📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ანტრეპრენერული გზა ფიქრიდან საერთაშორისო აღიარებამდე ანუ, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს საყვარელი საქმიანობის აღმოჩენამ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

სკოლის დასრულების შემდეგ გამოცდებს აბარებ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე, შემდეგ ხდები სერტიფიცირებული ქსელის ინჟინერი. მიღებული განათლების შესაფერის პოზიციაზე 6 წელი მუშაობ, პარალელურად იწყებ ბიზნესს სილამაზის ინდუსტრიაში − თითქოს ყველაფერი მშვენივრადაა, ისიც კი შეიძლება გაიფიქროს კაცმა, რომ ასეთმა ცხოვრებამ შინაგანი კმაყოფილება აუცილებლად უნდა გაგრძნობინოს. მაგრამ!..

როცა მის სახელოსნოში შეხვალთ, ჩუმი მუსიკის ფონზე ნამუშევრებით დატკბებით და კერამიკაზე საუბარს დაიწყებთ, უპირველესად, აუცილებლად იგრძნობთ ადამიანად ყოფნის სიმშვენიერეს, მიხვდებით როგორი ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია საკუთარი თავის პოვნის ბრძოლაში ჩავებათ და გამარჯვებაც მოვიპოვოთ.

როგორც ყველა ანტრეპრენერული სულისკვეთების ადამიანი დედამიწაზე, ირინა სალმინასაც მიაჩნდა, რომ სტაბილური შემოსავალი არ შეიძლება უპირობოდ მივიჩნიოთ, როგორც ბედნიერების გარანტი და თუკი ვამჩნევთ, რომ საკუთარი თავის რეალიზებისთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლა და სიახლეებთან შეჭიდება გვჭირდება, მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ცხოვრების სადავეები ჩვენს ხელთაა და ჩვენვე ვწყვეტთ, რა არის ის მინიმუმი ცხოვრებაში, რომელიც მატერიალურ თუ არამატერიალურ კეთილდღეობას მოგვიტანს.

კერამიკაზე მუშაობა, როგორც ირინა ამბობს, არ ყოფილა ის, რასაც გეგმავდა ან წარმოიდგენდა, თუმცა ისიც სწამს, რომ ცხოვრებაში რაღაცები გამიზნულად ხდება, ჩვენსავე კეთილდღეობისთვის. გზა, რომელსაც საკუთარი თავის აღმოჩენამდე მივყავართ, სირთულეებითაა სავსე, ამიტომ უნდა გვქონდეს გამბედაობა, წინ აღვუდგეთ დაბრკოლებებს და თავიდანვე მივიღოთ ფაქტი, რომ ფიქრისა და მუშაობის გარეშე წარმატება არ მოდის.

ირინამ დასაწყისშივე იცოდა, რომ უამრავ პრობლემასთან მოუწევდა გამკლავება. გააზრებული ჰქონდა, რომ უცხო სამყაროში ცოდნის გარეშე ცდილობდა შეღწევას, თუმცა ამას არ შეუშინდა, მეგობრების დახმარებით მოაწყო სივრცე, სადაც ფრთების გაშლა შეძლო - სახელოსნოში დაიწყო მასალის შესწავლა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ შექმნა მეთოდი, რომლის საშუალებითაც ორიგინალური ფილების დამზადების ტექნოლოგია შეიმუშავა. თუმცა, ეს მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა − ცდებისა და ექსპერიმენტების დროს ირინამ გამოიწვია საკუთარი თავი, რომ ნაკლები დანახარჯებით და მხოლოდ არსებული რესურსებით შეექმნა მხატვრული ნამუშევრები. როგორც ის ფიქრობს, ამან გამოაწრთო ინოვაციურობასა და კრეატიულობაში. ეს მახასიათებლები კი იმ ოთხ კრიტერიუმში შედიოდა, რომელთა დაკმაყოფილებამ მას ტუნისში გამართულ მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმზე პირველი ადგილი მოუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით 30 მონაწილიდან ირინა გამოარჩიეს, ყველაზე მხატვრული ნამუშევრის ავტორს მაინც მიაჩნია, რომ ეს მისი მაქსიმუმი არ იყო, რადგან მუშაობა გაუთვალისწინებელი შემთხვევებით სავსე გარემოში უწევდა.

ამბობს, რომ ბოლო წამამდე ვერ წყვეტდა, მონაწილეობა მიეღო თუ არა, თუმცა აქაც გამბედაობამ თავისი როლი ითამაშა − ირინა მოწვევას დათანხმდა, უნდოდა საკუთარი თავი გამოეცადა და ეს სიმპოზიუმი გამოეყენებინა, როგორც საერთაშორისო კომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც აუცილებლად გააფართოვებდა მის თვალსაწიერს კერამიკის სამყაროში. ირინა მიიჩნევს, რომ თიხას საოცარი ენერგეტიკა აქვს, ცხოვრების მამოძრავებელი ძალის ტოლფასი, და თუკი ჰკითხავთ, კერამიკაზე მუშაობა რამდენად ხელსაყრელი საქმიანობაა, ის გაგიღიმებთ და გეტყვით, რომ იმდენად, რამდენადაც გიყვართ იგი, სხვაგვარი პასუხი წარმოუდგენელია, რადგან შექმნის პროცესი მოითხოვს უდიდეს შრომას, ძალისხმევასა და მოთმინებას, სიყვარულის გარეშე კი შედეგს ვერ მიიღებთ.

კერამიკაზე მუშაობა ირინასთვის მხოლოდ ხელოვნება არაა, რადგან მასალის მოძიებით დაწყებული, ნამუშევრის გაყიდვით დამთავრებული, ის ყველა პროცესს კურირებს. პარალელურად, ცდილობს პირველი წარმატებით მიღებული ემოციისგან „თავი დაიძვრინოს" და განვითარება განაგრძოს. წინ ბევრი კონკურსი და სიმპოზიუმია, ერთ-ერთი უახლოესი კი კერამიკის ბიენალეა რუმინეთში, სადაც 350 მონაწილიდან 130 აირჩიეს და მათ შორის ირინაც. ირინას მღელვარებამ კიდევ უფრო იმატა, როცა გაიგო, რომ კონკურსანტები ისეთი მოქანდაკეები არიან, რომელთა მასტერკლასზე დასწრებაც კი დიდი პატივია. თუმცა ხელოვანს მიაჩნია, რომ ყველა შფოთვა და მღელვარება გვერდით უნდა გადავდოთ, როცა საქმე ჩვენი ცხოვრების უმთავრეს მიზნებს ეხება.

ირინა სალმინასთვის კერამიკაზე მუშაობა ხელახლა დაბადების ტოლფასია. გვირჩევს, რომ გვერდით ისეთი ადამიანები შემოვიკრიბოთ, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე მხარს დაგვიჭერენ და გაგვამხნევებენ, ეს კი აუცილებლად მოგვიტანს საკუთარი თავის რწმენას, ხოლო ვისაც თავისი შესაძლებლობების სწამს, მას წინსვლის გზაზე ვერაფერი შეაჩერებს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი