ქალი ანტრეპრენერების უპირატესობები, გამოწვევები, შიშები და დამოუკიდებლობა

ქალი ანტრეპრენერების უპირატესობები, გამოწვევები, შიშები და დამოუკიდებლობა
ფოტო: ნინო ცქვიტაია
4 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბოლო დროს აღარავის უკვირს ქალი ბიზნესში, ქალი მენეჯერი, ქალი მმართველი, ქალი დედა, ქალი მეუღლე, საყვარელი. დიახ, ამ ყველაფერს „ქალი“ აერთიანებს და გასაკვირი სულაც არ არის, რომ მსოფლიოში საუკეთესო მმართველებად, სწორედ რომ ქალები გვევლინებიან.

ერთი ინდური სიბრძნე ამბობს: „ღმერთი ყველგან ვერ იქნებოდა და ამიტომ შექმნა ქალიო“.

ჰო, არ გეგონოთ, ახლა ამას იმიტომ ვამბობდე, რომ საკუთარ სქესზე უზომოდ შეყვარებული ვიყო, ან საპირისპირო სქესის უპირატესობებს ვერ ვგრძნობდე და არ ვაღიარებდე, ან სულაც ფემინისტი ვიყო და ასეთი სტატიის გამოცხობას ამიტომ შევეჭიდე. სულაც არა.

ძალიან კარგად ვიცი ჩვენი შესაძლებლობებიც და ისიც, თუ რაზე შეგვიძლია ჩავიციკლოთ. ისიც ძალიან გასაგებია, რომ ჩვენი სიძლიერის უკან, სისუსტეებიც დგას, უბრალოდ ყველა სისუსტეზე ერთად აღებულ ძალას ვიკრებთ და არასოდეს არავის ვაჩვენებთ, რა გვიჭირს და როგორ ვცდილობთ სტრესთან გამკლავებას.

ინგლისელებს მიაჩნიათ, რომ ბიზნესს გენდერული განმასხვავებლები არ აქვს, მათთვის არ არსებობს ქალი და მამაკაცი. მათთვის არსებობენ საქმიანი პარტნიორები.

ჩემი აზრით კი, გენდერული განმასხვავებლები ნამდვილად არსებობს ბიზნესში. და ეს კარგიცაა. სანამ ქალებად დავრჩებით, სანამ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ჩავიცვამთ და სანამ წითელ ტუჩსაცხს წავისვამთ, სწორედაც რომ შევძლებთ ჩვენი უპირატესობების გამოყენებას.

ბიზნესი, უპირველესად, არის საქმიანობა, რომელიც ხორციელდება საკუთარი ან სხვისი სახსრებით, რისკისა და საკუთარი პასუხისმგებლობის ხარჯზე. აი, სწორედ ეს პასუხისმგებლობა გამოარჩევს ქალებს მამაკაცებისგან.

ხშირია შემთხვევა, როცა მამაკაცებს რაღაც არ გამოსდით და ნებდებიან, თავს ანებებენ, მაშინ, როცა ქალი ბოლომდე იბრძვის და იწყებს გადარჩენისთვის გზების ძიებას.

ბოლოსდაბოლოს, ბიზნესი მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ, არამედ საქმიანი გარემოს შექმნისა და ჩამოყალიბების წინაპირობად.

ძალიან კარგი მაგალითია კონფერენციები, ფორუმები, გამოფენები, სადაც წარმოებასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და უშუალოდ ვამყარებთ კომუნიკაციას სხვა ადამიანებთან, ბიზნესებთან. შესაძლოა, მომავალ პარტნიორებთანაც კი.

ბიზნესი − ომია, დიახ, მართლაც შესაძლებელია მათ შორის მსგავსების დანახვა. ბიზნესში მართლაც არის გამარჯვებული და დამარცხებული, მარკეტინგული შეტევები და კრახიც, სადაც იქმნება პარტნიორობაც და შეთქმულებებიც ერთმანეთის წინააღმდეგ.

როგორც აღვნიშნე, „ბიზნესი“ ინგლისური სიტყვაა და „საქმიანობას“, „დაკავებულობას“ ნიშნავს. ბიზნესის ძალიან საინტერესო ახსნა აქვთ ჩინელებს − (შენь ი).

პირველი იეროგლიფი − ნიშნავს „ცხოვრებას“, „დაბადებას“, „ცხოვრების შესაძლებლობას“, „ცხოვრების ნიჭს“. მეორე იეროგლიფი კი − ნიშნავს „ფიქრს“, „იდეას“, „სურვილს“, „სწრაფვას“, „მოსაზრებას“, „აზრს“, „მნიშვნელობას“, „ინტერესს“, „ენერგიულობას“.

რამხელა სიბრძნეა ჩაქსოვილი ჩინურ განმარტებაში. კარგად დააკვირდით: ის, რაც ჩვენთვის ჩვეულებრივი ბიზნესი, საქმის კეთება, მისვლა-მოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ახალი ბაზრების დაპყრობაა, ჩინელებისთვის იდეისკენ სწრაფვისა და სიცოცხლის შესაძლებლობაა.

ჩემი აზრით, ჩინურის ასეთი განმარტება ქალის მოგონილია. მხოლოდ ქალს შეუძლია ასე სიღრმისეულად აღიქვას საქმიანი ურთიერთობების წარმოება. არ დაგიმალავთ, და როცა ეს განმარტება წავიკითხე, უცებ მეგონა, რომ ჩემი, ან რომელიღაც ქალი ანტრეპრენერის დაწერილი იყო. თუ კარგად დააკვირდებით, ამ განმარტებაში არ არის არანაირი მატერიალური იდეა, პირიქით − სუფთა ანტრეპრენერული განმარტებაა, ამიტომაც მომინდა ამ ფიქრების თქვენამდე მოტანა. რა უპირატესობები აქვთ ქალებს მაღალ ქუსლებსა და ბიზნესში?

1. ადაპტაციის უნარი. მათ შეუძლიათ სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება ნებისმიერ სიტუაციაში. სწრაფად რეაგირებენ ცვლილებებზე და ნაკლებად ღელავენ შექმნილი დისკომფორტების შესახებ. რადგან მათ აქვთ უნარი, კრიზისი სასარგებლო შესაძლებლობად და გამოწვევად აღიქვან.

2. წინდახედულობა. ალბათ ყველას აინტერესებს, როცა ამბობენ, ქალური ინტუიცია, ქალური ინტუიციაო. რას ნიშნავს ეს? იგი ყველას სხვადასხვა მიმართულებით აქვს განვითარებული. არსებობენ წინდახედული ქალები და ამაში მათ სწორედ ეს ქალური ინტუიცია ეხმარებათ. ისინი თითქოს წინასწარ ხედავენ შემდგომში გადასადგმელ ნაბიჯებს, რას რა მოყვება, და იმის მიხედვით გეგმავენ შემდგომ ქმედებებს.

3. ემოციურობა. თანამედროვე მარკეტინგი სწორედ რომ ემოციებზე „თამაშს“ ნიშნავს. საკუთარი ემოციების წყალობით, ქალებს შეუძლიათ ნდობის მოპოვება არა მხოლოდ თანამშრომლებში, არამედ კლიენტებთან ურთიერთობაში. თუმცა მათი ემოციურობა მათ მიერვეა კონტროლირებადი და ამ ემოციებთან ერთად,

ისინი არ კარგავენ რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების უნარს.

4. თანამშრომლობა. ქალებს ძალიან კარგად შეუძლიათ მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდეთ საკუთარ კონკურენტებთანაც კი, და ეს მოახერხონ ისე, რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს.

5. განვითარება. ქალებს არასოდეს ბეზრდებათ ახლის სწავლა, თვითგანვითარება. ისინი მუდმივად ისწრაფვიან სიახლეებისკენ და ხარბად ეწაფებიან ყველა აღმავალ ტრენდს, რადგან იციან, რომ მთავარი ძალა თვითგანვითარებაა.

შემოქმედებითი მიდგომა, შთაგონება, ინტუიცია − ეს ყველაფერი ქალური ენერგიებია.

მთავარია, ქალმა იპოვოს საკუთარ თავში ძალა და გადადგას პირველი ნაბიჯი. შემდეგ უკვე საკუთარ ენერგიებს მიჰყავს იგი წარმატებისკენ.

P.S.: ყველა წარმატებულ ქალს მიღმა რაღაც ძალიან დიდი − დიდი გაკვეთილი, გნებავთ, გამოწვევა იმალება, რომელიც მან ცხოვრებისგან მიიღო. და კიდევ ერთს დავამატებდი: არავის ისე არ შეუძლია ფენიქსივით აღდგომა, როგორც ქალს. ჰოდა კიდევ, ნუ შეგაშინებთ ეს სტატია მამაკაცებს, რადგან თქვენც გაქვთ ბევრი უპირატესობა ქალებთან მიმართებაში, მაგრამ ამაზე ალბათ სხვა დროს მომინდება დაწერა?.. არ ვიცი. ვნახოთ.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur