სამკაულში გაცოცხლებული ქართული ანბანი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

„ატარე ანბანი" − ბრენდი, რომელმაც ქართული ანბანი ნამდვილ სამკაულად აქცია და მისი სიამაყით ტარება შესაძლებელი გახადა. იგი დების − თამარ და ნესტან ამირეჯიბების წამოწყებაა.

დიდი სურვილისა და მონდომების შემდეგ შეძლეს, რომ ქართული მოდერნიზებული ანბანი ვერცხლისა და ოქროს სადა, დახვეწილ სამაჯურებად ექციათ.

„ყოველთვის გვინდოდა რაიმე ქართული, მოთხოვნადი და მარტივი პროდუქტი შეგვექმნა. ბევრი ფიქრის, შრომისა და ძალისხმევის შემდეგ, შეიქმნა „ატარე ანბანი", რომელმაც მოხიბლა როგორც ქართველები, ისე უცხოელები. გვინდოდა ჩვენი ქვეყნის, უძველესი კულტურისა და უნიკალური ანბანის განსაკუთრებულობა რაიმე ფორმით წარმოგვეჩინა. ამ სადა სამკაულით კი ეს წარმატებით შევძელით", − უყვებიან ბრენდის დამფუძნებლები Entrepreneur-ს.

ბრენდის მიზანი ანბანის მეშვეობით უძველესი კულტურის პოპულარიზაციასთან ერთად, მნიშვნელოვანი ემოციური ღირებულების შექმნაცაა. ტურისტებისთვის „ატარე ანბანი" არის ქართული სუვენირი, რომელიც მათ ჩუქნის ემოციას და უტოვებს მოგონებებს საქართველოს შესახებ. ამ გზით კი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი − ანბანი, საქართველოს საზღვრებს გარეთ, მსოფლიოს არაერთ წერტილში ხვდება. ბრენდს სხვა ღირსებებიც აქვს: ასო-ნიშანი სახელის ინიციალია, ასევე ანბანში სასიამოვნო და დადებითი ეპითეტები იშიფრება. ეს კი დღესასწაულებსა და მნიშვნელოვან დღეებზე მომხმარებელს მოტივაციას აძლევს საყვარელი ადამიანი ქათინაურით გაახაროს ან საუკეთესო სურვილები გაუმჟღავნოს. გამორჩეულია კიდევ ერთი მახასიათებელი: მომხმარებელს სუვენირის მიმართ მიკუთვნებულობის განცდა უჩნდება, რადგან მის სახელთან იდენტიფიცირდება და პირდაპირ ასახავს საკუთრებას. „ატარე ანბანს" ადამიანებისთვის მოაქვს დაუვიწყარი ემოცია.

ღირებულებებით სავსე ბრენდის შექმნის შემდეგ, დებმა ამირეჯიბებმა მონდომება არ დაზოგეს და მოკლე დროში ცნობადობა წარმატებით გაზარდეს. ეს კი აქტიური მარკეტინგული ნაბიჯებით, მედიაში და სოციალურ ქსელში თანმიმდევრული კამპანიით, მომხმარებელზე ორიენტირებული საქმიანობით, მათთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით და თბილისის მასშტაბით სავაჭრო ობიექტებზე სწორი პოზიციონირებით მოახერხეს. თანამედროვე ბიზნესელემენტების ცოდნისა და ქართული ანბანის სინთეზით, დღითი დღე იზრდება „ატარე ანბანის" პოპულარობა. თანაც ის თანაბრად საინტერესოა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

დები აღნიშნავენ, რომ სამკაულების ბაზარზე უკვე შეინიშნება ტენდენცია, რაც აქსესუარების ბრენდების ანბანის მიმართულებით საქმიანობაში გამოიხატება. ამაში კი „ატარე ანბანის" წვლილი დიდია.

„ატარე ანბანის" აქსესუარები ხელმისაწვდომია ტურისტულად აქტიურ ადგილებში, რომლის მიმართაც ტურისტები დიდ ინტერესს იჩენენ.

მზარდი ინტერესის საპასუხოდ, განვითარება და ბრენდის გამრავალფეროვნება გრძელდება. ცოტა ხნის წინ პროდუქციას შეემატა მინანქრის ჯვრები − როგორც ბავშვებისთვის, ისე მამაკაცებისა და ქალებისთვის. ასევე ასორტიმენტს დაემატა ანბანის კულონები. მოთხოვნის შესაბამისად, მალე მომხმარებელს ანბანის სამკაულის ახალ მოდელსაც შესთავაზებენ, რომლის შემთხვევაში რამდენიმე ასო-ნიშნის შებმა იქნება შესაძლებელი. მსურველებს უკვე შეეძლებათ საყვარელი ადამიანების სახელების ინიციალები, სახელები ან სხვა საყვარელი სიტყვები და ცნებები ატარონ.

„ატარე ანბანს" შორს მიმავალი გეგმები აქვს. მალე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აპირებს აქტიურად მოგზაურობას და მსოფლიოსთვის ქართული ანბანისა და კულტურის, სამკაულის ეგიდით გაცნობას.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი