You can be on Entrepreneur’s cover!

გუნდში შესვლა - როგორ დავიწყოთ კომუნიკაცია ახალ გარემოში? ახალ გუნდში შესვლა მთელი ხელოვნებაა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

მე თუ ვინმე მკითხავს, ახალ გუნდში შესვლა მთელი ხელოვნებაა. რაც არც ისეთი მარტივია, როგორიც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. თუმცა, საკუთარი თავის რწმენა თუ გაქვს და კომპეტენტურიც ხარ, შეუძლებელი არაფერია.

დღევანდელ სამყაროში ყველა ძალიან დაკავებულია, ყველას ბევრი საქმე აქვს და არავის გააჩნია იმის ფუფუნება, რომ თავზე ხელი გადაგისვას, ძალიანაც რომ უნდოდეს. ყველას ეჩქარება საკუთარ საქმეს მორჩეს და მერე თუკი დრო დარჩებათ, „მოგხედავენ". არადა, როცა ახალი ხარ, როგორ გჭირდება თანამოაზრე, როგორ გჭირდება ვინმემ აგიხსნას რა და როგორ გააკეთო? როგორ გჭირდება შენთვის უცხო გარემოში ვინმემ გაგიღიმოს და საქმის, სფეროს სპეციფიკაზე დაგელაპარაკოს. ორი სიტყვა გითხრას, დაგაკვალიანოს, რომ შენც გაშალო ფრთები და თამამად შეუბერო შენს საქმეს.

უპირველესად, უნდა მოიხსნა კომპლექსები, დაივიწყო ყველა უაზრო ფიქრი, რომელიც თავში გაგიელვებს და თვითონ დაიწყო ყველასთან კომუნიკაცია.

უნივერსიტეტიდან დავიწყე PR-ში საქმიანობა და ახლა ტელევიზიაში მოვხვდი. 4 სრულიად განსხვავებული სფერო გამოვიარე. სრულიად განსხვავებული. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ თამამად შეიძლება გითხრათ − არცერთ სფეროს მორიდება არ სჭირდება.

შენ თუ არ დაეხმარები საკუთარ თავს ახალ გარემოსთან ადაპტაციაში, სხვა ვერავინ დაგეხმარება. ყველას თავისი საქმე აქვს.

რამდენიმე რჩევა შემიძლია გავცე მათთვის, ვინც ახალ გარემოში მოხვედრას უფრთხის.

პირველი: გაიცანით კოლეგები. გაუღიმეთ. მოუყევით თქვენი საქმიანობისა და ჩანაფიქრის შესახებ, რადგან ყველას აინტერესებს სუბიექტი, რომელიც მათთან შევიდა და მყუდროება დაურღვია, ვინ არის, რას წარმოადგენს, რა ბექგრაუნდი აქვს და საერთოდ, რატომ მივიდა მათთან სამუშაოდ? რა უნდა რომ დადის ოთახებში, რატომ ჩაიარა მის კომპიუტერთან? თავისი კომპიუტერი არ აქვს ჯერ და შენს სკამზე დაჯდა? ოო, არა, ეს რატომ გააკეთა? ვინ არის? რა უნდა? ჩემს ადგილს ხომ არ უმიზნებს? და ათასი რამ შეიძლება უკვე არსებულმა თანამშრომელმა გაიფიქროს, როცა იგრძნობს, რომ „სიმყუდროვე დაერღვა". შეგიძლიათ ეს უბრალოდ იცოდეთ და მას არაფერი აგრძნობინოთ. ჩვეულებრივ გააგრძელეთ ურთიერთობა, რადგან საბოლოო ჯამში, თქვენ, ყველანი ერთად, საერთო საქმეს აკეთებთ.

მეორე: დასვით შეკითხვები. არა უბრალოდ იმიტომ, რომ უნდა დასვათ, არამედ იმიტომ, რომ რეალურად გაერკვეთ სიტუაციაში. ნუ „გაგიტყდებათ" ისიც, რომ შესაძლოა ვინმემ უხეშად, ან მოკლედ, ან სულაც უღიმღამოდ გიპასუხოს. არ ჩათვალოთ, რომ მას არ უნდოდეს შენი ვითარებაში გარკვევა. პირიქით − კითხვებით თქვენ მის დროს „იპარავთ", ამიტომ გაგებით მოეკიდეთ ყველანაირ პასუხს და არც გულში დაიტოვოთ რაიმე წყენა ვინმეს უხეშობის გამო. გახსოვდეთ, რომ ყველანაირი პასუხი და დახმარება თქვენ გჭირდებათ.

მესამე: იყავით თავდაჭერილი. ზედმეტი არც ხუმრობა ვარგა და არც მოკრძალებულობა. აკეთეთ თქვენი საქმე და თუ ვინმეს დახმარება გჭირდებათ, ითხოვეთ. არ მგონია ვინმე ისეთი შეუგნებელი იყოს, რომ საქმის სრულყოფილებისთვის, რომელიღაც იდეის განხორციელებაში ხელი შეგიშალონ.

მეოთხე: იმეგობრეთ ყველასთან − დამლაგებელთან, მძღოლთან, დაცვასთან. მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან ერთად დალევთ ყავას, რადგან საბოლოო ჯამში ეს ურთიერთობები ყველაზე გადანაწილდება და დადებითად წაგადგებათ.

მეხუთე: გაიგეთ, რას ელოდებიან თქვენგან ხელმძღვანელებიც და დაქვემდებარებულებიც. ნუ დააბნევთ ზედმეტი საუბრით, ვინაიდან ყველას უნდა მკაფიო მითითებები მიიღოს, ან მკაფიო ამოცანები შეუსრულოთ.

მეექვსე: ისადილეთ სხვადასხვა თანამშრომელთან ერთად. სადილის დროს პირადი თემების გარდა, არ დაგავიწყდეთ, რომ საქმიანი საუბარიც გააბათ.

მეშვიდე: იყავით ორგანიზებული და დაიცავით დისციპლინა. ნუ შემოიტანთ გუნდში არეულობას, ან დაძაბულობას. პატივი ეცით სხვის დროს. მოაწესრიგეთ თქვენი ნივთები და თუ ვინმეს კომპიუტერს მოიხმართ, გაასუფთავეთ ის და ისე დაუტოვეთ პატრონს.

მერვე: წარმოაჩინეთ თქვენი ძლიერი მხარეები. აუცილებლად აღნიშნეთ, რა გააკეთეთ სამსახურში მისვლიდან ერთი თვის განმავლობაში, რა არის დასახვეწი და როგორ ჩართულობას ისურვებდით გუნდის სხვა წევრებისგან, იმისათვის, რომ საერთო საქმე კიდევ უფრო მაგარი გამოვიდეს. არ დაგავიწყდეთ ხაზი გაუსვათ თქვენს შრომას, ვინაიდან თუკი ამას თქვენ არ დააფიქსირებთ, სხვამ შესაძლოა არც კი აღნიშნოს, ან უბრალოდ აღნიშნოს და გარკვეული პერიოდის შემდეგ დაავიწყდეს.

მეცხრე: ნუ ეცდებით თავის გამოდებას. ნუ დაიჩემებთ „ყველაფერჩიკობას", მიუხედავად იმისა, შეგიძლიათ თუ არა ყველაფრის კეთება. ეს შესაძლოა არ მოეწონოს რომელიღაც თანამშრომელს, განსაკუთრებით მას, ვის კომპეტენციაშიც შეიჭრებით − შესაძლოა უნებლიედ, მაგრამ მაინც.

მეათე: გამოიყენეთ სოციალური ქსელი თქვენი ნამუშევრების წარმოსაჩენად. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი ბიზნესი შეიძლება იყოს მუდმივი. ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით, სოციუმი, ვისთანაც მეგობრობთ, საქმის კურსში იქნება გარედან, თუ რისი გამკეთებელი ხართ და შესაძლოა ვინმემ შეგამჩნიოთ და მასთან წასვლა შემოგთავაზოთ. მერე უკვე თქვენ უნდა გადაწყვიტოთ დანარჩენი. ამის პარალელურად, უნდა გახსოვდეთ, რომ ერთგულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დაბოლოს: ყველა ეს რჩევა რა თქმა უნდა ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაგხვდებათ გუნდი. გუნდის დახვედრა ნამდვილად აისახება თქვენს საქმიანობაზე, მის წარმატებაზე თუ პირიქით.

და ბოლოს ბოლო: უბრალოდ, ყველა ეს რჩევა დაივიწყეთ და იყავით ის, ვინც ხართ! ეს ყველა საქმეში გამოგადგებათ.

ლილი (ხატია) ალფაიძე

PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ლექტორი. "კატიანი და მეგობრების" დამფუძნებელი. ზღაპრების 2 წიგნის ავტორი.

PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ლექტორი. "კატიანი და მეგობრების" დამფუძნებელი. ზღაპრების 2 წიგნის ავტორი.
ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს