი, ტრამპლინიდან ხტომა და მფრინავი ტრაპეცია უყვარს, და ეს მისი საყვარელი გატაცებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

ინტერნეტანტრეპრენერი თავის გუნდს გართობაშიც უწყობს ხელს და ფიზიკურ აქტივობებშიც. როგორც იუწყებიან, Google-ის თანამშრომლებს კორპორაციულ ღონისძიებებზე საცირკო და სასწავლო ცენტრებშიც კი ხელმძღვანელობს. აქ სტუდენტები ექსტრემალურ ჰობის სწავლობენ, რომელიც სისხლში დიდი დოზით იწვევს ადრენალინის გამოყოფას. ალბათ მიხვდებოდით − ერთ-ერთი ასეთი, მფრინავ ტრაპეციაზე ექსტრემალური ნომრების შესრულებაა.

საცირკო სპორტს, ბრინის ყოველდღიურ სამუშაოსთან არაფერი აქვს საერთო, მაგრამ როგორც ირკვევა, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს კარიერული უნარ-ჩვევების განვითარებაში. საქმე ისაა, რომ ჰობი დროის გაყვანის ერთ-ერთი სახალისო გზაა და ამავე დროს, ჩვენს პროდუქტიულობას, კრეატიულობას, მეხსიერებასა და განწყობას აუმჯობესებს.

მსგავსი სტატია: 50 რამ, რაც წარმატებას გაზრდის შესახებ

ისიც უნდა ითქვას, რომ ჰობის ცუდი რეპუტაცია აქვს − თავდაუზოგავი შრომის საპირისპიროა, ანუ იმის, რაც ბიზნესში წარმატების მიღწევას უწყობს ხელს. მაგრამ დასვენება მნიშვნელოვანიცაა და სასარგებლოც, ეს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ და ახალი ჰობი უნდა მოვძებნოთ (თუ უკვე არ გვაქვს).

უპირველესად, კარგად გადახედეთ, როგორია თქვენი სამუშაოს და გართობის ბალანსი.

ჩვენ ადრინდელზე მეტად ვართ დატვირთულები, მაგრამ რატომ?

ერიკ ბარნოუ „ნიუ-იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიაში ჯერ კიდევ 1957 წელს წერდა, რომ „სამუშაო ადგილების უმრავლესობა სულ უფრო და უფრო ავტომატური ხდება. ამავე დროს, სამუშაო კვირა მცირდება, რაც ადამიანებს უბიძგებს დამატებითი სამუშაო კი არ ეძებონ, არამედ დაისვენონ, რომ კმაყოფილების შეგრძნება ჰქონდეთ, და სხვებსაც გაუზიარონ თავისი აზრები და გრძნობები".

რაც უფრო ადვილი ხდება მუშაობა, მით მეტად მნიშვნელოვანია დასვენება, და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ შენარჩუნდება. ბარნოუს სტატიის შემდეგ, სამუშაოს ბუნება მთლიანად შეიცვალა − აუცილებლობიდან გატაცებად იქცა, და მისი შედეგი, ოფისში უფრო მეტი საათების გატარებაა.

ამერიკელი მწერალი დერეკ ტომპსონი, ჟურნალ The Atlantic-ის თანამშრომელი ამ საკითხს შემდეგნაირად განმარტავს:

„მდიდარი ადამიანები, რომლებსაც კოლეჯები აქვთ დამთავრებული, განსაკუთრებით მამაკაცები, დღეს გაცილებით მეტს მუშაობენ, ვიდრე მრავალი ათეული წლის წინ. მათ ბავშვობიდან ასწავლიან, რომ თავიანთი გატაცება კარიერად უნდა აქციონ; და თუ ჯერ კიდევ არ მიუგნიათ საკუთარი მოწოდებისთვის, ურჩევენ, ვიდრე არ იპოვიან, არ დანებდნენ".

თავისუფალი დროით ტკბობის ნაცვლად, რომელიც ტექნოლოგიების წყალობით გამოუჩნდათ ადამიანებს, ზოგიერთი კიდევ უფრო ხანგრძლივად და თავდაუზოგავად შრომობს, რადგან, ფიქრობს, რომ მათი სამუშაო ასე მოითხოვს.

ამავე დროს, ადრინდელზე გაცილებით გახშირდა ემოციური „გადაწვის" სინდრომი. Gallup-ის მიერ ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვით, რომელშიც სრულ განაკვეთზე მომუშავე 7500 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, დადგინდა, რომ გამოკითხულთა 23 პროცენტი სამსახურში „ძალიან ხშირად" ან „ყოველთვის" უკიდურესად გადაღლილად გრძნობდა თავს, ხოლო 63 პროცენტი − მხოლოდ „ზოგჯერ".

ემოციური „გადაწვის" სინდრომი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-11 გამოცემაში (IDC-11) ერთ-ერთ დაავადებად შეიყვანა. განმარტების მიხედვით, მისი წარმოშობის მიზეზია „ქრონიკული სტრესი სამუშაო ადგილზე, რომლის მართვა წარმატებით ვერ განხორციელდა"...

უფრო მაღალ დონეზე, „გადაწვის" სინდრომი სამუშაო ძალაზეც ახდენს გავლენას. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ადამიანური რესურსების ლიდერთა 95 პროცენტი ეთანხმება იმ აზრს, რომ „გადაწვის" სინდრომი საბოტაჟს უწყობს თანამშრომელთა შენარჩუნებას. ჰარვარდის ბიზნესის სკოლის მკვლევართა შეფასებით, სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი ყოველწლიურად $125-დან $190 მილიარდამდე ჯდება, ეს კი ჯანმრთელობის დაზღვევაზე გაწეული ეროვნული ხარჯების 5-დან 8 პროცენტია.

აი, სად უნდა მოგევლინოთ მხსნელად ჰობი − სტრესისა და ემოციური „გადაწვის" სინდრომის საწინააღმდეგო საშუალება შესაძლოა დროის დათმობა გახდეს თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობისთვის. გარდა ამისა, მას ბიზნესთან დაკავშირებული ბევრი სხვა სიკეთეების მოტანაც შეუძლია.

როგორ შეუძლია თქვენს ჰობის ამ ორომტრიალში თქვენი დახმარება

1. შთაგონება

ჩემი ოჯახის ზეთისხილის ხეების ფერმაში მოსავლის ასაღებად, ყოველ ზაფხულს რამდენიმე კვირას ვატარებ. ზეთისხილის კრეფას ჩემს კომპანიასთან, JotForm-თან არანაირი კავშირი არა აქვს, თუმცა ჩემი საუკეთესო იდეები ამ დროს ან ცოტა ხნის შემდეგ მომდის ხოლმე თავში.

ეს იმისი შედეგია, რომ არასამუშაო გარემოში შრომა გვიბიძგებს ჩვეულებრივი, ცნობილი მოვლენები სულ სხვა კუთხით შევაფასოთ. თუნდაც მთვარის ისტორია განვიხილოთ: გალილეო გალილეიმდე, დამკვიდრებული იყო აზრი იმის შესახებ, რომ მთვარის ზედაპირი გლუვი იყო. მაგრამ გალილეოს ხატვა უყვარდა და გამოცდილებაც ჰქონდა ამ საქმეში, ამიტომ ადვილად შეძლო ბრტყელ ტილოზე სამგანზომილებიანი ობიექტების გამოხატვა და მიხვდა − ჩრდილები მთვარის ზედაპირზე იმას მიანიშნებდა, რომ ის უსწორმასწორო და მთიანია.

ყველაზე ნოვატორული იდეები, როგორც წესი, დიდი ცოდნისა და სხვადასხვა შესაძლებლობის განზოგადების საფუძველზე ჩნდება, რაც საერთოდ არ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ სამსახურებრივ მოვალეობებთან.

2. პროდუქტიულობა

ჰობის ჩვენი შრომის ნაყოფიერების გაზრდა თავისი აღდგენითი ეფექტის საშუალებით შეუძლია. როგორც ქეროლ კაუფმანი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ერთ-ერთი ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი განმარტავს: „როდესაც ჰობით ხართ დაკავებული, რომელიც უზომოდ გიყვართ, დროის შეგრძნებას კარგავთ და გარკვეულ მდგომარეობაში გადადიხართ, რომელსაც დინების მდგომარეობა ჰქვია. სწორედ ეს აღადგენს თქვენს აზროვნებასა და ენერგიას".

გართობისთვის დროის გამოძებნით, ჩვენს თავს სამუშაოს დავიწყებისა და ამოსუნთქვის საშუალებას ვაძლევთ, და დასვენებული, ენერგიით აღვსილი ვბრუნდებით სამსახურში.

3. შრომისუნარიანობა

დასვენება დადებითად მოქმედებს ჩვენი შრომისუნარიანობის კრიტიკულად მნიშვნელოვან ასპექტებზე. მაგალითად, წიგნების კითხვა ტვინის იმ უბნებს ააქტიურებს, რომლებიც მეტყველებასა და აზროვნებასთანაა დაკავშირებული. გაუცნობიერებელ, იმპულსურ ხატვას კი მთელი 29 პროცენტით შეუძლია მეხსიერების გაუმჯობესება.

სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა კევინ ეშლემანმა, რომელიც შემოქმედებითი, არასამუშაო საქმიანობის ფსიქოლოგიურ ეფექტებს იკვლევს, დაადგინა, რომ შემოქმედებითი საქმიანობა უშუალო გავლენას ახდენს ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა პრობლემის გადაჭრა და სხვების დახმარება სამსახურში.

ფიზიკური აქტივობა ჩვენს შრომისუნარიანობასაც უწყობს ხელს. ნეირობილოგიურმა გამოკვლევებმა უჩვენა, რომ კარდიო-ვასკულარული ტიპის ვარჯიშები, როგორებიცაა ძუნძულით სირბილი და ველოსიპედით სეირნობა, შემეცნებით უნარებსა და გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს".

4. განწყობა

ჰობი შეცდომების თავიდან აცილებაშიც გვეხმარება. როდესაც ნამდვილად გაინტერესებთ თქვენი გატაცება და მთელი გრძნობით ხართ მასში ჩაფლული, დინების მდგომარეობაში შედიხართ, რომელიც თქვენს ტვინში ნეიროგადამცემების − ისეთი ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციას ზრდის, როგორიც ენდორფინები, ნორეპინეფრინი და დოფამინია. ისინი კი თქვენს განწყობას არეგულირებენ და სტრესისგან გათავისუფლებენ.

და როგორც ყველამ შესანიშნავად ვიცით, ბედნიერი თანამშრომლები უკეთესი თანამშრომლები არიან. შონ აჩორის, Happiness Advantage-ის ავტორის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ბედნიერი თანამშრომლები 20 პროცენტით უფრო პროდუქტიულები არიან. კერძოდ, გაყიდვების სამსახურის ბედნიერი თანამშრომლები, 37 პროცენტით ზრდიან გაყიდვის მაჩვენებლებს.

იმედია, დარწმუნდით, რამდენად ბევრის მოტანა შეუძლია საყვარელ გატაცებას და თქვენს გრაფიკში მისთვისაც გამონახავთ ცოტაოდენ თავისუფალ დროს. მხოლოდ ერთი დაგრჩათ გადასაწყვეტი − რომელს მოკიდოთ ხელი.

ახალი ჰობის შერჩევასთან დაკავშირებული რჩევები

მცირედით დაიწყეთ − ბავშვობა გაიხსენეთ. ჰობის არჩევის ყველაზე მარტივი გზა იმ საქმიანობების თავიდან აღმოჩენაა, რომლებიც ბავშვობაში გიყვარდათ. ამ შემთხვევაში, რაღაცას იმიტომ გავაკეთებთ, რომ გვიყვარს და გვსიამოვნებს, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე პოტენციურ სარგებელს მოველით.

ბავშვობაში, ზეთისხილის მოკრეფის დროს ყოველწლიურად ველოდებოდი და დღესაც ასეა − უკვე ზრდასრული, ჩემს დროს ამ საქმიანობას ვუძღვნი. არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება თქვენი საყვარელი საქმიანობა − მოსავლის მოწევა თუ ვიდეოთამაშები, გაფერადება თუ ჩოგბურთი − თქვენი ბავშვობისდროინდელი ჰობის გახსენება დღესაც ბედნიერებას მოგანიჭებთ.

ამ ყველაფერს დოქტორი ს. ასიმ აზიზი, ფილადელფიის Temple University's -ის სამედიცინო სკოლის ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ასე განმარტავს: „როდესაც ადამიანები იმას აკეთებენ, რაც მათ კარგად აგრძნობინებთ თავს (მაგალითად, საყვარელი გატაცება), იგი თავის ტვინის იმ უბნებს ააქტიურებს, რომლებსაც „მიმდებარე ბირთვს" უწოდებენ. სწორედ ის აკონტროლებს ჩვენს დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ".

ან ისეთი რამ გააკეთეთ, რაც თქვენი ტვინის სრულიად ახალ უბნებს გაააქტიურებს. თუ ციფრებთან და ცხრილებთან გიწევთ მუშაობა, ახალი ენის შესწავლაზე იფიქრეთ. თუ ადამიანებთან გიწევთ შეხვედრა, ისეთ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, რომელიც კონცენტრირებას მოითხოვს, ასეთი კი ქსოვაა. ეს „ჯვარედინი ვარჯიში" თქვენს გონებას გაცილებით მოქნილს გახდის.

მსგავსი სტატია: კოსმოს კოსმიური ამბავი: ბიზნესადქცეული ჰობი

ისეთი საქმიანობა უნდა შეარჩიოთ, რომელიც ნამდვილად გსიამოვნებთ, რადგან ეს ნაკადის მდგომარეობაში მოსახვედრად დაგეხმარებათ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, ბოლოს როდის იყო, როდესაც რაღაც საქმეს ისეთი გატაცებით აკეთებდით, რომ ჭამა საერთოდ ამოგივარდათ თავიდან? სწორედ ეს არის იმ ტიპის აქტივობა, რომელსაც ადამიანი ნაკადისკენ მიყავს.

ჰობისთვის დროის გამონახვა ადვილი საქმე არ არის. მხოლოდ გართობისთვის რაღაცის კეთებამ, შესაძლოა დანაშაულის შეგრძნებაც კი გაგვიჩინოს. ამ ტიპის არასამუშაო საქმიანობა კი სამსახურში ნამდვილად დაგვეხმარება − სამსახურებრივი ორომტრიალისა და ინოვაციებისთვის, აღდგენილი ენერგიით და გაცილებით ფართო შესაძლებლობებით, უკეთ ვიქნებით მომზადებული.

იპოვეთ ახალი გატაცება, რომელიც გიყვართ, და არ ჩამოაგდოთ მფრინავი ტრაპეცია, ვიდრე თვითონ არ გამოცდით მას.