You can be on Entrepreneur’s cover!

ემოციური ინტელექტი - ეკატერინე ბაბუნაშვილი სრულყოფილი კომფორტის ზონის შექმნის ხელოვნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ეკატერინე ბაბუნაშვილი
ქოუჩი და ბიზნესტრენერი

"დილის 8 საათია. უკვე გვერდით მიდევს ჩემი დილის რიტუალის მნიშვნელოვანი ატრიბუტი – ლიმონიანი წყალი, და წერას ვიწყებ. გარეთ ზღვა ლივლივებს, მზიანი ამინდი მიზიდავს და ვატყობ, არ მოდის მუზა. მუზა ხომ ემოციაა ბოლო-ბოლო. მე კი – ემოციური ინტელექტისა და ლიდერობის განვითარების ქოუჩი. ამ აზრმა ღიმილი მომგვარა და ენერგია ვიგრძენი. თვითირონიამ შთაგონება გააჩინა და ჩემს საყვარელ თემაზე წერა, როგორც უკვე ნახეთ, საკუთარი ემოციების აღწერით დავიწყე. აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა, თუ ემოციური ინტელექტი სწორედ ემოციების აღქმის უნარით იწყება. ემოცია კი გულისა და გონების კავშირისას იბადება. გულთმისნებსაც, ალბათ, ადრე, ემოციურად ინტელექტუალურ ადამიანებს უწოდებდნენ – მათ, ვისაც შეეძლო სხვების გულისთქმა, ანუ ემოცია გამოეცნო. აქვე, თუკი იმასაც ვიტყვით, რომ ემოცია მოტივაციას განაპირობებს და ბიძგს გვაძლევს ქმედებისკენ, გამოდის, რომ გულთმისნებს სხვა ადამიანების სტრატეგიის განჭვრეტაც ხელეწიფებოდათ. ეს კი, მოგეხსენებათ, ძალიან პრაქტიკული უნარია იმისათვის, რომ გვესმოდეს ადამიანების განწყობა და შევძლოთ ზეგავლენა მოვახდინოთ, ვმართოთ. ასევე, სწორად გავატაროთ ჩვენი სტრატეგია.

გულთმისანი, ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ზოგან ბრძენად და ჯადოქრადაა მოხსენიებული, ზოგან კი „რომლითამე ნიშნებით ან მიხდომით სხვათა გულის პასუხის შემტყობად" (ნიკო ჩუბინაშვილის ლექსიკონი). თანამედროვე ადამიანის წარმატებას კი სწორედ ეს უნარი განსაზღვრავს – ამოიცნოს და რესურსად გამოიყენოს საკუთარი, ასევე სხვა ადამიანების ემოციები.

თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ზოგადი ინტელექტი – IQ ნაკლებად თამაშობს როლს ადამიანის სოციალურ წარმატებაში და მისი გავლენა მხოლოდ 15-20%-ით განისაზღვრება.

IQ – მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანის მეხსიერების, მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების, გარესამყაროს აღქმისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვის უნარია. ბუნებრივია, ნორმის ფარგლებში, IQ ხელს უწყობს ადამიანის წარმატებასაც და ლიდერული უნარების განვითარება-გამოვლენას. თუმცა, როგორც იტყვიან, ბევრი არაფერი ვარგაო და ზედმეტად მაღალი ინტელექტი ხელსაც კი უშლის ადამიანის ემოციური ინტელექტის უნარებს, შესაბამისად, მის სოციალურ წარმატებას.

ემოციური ინტელექტი – ემოციების აღქმისა და მართვის უნარებია. ცოდნა, რომელიც მხოლოდ თვითშემეცნებით და ადამიანების „გულისთქმაზე" დაკვირვებით მიიღება.

ცოტა ხნის წინ სინანულით მითხრა ერთი კომპანიის მენეჯერმა, თანამშრომელი ავიყვანე აბსოლუტურად პრაგმატულად, რეზიუმე კარგი ჰქონდა, გამოცდილებაც, მაგრამ რადგან ჩემს გულისთქმას არ მოვუსმინე, ახლა იძულებული ვარ დავემშვიდობოო. საქმე იმაშია, რომ თურმე გული ბევრად ხშირად უგზავნის იმპულსებს ტვინს, ვიდრე ტვინი გულს (heartmath.com). ტვინი ამ იმპულსებს ამუშავებს და ხან ითვალისწინებს, ხანაც უგულველყოფს. საკუთარი ემოციების უგულველყოფა კი, გამოცდილება მაჩვენებს, რომ უპასუხისმგებლო საქმეა და საკმაოდ არალიდერული გამოსავალი. ჩემი რწმენით, თვალებში შეხედვა სჯობს, თუნდაც იქ ყველაზე დიდი შიში იმალებოდეს, ვინაიდან ემოციის ცოდნა მართვის სადავეებს გვაძლევს ხელთ. ხანდახან მეც ვიჭერ საკუთარ თავს ემოციაში, რომელიც, რომ დავფიქრდები, საერთოდ არ მინდა ვაკონტროლო, თუნდაც იმიტომ, რომ ახალი გამოცდილება მივიღო. გამოცდილება კი აფართოებს და ზრდის. ეს არის გადაწყვეტილების ძალა.

როგორ ადამიანთან უნდათ საქმის დაჭერა ადამიანებს?

ნეგატიური ემოციებისმომგვრელი მოვლენა ისედაც ბევრია გარშემო, ადამიანებს კი მაგნიტივით იზიდავთ ისინი, ვინც განწყობას აუმაღლებს. ენერგია, ე.წ. „დრაივი", იუმორი, შემართება – ამას გარშემომყოფები ფიზიკურად გრძნობენ. ემოცია კი გადამდებია და აღნიშნულზე პასუხისმგებელი ჩვენი ტვინის სარკისებრი ნეირონებია. კონტაქტების კონტრაქტებად ქცევაზე კი სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, სწორედ განწყობა ახდენს ზეგავლენას. პროფესიონალიზმის კვალად, გულისთქმა არის ძალა, რომლის ჩაწვდომის უნარიც ნებისმიერ კარს აღებს, მაგრამ სანამ სხვებზე გადავიდოდეთ, ჩვენით დავიწყოთ და ვკითხოთ საკუთარ თავს, რა ემოცია უდევს საფუძვლად ჩვენსავე ქმედებებს."

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"