X2 DEVELOPMENT – ასეულობით ოჯახისთვის დაბრუნებული სახლი

5 წლიანი შრომის შედეგები
X2 DEVELOPMENT – ასეულობით ოჯახისთვის დაბრუნებული სახლი
ფოტო: ალექსეი სეროვი
Entrepreneur Staff
ჟურნალისტი
5 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

X2 Development სამშენებლო ბაზარზე 5 წლის წინ გამოჩნდა. ენთუზიაზმით აღსავსე ოთხმა ადამიანმა რთული მისია დაისახა, კომპანიის დაფუძნებიდან 3 წელიწადში კი მომგებიან პროექტად ჩამოყალიბდა. X2 Development-მა ის ნიშა დაიკავა, რომელიც ერთი შეხედვით გაჯერებულ ქართულ სამშენებლო ბაზარზე აუთვისებელი აღმოჩნდა. კომპანიამ მთავარ მიზნად ქვეყნის მასშტაბით წლების განმავლობაში გაჩერებული ობიექტების დასრულება დაისახა.

სარისკო სტარტი

ლევან ტურძელაძე პროფესიით არქიტექტორია. მეგობრებთან ერთად 5 წლის წინ კომპანია დააარსა. X2-ის პირველადი ინვესტიცია დამფუძნებლებს ეკუთვნით. ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, რთული გადაწყვეტილება მიიღეს. მაღალი კონკურენციის პირობებში ახლად დაარსებულმა კომპანიამ მომგებიანი სტრატეგია აირჩია. ლევანი და მისი პარტნიორები ურთულეს საქმეს შეეჭიდნენ, აღმოაჩინეს ადამიანები, რომლებმაც წლების წინ ამხანაგობები შექმნეს და საცხოვრებელი ბინის ასაშენებლად სხვადასხვა კომპანიასთან დაიწყეს თანამშრომლობა, მშენებლობა კი მიზეზთა გამო შუა გზაში გაჩერდა. ამხანაგობა ბინების გარეშე დარჩა, სამშენებლო კომპანია კი ან გაქრა, ანდა გაკოტრდა.

„რთული გზა გამოვიარეთ. ჩვენ კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტი დავამუშავეთ და საქმეს შევუდექით. პირველი პროექტი 45 წლით გაჩერებული ობიექტი იყო, რომლის დასრულებასაც 100-მდე ოჯახი უიმედოდ ელოდა. შარტავას ქუჩაზე მიტოვებული კარკასი უკვე ქალაქის იერსახის განუყოფელ ნაწილად იყო ქცეული, ბინების მფლობელებს კი იმედი ჰქონდათ დაკარგული.

„იყო დღეები, როდესაც 50-60 ადამიანს ვხვდებოდით. მოლაპარაკებებს ერთი წლის განმავლობაში ვაწარმოებდით. ურთულესი იყო, დაგვერწმუნებინა იმედგაცრუებული ადამიანები, რომ მათ მოტყუებას არ ვაპირებდით და გვსურდა, სამუშაოები დაგვესრულებინა“.

შარტავაზე მდებარე ნანგრევები 5 წელიწადში Shartava Pool House-ად გარდაისახა. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ორ თვეში დასრულდება. კორპუსის სახურავზე 25-მეტრიანი აუზი მოძრავი გადახურვით და სარეკრეაციო ზონა განთავსდება, სადაც სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპაცენტრიც მოეწყობა. Shartava Pool House ექსპლუატაციაში 4 თვეში ჩაეშვება. ამ ეტაპზე მხოლოდ დასკვნითი სარემონტო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ბიზნესმოდელის სპეციფიკა

სანამ კომპანიის სხვა კონკურენტულ უპირატესობებზე გავაგრძელებთ საუბარს, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის აღნიშვნა:

X2 Development-მა საქმიანობა გაჩერებული მშენებლობების განახლებით დაიწყო. როგორც ზემოთაც ვახსენეთ, მთავარი პრობლემა საქმიანობის დასაწყისში იმ ადამიანთა დარწმუნება იყო, რომლებიც ამხანაგობებში იყვნენ გაწევრიანებული და სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობის ცუდი გამოცდილება ჰქონდათ;

მორიგი სირთულე, რომელიც მსგავსი ტიპის მშენებლობის საწყის ეტაპზე დგება, არსებული პროექტია – ჩასხმული საძირკველი თუ სანახევროდ აშენებული კარკასი. „მშენებლობის „სუფთა“ მიწაზე დაწყება მარტივია, შეგიძლია ააშენო ის, რაც გსურს“, – ამბობს ლევანი, – „თუმცა, ჩვენ უკვე შედეგი გვხვდება. ფუნდამენტი, კედლები. უმეტეს შემთხვევაში, ყველაფრის თავიდან აშენება გვიწევს, რაც თავისთავად ძველი კონსტრუქციის ნგრევას გულისხმობს. მაგალითად, შარტავაზე 45 წლის წინ აშენებული კარკასის სრული დემონტაჟი მოვახდინეთ. ჩვენ მიერ შენობის ფუნდამენტიდან 22 მეტრ სიღრმეზე მოწყობილი ხიმინჯების ჯამური სიგრძე 6 კილომეტრს აღემატება, რაც ტექნიკური თვალსაზრისით დიდი გამოწვევა იყო. ფაქტობრივად, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ“;

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ხარისხია. X2-ისთვის პრიორიტეტს მშენებლობის მაღალი ხარისხი, მედეგობა და ეკოლოგიურობა წარმოადგენს. „მშენებლობებზე ფასადის შევსება პერლიტის ბლოკით ხორციელდება, რომელიც ბევრად მსუბუქი, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა, ვიდრე ჩვეულებრივი სამშენებლო ბლოკი. ვამონტაჟებთ უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯრებს, ვიყენებთ ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს. არ ვერიდებით ტექნიკური თვალსაზრისით რთულ გამოწვევებს და მუდმივად ვნერგავთ ნოვატორულ მიდგომებს“.

მაქსიმალური კომფორტი მცხოვრებელთათვის

კორპუსის მშენებლობის პროცესში დიდ გამოწვევას მცხოვრებლებისთვის განკუთვნილი პარკინგის ზონა წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ 5 ათეული წლის წინ შექმნილ პროექტში ავტოსადგომისთვის 1 სართული იყო გამოყოფილი, X2-ის დამფუძნებელთა საერთო გადაწყვეტილებით, კორპუსის ქვეშ, 3 სართულზე საპარკინგე ზონა მოეწყო. საერთო ჯამში, მიწის ქვეშ 6 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი სწორედ ავტოსადგომს უჭირავს. Shartava Pool House-ის გვერდით X2-ის მორიგი პროექტის, Shartava Fusion-ის მშენებლობაც რამდენიმე თვეში დასრულდება. მულტიფუნქციური ცენტრის 2/3 სწორედ მიწის ქვეშაა განთავსებული, რაც ჯამში 7-დონიან ავტოსადგომს მოიცავს. თითოეულ მცხოვრებელს პარკირება სპეციალური ლიფტის მეშვეობით შეუძლია, რომელიც მას კუთვნილ ადგილამდე მიიყვანს.

„ავტოსადგომის მშენებლობა დიდ შრომასთან და ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული. მიწისქვეშ სამუშაოების განხორციელება გაცილებით რთულია – როგორც ფინანსურად, ისე ტექნიკურად და დროის ფაქტორის გათვალისწინებითაც. თუმცა, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით ვეპყრობით, რადგან თბილისში არსებულ ეტაპზე პარკირების სერიოზული პრობლემა დგას“, – ამბობს ლევან ტურძელაძე.

სამომავლო გეგმები

X2 Development საბურთალოს ტერიტორიაზე 4 მშენებლობას ახორციელებს, მათგან ორი – Shartava Pool House და Shartava Fusion რამდენიმე თვეში დასრულდება. კომპანიას მიმდინარე პროექტები აქვს ვაკეში – მცხეთისა და ყიფშიძის ქუჩებზე. X2-ის საქმიანობა დედაქალაქის ფარგლებსაც გასცდა; ბაკურიანში, ტურისტულ ზონაში არსებული 4 პროექტი – Bakuriani 4rest წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„უახლოეს გეგმებში კურორტ გოდერძიზე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის აშენებაა. იქაურობა ტურისტული თვალსაზრისით პერსპექტიულად მივიჩნიეთ. შესაბამისად, მშენებლობის წამოწყება გადავწყვიტეთ. ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ზრუნვას პროექტების  დივერსიფიკაციაზე . უახლოეს მომავალში ვიწყებთ რამდენიმე მასშტაბური, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რის შესახებაც დეტალურად ვამცნობთ საზოგადოებას“, – გვპირდება ლევანი.

X2-ის ბიზნესმოდელი

X2 Development-ის ბიზნესგეგმა ასე მუშაობს: ყოველი დაზარალებული მოსახლე, რომელსაც დაუსრულებელ კორპუსში ბინა აქვს შეძენილი, საცხოვრებელს X2-ისგან უსასყიდლოდ იღებს. კომპანია უფლებას იტოვებს, არსებული არქიტექტურული პროექტი დააკორექტიროს, ხოლო თავისუფალი ფართები სარეალიზაციოდ გამოიყენოს.

„საქმიანობაში მერიის რეგულაციები გვეხმარება – როგორც სანებართვო საკითხებში ოპერატიულობა, ისე შეღავათები ფინანსური კუთხით“. გაჩერებული სამშენებლო ობიექტების დასრულების პროცესის ხელშეწყობა ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით მოხდა, რაც გარდამტეხი აღმოჩნდა როგორც ქალაქის იერსახის აღდგენის, ასევე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ათასობით ოჯახი მიიღებს კუთვნილ ბინას, რომელსაც წლების განმავლობაში უიმედოდ ელოდა“, – ამბობს ლევან ტურძელაძე.

5-წლიანი შრომის რეალური შედეგები

კომპანიის პროექტები ბაზარზე მუდმივად აქტუალურია. ამას მათი სწრაფი  ლიკვიდურობა  მოწმობს. Shartava Pool House-ის საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული ფართების 95% გაყიდულია.

„ჩვენთვის ეს პროექტი კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. სწორედ მისი დამსახურებაა X2-ის შემდგომი წინსვლა. ადრე თუკი ჩვენ ვეძებდით ამხანაგობებს, ახლა თავად გვიკავშირდებიან და თანამშრომლობას გვთხოვენ“, – ამბობს ლევან ტურძელაძე.

ვალერიან კირკიტაძე, ალექსანდრე წულუკიძე, ვალერი ტურძელაძე და ლევან ტურძელაძე X2 Development-ის დამფუძნებლები არიან. 5 წლის წინ დაწყებული ბიზნესის წარმატება დამფუძნებლების ხედვამ განაპირობა.

„კომპანიის შექმნის იდეა არ ყოფილა სპონტანური. ჩემს პარტნიორებს მანამდეც ჰქონდათ გამოცდილება როგორც დეველოპერულ საქმიანობაში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტში“.

ლევანის გვერდით კომპანიის დაარსების დღიდან მისი მეუღლე დგას, რომელიც პროფესიით არქიტექტორი და თითოეული პროექტის თანაავტორია. ისინი ერთად ზრუნავენ პროექტების თანამედროვე კონცეპტუალურ გადაწყვეტაზე. კომპანიას ინდივიდუალური მიდგომა აქვს თითოეული ობიექტის მიმართ;

გუნდი ორიენტირებულია, თითოეული პროექტი წარადგინოს კიდევ უფრო დახვეწილი არქიტექტურითა და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით, ინოვაციური მიდგომებით, არქიტექტურითა და რაც მთავარია, მშენებლობის მაღალი ხარისხით.

დღეის მდგომარეობით, X2-ის პროექტების ჯამური სამშენებლო მოცულობა 250 000 კვ.მ-ს აღემატება. „წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უძილო ღამეები, საკუთარი საქმის სიყვარული და ერთგული, პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდია“, – ამბობს ანტრეპრენერი.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur