რჩევები საკუთარ თავს 10 წლის წინ

და რას ეტყოდით მას?!
რჩევები საკუთარ თავს 10 წლის წინ
ფოტო: ნინო ცქვიტაია
Contributor
Entrepreneur საქართველოს ჟურნალისტი
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

10 წლის წინ 18 წლის ვიყავი და ალბათ ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ახლა, როცა 2 პატარა გოგოს დედა ვარ, ყველაზე მეტად მათ თინეიჯერობაზე ვნერვიულობ, რადგან ეს არის ასაკი, როცა ყველაზე ნაკლებად გჯერა საკუთარი თავის, ყველაზე მეტად აქცევ ყურადღებას სხვების აზრს შენ შესახებ; გგონია, რომ იდეალურად თუ არ გამოიყურები, დედამიწა თავზე გექცევა.

ახლახან „ნეტფლიქსის“ ერთი საინტერესო შოუ ვნახე − DARK, სადაც გმირებს დროში მოგზაურობა და საკუთარ ახალგაზრდა თავებთან შეხვედრა, მათი აზრის შეცვლა შეუძლიათ. ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა მენახა ჩემი თავი 10 წლის წინ, ჩავეხუტებოდი და ვეტყოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება! და ბარემ, თუ მკითხავდა, რამდენიმე რჩევასაც მივცემდი:

დაიკიდე საზოგადოების აზრი

საზოგადოება უმეტესად შედგება ადამიანებისგან, რომლებიც მხოლოდ სხვისი კრიტიკით არიან დაკავებულნი. მათი მოსაწონი ვერასდროს გახდები. ოჯახს შექმნი − გკითხავენ, შვილს როდის გააჩენ, ქალისთვის მთავარი დედობააო; მშობიარობის შემდეგ გეტყვიან, მე მაგხელა მუცელი არ დამრჩენია და შენ როგორ ვერ დაიკელიო?; შვილს გააჩენ − გკითხავენ, მეორეს როდის გააჩენ, მიყოლება სჯობსო; მეორეს გააჩენ და გკითხავენ, ახლა შენს საქმეს რა ეშველება, როგორ გაართმევ თავსო; წარმატებული იქნები და გკითხავენ, ბავშვებთან ხომ საკმარის დროს ატარებ, დედის ყურადღება არ მოაკლდეთო?; ბიზნესს დაიწყებ და გკითხავენ, მთელი დღე რას აკეთებ, რომ არ მუშაობო? და ასე შემდეგ, დაუსრულებლად. თუ არ დაიკიდე, გაგიჟდები.

არ მისცე სხვა ადამიანებს საშუალება, განსაზღვრონ ვინ ხარ შენ, ან რისი კეთება გინდა, ან რა გამოგივა. რა შემთხვევაში იქნები ბედნიერი და შემდგარი ქალი, და რამდენი სანტიმეტრი უნდა იყოს შენი წელის გარშემოწერილობა, რომ ლამაზი გერქვას − ჰკითხე მხოლოდ საკუთარ თავს.

გჯეროდეს საკუთარი თავის

რეცეპტს ვერავინ დაგიწერს, თუ ვისთან იმეგობრო, ვინ შეგიყვარდეს, რომელ სამსახურში დაიწყო მუშაობა ან რომელი ბიზნესი იქნება წარმატებული. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა გქონდეს და არასდროს შეწყვიტო მცდელობა.

ენდე საკუთარ ინსტინქტებს. თუ გულის სიღრმეში გგონია, რომ არასწორია სრულიად ანტიფემინისტურ სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მიღება, ალბათ მართალი ხარ, ამიტომ შეცვალე.

ბევრჯერ მოხვდები ისეთ გარემოში, სადაც გადაწყვეტილებებს მამაკაცები იღებენ, და სადაც მხოლოდ იმიტომ მოგიწევს შენი პოზიციის მტკიცება, რომ ქალი ხარ − შენი უფროსის კაბინეტიდან დაწყებული, ელიავას ბაზრობით დამთავრებული, მაგრამ არ დანებდე.

საკუთარ ბიზნესს დაიწყებ, ხანდახან გეგონება, რომ ძალიან რთულია, ან საკმარისად კარგად ვერ ართმევ თავს, ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობა ერთად დაგეკისრა, გადაიტვირთე. ასეთ დროს ცოტა ხანი განზე გადექი და ერთიან სურათს შეხედე − აუცილებლად დაინახავ გამოსავალს.

და ყოველთვის, როცა ეჭვი შეგეპარება საკუთარ შესაძლებლობაში, გაიხსენე პეპი გრძელი წინდას საყვარელი ფრაზა: „მე არასდროს მიცდია ეს, მაგრამ ვფიქრობ აუცილებლად გამომივა“.

ნუ იქნები ზედმეტად მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ

ხშირად იგრძნობ თავს დამნაშავედ, როცა გამოცდაში რამდენიმე ქულას დაკარგავ. შემდეგ იფიქრებ, რომ შეგეძლო უკეთესი სამსახური გეპოვა. შემდეგ რამდენიმე საინტერესო სტარტაპპროექტს შექმნი და მაინც იფიქრებ, რომ უკეთესი შეგეძლო გაგეკეთებინა. თავს დამნაშავედ იგრძნობ, რომ შენი პროექტის გამო მთელი დღე ვერ ნახე შვილები; იფიქრებ, რომ უკეთესი დედა იქნებოდი, თუ მეტ დროს გაატარებდი ბავშვებთან; ხშირად იფიქრებ, რომ უკეთესი უფროსი შეგეძლო ყოფილიყავი შენი თანამშრომლებისთვის, უფრო კარგი შვილი შენი მშობლებისთვის და ა.შ.

არ გჭირდება ეს იდეალიზმი და პერფექციონიზმი.

კარგი გოგო ხარ. მოეშვი, გაერთე, კლუბში წადი. ისიამოვნე.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur