ჩირდილი - სოციალური საწარმო მთაში

„ჩვენი ჯგუფის მიზანია ხევსურეთის, როგორც მაღალმთიანი რეგიონის, წარმოჩენა."
ჩირდილი - სოციალური საწარმო მთაში
ფოტო: ჩირდილი
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„ჩირდილი“ მთაში, ხევსურეთში არსებული სოციალური საწარმოა, რომელიც ტურისტული ცენტრის ფუნქციას ითავსებს. მის საქმიანობას ბანაკისა და ტურისტული მარშრუტების გეგმირების სერვისი და ამ საქმიანობით ხევსურეთის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს.

„ჩირდილი“ ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის მიერ დაფუძნდა, რომელშიც ბარისახოს თემში მცხოვრები 6 ხევსური ახალგაზრდა საერთო მიზნებით გაერთიანდა.

„ჩირდილის“ გუნდს ბერდია არაბული (მხატვარი), ივანე არაბული („შატილი ტურის“ დამფუძნებელი), მამუკა არაბული (სამთო გიდი), გიორგი არაბული (მწერალი), დავით არაბული (სამთო და საცხენოსნო გიდი) და ნინო არაბული შეადგენენ.

„ჩვენი ჯგუფის მიზანია ხევსურეთის, როგორც მაღალმთიანი რეგიონის, წარმოჩენა. მისი უძველესი სახელოვნებო ტრადიციების გაცოცხლება და დამკვიდრება. ამისათვის ვატარებთ ხელოვნების ფესტივალ „ჩირდილს“. ასევე გვსურს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას შევუწყოთ ხელი, რისთვისაც ადგილობრივი თემის ახალგაზრდების გააქტიურებასა და მხარდაჭერას ვცდილობთ. სწორედ ამ მიზნებისთვის შეიქმნა ცენტრი, რომელიც ამავდროულად არის სოციალური საწარმო. მისი შემოსავლები ამ ეტაპზე ისევ კემპინგის განვითარებას ხმარდება. მომავალში კი თემის მიზნებისთვის დაიხარჯება“, − ეუბნება ნინო არაბული Entrepreneur-ს და აქვე ჩირდილის დაარსების ისტორიას იხსენებს:

„2016 წელს ფრანგები გვესტუმრნენ ხევსურეთში ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში. ასოციაციამ „ქართველები საფრანგეთში“ და ორგანიზაციამ Action d’orient ნანტიდან, ბარისახოს სტომატოლოგიური სკამი, სკოლასა და ბაღს კი სხვადასხვა ნივთი და საჩუქრები ჩამოუტანეს. ეს ჯგუფი ჩირდილის ჭალაზე დავაბანაკეთ. მაშინ ჩვენი ჯგუფის წევრებმა მითხრეს, რომ ამ ადგილზე ტურისტული ბანაკის გაკეთების დიდი სურვილი ჰქონდათ. იდეა ძალიან მომეწონა და დავიწყე ფიქრი, როგორ მოგვეხერხებინა, რადგან ფინანსები არ გვქონდა. ერთი წლის შემდეგ სოციალური მეწარმეობის საგრანტო პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა. მოვიპოვეთ 2 გრანტი: ერთი ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდიდან, ხოლო მეორე − საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრიდან. დიდი მონდომების შემდეგ კი შევქმენით სრულიად ახალი სივრცე ცარიელ ხეობაში“.

დღეს „ჩირდილი“ მთის სტუმრებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს: ღამისთევა, კვება, თიმბილდინგი, გიდის მომსახურება, მანქანები, ცხენების გაქირავება და სხვა. ამავდროულად, ცენტრი ერთგვარი მედიატორიცაა. „ჩირდილი“ ტურისტული საქმიანობით დაინტერესებულ პირსა თუ კომპანიას ადგილობრივ მცხოვრებლებთან აკავშირებს. სტუმრების მიღება კი აქ 2018 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ხევსურეთს ვიზიტორები მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ. განსაკუთრებული აქტიურობა წელს საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ჩეხეთიდან და გერმანიიდან შეინიშნებოდა.

სოციალური საწარმოს გუნდში როლები მკაფიოდაა გადანაწილებული, რაც ოპერატიულ და ეფექტიან მუშაობას უწყობს ხელს. გრანტების მოძიება, პროექტების წერა, ანგარიშგების წარდგენა და განხორციელებული პროექტის ცნობადობის გაზრდა; შესყიდვების განხორციელება, დიზაინისა და მხატვრული მხარის გამართვა, კიდევ მრავალთან ერთად ის ფუნქცია-მოვალეობებია, რომლებიც თითოეულ წევრს განაწილებული აქვს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ყველა ყველაფერს აკეთებს. მშენებლობიდან და შეღებვიდან დაწყებული, გიდი-გამყოლის ფუნქციითა და მზარეულის დახმარებით დამთავრებული.

გუნდის სამომავლო გეგმების სია ვრცელია. „ჩვენ ბევრი კარგი პროექტის განხორციელება გვსურს მშობლიურ მხარეში. 2014 წელს პირველად ჩავატარეთ სოფელ ჩირდილში ხელოვნების ფესტივალი. შემდეგ, 3 წლის განმავლობაში ყოველ წელს ვატარებდით. სოფელი საკმაოდ ცნობადი გახდა. ჩამოდიოდნენ მწერლები, პოეტები, მხატვრები, მოქანდაკეები. ტურისტულმა კომპანიებმა თუ დამოუკიდებელმა ტუროპერატორებმა პროგრამაში ჩასვეს ჩვენი ხეობა. ყოველ შაბათ-კვირას რამდენიმე მიკროავტობუსით სოფელს ქართველებიც სტუმრობენ. ადგილობრივებმა დაინახეს, რომ მოთხოვნა არის და სერვისების მიწოდებაზე დაფიქრდნენ. წამოიწყეს სახლებისა და სასტუმრო-სახლების აღდგენა, აშენება. ჩვენმა აქტივობებმა სტიმული მისცა ბევრს და სოფლის გაცოცხლების პროცესიც დაიწყო. ჩვენი მიზანია, სოფელი ჩირდილი ვაქციოთ სამაგალითო განვითარებულ სოფლად და შევქმნათ მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაუსახლებელი სოფლის, ხეობის გაცოცხლება და განვითარება“, − ამბობს ნინო არაბული.

ჩირდილში საქმიანობის პარალელურად გუნდმა სოფელ კორშაში ტრადიციული რეწვის სახელონო − „არაბულების ხელოვნების სახლი“, მხატვრების − შოთა და ბერდია არაბულების სახლში შექმნა. დაინტერესებულ სტუმრებს აქ ტრადიციული რეწვის მასტერკლასებს სთავაზობენ. ასევე, მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ სუვენირები თუ ტრადიციული ორნამენტით გაფორმებული ტანსაცმელი.

მომავალში, ხევსურეთის განვითარებისა და არაერთი საინტერესო სიახლის შემოთავაზების დაპირებით კი „ჩირდილის“ გუნდი თავგადასავლების მოყვარულებს მთაში ეპატიჟება:

„ჩამოდით ჩვენთან, გელოდებით 2020 წელს. აღმოაჩინეთ და დაინახეთ ნამდვილი ხევსურეთი თავისი შინაარსით, სამზარეულოთი, ფლორით და ფაუნით.

ჩვენ ვქმნით მთაში სოციალურ ბიზნესს, სერვისებს, ფესტივალს თქვენთვის. ჩამოდით ჩვენთან“. #შექმენიმთაში

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur