მორალური პასუხისმგებლობა - ნინო თარხნიშვილი

ტვირთი თუ კომფორტი?

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო თარხნიშვილი

Entrepreneur Georgia

ჟურნალისტი

 

არ მიყვარს სიტყვა „მორალი“, მორალის კითხვა. და ისიც მგონია, რომ ალბათ არავის აქვს უფლება, მეორე ადამიანს მიუთითოს მის მორალზე, რომ ეს ცუდია, და აი, მხოლოდ ეს არის კარგი. თუმცა, არსებობს პასუხისმგებლობა, შინაგანი რწმენა თუ ე.წ. ცენზურა, რომელსაც სხვას ვერა, მაგრამ საკუთარ თავს კი ხშირად ვუწესებ, უფრო ზუსტად კი – ყოველთვის.

მთელი ჩემი პროფესია სწორედ ამ პასუხისმგებლობაზე გადის და გინდ მორალური პასუხისმგებლობა დავარქვათ ამას და გინდ საკუთარი თავისთვის დადგენილი წესები. წესები, რომლებიც მჯერა, რომ არასდროს დამირღვევია.

არ დაწერილა სტრიქონიც კი, რომელიც ათჯერ მაინც არ წამიკითხავს (ხშირად, ხმამაღლა). არ დაწერილა აბზაციც კი, რომელიც არ გამიანალიზებია, არ მიფიქრია მის შესაძლო გავლენაზე, მის გაგრძელებაზე. არ დაწერილა სტატიაც კი, რომლის ბოლოსაც წერტილი ისე, სხვათა შორის დამისვამს, რადგან ვიცი, რომ პროფესიას, რომელსაც ვემსახურები, ბევრი რამის შეცვლა შეუძლია – როგორც სასიკეთოდ, ისე პირიქით, თუკი მას უპასუხისმგებლოდ მოეკიდები.

უფრო ზუსტად კი მორალური პასუხისმგებლობა ფენომენია, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს შენი, როგორც პროფესიონალის, ბედი. ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის, ჟურნალისტებისთვის კი მორალური პასუხისმგებლობა ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია აუდიტორიის ნდობის მოსაპოვებლად. ერთი გადაბრუნებული სიტყვა, ერთი გადაუმოწმებელი ფაქტი, ერთი, თუნდაც უნებლიე შეცდომა, ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს, ჟურნალისტისთვის ყველაზე მთავარი მონაპოვრის – საზოგადოების ნდობის დაკარგვად. ჩვენი პროფესიის მთავარი ხიბლი და სირთულეც ხომ ისაა, რომ ჩვენს სიტყვას ძალა აქვს (ყოველ შემთხვევაში, მე ასე მჯერა) და ამ ძალის სწორად გამოყენების სწავლა ზუსტად მორალურ პასუხისმგებლობაზე გადის.

არასდროს მიფიქრია, რომ მორალური პასუხისმგებლობა ჩემი ბორკილია, პირიქით – ის ჩემი თავისუფლებაა, რადგან ყველაზე უკეთ სწორედ მე ვიცი, როდის ვარ საკუთარ თავთან მართალი და როდის მტყუანი. და ვერ მომერევა ვერავინ, თვით სუპერძალების მქონე MARVEL-ის გმირიც კი, თუკი ვიცი, რომ ის, რაც დავწერე, ის რაც ვთქვი, სიმართლეა.